2027 წელს ჩინეთი ომს დაიწყებს?! - პუტინისა და ტრამპის მძიმე გაკვეთილები სი ძინპინისთვის - კვირის პალიტრა

2027 წელს ჩინეთი ომს დაიწყებს?! - პუტინისა და ტრამპის მძიმე გაკვეთილები სი ძინპინისთვის

„ტრამპი, პუტინი და ხანმოკლე ომის ილუზია: ამერიკელმა და რუსმა ლიდერებმა წარუმატებელი ომები გააჩაღეს, მაგრამ გაითავისებს თუ არა სი ძინპინი ამ გაკვეთილს?“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი გიდეონ რაჰმანი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეცდომებს აანალიზებს - შეცდომებს, რომლებიც ჩინეთის ლიდერმაც უნდა გაითვალისწინოს, თუ იგი [ტაივანის წინააღმდეგ] ომის დაწყებას განიზრახავს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა დონალდ ტრამპი გასულ თვეში იმაზე ლაპარაკობდა, თუ რატომ ვერ დაიკავა კიევი რუსეთის არმიამ 2022 წლის თებერვლის ბოლოს, მის ხმაში აშკარად სინანულის ნოტები გაისმოდა: „ვიღაც სულელმა გენერალმა კიევთან ათასობით რუსული ტანკი გზატკეცილიდან მინდვრებზე და მოხნულ მიწებზე გადაიყვანა, ამიტომ ტალახში გაიჭედნენო“.

საერთოდ, დონალდ ტრამპი რასაც ამბობს, ბევრი მისი გამოგონილია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ტანკების ამბავიც ნახევრად სიმართლისა და ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. უკრაინის არმიამ რუსებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და კრემლის ჯარებმა სწორედ ამიტომ ვერ დაიკავეს კიევი, მაგრამ დონალდ ტრამპის სინანულს რუსეთის არმიის წარუმატებელი შეჭრის თაობაზე თავისი მიზეზი აქვს: მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი არაფერში დამნაშავე არ არის, ომის დაწყების პირველივე დღეების წარუმატებლობა მხოლოდ ერთი იდიოტი გენერლის ბრალი ყოფილა. შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი რუსი კოლეგისადმი სიმპათიას იმიტომ განიცდის, რომ მსგავსი შეცდომა თვითონაც დაუშვა.

2026 წლის 28 თებერვალს - თითქმის ზუსტად ოთხი წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის წარუმატებელი მცდელობიდან უკრაინის დამორჩილებისა და მთავრობის შეცვლის მიზნით - აშშ-მა და ისრაელმა ირანს დაარტყეს. მათი მიზანიც კრემლის მსგავსი იყო - ირანის სწრაფი დამორჩილება და მმართველი რეჟიმის შეცვლა. საბოლოოდ კი დონალდ ტრამპიც და ვლადიმერ პუტინიც, საკუთარი შეცდომების გამო, ომების ისეთ მორევში აღმოჩნდნენ, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული აღმოჩნდა.

იმ მოვლენების თანმიმდევრობას, რომლებმაც რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები ამ მომენტამდე მიიყვანა, ასევე მნიშვნელოვანი მსგავსება აქვთ ერთმანეთთან. ორივე შემთხვევაში წინა პერიოდში მოპოვებულმა სამხედრო გამარჯვებებმა დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სახიფათო თავდაჯერებულობამდე მიიყვანა.

ვლადიმერ პუტინის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას მთლიანობაში უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ალბათ, ამ გარემობამ დააჯერა ვლადიმერ პუტინი, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას კიევში წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვს და სული რომ შეუბერო, წაიქცევა“. ანუ დასავლეთი მას ჩვეულებრივად მიიღებს როგორც უკვე მომხდარ ფაქტს.

დონალდ ტრამპი თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს უცხოურ ომებში აშშ-ის ჩარევის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ მას თავბრუ დაახვია 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვული ობიექტების წარმატებულმა დაბომბვამ, შემდეგ კი ვენესუელის რეჟიმის დამხობამ, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაპატიმრების ჩათვლით, მიმდინარე წლის დასაწყისში. ამიტომ, დონალდ ტრამპმა გულმოწყალედ მხარი დაუჭირა ისრაელის ლიდერის ბენიამინ ნეთანიაჰუს თხოვნას ირანზე ახალი თავდასხმის თავდასხმის მიზნით.

ვლადიმერ პუტინსაც და დონალდ ტრამპსაც ხელისუფლება თავიანთ ხელში აქვთ კონცენტრირებული. მათ კრემლშიც და თეთრ სახლშიც ისეთი ხალხი ჰყავთ გარემოცვაში, რომლებიც თავიანთ პრეზიდენტებს უსიტყვოდ ემორჩილებიან. ტრამპისა და პუტინის მიერ შექმნილი სახელმწიფო სისტემები უუნარონი აღმოჩნდნენ გადამწყვეტი წინააღმდეგობა გაეწიათ ლიდერებისათვის, რომლებიც შეცდომას უშვებდნენ.

ასეთი პარალელების გავლებისას, რა თქმა უნდა, ძალიან შორს წავალთ. მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ პუტინისა და ტრამპის მოქმედებაში განსხვავებებიც არის. პუტინი ცდილობს უკრაინის დემოკრატიული მთავრობა დაამხოს და თავისი მეზობლის მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინოს, დონალდ ტრამპი კი ებრძვის ირანის საზარელ დიქტატურას, რომელმაც ათასობით თანმემამულე დახოცა და საპყრობილეში ჩაამწყვდია. გარდა ამისა, არც აშშ და არც ისრაელი ირანის ტერიტორიის ანექსიას არ ცდილობენ. ასევე ფუნდამენტურია რუსეთისა და აშშ-ისრაელის შინაგანი სისტემების განსხვავებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ წარუმატებელი ომების შედეგები ორივე (სამივე) ქვეყნისათვის სხვადასხვა იქნება.

ირანთან ომის ინფლაციურმა შედეგმა გადამწყვეტი როლი შეასრულა რესპუბლიკური პარტიის დამარცხებაში კონგრესის შუალედური არჩევნების დროს. ჯერ კიდევ მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ისევ დაარტყას, მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა საბოლოო ჯამში პრეზიდენტებს იძულებულს ხდის წაგებული ომებიდან გამოვიდეს, საომარი მოქმედებები შეწყვიტოს. ეს მოდელი მოქმედებდა ვიეტნამის, ერაყის, ავღანეთის ომების დროს და ახლა უკვე, დიდი ალბათობით, ირანთან მიმართებითაც იმოქმედებს.

ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულმა [წარუმატებელმა] ომმა უკრაინას უდიდესი ზიანი მიაყენა. არანაკლებ დაზარალდა თვითონ რუსეთიც, რომლის ნეგატიური შედეგები ქვეყნისათვის საგრძნობი იქნება მრავალი წლის განმავლობაში: როგორც ექსპერტები თვლიან, რუსეთის არმიამ ომში 1,5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა მოკლულებისა და დაჭრილების სახით.

მაგრამ რუსეთის სახელმწიფო სისტემაში არ არსებობს საპირწონე - შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რომლებიც ვლადიმერ პუტინს იძულებულს გახდიან კურსი შეცვალოს. არჩევნები ქვეყანაში მუდმივად ყალბდება, ომის მოწინააღმდეგე პარტიებს არჩევნებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ, ხოლო ნამდვილი ოპოზიციური პოლიტიკოსები - ისეთები, როგორებიც ალექსი ნავალნი და ბორის ნემცოვი იყვნენ - იღუპებიან. ამიტომაც ომი გრძელდება.

უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც დღეისათვის მსოფლიო პოლიტიკის წინაშე დგას, ასეთია: შეძლებს თუ არა დასკვნების გაკეთებას ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავისი კოლეგების - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის - მოქმედებისაგან? იქნება თუ არა გაკვეთილი ჩინელი ლიდერისათვის ამერიკელი და რუსი პრეზიდენტების მიერ დაშვებული შეცდომები? ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ჩინეთის მეთაურმა თავის შეიარაღებულ ძალებს უკვე მისცა მითითება მზად იყვნენ ტაივანზე შეჭრისათვის მომავალ 2027 წელს, ანუ სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ: ომი თუ მშვიდობა: ტრამპის საბედისწერო არჩევანი - ვინ ურჩევს ამერიკის პრეზიდენტს საბრძოლო მოქმედებების განახლებას?!

ვინ "მოერევა" ამერიკაში: დაკარგა თუ არა სინამდვილეში ტრამპმა ძალაუფლების ნაწილი რესპუბლიკელთა მარცხის შემდეგ და რა ბერკეტები რჩება პრეზიდენტს?!

ტრამპის კრახი: 5 მიზეზი, რომლის გამოც, რესპუბლიკელებმა არჩევნები წააგეს - BBC

მძიმე პროგნოზი: ევროპა ომით დაიღალა ანუ რა მოხდება 2027 წელს?!

სი ძინპინი, აშკარაა, ხედავს იმ სირთულეებს, რასაც რუსეთი და აშშ წააწყდნენ მათზე ბევრად პატარა და სუსტი ქვეყნების დამორჩილებაში. გახდის თუ არა იძულებულს ეს მწარე რეალობა ჩინელ ლიდერს, რომ მან სიბრძნეს მოუხმოს და ხელი აიღოს ტაივანის ბლოკადაზე და თავდასხმაზე? ან დაარწმუნებს თუ არა იგი საკუთარ თავს იმაში, რომ ჩინეთისათვის სიტუაცია სხვაგვარია - ტაივანელები იგივე ჩინელებია და ისინი პეკინის ძლიერ არმიას წინააღმდეგობას არ გაუწევენ? გავიხსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინიც აცხადებდა, რომ უკრაინელებს და რუსებს ბევრი რამ აქვთ საერთო და უკრაინელები რუსეთის არმიას ზეიმით შეხვდებოდნენ...

დღემდე ჩინეთის მეთაური სტრატეგიული ხედვის დროს უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენს, ვიდრე მისი ამერიკელი და რუსი კოლეგები. მაგრამ სი, ისევე როგორც პუტინი და ტრამპი, „ძლიერ ლიდერს“ წარმოადგენს, რომელიც შეუწყნარებელია განსხვავებული აზრისადმი და იმავდროულად სურს ისტორიაში წარმატებული ლიდერის სახით შევიდეს. შემაშფოთებელი რეალობაა, რომ ტაივანის შემთხვევაში - ისევე, როგორც უკრაინისა და ირანის მიმართებით - ომის დაწყების გადაწყვეტილება შესაძლოა მხოლოდ ერთი ადამიანის შეხედულებაზე იყოს დამოკიდებული, რომელიც შეცდომებს უშვებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო