ფერფლად ქცეული რეისი: ყველაზე დიდი სარკინიგზო ტრაგედია საბჭოთა კავშირში, რომელსაც 575 კაცი შეეწირა, მათ შორის 181 ბავშვი - კვირის პალიტრა

ფერფლად ქცეული რეისი: ყველაზე დიდი სარკინიგზო ტრაგედია საბჭოთა კავშირში, რომელსაც 575 კაცი შეეწირა, მათ შორის 181 ბავშვი

ამ ახალ რუბრიკაში განხილულ უდიდეს საჰაერო და საზღვაო კატასტროფებიდან სარკინიგზო ტრაგედიებზეც უნდა გადავინაცვლოთ, მით უმეტეს, სამიოდე კვირის წინ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მოხდა მძიმე სარკინიგზო კატასტროფა, რომელსაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

თავიდანვე ვიტყვით, რომ სანამ ავიაციით "მოვიწამლებოდი", ბავშვობაში, ასე ნახევარი საუკუნის წინ, უშუალო შეხება ჰქონდა რკინიგზასთან, სადგურ გრაკალთან მდებარე ე.წ. ცივ დეპოსთან, სადაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ორთქლმავლები და სანიტარიული ეშელონი (სწორედ ისეთი, აფხაზეთის ომის დროს რომ გვაკლდა) ინახებოდა, რომლებიც დიდი ომის დაწყებისთვის იყვნენ განკუთვნილი. კერძოდ, იმ შემთხვევისთვის, თუ ელექტროენერგია გაითიშებოდა, სარკინიგზო ხაზებზე ელმავლებს ისევ ორთქლმავლები ჩაანა­ცვლებდნენ. ორთქლმავლებში ძრომიალის საშუალებას კი პატარა ბიჭს პაპაჩემი დედის მხრიდან, ძველი ცნობილი რკინიგზელი, ორდენოსანი ვასილ ნიკოლოზის ძე წერუაშვილი მაძლევდა. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი მემანქანე გახლდათ, რომლის სახელიც პირდაპირ უკავშირდება 1932 წელს საქართველოში (და მთელ საბჭოთა კავშირში) პირველი იტალიური და ამერიკული ელმავლების გამოცდასა და მართვას სურამის უღელტეხილზე. ბიძა, ნიკოლოზ (ტურიკო) ვასილის ძე წერუაშვილი, რომელმაც მამის პროფესია - მემანქანეობა აირჩია, 1960-იან წლებში თბილისში, სვანეთის უბანთან რკინიგზაზე, დიდ ავარიაში მოყვა - სადგურის მორიგემ მისი ელმავალი შეცდომით იმ ხაზზე გაუშვა, სადაც უკვე იდგა სხვა შემადგენლობა და შეჯახება გარდაუვალი გახდა. ის მძიმედ დაშავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. სარკინიგზო ავარიები მხოლოდ საქართველოში როდი ხდებოდა. მსოფლიოში უდიდესი სარკინიგზო კატასტროფა 2004 წლის 26 დეკემბერს შრი-ლანკაში მოხდა, როდესაც ინდოეთის ოკეანეში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის დროს წარმოქმნილმა უზარმაზარმა ტალღებმა სანაპიროს სიახლოვეს რკინიგზაზე მიმავალ სამგზავრო მატარებელს გადაუარეს, ლიანდაგებიდან გადააგდეს და სახლებსა და ხეებს მიანარცხეს, რის შედეგადაც 1 700-მდე მეტი მგზავრი დაიღუპა.

თუმცა ამ სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო სხვა სარკინიგზო ტრაგედიაზე, რომელიც არანაკლები ფატალური დამთხვევების შედეგად განვითარდა, როდესაც ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავ ორი სარკინიგზო შემადგენლობის აფეთქებას რამდენიმე ასეული მგზავრი შეეწირა. ოღონდ ეს სარკინიგზო კატასტროფა მატარებლების შეჯახებას არ გამოუწვევია, საბედისწეროდ დაემთხვა მათი ერთმანეთის გვერდით ჩავლა და აფეთქების მომენტი.

სარკინიგზო კატასტროფა ბაშკირეთის ასსრ-ში იყო საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მატარებლების შეჯახება და აფეთქება 1989 წლის 4 ივნისს, ქალაქ უფიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ლიანდაგის ამ მონაკვეთზე ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობდა ორი სამგზავრო მატარებელი: №211 (ნოვოსიბირსკი-ადლერი) და №212 (ადლერი-ნოვოსიბირსკი). მათში ჯამში 1300-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ძირითადად, კურორტზე მიმავალი ან იქიდან მომავალი ოჯახები და ბავშვები. მატარებლების განრიგი ცოტათი რომ არ შეცვლილიყო, ისინი ამ ადგილას ერთდროულად არ აღმოჩნდებოდნენ.

კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე დასავლეთი ციმბირი-ურალი-ვოლგისპირეთის თხევადი გაზის მილსადენზე გაჩნდა ვიწრო ნაპრალი, საიდანაც დიდი რაოდენობით პროპანი, ბუტანი და სხვა ფეთქებადი აირები გამოიყო. ვინაიდან მილსადენი სარკინიგზო ხაზიდან სულ რაღაც 900 მეტრში გადიოდა და იმის გამოც, რომ ლიანდაგები დაბლობზე მდებარეობდა და იმ ღამეს ქარი არ ქროდა, დაბლობზე დაგროვდა გაზის უზარმაზარი უხილავი ღრუბელი და შეიქმნა მოცულობითი აფეთქების - "ვაკუუმური ბომბის" ეფექტი. როდესაც მატარებლები ერთმანეთს გაუთანაბრდნენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ვაგონის მუხრუჭებიდან ან ელექტროგაყვანილობიდან გამოვარდნილმა ნაპერწკალმა დაგროვილი გაზის მასის გიგანტური აფეთქება განაპირობა..

აფეთქების სიმძლავრე შეფასებულია 250-300 ტონა ტროტილის ეკვივალენტად (ზოგიერთი შეფასებით 10 კილოტონამდეც კი, რაც ჰიროსიმის ატომური ბომბის სიმძლავრეს უახლოვდება). აფეთქების ტალღამ მატარებლების 37 ვაგონი და 2 თბომავალი ლიანდაგებიდან გადააგდო, აქედან 11 ვაგონი მთლიანად დაიწვა. ტრაგედიას 575 კაცი შეეწირა (სხვა მონაცემებით, 645), რომელთაგან 181 ბავშვი იყო, ხოლო 600-ზე მეტი მგზავრი მძიმედ დაშავდა. ასობით ადამიანის ნეშტის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა (ისინი, ფაქტობრივად, ფერფლად იქცნენ). ამის გამო მსხვერპლთა ნაწილი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აფეთქების ხმამ 100 კილომეტრის რადიუსში მიაღწია, 12 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ აშაში სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრა, ხოლო ცეცხლის ალმა რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ააღწია.

როგორც გამოძიებამ აჩვენა, მილსადენში გაჩნდა 1.7 მეტრი სიგრძის ნაპრალი, საიდანაც თხევადმა გაზმა გამოჟონვა დაიწყო. ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე ხელსაწყოებმა აჩვენეს წნევის ვარდნა მილში. თუმცა გაზის მიწოდების შეწყვეტისა და გაჟონვის ადგილის ძებნის ნაცვლად, მორიგეებმა ტუმბოების სიმძლავრე გაზარდეს, რამაც ჰაერში გაზის კონცენტრაცია უფრო გაზარდა.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა მატარებლების მემანქანეები რადიოკავშირით აფრთხილებდნენ დისპეტჩერებს, რომ ამ მონაკვეთზე გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. თუმცა ამ სიგნალებს არავინ არ მიაქცია ყურადღება და მატარებლების მოძრაობა არ შეჩერებულა.

გაირკვა კიდევ ორი ფატალური დამთხვევა, რომელიც ამ საშინელ სარკინიგზო ტრაგედიას რამდენიმე წლით უსწრებდა.თურმე მილსადენი გაყვანისას სწორედ იმ ადგილას დაზიანებულა, ტრაგედიამდე 4 წლით ადრე (1985 წელს), როდესაც ექსკავატორის ციცხვი მილს შეეხო და მასზე ზედაპირული, მაგრამ ღრმა ნაკაწრი დატოვა. ექსკავატორის დანატოვარი დეფექტის ადგილას (რომელიც, ბუნებრივია, მშენებლებმა მიჩქმალეს) მილის კედელი საგრძნობლად გათხელდა. გაზსადენის ექსპლუატაციის პროცესში წნევის მუდმივი ცვალებადობის გამო ამ ადგილას ლითონმა დაიწყო ე.წ. დაღლილობის დეფორმაცია. ტრაგედიის წინა დღეებში ლითონმა ვეღარ გაუძლო დატვირთვას და გაჩნდა 1.7 მეტრი სიგრძის ნაპრალი, საიდანაც თხევადმა გაზმა დაიწყო გამოჟონვა. მაგრამ თხევადი ბუნებრივი აირის მაღალი წნევით ტრანსპორტირებაზე გათვლილ სქელკედლებიან მილს, წესით, უნდა გაეძლო ექსკავატორის ციცხვის "ნაკაწრისთვის", რომ არა კიდევ ერთი საბედისწერო ფაქტორი.

თურმე თავდაპირველი ოფიციალური პროექტით ეს მილსადენი განკუთვნილი იყო ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, სადაც ტუმბოებს შორის მონაკვეთებზე წნევა, ძირითადად, 50-დან 80 ბარამდე მერყეობს. თუმცა შემდგომში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მილი გადაეკეთებინათ თხევადი გაზის (პროპან-ბუტანის ნარევის) გადაქაჩვისთვის, რომელშიც სამუშაო წნევა 100 ბარსაც აღწევს, ხოლო მილის კედლის სისქე 20 მმ მაინც უნდა ყოფილიყო. ნავთობის გაჟონვის შემთხვევაში ის მიწაზე დაიღვრებოდა და გუბეს წარმოქმნიდა, თხევადი გაზი კი ატმოსფერულ წნევაზე მოხვედრისას მყისიერად ორთქლდება, ჰაერზე მძიმდება, მიწას ეკვრის და წარმოქმნის გიგანტურ ფეთქებად მასას, რაც დისპეტჩერებმა არ გაითვალისწინეს. ამ ფარულმა ტექნოლოგიურმა დარღვევამ და რამდენიმე სხვა უხეშმა შეცდომამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია, რამაც საბოლოოდ ყველაფერი ამ საშინელ სარკინიგზო კატასტროფამდე მიიყვანა.

ვინაიდან აფეთქება გვიან ღამით (ადგილობრივი დროით 01:15 საათზე) ტაიგაში, დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მოხდა, პირველი მაშველები უახლოესი სოფლების მოსახლეობა და თავად გადარჩენილი, დასახიჩრებული მგზავრები გახდნენ.

კატასტროფის ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა პატარა ქალაქი აშა. აფეთქების ხმაზე შეშინებულმა ადგილობრივებმა მალევე გააცნობიერეს, რომ რკინიგზაზე უბედურება მოხდა და ადამიანები შემთხვევის ადგილისკენ საკუთარი მანქანებით, სატვირთოებითა და ტრაქტორებით გაემართნენ. ტაიგიდან, სადაც სიბნელეში ყველაფერი იწვოდა, მათ ხელში აყვანილი გამოჰყავდათ დამწვარი ბავშვები და მოზრდილები.

დაშავებულები აშის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ქალაქ აშის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო პატარა, პროვინციული კლინიკა იყო, რომელიც არ გახლდათ მზად ასეთი მასშტაბის კატასტროფისთვის. ღამის განმავლობაში საავადმყოფომ 600-ზე მეტი მძიმედ დაშავებული მიიღო, რომელთა უმეტესობას სხეულის 70-დან 90%-მდე დამწვრობა ჰქონდა. კლინიკაში რამდენიმე საათში ამოიწურა ტკივილგამაყუჩებლების, ბინტებისა და სისხლის გადასასხმელი სისტემების მარაგი. მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო სახლებიდან საავადმყოფოში თეთრეულის, სუფთა წყლისა და მედიკამენტების მიტანა, დილიდან კი ათასობით ადამიანი დადგა რიგში სისხლის ჩასაბარებლად. ექიმებს უწევდათ უმძიმეს ფსიქოლოგიურ წნეხში მუშაობა. დამწვრობა იმდენად ღრმა იყო, რომ ადამიანებს ტანსაცმელი კანსა და კუნთებზე ჰქონდათ მიმწვარი, ბავშვების იდენტიფიცირება კი ხშირად შეუძლებელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ: 70 წუთში დაღუპული 10 ათასი ადამიანი - უდიდესი საზღვაო კატასტროფა, რომელმაც „ტიტანიკის“ ტრაგედიაც კი გადაფარა

ყველაზე დიდმსხვერპლიანი კატასტროფა ავიაციის ისტორიაში

სამგზავრო "ბოინგით" ახალი "11 სექტემბრის“ გამეორებას ისრაელი ბეწვზე გადაურჩა

როდესაც კატასტროფის მასშტაბი მოსკოვში გააცნობიერეს, მობილიზებულ იქნა სამხედრო ავიაცია. შვეულმფრენებითა და თვითმფრინავებით უფისა და ჩელიაბინსკის წამყვანი დამწვრობის ცენტრებიდან საუკეთესო სპეციალისტები ჩაიყვანეს. სამხედრო მფრინავები ასრულებდნენ შეუჩერებელ რეისებს (მათ შორის პუგაჩოვის საშვეულმფრენო პოლკიდანაც, სადაც იმ მომენტში ამ სტატიის ავტორი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა), რათა სტაბილიზებული პაციენტები საბჭოთა კავშირის უმსხვილეს კლინიკებში (მოსკოვში, ლენინგრადსა და გორკიში) გადაეყვანათ.

დაშავებულთა გადასარჩენად სსრკ-ში ჩავიდნენ ამერიკელი და გერმანელი დამწვრობის სპეციალისტებიც, რომლებმაც თან ჩაიტანეს უახლესი სამედიცინო აპარატურა და ხელოვნური კანი, რამაც ასობით ადამიანი გადაარჩინა.

ირაკლი ალადაშვილი