აიათოლას მაგივრად "დიდი ექვსეული" ანუ ვინ მართავს დღეს ირანს სინამდვილეში?! - The Economist - კვირის პალიტრა

აიათოლას მაგივრად "დიდი ექვსეული" ანუ ვინ მართავს დღეს ირანს სინამდვილეში?! - The Economist

„ირანი უმაღლესი ლიდერის გარეშე: გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ამჟამად გენერლებისა და ბიუროკრატების საბჭოს ექვსი წევრი განსაზღვრავს“, - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 22-27 ნოემბრის ნომერში სტატია, რომელშიც ირანის მმართველობის სისტემაა გაანალიზებული საომარ პერიოდში. „ვინ მართავს დღეს ირანს? მოჯთაბა ჰამენეი? ამბობენ, რომ იგი საქმეებს კულისებიდან მართავს, უხმაუროდ, მიწისქვეშა კარგად დაცული ბუნკერიდან, თუმცა მისი დუმილი საოცრად „ხმამაღალია“ - ყველა ხედავს და გრძნობს, რომ ქვეყანაში რაღაც ისე არ არის, როგორც ტრადიციულად უნდა იყოს“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„იექი ბუდ, იექი ნაბუდ“ - ასე იწყება სპარსული ზღაპრები, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „იყო და არა იყო რა“. სწორედ ასეთი ზღაპრული სიტუაცია შეიქმნა ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ოთხი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანას მართავდა უმაღლესი ლიდერი, რომელიც ყველაფერს - წვრილმან დეტალებამდეც კი - აკონტროლებდა, მუდმივად ქადაგებდა და საკუთარ გარემოცვას აყალიბებდა, ახლა კი ხელმძღვანელი ფაქტიურად არავინაა. ამბობენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, გადაურჩა ისრაელის იმ დარტყმას, რომელმაც ამერიკისა და ისრაელის ომის პირველივე დღეს მისი ოჯახის წევრების უმეტესობა იმსხვერპლა. ფორმალურად, ის მამის ადგილს იკავებს და ქვეყანას მართავს, თუმცა ჰამენეის რეზიდენციის დაბომბვის შემდეგ იგი არავის უნახავს და არც მისი ხმა არ გაუგია ვინმეს. ირანელები აგრძელებენ ცხოვრებას ისეთი სასულიერო პირის გარეშე, რომელიც ყველაფერში ერეოდა და ქვეყნის სათავეში იდგა.

საერთოდ, სიმბოლურ ლიდერებს ფიზიკური არსებობა ყოველთვის არ სჭირდებათ. 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე შიიზმს, ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, „ფარული იმამი“ უძღვებოდა. დღეს, როგორც ირანელი მაღალჩინოსნები, ისე დასავლური სადაზვერვო სამსახურები ამტკიცებენ, რომ მოჯთაბა ცოცხალია: ამბობენ, რომ ის მიწისქვეშეთშია, კარგად დაცულ ბუნკერში, რადგან არსებობს მისი მკვლელობის რეალური საფრთხე. რეჟიმთან დაახლოებული ზოგიერთი პირი აცხადებს, რომ ის საქმეებს კულისებიდან უხმაუროდ მართავს, თუმცა მისი დუმილი საოცრად „ხმამაღალია“ - ყველა ხედავს და გრძნობს, რომ ქვეყანაში რაღაც ისე არ არის, როგორც ტრადიციულად უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის შემთხვევაშიც კი, მოჯთაბა ჰამენეის ძალაუფლების გასამყარებლად დრო დასჭირდებოდა: ფაქტია, რომ არსებობს წინააღმდეგობა ძალაუფლების დინასტიური გადაცემის მიმართ, თავად მას კი რელიგიური ავტორიტეტიც შეზღუდული აქვს. სხვათა შორის, მისი არყოფნის პირობებში, ისლამურ რესპუბლიკაში სასულიერო გავლენა შესამჩნევად შესუსტდა. ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ირანელებს შორის არის პოპ-ვარსკვლავიც [მოჰსენ ნამჯუ], რომელიც მანამდე დაუსწრებლად გაასამართლეს სიმღერებში ყურანის მუხლების (აიების) გამოყენების გამო. ჰიჯაბის (თავსაბურავის) ტარების ვალდებულებაც შესუსტდა: სულ უფრო ხშირად შეიძლება ნახოთ მაღალჩინოსნების ქალიშვილები, რომლებსაც თმა ღიად აქვთ. თეირანის ზოგიერთ პრესტიჟულ რესტორანში სტუმრებს უკვე ფრანგულ ღვინოსაც სთავაზობენ. ამას წინათ ირანელები, რომლებიც თითქმის ნახევრად შიშვლები იყვნენ და თან ჯადოქრის ქუდები ეხურათ, ჰელოუინს საჯაროდ აღნიშნავდნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რეჟიმის მიერ ძალაუფლების განხორციელების წესს უკავშირდება. „აღარ ჩანს კონკრეტული საბოლოო პასუხისმგებელი პირი“, - ამბობს სანამ ვაქილი ლონდონის „ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკური ცენტრიდან, - „ადრე სახელმწიფო მაუწყებელში [ტელევიზიაში], სამთავრობო უწყებებსა და სასამართლო სისტემაში თანამდებობებზე დანიშვნა უმაღლესი ლიდერის აპარატის თანხმობას საჭიროებდა, დღეს კი აღმასრულებელ ხელისუფლებას უფრო მეტი თავისუფლება აქვს“.

„ისრაელმა ირანელებს ალი ჰამენეის მოშორებით მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია“, - აღნიშნავს ერთ-ერთი ანონიმი ირანელი მკვლევარი, - „ახლა აღარ გვჭირდება ლოდინი მისგან ლეგიტიმაციის [ან თანხმობის] მისაღებად. ეს უფრო ეფექტურია“.

ადრინდელი ერთის ნაცვლად, დღეს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს განსაზღვრავს ექვსი პირი, რომლებიც „ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს“ (გენერლებისა და ბიუროკრატებისგან შემდგარი 13-კაციანი ორგანოს) წევრები არიან.

„ამჟამად გადაწყვეტილების მიმღებია ექვსკაციანი ჯგუფი (საბჭო), რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციის, უსაფრთხოების ძალების, პარლამენტისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო საქმიანობას კოორდინაციის გზით წარმართავს“, - განმარტავს მასუდ ფეზეშკიანი, ქვეყნის პრეზიდენტი და საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში. სავარაუდოდ, საბჭოს დანარჩენი წევრები არიან გენერალ-მაიორი აჰმად ვაჰიდი - ირანის მთავარი სამხედრო ძალის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მეთაური; მოჰსენ რეზაი - საბჭოს მდივანი და IRGC-ის ყოფილი ხელმძღვანელი; მოჰამად ბაღერ ყალიბაფი - პარლამენტის სპიკერი და IRGC-ის ყოფილი ბრიგადის გენერალი; ალი აბდოლაჰი - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და აბას არაღჩი - საგარეო საქმეთა მინისტრი (აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემადგენლობაში მხოლოდ ორი სამოქალაქო პირია - აბას არაღჩი და მასუდ ფეზეშკიანი).

ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს (ჯგუფის) კოლექტიურ თანხმობას მოითხოვს. ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამერიკასთან ომის დასრულება ან განახლება, ბირთვული პოლიტიკა, ან რომელიმე მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე არა სასულიერო წარმომადგენლის დანიშვნა (მაგალითად, ამას წინათ, ათწლეულების განმავლობაში პირველად, დაზვერვის მინისტრის პოსტზე, სამოქალაქო პირი დაინიშნა). თუმცა, საბჭოს წევრებიდან თითოეულ მათგანს გარკვეული ავტონომიაც გააჩნია: მოჰსენ რეზაი სისტემის ერთგული საყრდენია ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან, როდესაც ირან-ერაყის ომის დროს, 27 წლის ასაკში, IRGC-ის მეთაური გახდა. აჰმად ვაჰიდი, რომელიც იმ კონფლიქტის დროს მოჰსენ რეზაის მოადგილე იყო, დღეს IRGC-ის რიგებში წესრიგს უზრუნველყოფს, ხოლო მოჰამად ბაღერ ყალიბაფი პარლამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს.

ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშკიანს, ფაქტობრივად, მარტოდ უწევს გამკლავება ომით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისსა და ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებასთან მიმართებით. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ირანის ეკონომიკა 10%-ით შემცირდა. ქარხნები ხშირად იხურება, რადგან მათ მიერ გამოშვებულ გაძვირებულ პროდუქციას მომხმარებლები არ ჰყავთ, ხოლო თვითონ ქარხნები (კომპანიები) კრიზისს განიცდიან - არ მიეწოდებათ სათადარიგო ნაწილები. ომის დაწყების შემდეგ უმუშევართა რიცხვი ნახევარი მილიონით გაიზარდა; შესაბამისად, მცირდება სამუშაო ძალის რაოდენობა, ხოლო სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტი არაფორმალურ სექტორშია თავმოყრილი. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მასუდ ფეზეშკიანი ომის შედეგებს იმაზე უკეთ უმკლავდება, ვიდრე ბევრი ელოდა. მან შეძლო ენერგომომარაგების შენარჩუნება იმ მძიმე პირობებშიც კი, როცა დაბომბვის შედეგად დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ელექტროსადგურები.

ომის დაწყების შემდეგ მასუდ ფეზეშკიანი ცდილობს, ირანის საზღვრები ვაჭრობისთვის გახსნას. შედეგიც არ აყოვნებს: მატულობს სახმელეთო ვაჭრობის მოცულობა. კასპიის ზღვის სავაჭრო ნავსადგურებიდან თეირანის მიმართულებით სხვადასხვა პროდუქციით დატვირთული მატარებლები დღეში რვაჯერ მოძრაობენ. აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, გაზის მიწოდება გრძელდება აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან (ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში), ხოლო თვითონ ირანულ გაზს თურქეთი ყიდულობს.

რაც შეეხება ნავთობის ექსპორტს, გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი ტანკერის მფლობელი იხდის იმ მოსაკრებლებს, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილებისთვის ითხოვს. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ უცხოური ვალუტა ქვეყანაში კვლავ შემოდის არაბთა გაერთიანებული საამიროების ფულის გადარიცხვის არაფორმალური სისტემის - „ჰავალას“ მეშვეობით. ირანი ცდილობს თავი აარიდოს ამერიკის მიერ სამხრეთ პორტებიდან ნავთობის ექსპორტზე დაწესებულ ბლოკადასაც. ამერიკის საზღვაო არმადას არ შეუძლია „ჰერმეტულად დახუროს“ ირანის სანაპირო ზოლის 2800 კმ-იანი მონაკვეთი, თუმცა ნავთობის ექსპორტის შემცირება ძალიან საგრძნობია: სექტემბერში „შავი ოქროს“ ექსპორტი საშუალოდ დრეში 260 000 ბარელი იყო, რაც ომამდელი ნაკადის მხოლოდ ერთი მეექვსედს შეადგენს.

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ზოგიერთი მაღალჩინოსანი და მათი უწყებები „ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს“ მტკიცედ არ ექვემდებარება: ქვეყნის შიდა კონტროლი ძველებურად ჰოსეინ ტაების - „გუშაგთა კორპუსის“ მკაცრი წარმომადგენლის და დაზვერვის ყოფილი უფროსის - ისლამური იდეოლოგის - ხელშია მოქცეული. ამბობენ, რომ სწორედ ჰოსეინ ტაებმა დაარწმუნა ისლამური უმაღლესი სამღვდელოება, რომ რაქბარად (უზენაეს მმართველად) მოჯთაბა ჰამენეი აერჩიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსეინ ტაები, დინასტიური მემკვიდრეობისადმი მისი ენთუზიაზმის გამო, ისტებლიშმენტის ზოგიერთ წევრს დიდი ხანია არ მოსწონთ, მაგრამ ისინი ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ იგი ამჟამად „ბასიჯის“ (მოხალისეთა გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც „გუშაგთა კორპუსში“ შედის) მეთაურია, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს და რომელიც პასუხისმგებელია შიდა უსაფრთხოებაზე. „ბასიჯი“ მეჩეთების მეშვეობით არის დაკომპლექტებული, რაც მას ძლიერ ბაზას აძლევს.

ომის დაწყების შემდეგ „ბასიჯელები“ ყოველ ღამე აწყობენ მიტინგებს მოედნებზე მთელი ირანის მასშტაბით და ამით იმ საზოგადოებრივ სივრცეს იკავებენ, რომლის შევსებასაც, სხვა შემთხვევაში, რეჟიმის მოწინააღმდეგე მომიტინგეები შეეცდებიან. „ბასიჯის“ წევრებს „გუშაგთა კორპუსმა“ იარაღი დაურიგა - როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს და ამ მიზნით საბაზისო ტრენინგები ჩაუტარეს. პოტენციურად მოწინააღმდეგე მომიტინგეთა დასაშინებლად, ჰოსეინ ტაებმა მიმდინარე წელს იზრუნა იმაზეც, რომ თითქმის 700 ადამიანი სიკვდილით დასჯილიყო. როგორც ცნობილია, იანვარში ისლამურმა რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით გამართული მიტინგები მასობრივი რეპრესია-დარბევებით ჩაახშო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა, რადგანაც მოგვიანებით აშშ-სთან და ისრაელთან ომმა ირანელების პატრიოტული განწყობები გააძლიერა, შიდა არეულობამ რეჟიმისთვის „უშუალო საფრთხეთა სიაში“ მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ექვსკაციანმა საბჭომ, ომისა და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით, იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადო. ადრე, ომის წინ, როცა უზენაესი ლიდერი ცოცხალი იყო და ზოგიერთი საკითხის გადაჭრისას ყოყმანობდა, ახლა საბჭო უფრო გადამწყვეტად და ზოგჯერ მოსალოდნელზე უფრო მოქნილად მოქმედებს. საბჭოს უახლესი დიპლომატიური ინიციატივა, რომელიც თეთრ სახლს ცხრა ნოემბერს კატარელი დიპლომატების მიერ წარედგინა, ითვალისწინებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს („მაგატე“) ინსპექტორებს, თუ აშშ თეირანის წინადადებას დაეთანხმება, შეუძლიათ ირანში სწრაფად დაბრუნდნენ. ეს წინადადება ირანის ბევრად უფრო მოქნილ პოზიციაზე მიუთითებს იმასთან შედარებით, რომელიც ირანმა აშშ-ს ივნისში შესთავაზა. ერთ-ერთი ირანელი ჩინოვნიკის თქმით, ინიციატივა იმას ნიშნავს, რომ ირანმა შესაძლოა უარი თქვას ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გავლისათვის გადასახადის გადახდაზეც, რასაც თეირანი ადრე ითხოვდა. „ამჯერად, - ამბობს ჩინოვნიკი, - „ირანი მოლაპარაკებებს არ შეწყვეტს მაშინაც კი, თუ ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ (ირანის მოკავშირის) დაბომბვას გააგრძელებს“.

მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, „ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო“ ასევე მზადაა ომის ესკალაციისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში. თავის დროზე ხამენეი-უფროსმა თავი შეიკავა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ნაოსნობის აკრძალვისგან (ანუ სრუტის ჩაკეტვისგან), ირანის ახალმა ლიდერებმა კი სრუტის დახურვა თვეების განმავლობაში აიტანეს. სექტემბერში მათ დააწესეს შვიდი „არაგანხილვადი“ პირობა შექმნილი ჩიხური სიტუაციის დასასრულებლად, მათ შორის სანქციების მოხსნა, გაყინული თანხების რეპატრიაცია (დაბრუნება) და ომის რეპარაციები. მათ მიანიშნეს ირანის ბირთვული პროგრამის აღორძინებაზე იმ შემთხვევაში, თუ ბლოკადა გაგრძელდება. „ჩვენ არ დავუშვებთ გამდიდრებული ბირთვული მასალის არც ერთ ნაწილაკის ირანიდან გასვლას“, - განაცხადა მოჰსენ რეზაიმ 11 ნოემბერს (მას მხედველობაში ჰქონდა თეთრი სახლის მოთხოვნა გამდიდრებული ურანის აშშ-ში გატანაზე). ირანი ასევე გეგმავს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი საველე მეთაურის გაგზავნას ელჩად ერაყში, ბაღდადთან სამხედრო კავშირების გაფართოების მიზნით. აშშ-სთან დაპირისპირებამ ასევე აიძულა ირანი კავშირები განემტკიცებინა რუსეთთან და ჩინეთთან.

ასევე დაგაინტერესებთ: სამთა სამიტი: „რა სურდათ პუტინს, ტრამპს და სი ძინპინს და რა მიიღეს?!" - The Daily Telegraph

10 მთავარი მოვლენა, რომელიც შეიძლება 2027 წელს მოხდეს: ომები, რეკორდული სიცხე, ხელოვნური ინტელექტის დილემა და წონაში დაკლების ელექსირი - The Economist

ჯო ბაიდენის მემუარები: რატომ არ ართმევდა ტრამპი ხელს მერკელს, როგორ იწყებდა პუტინი ომს, "უმადური" ზელენსკი და გაქცევა ავღანეთიდან

სვამს თუ არა სწორ დიაგნოზს ხელოვნური ინტელექტი და შეიძლება თუ არა, რომ მან ექიმი შეცდომაში შეიყვანოს?!

დღეს ირანისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ დონალდ ტრამპის „დამოკლეს ხმალი“ რჩება, ანუ სრულმასშტაბიანი ომის განახლების დიდი ალბათობა, თუმცა მოჰსენ რეზაი და მისი ჩინოვნიკები ამერიკულ პომპეზურობას თავიანთი საპასუხო პომპეზურობით შეხვდნენ და აცხადებენ, რომ მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა ამერიკული აგრესიის მოგერიებისათვის, თუ თეირანი ომს განაახლებს. „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“, - თქვა ერთ-ერთმა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს ირანი კასპიის ზღვის ნავსადგურებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თუ გაზის საბადოებზე თავდასხმებს. ირანმა აშშ გააფრთხილა, რომ დაარტყამს რეგიონში ამერიკულ ბიზნესს, ხოლო მისი რაკეტები ამერიკის ბაზებსაც მისწვდებიან ევროპაში. ირანი ასევე გაანადგურებს ჰორმუზის სრუტეში ციფრულ კაბელებსაც. არ არის გამორიცხული, რომ ამით დაზარალდებიან იორდანია, აზერბაიჯანი და ევროპული სახელმწიფოებიც.

თუ ვაშინგტონი საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს, ირანის ლიდერები ვარაუდობენ, რომ ომის დასრულება თავისი პირობებით თეირანს მოუწევს, ანუ საომარ სიტუაციას ირანი გააკონტროლებს. გასათვალისწინებელია, რომ დონალდ ტრამპის თავისუფლება სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში შეიძლება უფრო გართულდეს, როდესაც იანვარში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს აიღებენ. ირანს კი მსგავსი რამ არ ემუქრება: დეცენტრალიზებული სამხედრო მართვის სისტემა უზრუნველყოფს, რომ რაკეტები ფრენას მაშინაც კი გააგრძელებენ, თუ უფროსი მეთაურები დაიღუპებიან. ისლამური რეჟიმის ახალ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო