"მიმღებში მსუქანი ქალი იყო, შესვლისთანავე უყვირა ჩემს ექიმს: ასე ცუდად მყოფი აქ როგორ მოიყვანეთო? - რას ჰყვება ქალი, რომელიც ტყუპს ეძებს - კვირის პალიტრა

"მიმღებში მსუქანი ქალი იყო, შესვლისთანავე უყვირა ჩემს ექიმს: ასე ცუდად მყოფი აქ როგორ მოიყვანეთო? - რას ჰყვება ქალი, რომელიც ტყუპს ეძებს

"1990 წლის აგვისტოს ბოლოს, ქალაქ ქუთაისის ნომერ პირველ სამშობიაროში შემეძინა ტყუპი, დღენაკლულები (7-თვიანები), 1.800 კგ და 1.900 კგ იყვნენ. ბავშვები არ მინახავს. როცა ნარკოზიდან გამოვედი და შვილები მოვიკითხე, ექთანმა მითხრა, რომ ისინი აღარ მყავდა. 15-15 მანეთი დაგვატოვებინეს, - ეს დასაფლავების ხარჯიაო. მაშინ ყველაფერს დავთანხმდით, რაც გვითხრეს, რადგან მომხდარით ისე ვიყავით გაოგნებულები და დაბნეულები, რომ ეჭვი არაფერში შეგვპარვია... მაგრამ მას მერე, რაც ჯგუფში "ვეძებ" გავწევრდი და გავიგე, რა ხდებოდა იმ წლებში, მოსვენება დავკარგე, იქნებ, შვილები მეც გამიყიდეს?.. იქნებ ისინიც სათავისოდ გააქრეს?.." - წერს ქალბატონი ნინო რიკაძე-კამკამიძე, რომელმაც წლების წინ ქუთაისის სამშობიაროში ტყუპი გააჩინა, მაგრამ შინ ხელცარიელი დაბრუნდა...

- ეს ჩემთვის მესამე მშობიარობა იყო. ორი შვილი - ვაჟები უკვე მყავდა. 7 თვის ორსულს სისხლდენა მქონდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს. ხარაგაულში ექიმმა გამსინჯა და, რაც შეიძლება მალე, ქუთაისში უნდა გადავიყვანოთო... ქუთაისის სამშობიაროში მისულებს მიმღებში ექიმი უკვე გველოდა, მისი არც სახელი და არც გვარი ვიცი. მსუქანი ქალი იყო, რომელმაც შესვლისთანავე უყვირა ჩემს ექიმს: ასე ცუდად მყოფი აქ როგორ მოიყვანეთ? ზესტაფონში ან თერჯოლაში მიგეყვანათ, ამხელა გზა რომ გამოატარეთო!

- ანუ სასწრაფოს ექიმს უყვირა?

- არა, ჩემს პირად ექიმს; გინეკოლოგს, რომელთანაც კონსულტაციებზე დავდიოდი და რომელიც ცუდად მყოფს ხარაგაულიდან ქუთაისში გამყვა... მან თავი ასე იმართლა: ვიცოდი, რომ ქუთაისში საუკეთესო აპარატები გაქვთ და აქეთ ამიტომაც გამოვაშურეო... მიმღებშივე მითხრა ექიმმა: რამე ხომ არ გეშლება, 7-თვის ორსული ვერ იქნები, ალბათ უფრო 9 თვეა გასულიო, - რომ შემომხედა, ასე ჩათვალა რატომღაც. - არა, არაფერი მეშლება-მეთქი, - რომ ვუპასუხე, - მაშინ ტყუპი გყავსო. იმ პერიოდში ეხო სად იყო, რომ წინასწარ გამეგო, მუცელში ტყუპი თუ მყავდა. ექიმი კი ამბობდა ჩემი გასინჯვისას, უცნაურია, ორ განსხვავებულ გულისცემას ვგრძნობო, მაგრამ არასდროს უთქვამს, შეიძლება ტყუპი გყავსო. ამან კი ერთი თვალის შევლებით დამისვა დიაგნოზი და იყვირა, - ახლავე წავიყვანოთ საოპერაციოშიო... ნარკოზიდან რომ გამოვედი და მუცელი ისევ მტკიოდა, ავყვირდი: კი მაგრამ, რა ხდება ამდენ ხანს რატომ არ მომხედეს-მეთქი? თურმე, ამ დროს უკვე პალატაში ვარ გადაყვანილი. მალე ექთანი შემოვიდა, - სამწუხაროდ, ვერც ერთი შვილი ვერ გადაგირჩინეთ, სისხლი ჰქონდათ ნაყლაპიო. ექიმი ერთ-ერთის გადარჩენას ძალიან ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდაო. ძლივს ამოვილუღლუღე, - ჩემი პატრონები გარეთ არიან და ეს იმათაც უთხარით-მეთქი. იმათმა უკვე ყველაფერი იციან, ეს ბავშვები საავადმყოფოს სასაფლაოზე დაიკრძალებიან და ამისთვის 15-15 მანეთს დაგატოვებინებთო. ისე ცუდად და ისეთ შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, აზრადაც არ მომსვლია, ვინმე თუ მომატყუებდა, რაიმეს იეშმაკებდა... თურმე ჩემმა დედამთილმა და მეუღლემ მოითხოვეს, ჩვილებს წავიყვანთ და თავად მივხედავთო, მაგრამ უარი უთხრეს: წესი ასეთია, აქ უნდა დავასაფლავოთ, საავადმყოფოს ეზოშიო. ისინი არც მე მაჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვითხოვე. უხეშად მითხრეს, - რა იყო, მკვდრებს აქ ხომ არ მოგიყვანთო? იცოდნენ, რომ სიარულს ვერ მოვახერხებდი. ოჯახის წევრებიც არ შეიყვანეს მათ სანახავად, - არ შეიძლება შემოსვლაო. მოკლედ, ყველა გზა მოგვიჭრეს, პატარებისთვის თვალიც არ მოგვიკრავს, მაგრამ არც რამეში დავეჭვებულვართ, რადგან არ ვიცოდით, ადამიანებს თუ შეეძლოთ ოჯახისთვის შვილები მოეპარათ, თუ შეეძლოთ ასე სასტიკად მოქცევა...

- ახლა რომ ფიქრობთ და აანალიზებთ მაშინდელ ამბებს, რაიმე ისეთს ხომ ვერ იხსენებთ, რაც თქვენს ეჭვებს საფუძვლიანს გახდის? რამდენი ხანი იყავით საავადმყოფოში?

- 5 დღე მაინც ვიყავი იქ. მკერდი გამიკრეს, რათა რძე არ მქონოდა, მერე ნაკერებიც რომ ამომიღეს, გამწერეს... არაფერი განსაკუთრებული, მეც ისე მექცეოდნენ, როგორც სხვა პაციენტებს... ეგ კი არა, ისიც არ მახსოვს, საბოლოოდ ვინ გამიკეთა ოპერაცია, რადგან ამის შემდეგ ექიმი არც შემოსულა ჩემს მოსაკითხად, მხოლოდ ექთნები მოდიოდნენ და საჭირო პროცედურებს მიტარებდნენ. სხვათა შორის, არც ბავშვების გარდაცვალების მოწმობა გამოუტანებიათ. ჩემი მეუღლე გარდაცვლილია და სამწუხაროდ, ახლა არც ის ვიცი, ხელი მოაწერინეს რამეზე თუ არა. ჩემთვის არაფერი უთქვამს. ამ ტკივილზე ლაპარაკს თითქოს გავურბოდით. ახლა სასწაული და მიუღწეველი მგონია მათი პოვნა იმ მონაცემებით, რაც მაქვს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა, იქნებ ცოცხლები არიან და როგორმე მიპოვონ... არადა, ვინ იცის, იქნებ გოგონებიც არ იყვნენ და მომატყუეს? იქნებ არა მარტო დაბადების თვე და რიცხვი, არამედ წელიც შეუცვალეს?.. რეესტრში რომ მივედი საბუთების შესაგროვებლად, იქ მითხრეს, რომ მესამე ფეხმძიმობა საერთოდ არ მიფიქსირდება, ანუ რა გამოდის, მომეჩვენა ეს ყველაფერი?.. სანამ ამ ჯგუფს შექმნიდნენ, მანამდე გადაცემებს რომ ვუყურებდი, სადაც გაშვილებულ პატარებზე საუბრობდნენ, რაღაც მეც მაწუხებდა, მოსვენება მეკარგებოდა: იქნებ ჩემებიც მოიპარეს-მეთქი? ახლა კი დავრწმუნდი, არ არსებობს მგონი საქართველოში სამშობიარო, რომელიც ჩართული არ იყო ამ საშინელ ქსელში, რომელიც დედისთვის შვილის წართმევას და პატარების გაშვილებას ემსახურებოდა.

- გარეგნობაში თუ გაქვთ რაიმე დამახასიათებელი ნიშანი?

- ჩემს მეუღლეს ჰქონდა მკერდზე საქართველოს რუკის მსგავსი მოხაზულობის დიდი ხალი, რომელსაც მალავდა და ვეჩხუბებოდი: რატომ მალავ? ამ ხალს მე ვეფერები, ძალიან ლამაზია-მეთქი. ჩემს ვაჟებს ბევრი ხალი აქვთ, მაგრამ ისეთი არც ერთს არ აქვს და ვინ იცის, იქნებ რომელიმე ტყუპს გამოჰყვა?! სხვა გამორჩეული ნიშანი არაფერი გვაქვს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ჩემი შვილები აუცილებლად შავგვრემნები იქნებიან.

- დღესაც ხარაგაულში ცხოვრობთ, არა?

- ხარაგაულში ვცხოვრობდი მანამ, ვიდრე მეუღლე მყავდა (ის 3 წლის წინ დავკარგე), ახლა კი შვილები თბილისში არიან ოჯახებით და ზამთრის პერიოდში მეც აქეთ მოვდივარ, იქ მარტო ვერ ვჩერდები.

- კიდევ ერთი კითხვა მაქვს: ზოგადად, ექიმები არ მიჰყვებიან პაციენტებს, როდესაც მათი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი ხდება. თქვენ რატომ გამოგყვათ ექიმი ხარაგაულიდან?

- მაგაზე ვბჭობდით ჩვენც ახლახან. ვითომ, მარტო ვერ გაგიშვებო, მაგრამ ვინ იცის, იქნებ შეკრული იყო სხვებთან, რაიმე კავშირი ჰქონდა ქუთაისის სამშობიაროსთან და თუ ვინმე ჩემი მსგავსი, რისკის ქვეშ მყოფი მშობიარე გამოჩნდებოდა, იქით უნდა წაეყვანა? სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ეჭვია... ის პიროვნება საავადმყოფოში კარგი ხანია, აღარ მუშაობს და ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, რომ ვნახო და კითხვები დავუსვა. სხვათა შორის, ჩემი შვილების კლასელმა დამიმესიჯა ამას წინათ: თქვენი პოსტი ვნახე და იცოდეთ, დედაჩემსაც ანალოგიურად მოექცნენ ხარაგაულშიო. ნინო დეიდა, თქვენმა წერილმა მომცა ძალა, რომ მეც ვილაპარაკო ამაზე და იქნებ ჩვენც ვიპოვოთო... მის დედასაც არ გაატანეს თურმე ცხედარი. უთხრეს: აქ დავასაფლავებთო... რომ მეგონა, ჩვენი ხარაგაულის სამშობიარო წმინდა წყლის დამლევი იყო, ისიც მსგავს რაღაცებში ყოფილა გარეული, ასე გამოდის... და ახლა, რა გზას დავადგე, არ ვიცი.

გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ჩემი შვილების შესახებ, გამომეხმაურეთ. სხვა შემთხვევაში, იცოდეთ, სულს იმძიმებთ. გპირდებით, ანონიმურობას დავიცავ. იმედს არ ვკარგავ, რომ სასწაულებიც ხდება. ამიტომ მივმართავ ჩემს შვილებსაც: მე თქვენ არ გამისხვისებიხართ! თქვენი თავი მომპარეს ჯალათმა ექიმებმა. გთხოვთ, თუ რაიმე გეცნობათ ჩემი მონაყოლიდან, დამიკავშირდეთ...

ჩემო დაკარგულო შვილებო, თქვენ გელოდებათ დედა და ორი ძმა, თავიანთი ოჯახებით, ასევე დიდი საახლობლო. მამა სამწუხაროდ, გარდაცვლილია.

P.S. თუ რაიმე გექნებათ ჩვენთვის მოსაყოლი, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ მეილზე: lika.qajaia@gmail.com ანონიმურობა გარანტირებულია!

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"ვეძებთ 4 ბავშვს! - ჩემი ქმარი ლამის გადარეულა, დაულეწავს ყველაფერი"

"ბავშვის მოშორებას კატეგორიულად მთხოვდნენ... 1990-იანი წლები იყო და დიდ სირცხვილად ითვლებოდა უკანონოდ შვილის გაჩენა..."

"ძალიან ცუდად იყო... ხვალ მოდი, სიმართლეს გეტყვიო, მაგრამ... საიდუმლო საფლავში წაიღო"

"წყალს რომ სვამდა, თვალს არ მაშორებდა და უცებ სული დალია. თურმე, თრომბმა "დაარტყა" - ქართველი ჟურნალისტის რთული გზა და ცხოვრება ემიგრაციაში

"მისი მამა რუსეთში მაღალი თანამდებობის პირი იყო და როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ფოთში ჩავიდა და დაუკავშირდა "იქს" პიროვნებას, რომელთანაც მოლაპარაკება გაიმართა..."