ქართული "საგანგებო რაზმი", რომელსაც საქართველოსთვის კომუნისტური საფრთხე უნდა აერიდებინა - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის - კვირის პალიტრა

ქართული "საგანგებო რაზმი", რომელსაც საქართველოსთვის კომუნისტური საფრთხე უნდა აერიდებინა - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

ძალზე დინამიკურად ვითარდება მოვლენები: დღე არ გავა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გავრცელდეს საგარეო თუ საშინაო „საიდუმლო ფრონტებიდან“. დამეთანხმებით, რომ ისრაელისა და ირანის დაპირისპირება მხოლოდ სარაკეტო-საავიაციო დარტყმებით არ შემოიფარგლება: დაუნდობელი ბრძოლებია გამართული ამ ქვეყნების სპეცსამსახურებს შორისაც. თუ ისრაელის დაზვერვას გეოსტრატეგიულ დონეზე ოპერაციების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს, ირანის სპეცსამსახურები უფრო ლოკალური სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციებით არიან ცნობილნი. ამიტომ ტერაქტების სერიოზული საფრთხე ელით სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ისრაელის საელჩოებსა და კომერციულ ორგანიზაციებს. საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა დიდი ბრიტანეთიდან, სადაც "მი-6"-ის (საგარეო დაზვერვის სტრუქტურა, რომელიც ფორმალურად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედის) ახალ, მე-18 დირექტორად, ისტორიაში პირველად, ქალბატონია წარდგენილი, თანაც ქართული გვარით: ბლეზ მეტ­რე­ვე­ლი. არანაკლები საინტერესო/სენსაციური სიახლეებია „შინაც“.

ყოველივე ამის მიუხედავად, მინდა, კვლავ საქართველოს საგარეო დაზვერვის ისტორიაზე გავაგრძელოთ საუბარი. რატომ? კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმიტომ, რომ სუსტი სპეცსამსახურებით ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. დღემდე სათქმელ/სატრაბახოდ დავით აღმაშენებლის ეპოქა და მისი მსტოვარნი-აეშაგნი გვაქვს. მხოლოდ რვა საუკუნის შემდეგ გვქონდა ხანმოკლე პერიოდი, რომ ქვეყანა სახელმწიფოს დამსგავსებოდა, თუმცა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ეს შანსიც ხელიდან იქნა გაშვებული. 1918 წლის მაისში დაწყებული დიდი დღესასწაული, 1921 წლის თებერვალ-მარტის ტრაგედიით დასრულდა. იყო თუ არა ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართული სპეცსამსახურების სისუსტე? - რა თქმა უნდა.

საქართველოს საგარეო დაზვერვის ისტორიის ქვემოთ შემოთავაზებული პერიოდიზაცია (პირველი ეტაპი: 1918-1921 წწ.; მეორე ეტაპი: 1921-1938 წწ.; მესამე ეტაპი: 1938-1953 წწ.; მეოთხე ეტაპი : 1953-1964წწ; მეხუთე ეტაპი: 1964-1991 წწ.; მეექვსე ეტაპი : 1991-1997 და ბოლოს, მეშვიდე ეტაპი: 1997 წლიდან დღემდე) ითვალისწინებს იმ ისტორიულ რეალობას, რაც XX საუკუნის საბჭოთა კავშირსა და საქართველოში იყო შექმნილი.

noe-ramishvili-da-noe-zhordania-1750145936.jpg

ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია

საქართველოს სპეცსამსახურები 1918-1921 წლებში - ეს, ისტორიულად ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ძალზე შეუსწავლელია. სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელ სხვა ინსტიტუტების მსგავსად, იმ წლებში საქართველოს სპეცსამსახურების შექმნის და ფუნქციონირების შესახებ ფაქტების მოპოვება უღრან ტყეში სიარულს ჰგავს. თუმცა, როგორც ბუნებაში, ასევე - ისტორიაშიც უკვალოდ არაფერი იკარგება, საჭიროა მხოლოდ კარგად მოძებნა. დღეს საქართველოს უშიშროების ორგანოების ისტორიული არქივების ტოტალური და ძალზე არაგონივრული გასაიდუმლოების პირობებში, ისღა დაგვრჩენია, რომ ქართული სპეცსამსახურების შექმნის და მუშაობის კვალი იმ პერიოდის საფინანსო და პოლიტიკურ დოკუმენტებში ვეძიოთ. ასევე, ყურადღებით (კრიტიკული ყურადღებით!) შესწავლას მოითხოვს ის მემუარული ლიტერატურაც, რომელიც პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბება/დაცვაში უშუალოდ მონაწილე პიროვნებებმა დაგვიტოვეს.

“მენშევიკების” პარტიული სპეცსამსახურებით უნდა დავიწყოთ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რასაც რუსეთის იმპერიის დაშლა მოჰყვა, ქაოსმა და განუკითხაობამ მოიცვა იმპერიის ყოფილი ტერიტორიები. თბილისშიც დიდი არეულობა და ძარცვა-ყაჩაღობა იყო, რეგულარული ჯარი ყაზარმებიდან არ გამოდიოდა, პოლიცია კი რევოლუციონერების შიშით აღარ ასრულებდა თავის მოვალეობას.

ამ ვითარებაში თბილისის რევოლუციური მუშათა საბჭოს აღმასკომმა დაადგინა, რომ სასწრაფოდ შეექმნათ საკუთარი პოლიციური რაზმები. ინიციატივა “აღმასკომის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა - ნოე ჟორდანიამ აიღო და გურულ “მენშევიკებს” შეიარაღებული ხალხის გამოგზავნა დაავალა. გურულებსაც მეტი რა უნდოდათ: „ფიშტო“ ექნებოდათ მოსაძებნი თუ ცხენები?

თბილისში უმალ ჩამოვიდა კარგად შეიარაღებული რაზმი, ძმები იმნაძეების მეთაურობით. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს რაზმი პოლიციურზე უფრო მეტად ჟორდანიას პირადი გვარდიის ფუნქციებს ასრულებდა. თუმცა „გურულების რაზმი“ ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ნოე ჟორდანია რეგულარი ქართული ჯარის შექმნას თავიდანვე ძალზე სკეპტიკურად უყურებდა: მას მაიჩნდა, რომ ქართული ეროვნული სამხედრო ნაწილები “ბოლშევიკების” გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული.

ასევე დაგაინტერესებთ: პირველი რესპუბლიკის დამხობა - შეიძლებოდა თუ არა დიდი ქართული კატასტროფის თავიდან აცილება?!

საიდუმლო დოკუმენტები სტალინის პირადი არქივიდან - "თურქეთი მივუქსიოთ საქართველოს, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, ჩაერიოს, როგორც შუამავალი და გადამრჩენი

სტალინის აღსარება: "იცით თუ არა, რომ სტალინმა ცოდვები აღიარა და მოინანია?" - როგორ დაემხო საქართველოს დამოუკიდებლობა" - Der Freitag

"დასავლური გაზეთები პირდაპირ წერდნენ, ჩვენ არა გვაქვს იმის თავი, რომ 150 000 კაცი გავგზავნოთ კავკასიაში და რუსეთს ვეომოთო" - დამოუკიდებლობის აქტიდან საბჭოურ ანექსიამდე

ამიტომ, ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილის და “მენშევიკთა” სხვა ლიდერების გადაწყვეტილებით, მათი მხარდამჭერი მუშებისაგან დაიწყეს საკუთარი შეიარაღებული რაზმების შექმნა. ნოე ჟორდანია ასე იხსენებს ამ მოვლენებს: “ამის მთავარი მოციქული გახდა ჯუღელი და მასვე მივანდევით ჭიაბერაშვილთან ერთად მისი დაწყება. გატარება ადვილი იყო, ვინაიდან პარტიული ცენ. კომიტეტი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის – ბ.ა.) და ორგანიზაციები ამას მხარს უჭერდნენ. გვარდია შედგა. იარაღი კი არ იყო” (ნოე ჟორდანია, “ჩემი წარსული“, გვ.82). თუმცა იარაღი იყო, თანაც - საკმაოზე მეტი. საჭირო იყო მხოლოდ მისი ამოღება. რუსეთის იმპერიის კავკასიის ფრონტის ცენტრალური საწყობი თბილისში მდებარეობდა, აქვე იყო განლაგებული სამხედრო გარნიზონი (ე.წ. არსენალი), რომლის პირადი შემადგენლობა ადრე 30 000-ზე მეტ ოფიცერსა და ჯარისკაცს ითვლიდა.

valiko-jugeli-1750145885.jpg

ვალიკო ჯუღელი (1887-1924)

1917 წლის 12 დეკემბერს ვალიკო ჯუღელის მეთაურობით ჩატარებული მშვიდობიანი „სპეცოპერაციის“ შემდეგ „არსენალი“ დაიკავეს და იარაღის პრობლემაც მოიხსნა. ასე შეიქმნა „სახალხო გვარდია“. მასზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებ.

განსაკუთრებით საინტერესოა დამოუკიდებელი ქართული სპეცსამსახურის - „განსაკუთრებული რაზმის“ შექმნის ისტორია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანმოკლე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ “განსაკუთრებულ რაზმს” (რომელსაც მელქისედეკ კედია ხელმძღვანელობდა) უნდა შეესრულებინა საქართველოს უმთავრესი სპეცსამსახურის ფუნქციები: ქვეყნის შიგნით “ბოლშევიკების”, “თეთრგვარდიელების” და უცხო ქვეყნების აგენტურის გამოვლენა, ამავე დროს, სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება რუსეთის და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე და ა.შ. თუ როგორ ასრულებდა “განსაკუთრებული” რაზმი აღნიშნულ ფუნქციებს, ამას მალევე შევიტყობთ.

melkisedek-kedia-1750146008.jpg

მელქისედეკ კედია (1878-1945)

ამ “რაზმის” შექმნის და საქმიანობის ისტორია ძალზე საინტერესოა და ნათლად ასახვას იმ პერიოდში საქართველოში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც საოცრად წააგავს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული “განსაკუთრებული რაზმი” 1918 წლის მეორე ნახევარში დროებით, ექვსი თვის ვადით შეიქმნა, რის შესახებაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ სათანადო კანონიც მიიღო. შემდეგ პერიოდში “განსაკუთრებულ რაზმს” რამდენჯერმე (1919 წლის 28 იანვარს, ივნისს და 30 დეკემბერს, ასევე 1920 წლის ივნისში) დეკრეტით გაუგრძელდა მოქმედების ვადა. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდი დაპირისპირება და კამათი უძღოდა ხელისუფლებასა (სოციალ-დემოკრატები) და ოპოზიციას (ძირითადად, სოციალისტ-რევოლუციონერები, იგივე “ესერები”) შორის. განსაკუთრებით დამფუძნებელი კრების წევრი, ცნობილი “ესერი” ლეო შენგელაია აქტიურობდა. 1919 წლის 29 ივლისის სხდომაზე ის აცხადებდა: “საგანგებო რაზმი ნამდვილად კონტრრევოლუციონერების ბუდეა... სადაც სოციალ-დემოკრატიამ თავი მოუყარა ყოფილ ბოქაულებს და “სიშჩიკებს”... გადაჭარბებული არ იქნება ვსთქვათ, რომ რუსეთის ოხრანკასა და რამიშვილის საგანგებო რაზმს შორის არავითარი განსხვავება არც შემადგენლობით, არც მოქმედების მეთოდებით არ არსებობს... საგანგებო რაზმს ხემძღვანელობენ კედია და ფაჩულია, ესენი არიან ყოფილი ბოქაულები, რომლებიც მთელს თავის სიცოცხლე ებრძოდნენ რევოლუციონერებს”(ციტატის დასასრული). დამფუძნებელი კრების სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშიდან კარგად ჩანს, თუ როგორი დაპირისპირება იყო “განსაკუთრებული რაზმის” ირგვლივ.

leo-shengelaia-1750146164.jpg

ლეო შენგელაია (1887–1937)

ლ. შენგელაიამ ეს “რაზმი” პირდაპირ დაადანაშაულა მოქალაქეთა უკანონო დაპატიმრებასა და წამებაში, თავისუფალი სიტყვის დევნასა და გაზეთების უსაფუძვლო დახურვაში. თუმცა კენჭის ყრის შედეგად დაამტკიცეს ახალი დეკრეტი “რაზმის” მოქმედების კიდევ ექვსი თვით გაგრძელების შესახებ. წინააღმდეგი მხოლოდ ორი “ესერი”, შენგელაია და გობეჩია იყვნენ.

ამ რაზმის შექმნის და ფუნქციების გაზრდის აუცილებლობას მაშინდელი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები ქვეყნის წინაშე შიდა და გარესაფრთხეების არსებობით ასაბუთებდნენ. საბჭოთა რუსეთის, “თეთრგვარდიელების” და მეზობელი ქვეყნების აგენტურასთან ბრძოლა, საქართველოს კომუნისტების მიერ ორგანიზებული გამოსვლების ჩახშობა, სპეკულაციისა და კორუფციის აღმოფხვრა - “განსაკუთრებული რაზმის” მთავარი ფუნქციები იყო.

ექვსი თვის გასვლის შემდეგ, 1919 წლის 30 დეკემბერს, დამფუძნებელმა კრებამ კვლავ განიხილა “განსაკუთრებული რაზმის” მოქმედების 6 თვით გაგრძელების და “რაზმისთვის” დამატებით შტატის გამოყოფის საკითხი. თუ მანამდე “რაზმის” მოქმედება ფაქტობრივად მხოლოდ ქალაქ თბილისზე ვრცელდებოდა, დამატებითი შტატების დამტკიცების შემდეგ მისი შემადგენლობა 60 კაცამდე იზრდებოდა (1921 წლის დასაწყისისთვის 200 კაცამდე მიაღწია) და მას მთელი რესპუბლიკის ტერიტორია უნდა მოეცვა. ამ ახალმა წინადადებამ კვლავ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ისევ შენგელაია აქტიურობდა, რომლის გამოსვლაც, ჩვენი აზრით, დღესაც არ კარგავს აქტუალობას: “თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველგვარი საგანგებო და საეჭვო რაზმების არსებობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ელემენტარულ ცნებას. საგანგებო რაზმი თავისი განსაკუთრებული უფლებებით და ახირებული ორგანიზაციით კი არ უწყობს ხელს ჩვენი რესპუბლიკის განმტკიცებას, პირიქით ის თავისი უკანონო მოღვაწეობით და თვითნებობით სცემს დემოკრატიის პრესტიჟს... არსად ევროპის არც ერთ თავისუფალ სახელმწიფოში ასეთი საგანგებო რაზმები არ არსებობენ... ერთადერთი ქვეყანა, სადაც არის საგანგებო რაზმი, არის რუსეთი... ეს საგანგებო რაზმი – თვითნება რაზმია... თვითონ შესდგება კონტრ-რევოლუციონერებისაგან და როგორ უნდა ებრძოლოს მათ? ...ვიდრე თქვენ ხართ სათავეში შეუძლებელია რევოლუციას საფრთხე არ მოელეოდეს” (ციტატის დასასრული). ლ. შენგელაია ბოლოს ქილიკზე გადავიდა და ნოე რამიშვილზე მწარედ იხუმრა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა: “შეიძლება რამიშვილი ძლიერ დავალებული იყოს რაზმის წინაშე, ამბობენ, როდესაც სოციალ-დემოკრატებს მიუღიათ კომუნისტებისგან მუქარის წერილი, ამბობენ რამიშვილი ერთი კვირა არ გამოსულა კაბინეტიდანო”. საინტერესოა, რომ ნამდვილად შემთხვევითი არ იყო, რომ ამ “რაზმის” შექმნის დრო და ძირითადი ფუნქციები საოცრად წააგავდა “ბოლშევიკების” მიერ რუსეთში შექმნილ “ჩე-კას” ანუ “განსაკუთრებულ კომისიას”. ეს შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის დამფუძნებელ კრებაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ დადასტურდა:

„...რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთის შესახებ ერთი აშკარაა - თუ რუსეთის მთავრობას არ ეწვია ისეთი ბედი, როგორიც... მთავრობას კერენსკისას, ეს აიხსნება იმით ის არ იჯდა გულ-ხელდაკრეფილი და თავის მტრებს ყოველის საშუალებით ებრძოდა... სადაც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს იმ “ჩერეზვიჩაიკებს”, რომლის მუშაობას არც ჩვენ ვამართლებთ... მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ არც ერთ მთავრობას გარდამავალ ხანაში არ შეუძლია ხელი აიღოს რეპრესიებზე და არ მიიღოს მკაცრი ზომები” (ციტატის დასასრული). ნ. რამიშვილი შემდეგ “განსაკურებული რაზმის” კონტრდაზვერვით ოპერაციებსაც შეეხო: “ბოლო ხანებში ჩვენში ადგილი ჰქონდა ბოლშევიკების გამოსვლებს, რომლის მიზანია დამოუკიდებლობის მოსპობა და შეერთება საბჭოთა რუსეთთან... და თუ ჩვენ შევძელით უკანასკენელი გამოსვლის ჩაქრობა, ეს იმიტომ, რომ ვიცოდით მათ მიერ განზრახული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაედგა საოლქო კომიტეტს, რომელიც თავის მხრივ ასრულებს საბჭოთა მთავრობის დირექტივებს... არსებობს ბოლშევიკების საფრთხე... დენიკინის საფრთხე... დენიკინს აქ მრავლად ჰყავს თავისი არაოფიციალური აგენტები... საგანგებო რაზმმა მოგვცა საშვალება გაგვეგო უმთავრესი ნაბიჯები ბოლშევიკების მოქმედებისა...”

ნოე რამიშვილმა შენგელაიას დაცინვასაც გასცა პასუხი: “აქ იყო ნათქვამი, რომ თითქოს მას შემდეგ, რაც გამოიცა ბოლშევიკების ფურცელი, რომლითაც ემუქრებოდნენ ტერორისტული აქტებით მთავრობის წევრებს, მაშინ მინისტრი კაბინეტიდან რამდენიმე დღით არ გამოსულაო. ყველამ იცის და თვით შენგელაიამაც იცის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ასრულებდა თავის საზოგადოების მიერ დაკისრებულ მოვალეობას მთელი ამ ხნის განმავლობაში და მიუხედავად ამისა ეს ჭორი მაინც აქ გამოიტანა”.

ამგვარი პოლიტიკური და პიროვნული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და, როგორც ყოველთვის, ემოციები სჭარბობდა საღ აზრს. ამ დროს კი ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერი - “ბოლშევიკური” რუსეთი თბილისში, იქვე ყურის ძირში მნიშვნელოვან სადაზვერვო ოპერაციებს ატარებდა. 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში - სერგეი კიროვი მალევე არონ ლვოვის ძე შეიმანმა შეცვალა. გაიზარდა რუსეთის წარმომადგენლობის პირადი შემადგენლობაც, რომელთა შორის, სხვადასხვა ეროვნების “ბოლშევიკი” აგენტები სჭარბობდნენ. მათი მთავარი მიზანი საქართველოს ძალოვან სამინისტროებსა და უწყებებში დასაყრდენის მოძებნა გახლდათ, რისთვისაც ისინი სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ. რას უპირისპირებდა ამ ფარულ ოპერაციებს საქართველოს ხელისუფლება?

(მეხუთე ნაწილის დასასრული)