"უცნაური ამბები ხდება საქართველოში, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, ქვეყანაში გადამწყვეტი ეტაპი დგება - რას პროგნოზირებენ ექსპერტები?!
ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა - რამდენიმე გახმაურებულმა დაპატიმრებამ, საკადრო ცვლილებებმა, პოლიტიკურ სპექტრში მზარდმა დაძაბულობამ და თვითმკვლელობის ოფიციალური ვერსიით ახსნილმა რეზონანსულმა ფაქტებმა - რიგი ბუნდოვანება და კითხვები წარმოშვა. რა ხდება ქვეყანაში? - ამ კითხვაზე ანალიტიკოსები რამაზ საყვარელიძე და ვახტანგ ძაბირაძე გვპასუხობენ.
რამაზ საყვარელიძე:
- ბოლო დროს ქვეყანაში ერთობ უცნაური ამბები ხდება - ყველა მოვლენას კითხვები და ეჭვები ახლავს. გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა", ახალბედა ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით - იარაღთან ურთიერთობის თვალსაზრისით. უცნაურია, რომ მას იარაღი აღმოაჩნდა ისეთ ვითარებაში, სადაც არ უნდა ჰქონოდა - ძალიან უცნაურია. ასევე, ბურუსით არის მოცული რიჟვაძის საქმე - რთულია, გაიგო, რამ მიიყვანა ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე. ასე მარტივად ხომ არ იღებენ ადამიანები მსგავს გადაწყვეტილებებს? იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი და მმართველი პარტიის გზები გაიყარა. აქაც პასუხგაუცემელია კითხვა - რატომ გაიყო მისი და „ქართული ოცნების“ გზები? გაურკვეველია ისიც, რატომ ტოვებენ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები თანამდებობებს - მათ შორის ისინიც, ვინც ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნებიან.
არც კი ვიცი, რა ვთქვა... მსმენია, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულთან დაკავშირებულ უღირს ქმედებებს უახლოეს ადამიანებსაც კი არ პატიობს. თუმცა აქაც ბევრი კითხვის ნიშანია. ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასეთ დროს ძალოვან უწყებებში ცვლილებები არანაირად არ არის მიზანშეწონილი - თუნდაც იმიტომ, რომ საარჩევნო პროცესში მათ მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ. არ ვიცი, რა გითხრათ...
ასევე დაგაინტერესებთ: რევოლუცია მოდის?! სახალხო აჯანყება?! - უსაფრთხოების ექსპერტის სკანდალური პროგნოზი: "ოპოზიციური ლიდერები ისე აქტიურად ალაპარაკდნენ რევოლუციურ სცენარებზე და რეგიონში ისეთი ვითარებაა, რომ..."
ვახტანგ ძაბირაძე:
- ჩემი აზრით, ქვეყანაში დაიწყო გადამწყვეტ ეტაპზე გადასვლისთვის მზადება. ეს პროცესი შეეხება როგორც ხელისუფლებას, ისე - ოპოზიციას და, რაც მთავარია, მთლიან საზოგადოებასაც. სამივე მხარე აუცილებლად არის ამ პროცესში ჩართული, თუმცა მათი პოზიციები და ხედვები, ცხადია, ერთმანეთისგან განსხვავდება. მთავრობაში მიმდინარე ბოლო პროცესები - იქნება ეს გიორგი რამიშვილის დაკავება, რიჟვაძის დაჭრა, საკანონმდებლო ცვლილებები, ძალოვან უწყებებში საკადრო გადანაცვლებები თუ დასავლელი პარტნიორების მიმართ კიდევ უფრო რადიკალური დამოკიდებულება - გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებაში მიმდინარეობს ძლიერი შიდაწმენდა. ხდება გარკვეული სექტორების დამორჩილება და მოსამზადებელი ფაზა გადამწყვეტი ნაბიჯისთვის. რა შეიძლება იყოს ეს გადამწყვეტი ნაბიჯი?
მგონია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნოს ძალაუფლება და სრულად გააკონტროლოს სახელისუფლებო ვერტიკალი - როგორც აღმასრულებელი, ასევე - საკანონმდებლო დონეზე. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამიტომ ამ ეტაპზე გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ფინანსური და სხვა რესურსების მობილიზებას.
რიჟვაძის თვითმკვლელობის ვერსიის გაჩენამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გარკვეულ პირებს კონკრეტულ ფინანსურ კომპენსაციას ან წილების დათმობას სთხოვდა. რაც შეეხება მის წერილს, იქ შეინიშნება რომ რიჟვაძისგან ითხოვდნენ იმას, რისი მიცემაც არ შეეძლო ან არ სურდა. საოცარი ამბავი მოხდა გიორგი რამიშვილთან დაკავშირებითაც - ის ხომ რიგითი ბიზნესმენი არ არის? „მხედრიონელი“ კაცია, რომელმაც ზუსტად იცის, სად და როგორ უნდა იმოქმედოს, როდის უნდა ჰქონდეს იარაღი და როდის - არა. ამიტომაც იარაღის ჩანთაში „შემთხვევით აღმოჩენა“ ძალიან „ყურით მოთრეული“ ვერსიაა და - ძნელად დასაჯერებელი. ჩემი აზრით, ამ განცხადებით მან ხელისუფლებას გარკვეული შეტყობინება გაუგზავნა - ის მზად არის იმ პირობებზე, რაც შესთავაზეს.
სავარაუდოდ, რამიშვილს სიტუაციიდან თავის გარიდება უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ „ნივიეზდნოი“ ანუ გაუსვლელობის გაფრთხილება აქვს მისთვის მიცემული. უნდა ითქვას, რომ ოპოზიციურ ველზეც არეულობაა. მას შემდეგ, რაც „ლელომ“ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმა მასზე შტურმი დაიწყო, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. არჩევნებში მონაწილეობის უარის თქმა ნიშნავს მხოლოდ ერთს: „ქართულ ოცნებას“ თავისი რესურსები შეუნახო და ბიძინა ივანიშვილს მისცე საბრძოლველად კომფორტული სივრცე. გარდა ამისა, ასეთ პირობებში მმართველ გუნდს ექნება სერიოზული საფუძველი, თქვას: „ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა, ჩვენ მოვიგეთ - აბა, რა უნდა მომხდარიყო?!“ და ბოლოს, როდესაც ბოიკოტისტები ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წარსულის მაგალითებზე საუბრობენ, აბა, ერთი წამით მაინც დაფიქრდნენ გულწრფელი პასუხი გამცენ - 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა რომ არ მიეღო, მოხდებოდა კი საერთოდ 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“? - ეს პასუხი ბევრ რამეს გასცემს პასუხს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)