ირანული გემის დაკავებას სპარსეთის ყურეში ომის განახლება მოჰყვება?! - კვირის პალიტრა

ირანული გემის დაკავებას სპარსეთის ყურეში ომის განახლება მოჰყვება?!

ომანის ყურეში დაწყებულმა ამერიკულმა საზღვაო ბლოკადამ პირველი „შედეგი“ მოიტანა - ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის ნასროლი 127 მმ-ის კალიბრის საარტილერიო ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანებული ირანული გემი შვეულმფრენებიდან გადასხმულმა ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა კონტროლზე აიყვანეს...

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც მისი საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა.

სარდლობამ განაცხადა, რომ USS Spruance-მა ირანის დროშის ქვეშ მცურავი Touska მოიგერია, როდესაც ის ბლოკადის დარღვევით ირანის პორტისკენ მიემართებოდა.

1-gemi-1776670629.png

ფოტო: ირანული კონტეირმზიდი გემი TOUSKA, რომელიც ამერიკული საზღვაო ბლოკადის გადალახვის მცდელობისას ჯერ დააზიანეს და შემდეგ აბორდაჟზე აიყვანეს...

მათი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც Touska-ს ეკიპაჟმა ექვსი საათის განმავლობაში არ გაითვალისწინა გაფრთხილებები, Spruance-მა გემს ძრავის ნაკვეთურიდან ეკიპაჟის წევრების ევაკუაციის ბრძანება მისცა. ამის შემდეგ კი Spruance-მა ძრავის ნაკვეთურისკენ რამდენიმე გასროლით „ტუსკას“ ძრავა მწყობრიდან გამოიყვანა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Touska აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს. მისივე თქმით, ამ დროისთვის გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშაა. „TOUSKA აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების ქვეშაა, უკანონო საქმიანობის წარსული ისტორიის გამო. ჩვენ გვაქვს გემის სრული კონტროლი და ვაკვირდებით, რა არის ბორტზე!“- დაწერა ტრამპმა.

ამერიკული მხარის ამ ქმედებებს ბუნებრივია, მოჰყვა დაუყოვნებელი რეაქცია თეირანიდან -„აგრესორი შეერთებული შტატები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით და საზღვაო გზის ძარცვით, ომანის ზღვის წყლებში ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს “, - აღნიშნულია ირანის სამხედრო ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, აშშ-მა გაანადგურა გემის სანავიგაციო აღჭურვილობა და გემბანზე ჯარისკაცები განალაგა, „რაც აგრესიის აქტის განხორციელებაა“.

„ვაფრთხილებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მალე უპასუხებენ და საპასუხო ზომებს მიმართავენ აშშ-ის შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილმა მეთაურმა, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ებრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის იქნება ირანი მზად, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დათმოს?

„ირანი გადაწყვეტს გადაადგილების უფლებას, მათ შორის - გემების სრუტეში გავლის ნებართვას“, - განუცხადა ებრაჰიმ აზიზიმ BBC-ის.

მისი თქმით, მალე ეს კანონად იქცევა.

„პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს, კონსტიტუციის 110-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვას, საზღვაო უსაფრთხოებას და ეროვნულ უსაფრთხოებას - და შეიარაღებული ძალები აღასრულებენ კანონს“, - აღნიშნა ირანელმა კანონმდებელმა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე ირანისთვის „მტერთან დაპირისპირების ერთ-ერთი რესურსია“.

თეირანის სურვილი, სრული კონტროლი დააწესონ სპარსეთის ყურის საზღვაო კარიბჭეზე - ჰორმუზის სრუტეზე, უდიდეს გაღიზიანებას იწვევს ვაშინგტონში, რაც გამოიხატება კიდეც აშშ-ის პრეზიდენტის ასეთ ხშირ ინტერვიუებში. "ირანმა ცოტა ხნის წინ სრუტის დახურვა დააანონსა, რაც უცნაურია, ვინაიდან ჩვენმა ბლოკადამ უკვე დახურა ის. ისინი გაუაზრებლად გვეხმარებიან და დაკეტილი მიმოსვლით თავადვე აგებენ დღეში 500 მილიონ დოლარს! შეერთებული შტატები არაფერს კარგავს. რეალურად, ამწამს ბევრი გემი მიემართება აშშ-ისკენ, ტეხასისკენ, ლუიზიანისკენ და ალასკისკენ, რათა დაიტვირთონ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გამო, რომელსაც ყოველთვის უნდა, „კერკეტი კაკალი“ იყოს! ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ დათანხმდებიან, თუ არა და, შეერთებული შტატები ირანში ყოველ ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს. აღარ იქნება ბატონი კეთილი კაცი! ისინი სწრაფად და მარტივად განადგურდებიან და, შეთანხმებას თუ არ დათანხმდებიან, ჩემთვის პატივი იქნება იმის გაკეთება, რაც უნდა გაკეთდეს, რაც უნდა დამართნოდა ირანს სხვა პრეზიდენტების მიერ, ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა, ირანის მკვლელი მანქანის დასრულება!” - წერს ტრამპი.

2-gemi-1776670695.jpg

ფოტო: ამერიკული სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი USS Spruance-ი, რომლიდანაც ნასროლმა 127 მმ-იანმა საარტილერიო ჭურვებმა ირანულ გემს ძრავა დაუზიანეს...

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორიოდე დღეში გასდის ვადა, მანამდე კი პაკისტანის დედაქალაქში, ისლამაბადში, აშშ-ისა და ირანის მაღალ პოლიტიკურ ფიგურებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა გაიმართოს, რაც უკვე სათუო ხდება, რადგან ირანული გემის დაკავების გამო, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლობა აუცილებლად განახორციელებს საპასუხო შურისმაძიებელ მოქმედებებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, მიმართული იქნება სპარსეთისა და ომანის ყურეებში მყოფი დასავლური სავაჭრო გემების და თვით ამერიკული სამხედრო ხომალდების წინააღმდეგ, რაც საეჭვოს გახდის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელებას და საბრძოლო მოქმედებები ახალი ძალით განახლდება ამ რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ: ირანს ჰორმუზის სრუტე აქვს ჩაკეტილი, აშშ-ს ირანის საზღვაო პორტები,მსოფლიო ეკონომიკა კი მათი მძევალი რჩება ...

აგვისტოს ომში ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო დესანტის გადმომსხმელი მესამე რუსული ხომალდიც განადგურებულია...

ასეთი რა აუფეთქეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რუსებს?! - ტუაფსეს ხანძრის კვამლი შავი ზღვის თავზე 250 კილომეტრზე გაიწელა

რა ხდება უკრაინის ფრონტზე: რუსებმა საგაზაფხულო შეტევა დაიწყეს?! - პუტინის არმიის მთავარი სამიზნე ციხე-ქალაქების სარტყელია

ანუ მოხდება ის, რაც ჯდება ისრაელის სტრატეგიულ ინტერესებში, რომლის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანთან ისრაელსა და აშშ-ს ომი ჯერ არ დაუმთავრებიათ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს...

შესაბამისად, სპარსეთის ყურეში თუკი ომი განახლდა, გაგრძელდება ფასების ზრდაც ბენზინზე,დიზელის საწვავზე და საავიაციო ნავთზეც, რაც მსოფლიოში ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს...

მოგებული რჩება ის რუსეთიც, რომლის ნედლი ნავთობის გაყიდვაზე საერთშორისო სანქციები იყო დაწესებული, მაგრამ მეორე თვეა, აშშ-ი უხსნის ამ სანქციებს რუსულ ნავთობს და კრემლიც სერიოზულ ფინანსურ მოგებას ნახულობს, რაც პუტინის არმიას უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ძალებით გაგრძელების საშუალებას აძლევს...