ტრამპის ახალი სტრატეგია: ჩავკლათ ირანის ეკონომიკა?! - მსოფლიო ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებისთვის უნდა მოემზადოს - კვირის პალიტრა

ტრამპის ახალი სტრატეგია: ჩავკლათ ირანის ეკონომიკა?! - მსოფლიო ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებისთვის უნდა მოემზადოს

გამოდის, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას ირანი კი არა, ტრამპის ამერიკა აგრძელებს?

დადგა 22 აპრილიც, ისრაელ-აშშ-სა და ირანს შორის 45-დღიან საჰაერო ომში ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი პაუზის ბოლო დღეც, მაგრამ როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ისლამაბადში დაგეგმილი ამერიკულ-ირანული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაიშალა და ომის გაგრძელების რეალური საფრთხე დადგა...

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა კვლავ „ორიგინალურ“ გამოსავალს მიაგნო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება... ცალმხრივად გააგრძელა...

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის და ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის თხოვნით, მოგვმართეს, შევაჩეროთ ირანზე თავდასხმა მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე და ამატებს - „ამიტომ მივეცი მითითება ჩვენს სამხედროებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა ასპექტში დარჩნენ მზადყოფნაში და, შესაბამისად, გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტას მანამ, სანამ წინადადებას წარადგენენ და დისკუსიები დასრულდება, ასე თუ ისე“, - წერს ტრამპი.

„დამარცხებულ მხარეს პირობების კარნახი არ შეუძლია“- საპასუხოდ აცხადებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი მაჰდი მოჰამადი -„ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივება, მოულოდნელი დარტყმისთვის დროის მოსაგები ხრიკია,

დადგა დრო, რომ ირანმა ინიციატივა აიღოს“.

მაგრამ ყველაზე უცნაურად ჟღერს აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება - „ირანს არ სურს ჰორმუზის სრუტის დახურვა, მათ სურთ მისი გახსნა, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ (შესაბამისად, რასაც კარგავენ, თუ ის იხურება!). ისინი მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ სრუტის დახურვა სურთ, რომ მე ის სრულიად ბლოკირებული მაქვს (დაკეტილი!), ამიტომ მათ უბრალოდ „სახის შენარჩუნება“ სურთ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

„ოთხი დღის წინ ხალხმა მომმართა და მითხრა: „ბატონო, ირანს სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურს“. მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ, ირანთან შეთანხმება ვერასდროს იქნება, თუ მათი ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, მათ შორის - ლიდერებს, არ ავაფეთქებთ!“- აღნიშნა ტრამპმა.

მას მხარს უბამს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი -„ აშშ-ის საზღვაო ძალები გააგრძელებენ ირანის პორტების ბლოკადას. რამდენიმე დღეში ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი შეივსება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები დაიხურება. ირანის საზღვაო ვაჭრობის შეზღუდვა პირდაპირ რეჟიმის შემოსავლების ძირითად წყაროებს ურტყამს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას „ეკონომიკური მრისხანების“ გზით, რათა სისტემატურად შეამციროს თეირანის სახსრების გენერირების, გადაადგილებისა და რეპატრიაციის უნარი“, - აღნიშნავს ბესენტი.

ასევე დაგაინტერესებთ: ვიეტნამის ომს სწრაფად მოვიგებდი, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი-ტრამპის "ბებრული მარაზმი"?

პუტინის ოკუპანტები ისევ მოძვრებიან... "ტრუბიდან“...

აგვისტოს ომში ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო დესანტის გადმომსხმელი მესამე რუსული ხომალდიც განადგურებულია...

ასეთი რა აუფეთქეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რუსებს?! - ტუაფსეს ხანძრის კვამლი შავი ზღვის თავზე 250 კილომეტრზე გაიწელა

რა გამოდის?

ფაქტობრივად, ჰორმუზის სრუტის ბლოკადას აგრძელებს ამერიკული მხარე იმისთვის, რომ ირანმა ვეღარ შეძლოს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის გატანაც კი, სპარსეთის ყურიდან, ამასთან, მალე გადაევსება ყველა ნავთობტერმინალი, ხოლო ჭაბურღილების მუდმივი მუშაობის დროებით შეჩერება კი ნიშნავს მათ დაკარგვას, რადგან იქიდან ნედლი ნავთობის ნაცვლად წყალგარეული და გადამუშავებისთვის უვარგისი ნარევი შეიძლება წამოვიდეს...

არის თუ არა ეს ყველაფერი პრეზიდენტ ტრამპის ახალი სტრატეგია ირანთან ბრძოლაში, როდესაც მასიურმა საჰაერო დაბომბვებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ირანმა კაპიტულაცია კი არ გამოაცხადა, არამედ ძალზე მტკივნეული საპასუხო სარაკეტო დარტყმებით უპასუხა ისრაელსა და სპარსეთის ყურის ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს?

სავარაუდოდ - დიახ: თეთრ სახლს სურს, სრულიად ჩაკლას ირანის ეკონომიკა, ირანული ნავთობის ექსპორტის ბლოკირებით, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება, სწორედ ის დრო, რომლის განმავლობაშიც არც ირანი გაატარებს სპარსეთის ყურის ქვეყნების ნედლ ნავთობსა და დაჭირხნულ ბუნებრივ აირს ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიო ფასები ნავთობპრუდუქტებზე კი ისევ მაღლა ავარდება...