რა დრო დადგა - უკრაინა იქით ეხმარება ამერიკას ირანის შეტევების მოგერიებაში, რისი აღიარებაც ტრამპს არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მეორე თვეა იმას საყვედურობს ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს, რომ ისინი არ ეხმარებიან ამერიკას ირანთან ომში და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის გახსნაში და ამ დროს ნატოს არაწევრი უკრაინა, რომელიც თავად იმყოფება ურთულეს ომში აგრესორ რუსეთთან, იქით სთავაზობს სერიოზულ სამხედრო დახმარებას ამერიკელებს...
სამი კვირის წინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღიად განაცხადა იმის თაობაზე, რომ უკრაინელი მხარე მზად იყო ირანულ/რუსული „შაჰიდ/გერანების“ მოგერიების მდიდარი საბრძოლო გამოცდილება გაეზიარებინა ამერიკელებისთვის მათი სამხედრო ბაზების დასაცავად სპარსეთის ყურეში, ამაზე მისმა ამერიკელმა კოლეგამ-ტრამპმა აგდებით უპასუხა-აშშ-ს საუკეთესო საჰაერო თავდაცვა ჰყავს და არავის დახმარებას არ საჭიროებსო...
მაგრამ, რეალობა სხვა რამეზე მეტყველებდა - საუდის არაბეთში მდებარე „პრინც სულთანის“ საჰაერო ბაზაზე, რომელზეც წლებია ამერიკული სამხედრო ავიაცია ბაზირებს, ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა რამდენიმე წარმატებული შეტევა მიიტანეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებზე უფრო შედეგიანები კი ირანული „შაჰიდები“ აღმოჩნდნენ, რომლებმაც ომის პირველივე დღეს ამ ბაზაზე წერტილოვანი დარტყმით მწყობრიდან გამოიყვანეს მილიარდ დოლარად შეფასებული ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის მძლავრი ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი, ხოლო განმეორებითი შეტევების შედეგად კი პირველად აშშ-ის ომების ისტორიაში, აეროდრომზევე ააფეთქეს ძვირადღირებული „საჰაერო ლოკატორი“ -„ავაქსი“, ასევე დააზიანეს ხუთი საჰაერო ტანკერი და ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი...
ანუ მარტო „პრინც სულთანის“ ბაზის წინააღმდეგ ირანული „შაჰიდების“ მხრიდან შეტევების შედეგად პენტაგონმა ორ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო დანაკარგი ნახა, რომელთა თავიდან აცილება შეეძლო, თუკი უკრაინელების შეთავაზებას გაითვალისწინებდა. არადა, უკრაინას ამ წინადადებით პენტაგონისთვის ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ მიუმართავს, როდესაც 2025 წლის ივნისის საჰაერო ოპერაციის დროს უკვე გამოჩნდა, რომ ირანს შეეძლო საპასუხო საჰაერო დარტყმებით დაეზიანებინა „პრიც სულთანის“ საჰაერო ბაზა საუდის არაბეთში...
ახალ კი ირკვევა, რომ მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის „ცხვირის აბზუებისა“, პენტაგონი თურმე ფარულად დათანხმებია კიევს და საუდის არაბეთის „პრინ სულთანის“ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე უკვე ამუშავდა უკრაინული „ცის-რუკის“ სისტემა...
Sky Map-ის სამეთაურო-საკონტროლო სისტემას უკრაინის საჰაერო თავდაცვა უკვე მერამდენე წელია წარმატებით იყენებს რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების დროულად აღმოსაჩენად და მათ გასანადგურებლად.
ეს სისტემა ოპერატიულ რეჟიმში აერთიანებს რადიოლოკაციური სადგურებისა და ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იმ 10 ათასამდე მიკროფონის ჩანაწერთან, რომლებიც უკრაინის მთელს ტერიტორიაზე აფიქსირებენ რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების ძრავების მუშაობისთვის დამახასიათებელ აკუსტიკურ ხმას და ეს შეჯერებული მონაცემები აისახება უკრაინელი მეზენიტეების ელექტრონულ პლანშეტებზე...
ამერიკელებს ამის მაგვარი არაფერი ჰქონდათ, რადგან მათი რადიოლოკატორები ხშირად ვერ აღმოაჩენდნენ ძალიან დაბალ სიმაღლეზე მფრენ ირანულ „შაჰიდებს“, ახლა კი უკრაინული სისტემისა და გამოცდილი უკრაინელი ოპერატორების წყალობით, რომლებიც უკვე განთავსდნენ საუდის არაბეთის „პრინც სულთანის“ საჰაერო ბაზაზე, ირანული „შაჰიდების“ მოგერიების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუკი საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რისი დიდი საფრთხეც არსებობს აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ.
გარდა იმისა, რომ უკრაინელებმა რეალურად დაიწყეს ამერიკული სამხედრო ბაზის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება საუდის არაბეთში, კიევი ვაშინგტონს ასევე სთავაზობს ორი მტრალავი ხომალდის გაგზავნას ჰორმუზის სრუტის ირანული საზღვაო ნაღმებისგან გასაწმენდათ...
ამ შეთავაზებამ შეიძლება დიდი გაკვირვება გამოიწვიოს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე უკრაინის სამხედრო ფლოტის რამდენიმე ხომალდი და კატარღა რუსებმა მაშინვე ჩაძირეს და ასეც რომ არ იყოს, განა უკრაინელ სამხედრო მეზღვაურებს თავად შავ ზღვაში, ოდესა-ოჩაკოვის აკვატორიაში უფრო არ სჭირდებათ მტრალავი ხომალდები?
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის ახალი სტრატეგია: ჩავკლათ ირანის ეკონომიკა?! - მსოფლიო ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებისთვის უნდა მოემზადოს
ვიეტნამის ომს სწრაფად მოვიგებდი, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი-ტრამპის "ბებრული მარაზმი"?
პუტინის ოკუპანტები ისევ მოძვრებიან... "ტრუბიდან“...
საქმე ის არის, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტს მართლაც ჰყავს ოთხი მტრალავი ხომალდი მომზადებული ეკიპაჟებით...ოღონდ არა შავ ზღვაში, არამედ ბრიტანეთის სანაპიროსთან...
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს ორი მტრალავი ხომალდი აჩუქა, ნიდერლნდებმა და ბელგიამ კი თითო-თითო. მათ უკრაინელმა ადმირალებმა „ჩერნიგოვი“, „ჩერკასი“, „მარიუპოლი“ და „მელიტოპოლი“ დაარქვეს და მათზე უკრაინული ეკიპაჟებიც მოემზადნენ, მაგრამ მათი შემოყვანა შავ ზღვაში არ შეუძლიათ მონტროს საზღვაო კონვენციის თანახმად, რადგან შავ ზღვის აკვატორიაში საბრძოლო მოქმედებების წარმოების შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკას აქვს უფლება გადაკეტოს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები მეომარი მხარეების სამხედრო ხომალდებისთვის და ისინი არ შემოუშვას შავ ზღვაში.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს ვერ შემოჰყავთ ნაჩუქარი ხომალდები, კიევი მონტროს კონვენციის უკმაყოფილო კი არა, პირიქით, დიდი მადლობელი უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია ჩრდილოეთის, ბალტიის და თვით წყნარი ოკეანის ფლოტებიდანაც კი აქამდე დამატებით გადმოისროდა შავ ზღვაში თავის სარაკეტო საესკადრო ნაღმოსნებს, სარაკეტო კატარღებსა და დიზელსძრავიან წყალქვეშა ნავებს, რაც უკრაინის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებდა, რადგან რუსეთის სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება ალბათ შე ძლებდა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს სრულ დაბლოკვას...
რაც შეეხება ჰორმუზის სრუტის სრულ გატრალვას საზღვაო ნაღმებისგან, ამას შეიძლება ნახევარი წელიც კი დასჭირდეს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ირანის „კოღოების ფლოტი“- სწრფმცურავი შეიარაღებული კატარღები ამაში ხელს არ შეუშლიან ამერიკისა და ევროპის მტრალავ ხომალდებს...