შეტევა რუსული "ეფ-ეს-ბეს" სპეცრაზმის საიდუმლო შტაბზე - აი, რატომ დაარტყეს უკრაინელებმა დონეცკში საცხოვრებელ კორპუსს
რვა უკრაინული კამიკაძით რუსული „ეფ-ეს-ბეს“ სპეცრაზმის გასაიდუმლოებულ შტაბზე...
როდესაც ომში ბომბი თუ ჭურვი საცხოვრებელ სახლს ხვდება და აფეთქებს, ანგრევს მას, ეს ყოველთვის დამრთგუნველად მოქმედებს, არადა ასეთი საშინელი კადრებით სავსეა მეორე მსოფლიო ომის კინოქრონიკა, ისევე, როგორც შემდგომი ომებისაც, ხოლო მას შემდეგ, რაც მობილურ ტელეფონებს და სმარტფონებს მაღალი ხარისხის ვიდეოკამერები გამოუჩნდათ, ამგვარ კადრებს თვითმხილველებიც უკვე მასობრივად იღებენ...
გამონაკლისი არც რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელში გადასული ფართომასშტაბიანი ომია, რომლის საწყის პერიოდში, ძირითადად, ირანულ/რუსული „შაჰიდ/გერანები“ ეჯახებოდნენ უკრაინის ქალაქების მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს -ზოგჯერ უკრაინელი მეზენიტეების ცეცხლის შედეგად დაზიანების გამო, თუმცა უფრო ხშირად კი -სპეციალურადაც.
მოგვიანებით, როდესაც უკრაინის მხარესაც საკმაოდ გამოუჩნდა შორი მოქმედების კამიკაძე-დრონები და დაიწყო ანალოგიური საჰაერო შეტევების განხორციელება აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, დაფიქსირდა შემთხვევები მათი იმ საცხოვრებელ კორპუსებთან შეჯახების, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა თუ ნავთობტერმინალების სიახლოვეს იდგნენ. ეს, ძირითადად, გამოწვეული იყო ფრენის სიმაღლეში დაშვებული შეცდომებით, როდესაც ამ ნავთობტერმინალებისკენ მფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონები საცხოვრებელი კორპუსების ბოლო სართულებს „წამოედებოდნენ“ ხოლმე...
მაგრამ ის, რაც მოხდა 22 აპრილს ოკუპირებული დონეცკის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში, თავდაპირველად არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა - რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით რვა უკრაინულმა Middle Strike FP-2-ის ტიპის კამიკაძე-დრონმა შეტევა მიიტანა ამ საცხოვრებელი კორპუსის კუთხის ნაწილის მე-8 და მე-12 სართულებზე...
ეს შემთხვევითობა ნამდვილად ვერ იქნებოდა -უკრაინული კამიკაძეები მიზანმიმართულად ურტყამდნენ ოკუპირებული ქალაქის - დონეცკის კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსის კონკრეტულ სართულებს!
მაგრამ რატომ? ისეთი ვინ ცხოვრობდა იქ, რომ უკრაინელებმა მთელი საჰაერო ოპერაცია დაგეგმეს?
უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა დროებით ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის -„ეფ-ეს-ბეს“ მობილური ოპერაციების დირექტორატის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.
ამის შესახებ უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ: რა დრო დადგა - უკრაინა იქით ეხმარება ამერიკას ირანის შეტევების მოგერიებაში, რისი აღიარებაც ტრამპს არ სურს
ვიეტნამის ომს სწრაფად მოვიგებდი, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი-ტრამპის "ბებრული მარაზმი"?
პუტინის ოკუპანტები ისევ მოძვრებიან... "ტრუბიდან“...
მისი თქმით, ობიექტი ეკუთვნოდა ოპერატიულ დანაყოფს, რომელიც ასრულებდა კონტრდაზვერვის ამოცანებს, ატარებდა დივერსიულ და სპეციალურ ოპერაციებს, ქმნიდა აგენტურ ქსელებს და კოორდინაციას უწევდა პრორუსულ ფორმირებებს.
წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად რუსი ოკუპანტებიდან 12 ოფიცერი დაიღუპა, ხოლო 15 დაიჭრა.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ უკრაინულ Middle Strike FP-2-ის ტიპის კამიკაძე-დრონს 60-დან 100 კგ-მდე მასის საბრძოლო ქობინი მიაქვს, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დღეს დააყრიდა მათი აფეთქებები ოკუპირებული დონეცკის ამ კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში მალულად მოწყობილ რუსული „ეფ-ეს-ბეს“ შტაბს და იქ მყოფ რუს სპეცრაზმელებს...
თუმცა ამის ნახვა მკითხველს თავადაც შეუძლია იმ არა ერთ ვიდეოში, რომლებიც თვითმხილველებმა გადაიღეს, ისევე, როგორც თავად უკრაინული კამიკაძე-დრონების დამიზნების ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს მიზანთან შეჯახებამდე...
ვიდეო: ოკუპირებულ დონეცკში უკრაინული კამიკაძე-დრონების მიერ შესრულებული წერტილოვანი საჰაერო დარტყმების ვიდეოკადრები