პუტინის „ნაიომნიკები“ აფრიკელმა ტუარეგებმა სამარცხვინოდ გააქციეს - როგორ ჩაფლავდა რუსული "აფრიკული კორპუსი" - კვირის პალიტრა

პუტინის „ნაიომნიკები“ აფრიკელმა ტუარეგებმა სამარცხვინოდ გააქციეს - როგორ ჩაფლავდა რუსული "აფრიკული კორპუსი"

რუსეთის პრეზიდენტის - პუტინის მიერ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულმა აგრესიულმა პოლიტიკამ კიდევ ერთი მარცხი განიცადა, უკრაინის, სირიის, ვენესუელისა და ირანის შემდეგ, ამჯერად კი - აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი - მალიში.

უკრაინაზე 2,5-ჯერ დიდი ფართობის მალი აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და მისი მოსახლეობა 22 მლნ-მდე აღწევს.

მალი 1960 წლამდე საფრანგეთის კოლონია გახლდათ, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც იქ ფრანგების დიდი გავლენა რჩებოდა, ოღონდ 2020 წლამდე, როდესაც მალიში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა, გენერლების მეთაურობით.

სამხედრო ხუნტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახლდათ თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი სადიო კამარი, რომელიც 25 აპრილს თავისივე სახლში ააფეთქეს დანაღმული სატვირთო ავტომობილით, რომელსაც კამიკაძე-მძღოლი მართავდა.

1-maliii-1777279545.png

ფოტო: „აფრიკული კორპუსის“ რუსი „ნაიომნიკების“ სწავლებამ მალის ხუნტის ჯარისკაცებს ვერ უშველა...

და ეს შემთხვევით არ მომხდარა, რადგან სწორედ თავდაცვის მინისტრი კამარი გახლდათ მთავარი ინიციატორი, რომ მალიდან ფრანგები გაეყარათ და მათ ნაცვლად მიეწვიათ პუტინის „ნაიომნიკები“- რუსული „აფრიკული კორპუსი“...

აფრიკის რიგ ქვეყნებში, 2015 წლიდან მოყოლებული, ისედაც მოქმედებდნენ პრიგოჟინის „ვაგნერის“ მებრძოლები, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა პუტინს რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობა გაუბედა და რისთვისაც „დაისაჯა“ კიდეც თვითმფრინავში აფეთქებით, კრემლმა „აფრიკის კარტები“ გადაითამაშა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეთვალყურეობით აფრიკის ქვეყნებში გააგზავნა „ნაიომნიკების ახალი არმია“, „აფრიკის კორპუსის“ სახით.

2-mali-1777279587.png

ფოტო: აფრიკელი ტუარეგები, რომლებმაც რუსი „ნაიომნიკები“ სამარცხვინოდ გააქციეს...

საგულისხმოა, რომ 2024 წელს აფრიკის სამმა ქვეყანამ - მალიმ, ბურკინა-ფასომ და ნიგერმა შექმნეს სახელმწიფოთაშორისო სამხედრო ალიანსი - სახელმწიფოთა კონფედერაცია, რომელმაც ვექტორი რუსეთისკენ აიღო და, შესაბამისად, კრემლიდანაც დაიწყო მათი გაძლიერება შეიარაღებითა და სამხედრო კონსულტანტებით.

რა აინტერესებს პუტინს შორეულ აფრიკაში?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნების მიღწევა - აფრიკის რიგ ქვეყნებში ევროპული ქვეყნების ისტორიული გავლენის შემცირება და რუსულის გაზრდა, რითაც პუტინის ქმედებები დიდად არ განსხვავდება საბჭოთა დროინდელი ბრეჟნევის ტაქტიკისგან, რომ რაც შეიძლება მეტი აფრიკელი „გაეწითლებინა“ ანუ კომუნისტური იდეებით „მოეწამლა“...

თუმცა, ამჟამად კრემლის ინტერესებს ემატება წმინდა მერკანტილური ინტერესიც, დიდი ფინანსური მოგების სურვილიც, რადგან იგივე მალი მსოფლიოს ქვეყნების იმ სამეულში შედის, სადაც ყველაზე მეტ ოქროს მოიპოვებენ...

3-mali-2-1777279641.jpg

ფოტო: მალიში ტყვიამფრქვევიანი პიკაპები ომის წარმოების მთავარი ატრიბუტია...

რა ხდება ამჟამად მალიში?

2026 წლის 25 აპრილს, „ჯამაათ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის“ (JNIM) მებრძოლებმა თავდასხმები განახორციელეს მალის ქალაქების: კატის, სევარეს, ბამაკოს, სენოუსა და მოპტის დასაპყრობად, ხოლო ტუარეგებმა აზავადის განთავისუფლების ფრონტიდან (FLA) კი შეძლეს კიდალისა და გაოს ნაწილის კონტროლზე აღება.

ასევე დაგაინტერესებთ: ჯიქურად, სროლა-სროლით შეჭრილ მარტოხელა თავდამსხმელს პრეზიდეტ ტრამპის მაგიდამდე მიღწევის შანსი არ ჰქონდა... (ვიდეო)

შეტევა რუსული "ეფ-ეს-ბეს" სპეცრაზმის საიდუმლო შტაბზე - აი, რატომ დაარტყეს უკრაინელებმა დონეცკში საცხოვრებელ კორპუსს

რა დრო დადგა - უკრაინა იქით ეხმარება ამერიკას ირანის შეტევების მოგერიებაში, რისი აღიარებაც ტრამპს არ სურს

ტრამპის ახალი სტრატეგია: ჩავკლათ ირანის ეკონომიკა?! - მსოფლიო ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებისთვის უნდა მოემზადოს

სწორედ ქალაქ კიდალში, რომელსაც მალის სამხედრო ხუნტის დანაყოფებთან ერთად რუსების „აფრიკული კორპუსიც“ იცავდა, მოხდა აფრიკელი ტუარეგების სწრაფი თავდასხმების სერია, რომელთა შეკავება პუტინის „ნაიომნიკებმა“ ვერ შეძლეს -ტუარეგებმა რუსებს ერთი დამრტყმელი „მფრინავი ნიანგიც“ ჩამოუგდეს და, ფაქტობრივად, მათივე ბაზაზე ალყაში მოაქციეს, რის შემდეგაც რუსი „ნაიომნიკების“ მეთაურობა იძულებული გახდა, დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას და მათმა ნარჩენებმა, მოზეიმე ტუარეგების მწკრივის შუაში თავჩაგინდრულებმა გაიარეს და ისე დატოვეს ბრძოლის ველი...

4-mali-1-1777279684.jpg

თავდაპირველად ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა მალიში რუსული „აფრიკული კორპუსის“ ბრძოლიდან ასე სამარცხვინოდ გამოსვლას და ქალაქ კიდალიდან გაქცევას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამბოხებულმა ტუარეგებმა ათობით ვიდეო დადეს სოციალურ ქსელებში, სადაც კარგად მოჩანს დამარცხებული რუსი „ნაიომნიკების“ „თავჩაქინდრული“ გაძურწვა გამარჯვებული ტუარეგების „კალაშნიკოვების“ ლულების ქვეშ, თვით კრემლიც იძულებული გახდა, ეღიარებინა - „ერთობლივი შეთანხმების თანახმად, მალის საარმიო დანაყოფებთან ერთად, რუსულმა „აფრიკულმა კორპუსმაც“ დატოვა ქალაქი კიდალი...“

შეიძლება ვინმეს ეს ადგილობრივი მასშტაბის ნაკლებად მნიშვნელოვან საბრძოლო ეპიზოდად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის კრემლის აფრიკული პოლიტიკისთვის სერიოზული დარტყმის მიყენება, რასაც, დიდი ალბათობით, გაგრძელება ექნება აფრიკის იმ სხვა ქვეყნებშიც, სადაც პუტინმა მოასწრო „აფრიკული კორპუსის“ რუსი „ნაიომნიკების“ გაგზავნა...