ჯაშუშური სკანდალები და სუსის სპეცოპერაციები: ვინ ამზადებდა საქართველოში დივერსიებისთვის საფუძველს?!
გასული ორი კვირა საქართველოს უმთავრესი სპეცსამსახურის – სუსისთვის მართლაც რომ ბევრი მოვლენით იყო გამორჩეული და დღე არ გავიდოდა, სუსს ახალი ინფორმაცია არ გაევრცელებინა მორიგი აქტივობის შესახებ. 22 აპრილს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით, ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება ბრალად.
სუსის ინფორმაციით, ეს პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას, უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით. ეს ინფორმაცია ეხებოდა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილებს, ძალებსა და საშუალებებს, ასევე, ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების განთავსებას. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ადგილობრივ აგენტს, თურმე, ამ ობიექტების ფოტო და ვიდეოგადაღებაც უნდა ეწარმოებინა.
სუსის განცხადებით, ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებული ყოფილა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულნი იქნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციების შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას. ისინი ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან და მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება. სუსში ისიც განაცხადეს, რომ მათ გამოსავლენად ხანგრძლივი დროის მანძილზე ხორციელდებოდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებიო.
უცხო ქვეყანა და სპეცსამსახური არ დასახელდა. ერთი კია: ის ინფორმაცია, რაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ადგილობრივ აგენტებს უნდა მოეპოვებინათ, უფრო დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად არის გამოსადეგი. ამით დაინტერესებული უცხო ქვეყნების ჩამონათვლის პროგნოზირება უკვე რთული აღარ არის და კვალს ჩრდილოეთისკენ მივყავართ. ეს ინფორმაცია სუსმა 22 აპრილს გაავრცელა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ახალგორის მცხოვრები და „ცხინვალის უნივერსიტეტის“ სტუდენტი თამაზ გალოევი (გალოითი) იყო.

ფოტო: თამაზ გალოევი (გალოითი) თბილისში
ის 22 აპრილს დედასთან ჩამოსულა თბილისში, რა დროსაც დააკავეს. ორი დღის შემდეგ კი საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადაცემაში სუსის მიმავალი უფროსის, მამუკა მდინარაძის ამგვარი კომენტარიც მოვისმინეთ: „შემიძლია გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში ჩვენ მათ ვაკვირდებოდით. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა ძალიან დიდი შრომა გაწიეს, რომ გამოევლინათ თავად ისინი და მტკიცებულებები შექმნილიყო. ამ თვეების მუშაობამ შედეგი მოგვცა ის, რომ გამოვავლინეთ უცხოური სპეცსამსახურის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. შეიძლება ძალიან კარგი იყოს ვიღაცების დასანახად თქმა და გაგონება იმის, რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სუსი არ აპირებს ერთ ქვეყანაზე გაჩერებას, რადგან მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ჰყავს ამ ქვეყანაში ასეთი ხალხი და ხვალ შეიძლება უხერხულობები შეიქმნას, ამიტომ სჯობია, რომ თავიდანვე არ ვთქვათ ერთი ქვეყანა, რადგან მერე მეორე ქვეყნის დასახელების ვალდებულებაც გვექნება. რაღაცებსაც ვეღარ წამოგვაძახებენ ამიერიდან, ალბათ“.
ეს ზუსტად ასეა: „ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა, მაგრამ გვარს არ დავასახელებო“, – გასაგებია გალოევი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უნდა იყოს გადაბირებული, თუმცა მხოლოდ ამ ლოყებღაჟღაჟა ახალგაზრდის დაკავებით რუსეთის ხელისუფლების ყველა ბოროტების გადაფარვა ნამდვილად შეუძლებელი იქნება. ვითომ მისით იწყება და სრულდება რუსეთის აგენტურის პარპაში?
იმ დღეს მომავალი სახელმწიფო მინისტრი საოცრად გულახდილი გახლდათ და ბევრი ისეთი ინფორმაციაც გაგვიმხილა, რომელიც წესით და რიგით „სუსის 2025 წლის ანგარიშში“ რომ უნდა ყოფილიყო.
მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ თუ ამ ბოლო თვეების განმავლობაში რამეს მივაღწიეთ, მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი... ერთ საერთო ციფრს მოგიტანთ: თუ, დაახლოებით, ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო X ციფრი, დღეს ეს ციფრი, სუსში შემავალი ინფორმაციის ნაკადი მინიმუმ 30-ჯერ გაზრდილია; თუ რეალიზაციისთვის შედიოდა პირობითად 100 ინფორმაცია, ახლა შედის 3000-ზე მეტი“ (ციტატის დასასრული). ეხუმრებით, ერთ წელიწადში ინფორმაციის ნაკადის 30-ჯერ გაზრდას? რის ხარჯზე მოხდა ეს, მართლაც რომ არნახული „სტახანოვური გარღვევა“? თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფორმაციის მიღების ორი უმთავრესი წყარო არსებობს: ღია (მასმედია, სოციალური ქსელები და ა.შ.) და ფარული (აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები), მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ან სუსის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა „აიწყვიტა“ და ღია წყაროებს უნახავ/შეუსწავლელს არ ტოვებს, ან სუსის ოპერატიული დანაყოფები დღედაღამ ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე არიან გადასულნი.
25 აპრილს სუსის მიერ კიდევ ერთი სპეცოპერაციის დასრულების შესახებ შევიტყვეთ.
გაირკვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუსის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში (!) ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს. სუსის განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი მცირე მასშტაბის შიდაინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილიო. ერთი კია, ინფორმაციის მასშტაბს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს: მთავარია, ინფორმაცია საიდუმლოა თუ არასაიდუმლო და მოხდა თუ არა მისი გამჟღავნება. საინტერესოა, ეს შემთხვევა ხომ არ ეხებოდა სკანდალად ქცეულ ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს? ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ ჯერ კატეგორიულად უარყო, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ - ოფიციალურად დაადასტურა.
26 აპრილს კი უკვე საქართველოს პროკურატურის საკმაოდ სახეცვლილი განცხადება გავრცელდა: საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზოგადად კი, „საიდუმლო ინფორმაციის გატანა“ არ არის მკაცრად განსაზღვრული, იურიდიული ტერმინი და ის უფრო პრაქტიკაში გამოყენებული აღწერითი ფორმულირებაა. ამ დროს პირს: გამოაქვს/აკოპირებს/გადააქვს კონტროლირებადი სივრციდან: დოკუმენტი; ელექტრონული ფაილი და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოქმედებებმა გამოიწვია სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, სწორედ მაშინ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
ამ ჯაშუშურ სკანდალებში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა 17 აპრილს სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართაო. სანამ კონკრეტულად ამ საკითხზე გავაგრძელებ საუბარს, მინდა, მკითხველს მოკლედ შევახსენო ჩეხეთის (ადრე ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკის) უახლესი ისტორიის რამდენიმე ფურცელი.

ფოტო: საბჭოთა/რუსული ტანკები პრაღაში
1968 წლის აგვისტოს დასაწყისიდან კა-გე-ბესა და გე-ერ-უს 50-ზე მეტი არალეგალი აგენტი სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტის "ლეგენდით" ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში ჩავიდა. ღამღამობით ისინი ქუჩებში აკრავდნენ პროვოკაციულ პლაკატებს, ლოზუნგებსა და პროკლამაციებს, აკეთებდნენ წარწერებს, სადაც... კომუნისტების ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდნენ პრაღელებს. კა-გე-ბე და გე-ერ-უ ამას არ სჯერდებოდა: ჩეხოსლოვაკიის მთელ ტერიტორიაზე თავად აწყობდნენ იარაღის სამალავებს და შემდეგ თავადვე "პოულობდნენ". მეორე დღესვე საბჭოთა პრესაში (უპირველესად, გაზეთები "პრავდა" და "იზვესტია" აქტიურობდნენ) იბეჭდებოდა სტატიები, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში კონტრევოლუციური ძალების გააქტიურებასა და მათ მიერ სამხედრო აჯანყების მომზადებაზე გაჰყვიროდა. 1968 წლის აგვისტოს ტრაგედია ყოველთვის ახსოვდათ ჩეხოსლოვაკიაში და მოსკოვზე შურისძიების ყველა შესაძლო ხერხს იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი საბჭოთა კავშირი-ჩეხოსლოვაკიის ჰოკეისტთა გუნდების დაპირისპირება გახლდათ, რომელიც ჩეხებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უფრო იყო, ვიდრე - სპორტი და გამარჯვებაც მართლა რომ ეროვნულ დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე.
ასევე დაგაინტერესებთ: თბილისი: ჯაშუშთა ქალაქი?! - რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები ებრძვიან ერთმანეთს "ქართულ ფრონტზე?!"
ჯაშუშური სკანდალები და 8 არჩევნები 5 წელში - ბულგარეთში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს?!
"შოკის ეფექტი" და სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები - რატომ წააგო სინამდვილეში ვიქტორ ორბანმა?!
„სოციალისტური ბლოკის“ დაშლის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურების სტრატეგიული ამოცანა ჩეხეთის ნატოს საწინააღმდეგო პლაცდარმად გამოყენება იყო და კვლავ არის. ათწლეულების მანძილზე რუსეთმა ჩეხეთში შექმნა სადაზვერვო ბაზა, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამ ჯაშუშურ ქსელში გაერთიანებულნი იყვნენ და არიან, როგორც დიპლომატის საფარქვეშ მოქმედი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის და გე-ერ-უს მზვერავები, ასევე - რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალი და არალეგალური აგენტები. რუსი ჯაშუშები მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებენ ჩეხეთში კარგად ფეხმოკიდებულ რუსულ მაფიასთან. ეს ფაქტები ჯერ კიდევ ათი წლის წინ იყო ცნობილი. ჩეხეთის კონტრდაზვერვის ოფიციალური ინფორმაცით, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების თითქმის ნახევარი ანუ 30 ადამიანი, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. მათი მთავარი ამოცანა რუსეთის ეკონომიკური ინტერესების ლობირებაა, პარალელურად, ისინი ცდილობენ, ჩეხეთის სტრატეგიული დარგების და საწარმოების ხელმძღვანელობაში რუსეთისთვის სანდო კადრების გაყვანას.
რუსი მზვერავების ერთ-ერთი მიზანი ჩეხეთში (როგორც სხვა ქვეყნებში) რუსეთის დადებითი იმიჯის შექმნაა, ამიტომაც ისინი ფულს არ იშურებენ ათასგვარი კულტურული და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ძნელი სათქმელია, თუ რას მიაღწევენ რუსი "მზვერავ-პიარშიკები" დროის ხანგრძლივ პერიოდში, თუმცა თუ ამ ქვეყნების წარსულს გავიხსენებთ, მათთვის ძნელი იქნება, ჩეხებს თავი შეაყვარონ, რადგანაც ყველას კარგად ახსოვს 1968 წლის "პრაღის გაზაფხული" და საბჭოთა (იგივე რუსული) ტანკებით სისხლში ჩახშობილი დემოკრატიული რეფორმების მცდელობა.
(მეორე ნაწილის დასასრული)