სკანდალი „მოპარული ხორბლისთვის“ - უკრაინა და ისრაელი ურთიერთობებს არკვევენ
ბოლო ორი დღეა, უკრაინასა და ისრაელს შორის დიპლომატური ურთიერთობები იძაბება, რაც ერთი შეხედვით, წარმოუდგენლად მოჩანს, რადგან კიევს არ დაუგმია ისრაელის თავდასხმა ირანზე, პირიქით, უკრაინამ ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რითაც თეირანის საპასუხო რისხვაც კი დაიმსახურა. თუმცა მაშინ რამ დაძაბა ურთიერთობები კიევსა და თელ-ავივს შორის?
ამ დღეებში ისრაელის ჰაიფას სავაჭრო პორტში იცლება რუსეთიდან ჩასული მშრალტვირთმზიდი გემი Panormitis-ი, რომელიც 6 ათასი ტონა ხორბლითა და 19 ათასი ტონა ქერით იყო დატვირთული.
უკრაინული მხარის მტკიცებით, ეს ხორბალი და ქერი მოყვანილი გახლდათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის მიწებზე...
კიევი ამ მოსავალს „მოპარულ ხორბალს“ ეძახის და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ოფიციალურად მიმართავს, რომ მათ რუსეთიდან არ შეიძინონ ოკუპირებულ უკრაინულ მიწებზე მოყვანილი მოსავალი.
ის, რომ უკრაინა-ისრაელის უთანხმოებამ ამ საკითხზე დიპლომატიური კულუარებიდან საინფორმაციო საშუალებების ფურცლებზე გამოჟონა, მოსალოდნელი გახლდათ, რადგან წლის დასაწყისიდან ისრაელის პორტებში მეხუთე რუსული გემი იცლება, რომლებსაც „მოპარული ხორბალი“ ჩააქვთ და აქამდე ოფიციალურ თელ-ავივს არ ჰქონია შესაბამისი რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ კიევი დიპლომატიური წყაროებით მას ადრეულად ატყობინებდა რუსეთის შავი ზღვის პორტებიდან ისრაელის მიმართულებით ამ „მოპარული ხორბლით“ დატვირთული გემების გამოსვლას...
ისრაელის მხარეს თავისი არგუმენტი აქვს - როგორ ამტკიცებენ უკრაინელი ჩინოვნიკები, რომ ჰაიფას პორტში რუსული გემებიდან ჩამოცლილი ხორბალი მაინცდამაინც ოკუპირებული უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქშია მოყვანილი და არა - რუსეთის კრასნოდარის მხარეში? და რატომ უნდა თქვას ისრაელმა უარი რუსული ხორბლის შესყიდვაზე?
2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში ღიად შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული უკრაინული რეგიონებიდან გაიტანა 2021 წლის მოსავლის 4,04 მლნ ტონა ხორბალი, ქერი და მზესუმზირა, საერთო ღირებულებით - 1,9 მლრდ დოლარი.
მას შემდეგ ოკუპირებულ უკრაინულ მიწებზე ყოველწლიურად მოწეულ მოსავალს მოსკოვი თავის შეხედულებისამებრ იყენებს, ხშირად ურევს კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში მოყვანილ ხორბალთან და ისე გააქვს ექსპორტზე, რის შემდეგაც, მართლაც ძალიან ჭირს იმის დადგენა, თუ რომელ გემში სად მოყვანილი ხორბალია ჩაყრილი.
უკრაინა-ისრაელის „მოპარული ხორბლის“ სკანდალში ერთი გარემოება იწვევს დაფიქრებას - უკრაინის ადგილზე ისრაელი რომ ყოფილიყო, მთელ მსოფლიოს შეძრავდა და არც ხორბლით დატვირთული გემების ჩაძირვაზე იტყოდა უარს, როგორც ეს რამდენჯერმე გააკეთა კიდეც საზღვაო ბლოკადაში, მის მიერვე მოქცეული ღაზას სექტორისკენ მცურავი, საკვები პროდუქტებით დატვირთული ჰუმანიტარული „მშვიდობის ფლოტილიის“ წინააღმდეგ, რასაც მშვიდობიანი აქტივისტების დაშავება/დაღუპვაც მოჰყვა.
ასევე დაგაინტერესებთ: აქამდე წარმოუდგენელი - ებრაელებმა არაბებს სპარსელებისგან თავდასაცავად „რკინის გუმბათი“ ათხოვეს
რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც მოსკოვი ერთპიროვნულად აგრესორ მხარედ გამოვლინდა, ისრაელს შეეძლო, ბევრად მეტი დახმარების აღმოჩენა უკრაინელებისთვის და - არა მხოლოდ შეიარაღებით. თუმცა თელ-ავივმა ეს შეგნებულად არ გააკეთა, მოსკოვი რომ არ გაეღიზიანებინა, თავად კი დანარჩენი მსოფლიოსგან დაჟინებით ითხოვს, რომ ყველამ გაამართლოს ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო დარტყმების დაწყება ირანის წინააღმდეგ.
ირანის შედარება უკრაინასთან არ შეიძლება, რადგან აიათოლების რეჟიმი თავადაც იყო შეფარული აგრესორი, როდესაც „ჰეზბოლასა“ და „ჰამასს“ აგულიანებდა ტერორისტული აქტების მოსაწყობად, მაგრამ თავად ისრაელისა და რუსეთის მოქმედებებშიც ძალიან ბევრი საერთო ნიშნები შეინიშნება, მათ შორის ისიც, რომ ორივე მათგანი ოკუპირებული მიწების „მფლობელია“...
რუსეთთან უთანასწორო ომის მეხუთე წელში მყოფ უკრაინას კი არ სურს, რომ მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწეული მოსავლის საზღვარგარეთ გაყიდვით მიღებული მოგებით აგრესორმა რუსეთმა ის ახალი რაკეტები და დრონები დაამზადოს, რომლებითაც კვლავ შეუტევს უკრაინულ ქალაქებს...
P.S. აფხაზეთის ომის შემდეგ ოკუპირებული ტყვარჩელიდან შეუჩერებლივ გადიოდა ქვანახშირი, რაშიც თურქული ფირმები და თურქული გემები აქტიურად გამოიყენებოდა, მაგრამ თბილისს განუცხადებია ოფიციალური პროტესტი ანკარისთვის? ან თუ განუცხადებია, შეწყდა კი ოკუპირებული აფხაზეთიდან ქვანახშირის გაზიდვა?