მოსკოვის შიშის დიდი თვალები - 9 მაისის აღლუმზე პუტინი ტანკებს აღარ გამოაყვანინებს, თუმცა თბილისში აწყობილი მოიერიშეებით ცას რუსეთის დროშის ფერებში მაინც "შეაღებინებს“
9 მაისის აღლუმზე პუტინი ტანკებს აღარ გამოაყვანინებს, თუმცა თბილისში აწყობილი მოიერიშეებით მოსკოვის ცას რუსეთის დროშის ფერებში მაინც „შეაღებინებს“...
თუ რას ნიშნავს რუსეთის ხელისუფლებისთვის და მილიონობით რუსი ობივატელისთვის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, გრანდიოზული სამხედრო აღლუმის თანხლებით, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მორიგი წლისთავის აღნიშვნა, ვფიქრობთ, დიდი ახსნა არ სჭირდება...
9 მაისის გრანდიოზული სამხედრო აღლუმებით, პუტინი ამ საუკუნის დასაწყიდან მოყოლებული, ყოველ წელს ცდილობდა, დაენახვებინა ნატოსა და ევროკავშირისთვის, რომ „პაპებმა შეძლეს ბერლინში წითელი დროშის აფრიალება“ და ჩვენმა თაობამაც შეგვიძლია... გავიმეოროთო...
ყოველწლიურად, 9 მაისს, წითელ მოედანზე რუსული იარაღის ჟღარუნს, 2022 წლიდან მოყოლებული, თანდათანობით „შემცირება“ დაუწყო...უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის დიდმა საფრთხემ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 2023 წლის 3 მაისის ღამეს ანუ წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის გამართვამდე ექვსი დღით ადრე, ორმა კამიკაძე-დრონმა საჰაერო იერიში მიიტანა კრემლის სენატის სასახლის გუმბათზე, პრეზიდენტ პუტინის სამუშაო კაბინეტიდან ოციოდე მეტრში...
2025 წლის 9 მაისს საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების 80 წელი შესრულდა და ბუნებრივია, ამ მრგვალი თარიღის დიდი პომპეზურობით აღნიშვნა სურდა რუსეთის ხელისუფლებას და მიუხედავად უკრაინული დრონების მხრიდან შესაძლო შეტევების საშიშროებისა, ამ აღლუმზე მაინც გამოიყვანა 11,5 ათასი სამხედრო და სამხედრო ტექნიკაც, თუმცა - არც ერთი ტანკი...
წელს კი სიტუაცია ბევრად უფრო დაიძაბა რუსეთისთვის, რადგან უკრაინამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა შორსმფრენი კამიკაძე-დრონების საბრძოლო გამოყენების რიცხვი, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამხედრო და ორმაგი დამიშნულების ობიექტებზე, რაზეც მეტყველებს თუნდაც ტუაფსესა და სხვა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული ხშირი საჰაერო დარტყმები, ისე, რომ რუსეთი ვერც კი ასწრებს იქ გაჩენილი დიდი ხანძრების ჩაქრობას.
რუსული ნავთობგადამაუშავებელი ქარხნებისა და თვით რუსული სამხედრო აეროდრომებისგან განსხვავებითაც კი, რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი ყველაზე კარგადაა დაცული და მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქებს შორის შეიძლება, საუკეთესო საჰაერო თავდაცვაც კი გააჩნია, რაც ძალზე გაართულებს უკრაინული კამიკაძე-დრონების შეღწევას მოსკოვის ცენტრში - წითელ მოედნამდე.
ასევე დაგაინტერესებთ: კიმ ჩენ ინს უკრაინელებთან ბრძოლებში 1 144 ჩრდილოკორეელი სამხედრო დაღუპვია, რომელთა ნაწილმა ტყვეობას თავის აფეთქება ამჯობინა
სკანდალი „მოპარული ხორბლისთვის“ - უკრაინა და ისრაელი ურთიერთობებს არკვევენ
აქამდე წარმოუდგენელი - ებრაელებმა არაბებს სპარსელებისგან თავდასაცავად „რკინის გუმბათი“ ათხოვეს
მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლებას არ სურს გარისკვა და წლევანდელ 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნას ძალიან მოკრძალებით შეეცდება - პირველად, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმების ისტორიაში, არ იქნება გამოყვანილი სამხედრო ტექნიკის არც ერთი ერთეული და პრეზიდენტ პუტინის ტრიბუნას მხოლოდ უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ოფიცრებისა და კურსანტების ქვეითი კოლონები ჩაუვლიან...
ის, რომ ამ აღლუმზე არც სახმელეთო სამხედრო ტექნიკა იქნება ნაჩვენები და არც უკრაინის ფრონტის ხაზიდან ჩაიყვანენ რუსულ საბრძოლო დანაყოფებს, უფრო იმას მიუთითებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების რეალური მდგომარეობა ფრონტზე არცთუ ისე სახარბიელოა...
თუმცა „აღლუმის საჰაერო ნაწილის დროს, რუსული პილოტაჟის ავიაჯგუფების თვითმფრინავები წითელ მოედანზე იფრენენ, ხოლო აღლუმის დასასრულს, „სუ-25“-ის მოიერიშე თვითმფრინავების პილოტები მოსკოვის ცას რუსეთის დროშის ფერებში შეღებავენ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ანუ პუტინი თბილისში აწყობილ „სუ-25“-ის მოიერიშე თვითმფრინავებს მოსკოვის ცაში რუსეთის ტრიკოლორს მაინც „დაახატვინებს“...