კოშმარი რუსებისთვის: შავი წვიმა და ჯოჯოხეთური ნაზავი ქუჩებში - როდის დაარტყამენ უკრაინელები მოსკოვს?!
უკრაინული კამიკაძე-დრონების მოხშირებული დარტყმები რუსეთის უფრო და უფრო სიღრმეში, ცვლის ამ ომის შედეგს...
ერთი კონკრეტული სახის იარაღს არ შეუძლია ომში მოგების გარანტირება (თუკი ის ბირთვული არ არის, თუმცა ორ ბირთვულ ქვეყანას შორის ომში გამარჯვებული უბრალოდ არ დარჩება), მაგრამ მნიშვნელოვან ტაქტიკურ, სტრატეგიულ და ამასთან - პროპაგანდისტულ უპირატესობას იძლევა...
რუსეთ-უკრაინის ომში ასეთ შეიარაღებად გადაიქცნენ დრონები, რომელთა უსწრაფესი ევოლუცია მოხდა ამ ომის მეხუთე წლისთვის და დღეს ისინი უმთავრეს როლს თამაშობენ, როგორც უშუალოდ ბრძოლის ველზე, ასევე - მოწინააღმდეგე მხარეების ღრმა ზურგშიც, წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენების სახით...
აქამდე თუ აგრესორი რუსეთის ირანული „შაჰიდები“ და მათი რუსული კლონები - „გერან-2“-ები ატერორებდნენ უკრაინის ქალაქების მაცხოვრებლებს, ბოლო პერიოდია, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმაც „სამაგიეროს გადახდა“ დაიწყეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და ეს მანძილი უფრო და უფრო იზრდება...
რას წარმოიდგენდნენ კრემლში 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი ღია სამხედრო აგრესიას იწყებდა, რომ ამ ომის ოთხი წლის თავზე მოუწევდათ იმის ყურება, თუ როგორ ფეთქდება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობტერმინალები, უკრაინის საზღვრიდან 1 700 კმ-ით დაშორებულ ურალთან...
ურალის ქედის დასავლეთით მდებარე ერთმილიონიანი ქალაქის - პერმის მოსახლეობა მეორე დღეა, „ტკბება“ იმ უზარმაზარი შავი კვამლით, რომელიც ადგილობრივ ნავთობტერმინალში ორი დიდი რეზერვუარის ხანძრის შედეგად ამოდის და ვერ აქრობენ...
არადა ამ სიშორეზე, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, პერმში, ეს ნავთობტერმინალი სწორედ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა „ააგიზგიზეს“, მას შემდეგ, რაც უკრაინის მიწიდან აფრენიდან არანაკლებ ათი საათი უპრობლემოდ იფრინეს რუსულ ცაში, პერმამდე მისაღწევად....
ადრე უკრაინული კამიკაძე-დრონების თითო-ოროლა წარმატებულ შეტევებს რუსეთის სიღრმეში, უფრო პროპაგანდისტული ელფერი დაჰკრავდა, რითაც კიევი ცდილობდა, მსოფლიოსთვის და, პირველ რიგში, ამერიკული მხარისთვის დაენახვებინა, რომ უკრაინა არ აგებს ომს მასზე ბევრად ძლიერ რუსეთთან და შეხედეთ, რა სიღრმეში და როგორ ვურტყამთ აგრესორ ქვეყანასო...
მაგრამ ბოლო კვირებში უკვე ნათლად იკვეთება უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების შეტევის გახშირება, უფრო ღრმად შეფრენა და ამასთან, რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების უფრო მეტი სიზუსტით დაზიანება.
ეს გამოწვეულია, ერთი მხრივ უკრაინული დრონების ტექნიკური გაუმჯობესებით და მეორე მხრივ, მათი სერიული წარმოების გაზრდით - საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არის ღამეები, როდესაც უკრაინა რუსეთისკენ უფრო მეტ კამიკაძე-დრონს „აგზავნის“, ვიდრე - თავად რუსეთი უტევს უკრაინას.
ეს კი „დრონების ომში“ ერთგვარი პარიტეტის დამყარებაზე მიუთითებს, რომელსაც თანდათანობით ექნება მნიშვნელოვანი შედეგი კიევისთვის -კამიკაძე-დრონების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესებისა და ასეთი დრონების წარმოების კიდევ უფრო გაზრდით, უკრაინულ მხარეს უჩნდება კარგი შესაძლებლობა, რომ უზარმაზარი რუსეთი მუდმივი „კოშმარის“ მდგომარეობაში ამყოფოს და მიწვდეს მის ყველაზე შორეულ და კარგად დაცულ სამიზნეებსაც კი...
ასევე დაგაინტერესებთ: მოსკოვის შიშის დიდი თვალები - 9 მაისის აღლუმზე პუტინი ტანკებს აღარ გამოაყვანინებს, თუმცა თბილისში აწყობილი მოიერიშეებით ცას რუსეთის დროშის ფერებში მაინც "შეაღებინებს“
სკანდალი „მოპარული ხორბლისთვის“ - უკრაინა და ისრაელი ურთიერთობებს არკვევენ
აქამდე წარმოუდგენელი - ებრაელებმა არაბებს სპარსელებისგან თავდასაცავად „რკინის გუმბათი“ ათხოვეს
ამ პერსპექტივას ამაგრებს ის გარემოებაც, რომ უკრაინა მალე დაიწყებს საკუთარი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, რომლებიც თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით შეიძლება, ჯერ ჩამოუვარდებიან მოდერნიზებულ რუსულ „ისკანდერებს“, მაგრამ როდესაც ათი-ოცი ასეთი უკრაინული ბალისტიკური რაკეტა მოსკოვისკენ ერთდროულად აიღებს სტარტს, შეძლებს კი მათ მოგერიებას რუსული საჰაერო თავდაცვა, მით უმეტეს, რომ ასევე მოსაგერიებელი ექნება იმავდროულად მოსკოვისკენ მფრენი ასამდე კამიკაძე-დრონი?
თუ რა შეუძლიათ კამიკაძე-დრონებს, ეს უკვე ორი კვირაა, კარგად მოჩანს რუსეთის ტუაფსეს მაგალითზე, რომლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობტერმინალზე უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ერთმანეთის მიყოლებით სამი საჰაერო შეტევა მიიტანეს და დღეს ტუაფსეს ცაში „ნავთობის წვიმა“ მოდის, ხოლო მის ქუჩებში - ცეცხლწაკიდებული ნავთობი მიედინება...
ეს, რა თქმა უნდა, საშინელი სურათია, რადგან უაღრესად უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი შავი ზღვის ეკოლოგიაზე, მაგრამ ომების, მით უმეტეს - ასეთი ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ომის დამახასიათებელი ატრიბუტია. ასე ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკული ბომბდამშენები დაუნდობლად ბომბავდნენ რუმინეთის ნავთობგდამამუშავებელ ქარხნებს, რომ ჰიტლერის ტანკებსა და ბომბდამშენებს ბენზინი შემოკლებოდათ. ასე მოხდა 1991 წლის „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციის დროს, როდესაც სადამ ჰუსეინის ერაყის ნავთობტერმინალები იწვოდა და, დიდი ალბათობით, მალე ასევე მოხდება ირანშიც, როდესაც აშშ და ისრაელი განაახლებენ აიათოლების რეჟიმის კიდევ უფრო ინტენსიურ დაბომბვებს...