ევროპის განსაცდელი - დატოვებს თუ არა ტრამპი ბებერ კონტიტენტს ერთი ერთზე "რუსულ ჩექმასთან"?!
ევროპელ ლიდერებზე გაბრაზებული ტრამპი გერმანიიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან ამერიკული ჯარის გაყვანით იმუქრება...
დონალდ ტრამპი, როდესაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახლდათ, მაშინაც საკმაოდ უდიერად მოიხსენიებდა თავის ევროპელ კოლეგებს, მაგრამ, როდესაც ის 47-ე პრეზიდენტის რანგში დაბრუნდა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ერთ წელში, ფაქტობრივად, ნატოს წამყვანი ევროპული ქვეყნების ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოემდურა...
პირველი ამ სიაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახლდათ, რომელთა „ხელებით ძიძგილაობა“ ვიდეო და ფოტოკამერებმა კარგად დააფიქსირეს, მაკრონის ტრამპთან სტუმრობისას სწორედ ოვალურ კაბინეტში.
ამას მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის - კირ სტარმერის მისამართით, იმის გამო, რომ მან არ დართო ნება პენტაგონს, დიეგო-გარსიას კუნძულზე მდებარე აეროდრომიდან აფრენილიყვნენ ამერიკული ბომბდამშენები ირანზე თავდასასხმელად...
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ტრამპის, ლამის, პირად მტრად იქცა, მას შემდეგ, რაც ესპანეთმა თავისი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან ირანის დასაბომბად მფრენ ამერიკულ „უჩინმაჩინ სულებს“...
გერმანიის კანცლერი ფრიდრიჰ მერცი პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკის ქარცეცხლში კი იმიტომ გაეხვია, რომ მან სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას „გაბედა“ და ეჭვი შეიტანა ირანის წინააღმდეგ ამერიკული სამხედრო ოპერაციის წარმატებაში...
ეს კი არა, აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის დამდურების სამიზნე თვით იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონიც კი გახდა, რაც თავიდან წარმოუდგენლადაც კი მოჩანდა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ უყვარდა ტრამპს ოფიციალური შეხვედრების დროს ამ იტალიელ ქერათმიან პოლიტიკოსთან ჩახუტება და ქათინაურების გადმოფრქვევა - ტრამპს არ მოეწონა, რომ იტალიამაც ჩაუკეტა საჰაერო სივრცე ირანისკენ მფრენ ამერიკულ ბომბდამშენებს...
ფაქტობრივად, აშშ-ის დღევანდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა მოიმდურა ძირითადი ნატოელი თანაალიანსელები იმ ძირითადი მოტივით, თუ რატომ არ ეხმარებიან ისინი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში და ჰორმუზის სრუტის გახსნაში. თუმცა ტრამპი იმაზე აღარ ამახვილებს ყურადღებას, რომ ნეთანიაჰუსთან საიდუმლოდ შეთანხმებული ამ სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ, მან საჭიროდ არ ჩათვალა ამის შესახებ წინასწარ შეეტყობინებინა ნატოელი მოკავშირეებისთვის და მათთანაც შეეთანხმებინა ოპერაციის დეტალები.
გაბრაზებული პრეზიდენტი ტრამპი კი რას აკეთებს?
სწორია, იწყებს მუქარებს და ახლაც ასე იქცევა...
„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში ჯარების შესაძლო შემცირების საკითხს, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს მოკლე დროში იქნება მიღებული... იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ კი, ძალიან გვსურს თქვენი დახმარება, რადგან მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ თუ არა ამას და ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, „არ გვინდა ჩარევა“, იტალიიდან და ესპანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა? რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?“- ეს არის პრეზიდენტ ტრამპის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ნაწილი, რომლითაც ის, ფაქტობრივად, მთელ ნატოს ემუქრება, რომ ევროპელ ლიდერებზე გაბრაზებული, ის არ გამორიცხავს ამავე ევროპიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანას...
ასევე დაგაინტერესებთ: არის თუ არა ქართული არმია მზად თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისთვის?! - თავდაცვის ძალების 35-წლიანი გზა
ამჟამად ევროპაში, დაახლოებით, 80 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება თავისი მძიმე და მსუბუქი საშტატო შეიარაღებით. მათგან 38 ათასამდე ამერიკელი განთავსებულია გერმანიაში.
გარდა ამისა: გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში. თურქეთში და შეიძლება დიდ ბრიტანეთშიც, დასაწყობებულია ტაქტიკური დანიშნულების ორასამდე ამერიკული ბირთვული საავიაციო ბომბი, რაც ერთგვარ შემაკავებელ ძალას წარმოადგენს ევროპისკენ „ცუდი თვალით“ მაყურებელი კრემლისთვის.
ამერიკული სამხედრო ძალის შემცირება იმ ევროპაში, რომელიც ისედაც „ცახცახებს“ „რუსული ჩექმის“ შიშით, დიდი საჩუქარი გახდება პუტინისთვის, მიძღვნილი ტრამპის მხრიდან...