საქართველოს "ძალოვანი ბლოკის" ანატომია და შიდა და გარესაფრთხეები - კონკრეტულად რა ევალება ახალ სახელმწიფო მინისტრს?!
გუშინ საქართველოს მთავრობაში ახლად შექმნილი სტრუქტურის: “სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის“ თანამდებობაზე, სუსის ყოფილი უფროსი, უკვე გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე დაინიშნა. ის, ასევე, ერთ-ერთი ვიცეპრემიერიც იქნება.
კანონის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება, მას საკუთარი აპარატი არ ეყოლება და ამ ურთულესი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.
რა იმედები უნდა გაამართლოს ახალმა სახელმწიფო მინისტრმა? საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, - ამ ცვლილებების შემდეგ მოხდება როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე - მთავრობის განტვირთვა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ყოველდღიური საკითხებისგანო. რა თქმა უნდა, ამაში გარკვეული ლოგიკა არსებობს, თუმცა მთავარია ახალი სახელმწიფო მინისტრის უფლება-მოვალეობების ნუსხა და კომპეტენციის საზღვრები გავარკვიოთ. სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების შემდეგ ამგვარი სურათი გამოიკვეთა, ამ ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს :
- საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
- ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა;
- ინფორმაციის გაცვლის ახალი სტანდარტების დანერგვა;
- პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება;
- სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება;
- საკადრო პოლიტიკის მონიტორინგი;
ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობა.
გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებების ფარგლები, შესაძლებელია, მთავრობის დადგენილებით მომავალში კიდევ უფრო დაზუსტდეს. ამასთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რომელი სამართალდამცავი ორგანოები მოხვდნენ „კოორდინაციის ბადეში“.
ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. ტერმინი „правоохранительные органы“ (სამართალდამცავი ორგანოები) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის და გულისხმობდა: „მილიციას“, „პროკურატურასა“ და „სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს“. ეს დეფინიცია დღემდე შემორჩა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სრულად ვერ ასახავს საკითხის სიღრმესა და სირთულეს. დღესაც ასეა. ამიტომ ვფიქრობ, მკითხველისთვის უფრო გასაგები, რომ იყოს, თუ რა უზარმაზარ გამოწვევებს უნდა შეეჭიდოს ახალი სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ (2025 წლის 17 დეკემბრის კონსოლიდირებული ვერსია) მოვიძიოთ. სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს სამართალდამცავი ანუ იმ ორგანოების ზუსტ ჩამონათვალს, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება აქვთ. კერძოდ ესენია:
ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ორგანოები და საგამოძიებო დანაყოფები;
ბ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფები (მათ შორის - საგარეო დაზვერვის სააგენტო);
გ. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოები;
დ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ორგანოები და საგამოძიებო დანაყოფები;
ე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოპერატიული დანაყოფები;
ვ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფები;
ზ. საქართველოს პროკურატურა;
თ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
თუმცა მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე ამ ეტაპზე არ გავრცელდება (საინტერესოა, ეს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფებსაც ეხებათ?) . სამაგიეროდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სასამართლო ხელისუფლება მისი კოორდინაციის ქვეშ იქნებიან.
ზემოაღნიშნული ურთულესი საკითხები (როგორც კოორდინაცის შინაარსი, ასევე, სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციის ფარგლები) ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის „ხერხემალი“ და საძირკველია. სწორედ ამიტომ გახდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის შექმნა/არსებობის აუცილებლობა! ეს თავად არსებული რეალობის ობიექტური მოთხოვნაა და არა - ვინმეს სუბიექტური ახირება. საქართველოში კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1 სექტემბერს გაუქმდა!
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა „სამ განზომილებაში“ ვცხოვრობთ. ესაა: ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და რეალიზაცია. არ აქვს მნიშვნელობა, პირად ცხოვრებას ეხება თუ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს, ეს სამი მოქმედება/პარადიგმა განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. წარმატება კი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და სხვადასხვა წყაროთი გადამოწმებული; ანალიზი უნდა იყოს დროული და ობიექტური; მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია კი სწრაფი და ეფექტიანი.
დღეს, საგარეო და საშინაო საფრთხეების წამისმიერი ცვლილებების პირობებში, არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ სივრცეში ამ საკითხების ერთი, თუნდაც ძალზე ნიჭიერი პოლიტიკოსისთვის გადაბარება რამდენად ეფექტიანი იქნება? როგორც იტყვიან: ღმერთმა ხელი მოუმართოს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ამ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, ყურადღებით ვაკვირდებოდი ამ საკითხის ირგვლივ გამართულ საგნობრივ ანალიზსაც და პოლიტიკური კონიუნქტურის მოთხოვნებით გაკეთებულ კომენტარებსაც. ვერსად ვნახე პასუხი ძალზე აქტუალურ კითხვაზე: სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება მოიცავს თუ არა საერთაშორისო კავშირების კოორდინაციასაც?!
ვფიქრობ, ახსნა არ სჭირდება, თუ რატომ არის ეს საკითხი აქტუალური. არსებობს რამდენიმე სფერო, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მოქმედებები გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. ესაა საერთაშორისო ტერორიზმთან და სხვა სახის საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა. ამავე დროს, უკვე ისტორიულად ჩამოყალიბებული და ათწლეულების მანძილზე ფორმირებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა ჩვენს კეთილის მსურველ და მეგობარ ქვეყნებთან, ამ მემკვიდრეობას კი გაფრთხილება და გაფართოება სჭირდება. ამ მხრივ მიმდინარე წელს ორი ყურადსაღები ფაქტი დაფიქსირდა, სადაც სუსის ყოფილი უფროსი, ამჟამად კი ახალი სახლმწიფო მინისტრი ფიგურირებდა.
11 თებერვალს სუსმა გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ 2026 წლის 7-10 თებერვალს მ. მდინარაძე თავისი კოლეგების მიწვევით სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართაო. ამის შემდეგ „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უპასუხა ამ ვიზიტის თაობაზე მათ შეკითხვას საქართველოში აშშ-ის საელჩომ. პასუხი ამგვარი იყო: "აშშ-ის ოფიციალური პირები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორიენტირებული სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ". შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა და სტატუსი საელჩომ არ დააკონკრეტა. ამ ვიზიტის შესახებ მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს და ეს გასაკვირი სულაც არაა: სპეცსამსახურები ოდითგან ასრულებენ ქვეყნებს შორის ისეთი დელიკატური და „მოსათელი“ ინფორმაციის გადაცემის არხის ფუნქციებს, რაც მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტებისთვის ჯერ „მკვახეა“.
ასევე დაგაინტერესებთ:ჯაშუშური სკანდალები და სუსის სპეცოპერაციები: ვინ ამზადებდა საქართველოში დივერსიებისთვის საფუძველს?!
თბილისი: ჯაშუშთა ქალაქი?! - რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები ებრძვიან ერთმანეთს "ქართულ ფრონტზე?!"
ჯაშუშური სკანდალები და 8 არჩევნები 5 წელში - ბულგარეთში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს?!
"შოკის ეფექტი" და სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები - რატომ წააგო სინამდვილეში ვიქტორ ორბანმა?!
2026 წლის 17 აპრილს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართაო. სავარაუდოდ, ეს ვიზიტი 13-16 აპრილის შუალედში უნდა შემდგარიყო. ამ შემთხვევაში, ვიზიტის მიზნების შესახებ შეკითხვები, ვერსიები და კომენტარები ფაქტობრივად არ იყო. უფრო მეტიც: ჩეხურ მხარეს (არც სახელმწიფო სტრუქტურებს და არც მასმედიას) ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ჩემი აზრით, სუს-ის ყოფილი უფროსის ეს ვიზიტი არა ნაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე - შეხვედრები აშშ-ში.

ფოტო: ვაცლავ ჰაველი
საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებს დიდი ისტორია აქვს. 1991 წლიდან დღემდე განვითარდა როგორც პოლიტიკურ, ისე - ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში. 1990-იანი წლები, ძირითადად, ხასიათდებოდა ინსტიტუციური ურთიერთობების ჩამოყალიბებით. გაიხსნა საელჩოები და დაიდო პირველი შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ. იმ პერიოდის მთავარი გამოწვევა საქართველოს შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა და ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც ურთიერთობების ინტენსიურ განვითარებას აფერხებდა. მიუხედავად ამისა, ჩეხეთი, როგორც ცენტრალური ევროპის წარმატებული ქვეყნის მაგალითი, ხშირად განიხილებოდა საქართველოსთვის მოდელად.
ჩეხეთ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების სურვილი. მაშინ ჩეხეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი გახდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის შემდეგ ჩეხეთმა მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. პრაღამ არ აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და აქტიურად მონაწილეობდა, ევროკავშირის ფარგლებში, ჰუმანიტარულ და მონიტორინგის მისიებში. გამოჩენილი ჩეხი დისიდენტისა და პოლიტიკოსის, ვაცლავ ჰაველის პოლიტიკური გამჭრიახობა განსაკუთრებით „აგვისტოს ომის“ მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირების დროს გამოჩნდა. ის ჯერ კიდევ 2009 წელს წერდა: „აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება კვლავ რეალური ინსტრუმენტია რუსეთის პოლიტიკაში... რაც მოხდა საქართველოში, არ არის მხოლოდ რეგიონული კონფლიქტი - ეს არის გაფრთხილება მთელი ევროპისათვის... დასავლეთის სუსტი რეაქცია შეიძლება რუსეთმა აღიქვას, როგორც ნებართვა მსგავსი ქმედებების გასაგრძელებლად“. სამწუხაროდ, ყველაფერი მართლაც ასე მოხდა.
ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა არ იყო მხოლოდ დეკლარაციული ლიტონი სიტყვები: ჩეხეთი პრაქტიკულად ჩაერთო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.
2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩეხეთი, როგორც ნატოს წევრი, აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რაც მოიცავდა: სამხედრო განათლებას, ტრენინგებს და გამოცდილების გაზიარებას. ჩეხეთის გამოცდილება პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში წლების მანძილზე საქართველოსთვის „საგზაო რუკად“ იყო მიჩნეული.
თუმცა უკანასკნელ წლებში საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობიდან უფრო და უფრო ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროზე გადაერთო. ამის

ფოტო: პუტინი - ზემანი: ურთიერთსიმპათია სახეზეა
ერთ-ერთი მიზეზი 2013-2023 წლებში ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის - მილოშ ზემანის საყოველთაოდ ცნობილი პრორუსული პოლიტიკა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტის პოსტი, ძირითადად, წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს, მილოშ ზემანის პრეზიდენტობის ათი წელი აღინიშნა ჩეხეთში პოლიტიკური პოლარიზაციის უკიდურესი გაღრმავებით. ამავე დროს, ზემანი რუსეთისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის გამტარებელიც იყო, რითაც ხშირად ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ მოკავშირეებს ევროკავშირსა და ნატოში. წლების მანძილზე რუსეთი ძალზე "ტექნიკურად" ახერხებდა ჩეხეთის შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და განხეთქილების შეტანას, ერთი მხრივ - ჩეხეთის პრეზიდენტ ზემანსა (რომელიც რუსეთისადმი სიმპათიას არ მალავს) და, მეორე მხრივ - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ევროპული პოლიტიკური ორიენტაციის ხელმძღვანელებს შორის.
(მესამე ნაწილის დასასრული)