ქართველი კონსტრუქტორის საიდუმლო რეფლექტორები ამერიკული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად - კვირის პალიტრა

ქართველი კონსტრუქტორის საიდუმლო რეფლექტორები ამერიკული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად

რა სახიფათოა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, მეორე მსოფლიო ომის დროს პირველად დიდმა ბრიტანეთმა იწვნია, როდესაც ათასობით ფრთოსანი "ფაუ-1" და ასობით ბალისტიკური "ფაუ-2" ლონდონს დაატყდა თავს. ამ მართლაც საშინელი იარაღიდან მომდინარე დიდმა საფრთხემ თავი ხელახლა იჩინა რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს.

როგორ მოიგერიო მოწინააღმდეგის ფრთოსანი და მით უმეტეს, ბალისტიკური რაკეტა, რომელიც სტარტიდან რამდენიმე წუთში შენს მშობლიურ ქალაქს უნდა დაეცეს (ჩვენდა საუბედუროდ, ქალაქი გორი გახდა ის საბრძოლო პოლიგონი, რომელზეც 21-ე საუკუნეში პირველად რუსეთმა "ისკანდერის" ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა გამოცადა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს), ეს პრობლემა დღესაც გადაუჭრელია, მიუხედავად იმისა, რომ თელ-ავივსა და დუბაის ულტრათანამედროვე ანტისარაკეტო სისტემები იცავენ.

ყოველივე ამის შემყურე, ძნელად დასაჯერებელია, რომ თურმე ჯერ კიდევ 40 წლის წინ ქართველ კონსტრუქტორს უკვე შემუშავებული ჰქონია ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ზესაიდუმლო სისტემა.

1-mezmariashvili-1777837688.png
ამერიკული ბირთვულქობინიანი "პერშინგის" მიღწევას დასავლეთ გერმანიიდან მოსკოვამდე რვა წუთიც ჰყოფნიდა და კრემლის შეშინებული ბინადრებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენად სწრაფად აღმოაჩენდნენ "პერშინგების" სტარტის მომენტს...

"ცივი ომის" დროს დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საშუალო რადიუსის რაკეტები იყო. მოსკოვმა 1977 წლიდან საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში საიდუმლოდ დაიწყო საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კომპლექს РСД-10 Пионер-ის (შშ-20) საბრძოლო მორიგეობაზე განთავსება (რომლის შემქმნელი ასევე ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ). 1987 წლისათვის 650 "პიონერის" ორი მესამედი დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე მიზნებისკენ იყო მიმართული. საპასუხოდ NAთO-მ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საშუალო სიშორის 108 ბალისტიკური რაკეტა MGM-31ჩ Pერსჰინგ-2-ისა და 464 ფრთოსანი რაკეტა BGM-109G Gრყპჰონ-ის (ფრთოსანი "ტომაჰავკის" სახმელეთო ბაზირების ვარიანტი) განთავსება გადაწყვიტა. "პერშინგებისთვის" მხოლოდ დასავლეთი გერმანია, ხოლო "გრიფონებისთვის" - დიდი ბრიტანეთი (160 რაკეტა), იტალია (112), დასავლეთი გერმანია (96), ბელგია (48) და ნიდერლანდები (48) იქნა შერჩეული და 1987 წლის 1-ლი იანვრისთვის საბრძოლო მორიგეობაზე 108 "პერშინგი" და 256 "გრიფონი" იდგა.

ამერიკულმა რაკეტებმა საბჭოთა კავშირის ლიდერთა შიში გააძლიერა დასავლეთიდან პირველ რაკეტულ-ბირთვულ დარტყმაზე. დაიწყო მუშაობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განლაგებული "პერშინგების" სტარტის ადრეული ფიქსაციისთვის სათანადო რადიოტექნიკურ საშუალებათა შესაქმნელად. მუშაობაში ჩაერთო საქართველოს კოსმოსური ნაგებობების ინსტიტუტი, რომელსაც აკადემიკოსი გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა.

- 1983 წლის გაზაფხულზე საგურამოს სასტენდო კომპლექსის მშენებლობაზე რეფლექტორის პირველ ვარიანტს ვაწყობდით, როდესაც მოსკოვიდან დამირეკეს. საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი სპეციალურ თათბირს ატარებდა და ამისათვის გერმანიიდან "პერშინგის" სტარტის ადრეული ფიქსაციისთვის სათანადო რადიოტექნიკურ საინჟინრო კომპლექსზე სამეცნიერო­-ტექნიკური ანგარიში უნდა მომემზადებინა. მოსკოვიდან მიღებულ ტექნიკურ მოთხოვნებში შევიდა: კომპლექსის ჩეხოსლოვაკიაში ჩატანასა და სამალავში მოთავსებაზე 48 სთ; სამალავიდან გამოსვლასა და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაზე 30 წთ; ტრანსპორტირებისას კომპლექსს მოსახლეობისა და განსაკუთრებით მოწინააღმდეგის დაზვერვის ინტერესი არ უნდა გამოეწვია.

სასწრაფოდ მოვამზადე 100-­გვერდიანი ნამუშევარი და მოსკოვში ჩავიტანე. იქ კი მითხრეს, რომ მოსკოვში დარჩენა მომიწევდა თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო სამხედრო­-სამრეწველო კომისიისათვის რაკეტსაწინააღმდეგო რადიოტექნიკური საინჟინრო კომპლექსის შექმნის, ტრანსპორტირების, ტაქტიკურ­ტექნიკური პარამეტრების, ადგილზე მონტაჟისა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის წინადადებათა მოსამზადებლად. მოსკოვში მუშაობის დროს გრიფით "საიდუმლო" მასალები დამჭირდა. ეს ეხებოდა დაზვერვის ინფორმაციას NAთO-სა და აშშ-ის სამხედრო დოქტრინებსა და კონცეფციებზე; ცნობებს ცენტრალური ევროპის საომარი მოქმედების თეატრსა და მის ოპერაციულ მიმართულებებზე; მონაცემებს საომარი მოქმედების თეატრის ინფრასტრუქტურასა და მთიანი მასივების გადალახვაზე; მდინარეთა და არხების მახასიათებლებსა და სხვ. ჩემი მიზანი იყო ამ ინფორმაციით გასაშლელი რადიოტექნიკური სახმელეთო კომპლექსისთვის "პერშინგის" სტარტის აღმოჩენის გარდა კიდევ სხვა, არანაკლებ ღირებულ ფუნქციათა დამატება.

თათბირს რამდენიმე საკავშირო მინისტრი ესწრებოდა. მოხსენება დავიწყე "პერშინგ­ 2"-ის საბრძოლო-ტექნიკურ შესაძლებლობათა მიმოხილვით; ყურადღება გავამახვილე რაკეტის დამიზნების მაღალ სიზუსტესა და მზადყოფნაში მოყვანის სისწრაფეზე, რაც მისი ფიქსაციის ინსტრუმენტის უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვდა. ამის მიღწევა ასაწყობი კონსტრუქციის რეფლექტორით შეუძლებელი იყო.

ფრენის გაზრდილი სიშორის მიუხედავად, "პერშინგ ­2" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ყველა წერტილს ვერ ფარავდა. ამიტომ NATO-­მ გადაწყვიტა მხოლოდ 108 "პერშინგისა" და დამატებით დაბალსიჩქარიანი 464 ფრთოსანი რაკეტა "გრიფონის" განთავსება. ამდენად, ჩვენს რადიოტექნიკურ საინჟინრო კომპლექსს უნდა გაეკონტროლებინა ორივე ტიპის რაკეტის სტარტი, რომლებიც შეიძლება ერთი არეალიდან არც ყოფილიყო გაშვებული. შემდეგ გადავედი მობილური, გასაშლელი და სრული ბრუნვის რეჟიმში მომუშავე რეფლექტორული კომპლექსის სქემებისა და დანადგარის ტაქტიკურ­ტექნიკური პარამეტრების განხილვაზე. დასკვნით ნაწილში შევეხე კომპლექსის დანიშნულების ადგილამდე ფარულ და დაჩქარებულ ტრანსპორტირებას, სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სრული კომპლექსის გათვალისწინებით განთავსების ადგილმდებარეობის შენიღბვას.

NATO-­სა და აშშ­-ის დოქტრინებისა და საბრძოლო მოქმედებების კონცეფციების შესწავლით იმ დასკვნამდე მივედი, რომ ისინი სამხედრო-სტრატეგიული მიზნების მიღწევას არა ოპერატიული, არამედ ტაქტიკური ქმედებებით ცდილობდნენ. ამის საფუძველზე მე განვაცხადე, რომ შეთავაზებული ძვირადღირებული რაკეტსაწინააღმდეგო რადიოტექნიკური კომპლექსის მხოლოდ სახმელეთო რაკეტების სტარტის აღმოჩენისათვის გამოყენება არ იქნებოდა სწორი. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გადასაჭრელ ამოცანათა სპექტრის გაფართოება. აღვნიშნე, რომ 1981 წლიდან აშშ-მა დაიწყო ადრინდელი "პირდაპირი დაპირისპირების" სტრატეგიის კორექტირება და წინ წამოსწია "ბრძოლა მეორე ეშელონთან" პრინციპზე დაფუძნებული ახალი კონცეფცია, რაც გულისხმობდა საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის სარეზერვო ძალების განადგურებას, რათა ბრძოლებში ჩართვა არ დაეშვა.

ომში მოწინააღმდეგის მიზანი იქნებოდა საბრძოლო მოქმედებათა თეატრში 500 კმ სიღრმეზე ყველა სახის საბრძოლო საშუალების, მათ შორის, რაკეტულ-ბირთვული იარაღის გამოყენება. პირველივე საათებში, დარტყმების ქვეშ აღმოჩნდებოდა რადიოლოკაციური და ტელესაკომუნიკაციო სადგურები და, დიდი ალბათობით, ფუნქციონირებას შეწყვეტდნენ. ამას მოჰყვებოდა საკომანდო პუნქტების კავშირის შეწყვეტა სამხედრო თანამგზავრებთან, რაც გამოიწვევდა მათ გათიშვას საბრძოლო მოქმედებისგან. გამოსავალი იყო სამალავებში განთავსებული მობილური რადიოტექნიკური საინჟინრო კომპლექსები, რომლებიც 10-­15 წუთში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდოდნენ და 12­30 მ-ის რეფლექტორული ანტენებით თანამგზავრებთან კავშირს უსწრაფესად აღადგენდნენ. ამ ამოცანის გადაწყვეტა მინიმალური დანახარჯებით მოხდებოდა იმ კომპლექსით, რომელიც "პერშინგ­ 2-­ის" სტარტის ადრეული აღმოჩენისთვის იყო განკუთვნილი. ამდენად, მეტი მნიშვნელობა შეიძინა უნივერსალურმა მობილურმა გასაშლელმა რადიოტექნიკურმა კომპლექსმა გასაშლელი რეფლექტორის ბაზაზე.

ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა. მუშაობა რაკეტსაწინააღმდეგო რადიოტექნიკური კომპლექსის შექმნაზე განსხვავებული, თითქმის განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის რეჟიმში მიმდინარეობდა. სამუშაო კომპლექსის აღწერები მოიცავდა სრული კომპლექსის დოკუმენტაციის მეოთხე ტომს. მოსკოვიდან მივიღეთ წერილი გრიფით "სრულიად საიდუმლო", სადაც ეწერა: "გთხოვთ, მიიღოთ ზომები, რომ შეიზღუდოს იმ პირთა წრე, რომლებისთვისაც ამ დოკუმენტის გაცნობა იქნება ნებადართული. მეოთხე ტომის შინაარსში, რომელიც იქმნება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, უნდა გამოირიცხოს საკითხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება შესაქმნელი კონსტრუქციის ფუნქციურ ამოცანებსა და კონკრეტულ დანიშნულებას".

ასევე დაგაინტერესებთ: ილონ მასკ, „ჩაურთე „სტარლინკი“ რუსეთს... რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“...

ტრამპმა ირანთან ომი „დაამთავრა“, გეშინოდეთ მშვიდობის...

ჩაითრევს თუ არა პუტინი ლუკაშენკოს უკრაინასთან ომის „ჭაობში“ და რა რეაქცია ექნება ტრამპს?!

ჰორმუზის სრუტე სუეცის არხის ბედს გაიზიარებს?!

გამკაცრებულ რეჟიმში დამტკიცებული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის ტექნიკური დავალება და მისი შექმნის საპროექტო­ტექნიკური დოკუმენტაციის სრული კომპლექტი ექსპერტიზისთვის გადაეცა გენერალურ შტაბს, სადაც მან უმაღლესი შეფასება მიიღო.

მოსკოვში 1985 წლის 12 დეკემბერს გრიფით "სრულიად საიდუმლო" გამოვიდა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს სამხედრო-სამრეწველო საკითხთა სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა საქართველოში კოსმოსური და სახმელეთო დიდი ზომის გასაშლელი ანტენების შექმნასა და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. დაგვევალა საქართველოს უწყებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით გეოსტაციონარული სისტემა УС-КМО-ს ანუ მართვადი სისტემა "კონტინენტები-ზღვები-ოკეანეების" კოსმოსური და სახმელეთო კომპლექსების დამზადება დიდი გასაშლელი რეფლექტორების ბაზაზე. ეს სისტემა კოსმოსიდან კონტინენტებს, ზღვებსა და ოკეანეებს ოპტიკურ და რადიოდიაპაზონში გააკონტროლებდა. საქართველოში კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტს უნდა დაემზადებინა 30 მ მაქსიმალური გაბარიტის გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორული ანტენა, რომელიც УС-КМО­-ს კოსმოსურ სისტემებს საშუალებას აძლევდა აღმოეჩინა და განესაზღვრა რაკეტების სტარტისა და მათი ფრენის კოორდინატები. ასევე დაგვევალა სწრაფად გასაშლელი მობილური საკომანდო პუნქტის შექმნა, რომლის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას 15 წუთი სჭირდებოდა.

1987 წლის 8 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას აშშ-სა და სსრკ-ს შორის საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციაზე, რამაც მიმდინარე სამუშაოთა ბოლომდე მიყვანა შეაჩერა. ასეთი გახლდათ ის გასაიდუმლოებული ისტორია, რომელიც წინ უძღოდა 1999 წლის 23 ივლისს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის, რეფლექტორის დედამიწის ორბიტაზე გაშლას ანუ თბილისში აწყობილი რეფლექტორი, ისევე როგორც მისი მომდევნო გაუმჯობესებული ვარიანტები, სინამდვილეში განკუთვნილი იყო ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების სტარტების ადრეულად აღმოსაჩენად მათი შემდგომი გაუვნებლების მიზნით.

საქართველოში კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო სამეცნიერო დარგების ფუძემდებელი ელგუჯა მეძმარიაშვილი ჯერ კიდევ ოთხი ათეული წლის წინ თავის კოლექტივთან ერთად ამუშავებდა ისეთ სტრატეგიულ თემებს, რომლებიც დღეს ძალზე აქტუალურია.