"ნატო იშლება": პოლონეთის პრემიერის ავი წინასწარმეტყველება - რა თქვა გერმანიის კანცლერმა ისეთი, რომ ტრამპი გაცოფდა?!
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ევროპული ქვეყნების პრესაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა აშშ-ის პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, გერმანიიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ნაწილობრივ - 5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის თაობაზე. ეს საკითხია განხილული ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „დონალდ ტუსკი: „ნატო იშლება“, რომლის ავტორი ჯეიმს როტველი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება კიდევ ერთ საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს ალიანსის მომავლისათვის.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა პესიმისტურად შეაფასა ალიანსის პერსპექტივა, აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროპიდან, კერძოდ, გერმანიიდან ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანას ითვალისწინებს.
„ნატო იშლება“ - ასეთი კომენტარი გაუკეთა დონალდ ტუსკმა დონალდ ტრამპის ნაბიჯს, 5 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანაზე, დაახლოებით - 36 430-დან, რომლებიც გერმანიაში, ძირითადად, შტუტგარტისა და რამშტაინის სამხედრო ბაზებზე არიან დისლოცირებულნი.
ფრიდრიხ მერცსა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობის გარკვევის ფონზე, როცა გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან ომის გამო მკაცრად გააკრიტიკა, დონალდ ტუსკმა დასავლურ ალიანსს ავისმომასწავებელი მომავალი უწინასწარმეტყველა
„ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს მისი გუშინდელი მტრები კი არ წარმოადგენენ, არამედ - ჩვენი ალიანსის დაშლის სიმპტომები, რომელიც სულ უფრო აშკარად იგრძნობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კატასტროფული ტენდენცია შევაჩეროთ“, - დაწერა დონალდ ტუსკმა გასულ შაბათს „იქს-ქსელში“.
როგორც ცნობილია, პარასკევს, პირველ მაისს, პენტაგონმა გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანა გამოაცხადა და დაახლოებით, მისი ვადებიც დაასახელა - „ექვსი თვიდან ერთ წლამდე“.
როგორც ჩანს, აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფების გერმანიიდან გაყვანა კანცლერის, ფრიდრიხ მერცის დასჯას ნიშნავს იმისთვის, რომ მან განაცხადა - „ირანელმა მომლაპარაკებლებმა დონალდ ტრამპი დაამცირესო“.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსმი შაბათს შეეცადა, როგორღაც დაემდაბლებინა აშშ-ის გადაწყვეტილება და თქვა, რომ არაფერი კატასტროფული არ ხდება, სამხედროების გაყვანა ისედაც „პროგნოზირებადი და მოსალოდნელი იყო“. მან დაამატა, რომ ბერლინი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელებთან, „რამშტაინის, შტუტგარტის, გრაფენვერის, ფრანკფურტისა და სხვა სამხედრო ბაზებზე - ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით“.
ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალიანსი აქტიურად ურთიერთობს აშშ-ისთან, რათა ჯარების გაყვანის თაობაზე რაც შეიძლება მეტი გაიგოს. მისი თქმით, ეს კორექტირება ხაზს უსვამს იმას, რომ „აუცილებელია, ევროპამ აქტიურად განამტკიცოს თავდაცვა და თვითონ აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე“.
გერმანიაში ათობით ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, რუსეთის შეკავების მიზნით - მათ შორის მთავარ, სტრატეგიულ სამხედრო ბაზა რამშტაინზე, რომელიც რეინის მხარეში მდებარეობს.
ბრიტანული „როიტერისა“ და ამერიკული „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, პენტაგონმა ასევე, გადაწყვიტა, არ გაგზავნოს გერმანიაში შორი რადიუსის მოქმედების სარაკეტო ბატალიონი, რასაც, ექსპერტთა აზრით, ევროპის თავდაცვისათვის უფრო მეტი ნეგატიური შედეგები ექნება, ვიდრე - 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანას.
ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - Edina-ს დირექტორის, ქრისტიან მელინგის თქმით, ევროპაში (გერმანიაში) შორი სარაკეტო დარტყმის ამერიკული სისტემის გაგზავნის აკრძალვა უფრო მტკივნეულია, ვიდრე - ხუთი ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა: „ევროპა ვერ შეძლებს, ოპერატიულად ჩაანაცვლოს სარაკეტო სისტემების შორსმსროლელობა, მობილურობა და ინტეგრაციის დონე“, - ხაზი გაუსვა ექსპერტმა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის 5 ათასი ჯარისკაცით შემცირება ცოცხალი ძალის სერიოზულად შესუსტებას არ წარმოადგენს, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპელი ლიდერებისთვის მაინც ერთგვარ სადამსჯელო სანქციას ნიშნავს, განსაკუთრებით, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიმართ - ირანთან ომის კრიტიკის გამო.
მაინც რა თქვა გერმანიის კანცლერმა ისეთი, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი გაცოფდა? - მხოლოდ ის, რომ თეირანმა ვაშინგტონი მსოფლიოს დასანახად შეარცხვინა და რომ ამერიკას მკაფიო სამხედრო სტრატეგია არ გააჩნიაო.
„გასაკვირი არ არის, რომ გერმანიის საქმეები, ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით, ცუდად მიდის“, - არ დააყოვნა აშშ-ის ლიდერმა პასუხი და თავის სამხედრო უწყებას - პენტაგონს დაავალა, რომ ევროპაში აშშ-ის ჯარების შემცირების გეგმა შეემუშავებინა.
საერთოდ, დონალდ ტრამპი დიდი ხანია, საყვედურობს ევროპას, რომ „ბებერი“ კონტინენტი მიეჩვია უსაფრთხოების „ხელგაუნძრევლად“ უზრუნველყოფას და ამერიკელი გადასახდის გადამხდელების იმედზე ყოფნას: იგი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს შეეცადა, ევროპიდან 12 ათასი ჯარისკაცის გაყვანას, მაგრამ მუქარა არ შეუსრულებია. თუმცა ბერლინისათვის და სხვა ევროპელი მოკავშირეებისათვის იმის მანიშნებელი იყო, რომ შეიძლებოდა, ამერიკას მათთვის ზურგი ექცია.
როგორც „დეილი ტელეგრაფის“ რედაქციისათვის გახდა ცნობილი, გერმანიიდან გაყვანილი ხუთი ათასი ამერიკელი ჯარისკაცის ახალი დისლოკაციის სავარაუდო ადგილი შეიძლება პოლონეთი ან რუმინეთი გახდეს, ან სულაც - ახლო აღმოსავლეთში გადაისროლონ.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დაასრულებს პუტინი და რა ემუქრება ზელენსკის - ომი და პოლიტიკური კრიზისი?
სკანდალური სტატია: ვინ იყენებს კლიმატურ იარაღს ანუ "იპარავენ" თუ არა ტრამპი და ნეთანიაჰუ ღრუბლებს?!
სკანდალური სტატია: ვინ უღალატა ზელენსკის?! - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კრემლისთვის ხელსაყრელია
ამერიკას, ასევე, განზრახული აქვს, გაზარდოს თავისი სამხედრო ყოფნა კუნძულ გრენლანდიაზეც - დანიის სამეფოს ავტონომიურ ტერიტორიაზე, სადაც, როგორც დონალდ ტრამპი იმუქრებოდა, - „შევიჭრებიო“.
დანიასა და აშშ-ის მთავრობებს შორის გრძელდება მოლაპარაკება გრენლანდიაზე არსებული სამი ამერიკული სამხედრო ბაზის გაფართოებაზე, 1951 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით.
დანიის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე, იმ საბაბით, რომ ამჟამად სამეფოში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დროებით მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსონმა ვერ შეძლო ხმების უმრავლესობის მიღება.
მოამზადა სიმონ კილაძემ