უკრაინამ ცეცხლი შეწყვიტა, რუსეთმა მაინც დაბომბა - 9 მაისის აღლუმზე პუტინი ზელენსკის კამიკაძე-დრონების "დაუპატიჟებელ სტუმრობას" უნდა დაელოდოს?!
6 მაისის დილის 08:00 სთ-ისთვის უკრაინას რუსეთმა ორი კვაზიბალისტიკური „ისკანდერითა“ და 108 კამიკაძე-დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 89 დრონის ჩამოგდება შეძლო. რუსეთის საჰაერო შეტევა უკრაინაზე გრძელდება...
ასეთია დილანდელი ოპერატიული ინფორმაცია კიევიდან, რაშიც რაიმე განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა (რადგან უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 533-ე დილა უთენდება ასეთი რუსული საჰაერო თავდასხმების თანხლებით), რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი - უკრაინის ხელისუფლებამ ორი დღის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ 5 მაისიდან 6 მაისის ღამეს, 00:00 სთ-დან უკრაინა აცხადებს ცეცხლის დროებით შეწყვეტას და იმავეს ელოდება რუსეთისგანაცო...
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან ეს გახლდათ ერთგვარი პოლიტიკური გათვლა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი 8-9 მაისს აცხადებდა მორატორიუმს საბრძოლო მოქმედებებზე და მკაცრად აფრთხილებდა კიევს, რომ თუკი ის გაბედავდა 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმზე რაიმე შეტევის მცდელობას, საპასუხოდ მკაცრად „დაისჯებოდა“ კიევის ცენტრიც...
ის, რომ ზელენკი არ დაელოდა 8-9 მაისს და მანამდე გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის მხრიდან იძლეოდა იმის შანსს, რომ თუკი რუსეთიც შეუერთდებოდა ამ „წამოწყებას“, ეს საშინელი ომი 6 მაისიდან 9 მაისის ბოლომდე, ოთხი დღით მაინც „შვებულებას“ აიღებდა და ნაკლები ადამიანი დაიჭრებოდა და დაიღუპებოდა ორივე მხრიდან, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე - უკრაინულ და რუსულ ქალაქებშიც...
მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, რუსეთის ხელისუფლებამ არ გაიზიარა კიევის ინიციატივა და 6 მაისსაც გააგრძელა უკრაინის ქალაქების დაბომბვა. შესაბამისად, უნდა მოველოდოთ იმასაც, რომ არც უკრაინა დარჩება ვალში და პუტინისთვის 9 მაისის სამხედრო აღლუმის ჩაშხამებას შეეცდება, მით უმეტეს, რომ ბოლო დღეებში კიევმა დაამტკიცა, თუ როგორი ღრმა საჰაერო დარტყმების განხორციელება შესძლებია რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე, თვით ურალამდეც კი...
ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინელებს კრემლამდე 6 კილომეტრი დააკლდათ - კამიკაძე-დრონების შეტევა მოსკოვის ცენტრზე
ევროპის განსაცდელი - დატოვებს თუ არა ტრამპი ბებერ კონტიტენტს ერთი ერთზე "რუსულ ჩექმასთან"?!
4 მაისს ერთმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა შეძლო მოსკოვის კრემლამდე ექვსიოდე კმ-ში შეღწევა, რაც იმას მიუთითებს, რომ დიდი რაოდენობით (200-300 ერთეული) უკრაინული კამიკაძე-დრონის გაშვება მოსკოვის მიმართულებით, იძლევა იმის გარანტიას, რომ ათიოდე მათგანი მაინც გადალახავს მოსკოვის ოთხშრიან უძლიერეს საჰაერო თავდაცვის სისტემას და კრემლის წინ პუტინს სამხედრო აღლუმს „მიულოცავს“...
და თუკი ეს მართლაც მოხდა, გაცოფებული პუტინისგან მოსალოდნელია კვაზიბალისტიკური „ისკანდერებისა“ და აერობალისტიკური „კინჟალების“ მასობრივი შეტევა უკრაინის დედაქალაქის - კიევის იმ ცენტრალურ ნაწილზე, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის ოფისია განთავსებული...
მოსკოვისგან განსხვავებით კი, კიევის საჰაერო თავდაცვა ბევრად სუსტია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, ტრამპის „დიდი მონდომების“ შედეგად, უკრაინელ მეზენიტეებს თითქმის აღარ დარჩათ „პეტრიოტის“ ანტირაკეტები, რომელთა გარეშე რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ მოგერიება, ტექნიკურად, უბრალოდ შეუძლებელი ხდება...