უკრაინელებს კრემლამდე 6 კილომეტრი დააკლდათ - კამიკაძე-დრონების შეტევა მოსკოვის ცენტრზე
კრემლამდე ექვსი კმ დააკლდა - უკრაინული კამიკაძე-დრონების მოსკოვის ცენტრზე შეტევის გამეორება სამი წლის შემდეგ...
2026 წლის 4 მაისის გამთენიისას რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ცენტრალურ უბანში კამიკაძე-დრონი საცხოვრებელი კორპუსის მაღალ სართულს შეეჯახა და აფეთქდა. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, თუმცა კორპუსის კედლების მოსაპირკეთებელი მასალის ნაგლეჯები ორასიოდე მეტრის რადიუსში გაიფანტა და იქ მდგომი მანქანები დააზიანა...
აღსანიშნავია, რომ ზუსტად სამი წლის წინ, 2023 წლის 3 მაისს, ორი კამიკაძე-დრონი სწორედ მოსკოვის კრემლის თავზე, სენატის სასახლის გუმბათიდან რამდენიმე მეტრში აფეთქდა, იქ, სადაც პრეზიდენტ პუტინის სამუშაო კაბინეტი იყო...

ფოტო: საცხოვრებელი კორპუსი მოსკოვის ცენტრში, რომელიც უკრაინულ კამიკაძე-დრონს „გადაეღობა“, კრემლის მიმართულებით ფრენისას...
ამჯერად კამიკაძე-დრონს ექვსიოდე კმ დააკლდა კრემლამდე მისაფრენად და სამი კმ-ი, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მასიურ შენობამდე მიეღწია -მას გზაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი „გადაეღობა“...
სხვათა შორის, სწორედ ამ თავდაცვის სამინისტროს სახურავზე მერამდენე წელია, განთავსებულია „პანცირის“ საზენიტო სარაკეტო-საქვემეხო დანადგარი, რომელიც ასეთი საჰაერო შეტევების მოსაგერეიბლადაა განკუთვნილი, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ოფისის თავზე დაყენებულმა „პანცირმა“ ამ შემთხვევაში არ იმუშავა.
დაზიანებული კორპუსის ძირში გაფანტულ ნამსხვრევებს შორის აღმოჩნდა აფეთქებული დრონის ფრაგმენტიც, რომელზეც უკრაინული წარწერა იყო გაკეთებული, რაც ამყარებს ვერსიას, რომ შეტევა განახორციელა უკრაინული წარმოების FP-1 ტიპის კამიკაძე-დრონმა, რომელსაც 100 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბის წაღება შეუძლია.

ფოტო: უკრაინული წარმოების FP-1 ტიპის კამიკაძე-დრონი, რომელსაც 100 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბის წაღება შეუძლია
სხვათა შორის, ამავე ბლოგის 30 აპრილის სტატიაში "კოშმარი რუსებისთვის: შავი წვიმა და ჯოჯოხეთური ნაზავი ქუჩებში - როდის დაარტყამენ უკრაინელები მოსკოვს?!", უკვე ვწერდით: „აქამდე თუ აგრესორი რუსეთის ირანული „შაჰიდები“ და მათი რუსული კლონები - „გერან-2“-ები ატერორებდნენ უკრაინის ქალაქების მაცხოვრებლებს, ბოლო პერიოდია, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმაც „სამაგიეროს გადახდა“ დაიწყეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და ეს მანძილი უფრო და უფრო იზრდება... ბოლო კვირებში უკვე ნათლად იკვეთება უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების შეტევის გახშირება, უფრო ღრმად შეფრენა და ამასთან, რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების უფრო მეტი სიზუსტით დაზიანება.ეს გამოწვეულია, ერთი მხრივ, უკრაინული დრონების ტექნიკური გაუმჯობესებით და მეორე მხრივ, მათი სერიული წარმოების გაზრდით - საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არის ღამეები, როდესაც უკრაინა რუსეთისკენ უფრო მეტ კამიკაძე-დრონს „აგზავნის“, ვიდრე - თავად რუსეთი უტევს უკრაინას.

ფოტო: ყვითელი წერტილებითაა მონიშნული ის ადგილები, სადაც მოსკოვის გარშემო აყენია საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, ხოლო წითლად კი ის კორპუსი, რომელსაც უკრაინული კამიკაძე-დრონი შეეჯახა. მას კრემლამდე მისაფრენად ექვსიოდე კმ დააკლდა...
ეს კი „დრონების ომში“ ერთგვარი პარიტეტის დამყარებაზე მიუთითებს, რომელსაც თანდათანობით ექნება მნიშვნელოვანი შედეგი კიევისთვის -კამიკაძე-დრონების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესებისა და ასეთი დრონების წარმოების კიდევ უფრო გაზრდით, უკრაინულ მხარეს უჩნდება კარგი შესაძლებლობა, რომ უზარმაზარი რუსეთი მუდმივი „კოშმარის“ მდგომარეობაში ამყოფოს და მიწვდეს მის ყველაზე შორეულ და კარგად დაცულ სამიზნეებსაც კი...“
კრემლი 9 მაისის საზეიმო აღნიშვნისთვის ემზადება, თუმცა უკრაინული კამიკაძე-დრონების სწორედ ასეთი საჰაერო შეტევების საფრთხის გამო, ძალიან შეზღუდა სამხედრო აღლუმის მასშტაბი და წითელ მოედანზე სამხედროების მხოლოდ ქვეითი კოლონები ჩაივლიან, სამხედრო ტექნიკის გარეშე.

ფოტო: სამი წლის წინ, 2023 წლის 3 მაისის ღამეს მოსკოვის კრემლის სენატის სასახლის გუმბათის თავზე დრონის აფეთქების მომენტი...
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 9 მაისის აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის თავდაცვის სამინისტომ სხვა მიმართულებებიდან და მათ შორის - ფრონტის ხაზიდანაც კი მოხსნა ათეულობით საზენიტო-სარაკეტო დანადგარი და ისინი მოსკოვის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად განათავსა -ამჟამად მოსკოვის გარშემო საჰაერო თავდაცვის ოთხი წრეა შექმნილი, რომლებშიც არანაკლებ 280 ერთეული საზენიტო-სარაკეტო დანადგარია დაყენებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ერთმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა მაინც შეძლო ოთხივე საჰაერო თავდაცვის წრის გარღვევა და მიაღწევდა კიდეც კრემლამდე, რომ არა მაღალსართულიანი კორპუსი...
ასევე დაგაინტერესებთ: ევროპის განსაცდელი - დატოვებს თუ არა ტრამპი ბებერ კონტიტენტს ერთი ერთზე "რუსულ ჩექმასთან"?!
აქამდე წარმოუდგენელი - ებრაელებმა არაბებს სპარსელებისგან თავდასაცავად „რკინის გუმბათი“ ათხოვეს