"დიახ, რუსეთი დაიშლება" ანუ რით განსხვავდება პუტინი სტალინისგან - კვირის პალიტრა

"დიახ, რუსეთი დაიშლება" ანუ რით განსხვავდება პუტინი სტალინისგან?

„თუ უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი დაიშლება... // რით განსხვავდება ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინისაგან“ - ასეთი სათაური აქვს გერმანული სამაუწყებლო კომპანიის - „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ცნობილ რუს ჟურნალისტთან, სოციოლოგთან, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ წევრთან და რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ყოფილ ხელმძღვანელთან - იგორ იაკოვენკოსთან, რომელიც ამჟამად პოლიტემიგრანტია და ლიეტუვაში ცხოვრობს. ესაუბრება „დოიჩე ველეს“ პროგრამის წამყვანი კონსტანტინე ეგერტი.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

- ვლადიმერ პუტინს ბევრი ადარებს იოსებ სტალინს, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის (საბჭოთა კავშირის) რეჟიმები პერსონალისტური იყო ანუ აღიქმება კონკრეტული ადამიანის რეჟიმებად. თქვენი აზრით, რა არის ამ შედარებაში სიმართლე?

- იცით, ამ შედარებაში სიმართლეა ის, რომ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, 1917 წლიდან დაწყებული, რეჟიმები მართლაც პერსონალისტურია - იყო ვლადიმერ ლენინის რეჟიმი, იოსებ სტალინის რეჟიმი (...) და ახლა - ვლადიმერ პუტინის რეჟიმი, თუმცა შედარება ამით მთავრდება.

იმიტომ, რომ სტალინი ფულის მოყვარული არ იყო. კი, რა თქმა უნდა, ბანკებს ძარცვავდა, როგორც ნორმალური ბოლშევიკი... იგი, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური მძარცველი იყო, ფულს თვითონ კი არ იტოვებდა, კაპიკ-კაპიკ პარტიას აბარებდა. ვლადიმერ პუტინი კი ხალხს ძარცვავს და ფულს თვითონაც, თავისთვის იტოვებს, იგი აბსოლუტურად ფულის მოყვარულია. ვლადიმერ პუტინი არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრება მისი ყველა გამოვლენით მოსწონს.

ვლადიმერ პუტინს აქვს თითქოს რაღაც სტალინური, მაგრამ შედარებით რბილი, „ლაით“-გამოვლენით. უფრო ზუსტად, პუტინში სტალინი და სტალინიზმი სრული, კლასიკური სახით არ არის. პუტინს, ალბათ, „გულაგის“ სისტემა გარკვეულწილად გამოადგებოდა, მაგრამ დღეს სულ სხვა სოციუმია. იოსებ სტალინი ეყრდნობოდა რუსეთის (საბჭოთა კავშირის) იმდროინდელ სოციუმს, რომელიც შედგებოდა ყოფილი გლეხებისაგან, ვინც სოფლებიდან ქალაქებში ჩასახლდნენ. გარდა ამისა... იცით, რატომ არ სჭირდება პუტინს 1930-40-იანი წლების სტალინური „გულაგის“ შემოღება? იმიტომ, რომ დღეს გამჭვირვალობა მეტია, უფრო განვითარებულია საინფორმაციო ტექნოლოგიები და ერთი ადამიანის დაჭერაც კი მთელ ქვეყანაში ცნობილი ხდება. ანუ პუტინი დაჭერა-დაპატიმრების ფაქტების გამჭვირვალობით რუსეთის მოსახლეობას შიშს უნერგავს. სტალინის დროს დღევანდელი ეფექტის მისაღწევად საჭირო იქნებოდა ათეულ ათასობით ადამიანის დაჭერა. აი, ეს არის განსხვავება.

ვლადიმერ პუტინს საერთოდ არავითარი იდეოლოგია არ აქვს, მაგრამ მას აქვს მითოლოგია. განსხვავება ის არის, რომ იდეოლოგია მომავლისთვისაა, მითოლოგია კი - წარსულს ასახავს. ანუ პუტინს მომავლის ხედვა არ აქვს. რას ნიშნავს ე.წ. რუსული სამყარო („რუსკი მირ“)? ეს არის ის, რაც წარსულში ოდესღაც რაღაც იყო. ამიტომაც პუტინი წამდაუწუმ ისტორიაში იქექება... ამიტომაც არის ის წარსულში გადავარდნილი, სტალინიზმი კი მომავლის იდეოლოგიას წარმოადგენდა - მე ვიტყოდი, ძლიერ იდეოლოგიას...

- არსებობს გარკვეული ისტორიული ეტაპები, ფაქტები და ათვლის წერტილები: სსრ კავშირის დაშლა (ბელოვეჟსკაია პუშჩაში შეხვედრის დროს), დსთ-ის შექმნა, ბორის ელცინისა და რუსეთის უზენაესი საბჭოს კონფლიქტი, ჩეჩნეთის ომი და ვლადიმერ პუტინის დანიშვნა პოლიტიკურ მემკვიდრედ... არის რაიმე კანონზომიერება ამ ეტაპების მიხედვით?

- რუსეთი ერთი გზით მიდიოდა და მიდის. მას ერთგვარი კალაპოტი აქვს. რუს ხალხს, მოსკოვის დიდი სამთავროდან დაწყებული, თავისი ხელისუფლება საკუთარი ნებით არასოდეს შეუცვლია. აი, ავიღოთ უკრაინა. რამდენი პრეზიდენტი შეიცვალა უკრაინაში, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია? - ხუთი. რუსეთში კი 2000 წლიდან მხოლოდ ერთი არის და არის. კი, იყო შემთხვევები, როცა რუსეთში ერობებს ირჩევდნენ... ბორის ელცინიც აირჩიეს, მაგრამ შემდეგ ლიდერების არჩევნებით შეცვლა არც ერთხელ არ მომხდარა. ვიღაცა თავისით კვდებოდა ან კლავდნენ, იჭერდნენ... იყო ბუნტები, გადატრიალებები... რამდენიც გინდა. მაგრამ ხალხის ნების გამოხატვა - ასეთი რამ არ მომხდარა.

ცხადია, რუსულ კალაპოტს თავისი განშტოებები ჰქონდა. იყო მომენტი, 1999 წლის აგვისტოში, როცა ვლადიმერ პუტინს, სახელმწიფო სათათბიროში ქვეყნის პრემიერად დამტკიცებისას, ხმა თვით გრიგორი იავლინსკიმაც („იაბლოკოს“ ლიდერმა) მისცა ანუ ის ხმა, რომელიც პუტინს აკლდებოდა. აი, ამის შემდეგ რუსული ხელისუფლების კალაპოტი სწორხაზობრივად გადაიქცა და გადაიხარა ფაშიზმისაკენ - ნელ-ნელა შეიქმნა ფაშისტური ნისლეული, რომელიც, თავის მხრივ, ომის გარდაუვალი გამომწვევი გახდა. პუტინი - რუსული ფაშიზმის ვერსიას წარმოადგენს.

- თქვენ მხარს უჭერთ უკრაინაში მებრძოლ რუს მოხალისეებს, რომელთა შორის არიან ნეონაცისტები, ყოფილი საფეხბურთო ხულიგნები და სხვა ათასი ჯურის ნაკლებად სიმპათიური ადამიანები. ახლა რომ თქვენ მათი ასაკის იყოთ, მათთან ერთად სანგარში თუ დაჯდებოდით?

- არჩევანი რომ მქონდეს, მე უფრო „თავისუფალი რუსეთის“ ლეგიონში ვიქნებოდა, ვიდრე, ვთქვათ, „რუს მოხალისეთა კორპუსში“. იყო მომენტი, როცა დენის კაპუსტინს („მოხალისეთა კორპუსის“ მეთაურს) შევხვდი და მას პირდაპირ ვუთხარი - „არ ვიზიარებ თქვენს შეხედულებებს, მაგრამ ამ ეტაპზე მხარს გიჭერთ-მეთქი“. იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაში უბრალო არჩევანი უნდა გააკეთო. ეს იგივეა, როცა ნამდვილი ანტიკომუნისტი უინსტონ ჩერჩილი მხარს უჭერდა კომუნისტ იოსებ სტალინს. არის ხოლმე სიტუაცია, როცა არჩევანი უნდა გააკეთო რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანის გამო. ჩერჩილი არჩევნის წინაშე დადგა: ან ადოლფ ჰიტლერი, ან სტალინი. როგორც ამბობდა ხოლმე ბრიტანელი პრემიერი, „თუ ჰიტლერი ჯოჯოხეთში შეიჭრება, მე სატანას გვერდით დავდგებიო...“.

- გამოდის, რომ თქვენ გსურთ რუსეთის დამარცხება, სუფთა ეთიკურ-ზნეობრივი მოსაზრებით ანუ, პირობითად რომ ვთქვათ, არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი? ან უფრო იმიტომ, რომ ომში მარცხი რუსეთისათვის სასარგებლო იქნება?

- უპირველესად, მე ვხელმძღვანელობ იმ პრინციპით, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საჭიროა სწორი მხარისადმი სოლიდარობა. ჩემი აზრით, სწორი მხარეა უკრაინა. ამიტომაც მინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს - ეს ერთი. მეორე - ვფიქრობ, რომ რუსეთი, როგორი სახითაც დღეს არსებობს, არის იმპერიული წარმონაქმნი, მას მომავალი არ აქვს. არავითარი ბრწყინვალე რუსეთი არ იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. არანაირი მხარდაჭერა არ ექნება რუსეთს. 50 წლის განმავლობაში ვიკვლევ რუსეთის სოციოლოგიას და მივხვდი, რომ დღევანდელ საზღვრებში არანაირი აყვავებული რუსეთი არ იქნება...

ასევე დაგაინტერესებთ: "ნატო იშლება": პოლონეთის პრემიერის ავი წინასწარმეტყველება - რა თქვა გერმანიის კანცლერმა ისეთი, რომ ტრამპი გაცოფდა?!

როგორ დაასრულებს პუტინი და რა ემუქრება ზელენსკის - ომი და პოლიტიკური კრიზისი?

სკანდალური სტატია: ვინ იყენებს კლიმატურ იარაღს ანუ "იპარავენ" თუ არა ტრამპი და ნეთანიაჰუ ღრუბლებს?!

"გაზაფხული თეირანში - 2026: ხალხს ფული არ ჰყოფნის, ფასები მატულობს, ომის განახლების საფრთხე რჩება, მაგრამ ოპტიმიზმიც შეიმჩნევა" - რეპორტაჟი ირანის დედაქალაქიდან (BBC)

- რა შუაშია ზომა და საზღვრები? კანადაც საკმაოდ დიდი ქვეყანაა და ამერიკის შეერთებული შტატებიც...

- დიახ, მართალი ხართ, მაგრამ რუსეთი იმპერიას წარმოადგენს. აშშ იმპერია არასოდეს ყოფილა, ასევე - კანადაც... იცით, არის ასეთი ტერმინები - „ორგანული ქვეყანა“, „არაორგანული ქვეყანა“. ორგანულ ქვეყნებში რეგიონებს შორის ორგანული კავშირები არსებობს, რუსეთში კი, ვთქვათ, ჩეჩნეთსა და სანქტ-პეტერბურგს შორის არანაირი მსგავსი კავშირი არ არსებობს. დღეს მათ მხოლოდ „ომონი“, „ეფ-ეს-ბე“ და სხვა ძალოვანი თუ სადამსჯელო სტრუქტურები აკავშირებთ. და თუ ომში, იმედი მაქვს, უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი კი დამარცხდება, დაიწყება რუსეთის დაშლის პროცესი, 1917 წლის მსგავსად (...)

- თქვენი აზრით, 1991 წელს საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ დაშლილა?

- რა თქმა უნდა, არ დაშლილა, მაგრამ ახლა აუცილებლად დაიშლება. 21-ე საუკუნეში იმპერიების ადგილი აღარ არის. წინა საუკუნეში დაიშალნენ ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია, ბრიტანეთის იმპერია და სხვები. დაიშალნენ სხვადასხვანაირად, მაგრამ - მაინც. რუსეთის იმპერია ძალიან დიდხანს შემორჩა დედამიწას. რუსეთის იმპერია ორჯერ ცდილობდა, დაშლილიყო - 1917-სა და 1991 წლებში და ახლაც ისეთივე სიტუაციაშია. ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის დაშლა 2022 წლის 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით - უკრაინაზე თავდასხმით - ძალიან დააჩქარა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.dw.com/ru/sociolog-akovenko-esli-ukraina-pobedit-v-rf-pojdet-process-razvala/a-77037168