რუსეთის ფარული შეტევა და ჩეხეთის გაკვეთილები საქართველოსთვის - რატომ დამარცხდნენ ამ ქვეყანაში პროდასავლური ძალები?! - კვირის პალიტრა

რუსეთის ფარული შეტევა და ჩეხეთის გაკვეთილები საქართველოსთვის - რატომ დამარცხდნენ ამ ქვეყანაში პროდასავლური ძალები?!

მიმდინარე კვირის მთავარი სიახლე, რა თქმა უნდა, სუსის მიერ 5 მაისს გავრცელებული ინფორმაცია იყო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და, ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შესახებ. თუმცა ჯერ საკითხი იმდენად ბუნდოვანია, რომ დამატებითი ინფორმაციის ანალიზის გარეშე დასკვნების გაკეთება არასერიოზული იქნება. ამიტომ ამ, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ არაორდინარულ, უცხო/უჩვეულო შემთხვევას და მასმედიით მისი გაშუქების „უცნაურ ნიუანსებს“, სარწმუნო ინფორმაციის მიღება/შესწავლის შემდეგ დავუბრუნდები.

დღეს კი ჩეხეთის უსაფრთხოების სისტემისა და მისთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გავაგრძელოთ საუბარი. თავად დარწმუნდებით, თუ რამდენად მსგავს მდგომარეობაში არიან საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა ამ მხრივ. განსაკუთრებული სიახლე არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ ორივე ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურები, ძირითადად, ტრაფარეტული და მსგავსი მეთოდ/ხერხებით მოქმედებენ.

სპეცსამსახურების შესახებ წერა ძალზე საფრთხილო საქმეა. ამ სფეროში ძალზე ხშირია დეზინფორმაციის (ანუ კარგად გათვლილი სიცრუის) შეგნებული გავრცელება, რასაც ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. ტყუილის მოქმედების ძირითად მეთოდად გამოყენება ოპერატიული საქმიანობის კანონმდებლობით ნებადართული „გარდაუვალი ბოროტებაა“. ამიტომ ხშირად ძალზე რთულია სიმართლის სიცრუისგან გარჩევა.

ურთულესი პროცესია დიქტატორულ-ავტორიტარული რეჟიმის სპეცსამსახურის დემოკრატიული გარდაქმნა, რადგანაც იქ თანამშრომელთა განსაკუთრებულ კასტად ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პროფესიული მომზადების პროცესიდან იწყება, რასაც შემდეგი გარემოებანი განაპირობებენ: როგორც წესი, მომავალი ანალიტიკოსები და ოპერატიული თანამშრომლები განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ პირობებში სწავლობენ. ისინი სწავლობენ ისეთ სპეციალურ დისციპლინებს, რომლებსაც სხვა არავინ სწავლობს; ლექტორ/პედაგოგები (ძირითადად, სპეცსამსახურების ვეტერანები) ფსიქოლოგიურად ამზადებენ და აჩვევენ იმ აზრს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომელი გამორჩეული პიროვნება და ქვეყანაში ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციის წევრია; მათ ასწავლიან ადამიანთა სუსტი მხარეების გამოყენებით მანიპულირების „ხელოვნებას“. უნდობლობა ყველასადმი: არსად, არასდროს, არავის ბოლომდე არ ენდო, ხანდახან - საკუთარ თავსაც - ასე მოძღვრავენ მომავალ კადრებს. ათწლეულების მანძილზე ზუსტად უახლოესმა ნათესავებმაც კი არ იციან მათი საქმიანობის შესახებ.

არადემოკრატიული რეჟიმები საზოგადოების სხვა ფენებისგან მკვეთრად გამოარჩევენ საიდუმლო სამსახურების თანამშრომლებს და ხელს უწყობენ მათგან განსაკუთრებული კასტის, ერთგვარი "მასონური ლოჟის" ჩამოყალიბებას და ეს შინაგანი „უპირატესობის“ გრძნობა სპეცსამსახურის თანამშრომელს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დასახული საშინაო და საგარეო პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, რელიგიური, სოციალური, ეკოლოგიური და ა.შ. ამოცანების რეალურ შესრულებაში გამოიხატება. ეს კი, კარგი ანალიზის შემთხვევაში, არასდროს იმალება. მთავარია, სპეცსამსახურის თანამშრომელი მხოლოდ კანონს ემორჩილებოდეს და არა ხელმძღვანელის, თუნდაც - ქვეყნის პრეზიდენტის ხუშტურებს.

ჩეხეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა რთული გზა გაიარა -„პოლიტიკური პოლიციიდან“ დემოკრატიული ქვეყნის კონტრდაზვერვამდე, თანაც იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხშირად ცდილობდა საკუთარი სუბიექტური შეხედულებისა და ელექტორალური მიზნების თავს მოხვევას. ამ მხრივ „ჩემპიონი“ მილოშ ზემანი იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდს ახასიათებდა: ძლიერი პოპულისტური რიტორიკა; დაძაბული ურთიერთობები ევროკავშირთან და მკაფიო პრორუსული პოზიციები. ის ათი წელი ცდილობდა, დაემკვიდრებინა შეხედულება, რომ ნატოს და ჩეხეთის მთავარი მტერი არა რუსეთი, არამედ - საერთაშორისო ტერორიზმი იყო.

მილოშ ზემანის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ვაცლავ ჰაველისგან განსხვავებით, არ იყო ერთმნიშვნელოვანი: ფორმალურად ის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მისი განცხადებები პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნებაზე, რეალურად რუსეთის მიმართ რბილ დამოკიდებულებასა და არა - მკვეთრად საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას გულისხმობდა. ვფიქრობ, რომ რუსეთის მიმართ პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, რასაც ადრე პრეზიდენტი მილოშ ზემანი ქადაგებდა, რეალურად საქართველოს რუსეთის ინტერესების ზონაში დატოვების აღიარება/თანხმობას გულისხმობდა და გულისხმობს.

2023 წლის 23 მარტიდან ჩეხეთის მეოთხე პრეზიდენტი პეტრ პაველია. იგი მკაფიოდ პროდასავლური და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პოლიტიკური კურსის მომხრეა და მკვეთრად კრიტიკულია რუსეთის მიმართ. პაველი ღიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; უფრო ხშირად და მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას. იგი განსაკუთრებით ხაზს უსვამს რუსეთის საფრთხეს რეგიონში და საქართველოს როლს ევროპულ უსაფრთხოებაში. მისთვის საქართველო არის ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და არა - „რისკის ზონა“.

ჩეხეთის საგარეო პოლიტიკას მთავრობა და, პირველ რიგში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იცვლებოდა არა იმდენად ფორმალურად (ყველა უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ევროპულ არჩევანს), არამედ აქტიურობის, ტონისა და გეოპოლიტიკური აქცენტ/ქვეტექსტების მიხედვით, ასევე, კულისებს მიღმა რუსეთისთვის მიცემული დაპირებებით.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი 2014-2017 წლებში ბოგუსლავ სობოტკა გახლდათ, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყანად მიიჩნევდა და მკაფიოდ უჭერდა მხარს საქართველოს ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ნატოსთან თანამშრომლობას.

1-1778220123.jpg

ფოტო: ბოგუსლავ სობოტკა და გიორგი კვირიკაშვილი

2017-2021 წლებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მილიარდერი ბიზნესმენი ანდრეი ბაბიში გახლდათ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს საკითხი არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. მისი პოლიტიკური ხედვა ამგვარი იყო: აქცენტი ეკონომიკაზე და ნაკლები ყურადღება გეოპოლიტიკურ საკითხებზე. აქედან გამომდინარე, ის ცდილობდა, არ გაეღიზიანებინა „კრემლი“ და ნაკლებად კრიტიკული ყოფილიყო პუტინის მიმართ. იმ პერიოდში ანდრეი ბაბიში საკუთარ საგარეო პოლიტიკას „პრაგმატულ ნეიტრალიტეტად “ აფასებდა.

2-1778220153.jpg

ფოტო: პეტრ ფიალა

2021-2025 წლებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა მკაფიოდ პროდასავლური და ევროპის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პოლიტიკოსი იყო. ის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ და საქართველოს ევროპული უსაფრთხოების ნაწილად მიიჩნევდა. 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პეტრ ფიალას პოლიტიკა მკვეთრად ანტირუსული გახდა და ჩეხეთი ევროპაში უკრაინის ყველაზე საიმედო პარტნიორად ჩამოყალიბდა. თუმცა სამი წლის შემდეგ სიტუაცია, რუსეთის გასახარად, მკვეთრად შეიცვალა.

2025 წლის 3-4 ოქტომბერს ჩეხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ანდრეი ბაბიშმა 200 ადგილიდან 80 მოიპოვა და სამთავრობო კოალიცია შექმნა ევროკავშირისა და ნატოს, ასევე - უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე პარტიებთან. „ სამპარტიულმა კოალიციამ“ 108 ადგილი მიიღო, ხოლო პროდასავლური პარტიები მინისტრთა კაბინეტის მიღმა დარჩნენ და ოპოზიციაში გადავიდნენ.

3-1778220208.jpg

ფოტო: ანდრეი ბაბიშს უყვარს პოპულისტური ეფექტები

ამის შემდეგ ჩეხეთი უკვე აღარ იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინატორი, რაც „კრემლისთვის“ ნამდვილი საჩუქარია. რატომ დამარცხდნენ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური ძალები?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩეხეთის რესპუბლიკის მთავარი სპეცსამსახურის – „უშიშროების საინფორმაციო სამსახურის“ (უსს, BIS), 2024 წლის ანგარიში გამოგვადგება. ჩეხეთში არსებული საკანონმდებლო მოთხოვნის მიხედვით, უსს ყოველწლიურ საჯარო ანგარიშს წარადგენს წლის მეორე ნახევარში, ამიტომ 2025 წლის ანგარიში 2026 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება. „უშიშროების საინფორმაციო სამსახურის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია 2024 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ 2024 წელი ჩეხეთის რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიაში უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი ყოფილა, რადგანაც მნიშვნელოვნად გაფართოებულა რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი და ირიბი აქტივობა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კონტრდაზვერვის სამსახურის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის განმავლობაში, რუსეთი აგრძელებდა დასავლეთის სახელმწიფოების ერთიანობის შელახვისა და ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს შორის უთანხმოების დათესვის მცდელობებს. რუსეთის დივერსიული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის მხარდამჭერებს შორის ერთიანობის შესუსტება, საჭირო სამხედრო მასალებისა და აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება და უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის შელახვა ყოფილა. ამ მიზნების მისაღწევად, რუსეთი სულ უფრო მეტად ეყრდნობა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, სთავაზობს მათ ფინანსურ ანაზღაურებას, წინასწარ შერჩეულ სამიზნეებზე თავდასხმების განსახორციელებლად. ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის მტრული აქტივობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად 2024 წელს რჩებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი რუსი დაზვერვის ოფიცრების, ასევე, რუსეთის სპეცსამსახურების აგრნტურის მიმართ მკაცრი მიდგომა. ამ კონტექსტში უშიშროების საინფორმაციო სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შენგენის ქვეყნების უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი კონტრდაზვერვის სტრატეგიის შემუშავებაში.

4-1778220230.jpg

ფოტო: ალექსეი შავროვის ფოტო სოციალური ქსელებიდან

ჩეხეთის კონტრდაზვერვა აღნიშნავს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურად არის წარმოდგენილი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სრულად ლოიალურია რუსეთის სახელმწიფოს მიმართ, რომლის მეთაური, პატრიარქი კირილე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის სრული მხარდამჭერიაო. „ანგარიშში“ ასევე, მოყვანილია ერთი ძალზე საინტერესო ფაქტი: ირკვევა, რომ 2024 წლის სექტემბრის პირველ კვირაში ჩეხეთის რესპუბლიკის სკოლებში ვითომდა ნაღმის არსებობის შესახებ ერთდროულად რამდენიმე ასეული ინფორმაცია და სატელეფონო ზარი განხორციელდა. ჩატარებულმა გამოძიებამ აღმოაჩინა აშკარა კავშირი ამ ცრუ შეტყობინებებსა და ჩეხეთის რუსულენოვან საზოგადოებას, ასევე, რუსეთის მასმედიის დეზინფორმაციულ კამპანიას შორის. რუსეთი დიდი ხანია, ცდილობს ევროპული ქვეყნების სტაბილურობისა და კეთილდღეობის შელახვას. მის ინტერესებშია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის (და მთელი ევროკავშირის) მოქალაქეები არ ენდონ იმ ინსტიტუტებს, რომლებზეც დემოკრატიული საზოგადოებაა აგებულიო, - აღნიშნულია „ანგარიშში“.

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის "პოლიტიკური სირაქლემები" და "ნოვიჩოკის" სკანდალი - ჩეხი "ორბანის" მანევრები

საქართველოს "ძალოვანი ბლოკის" ანატომია და შიდა და გარესაფრთხეები - კონკრეტულად რა ევალება ახალ სახელმწიფო მინისტრს?!

ჯაშუშური სკანდალები და სუსის სპეცოპერაციები: ვინ ამზადებდა საქართველოში დივერსიებისთვის საფუძველს?!

თბილისი: ჯაშუშთა ქალაქი?! - რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები ებრძვიან ერთმანეთს "ქართულ ფრონტზე?!"

ირკვევა, რომ 2024 წელს რუსეთმა განაგრძო ძალისხმევა ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოში დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი ჯაშუშური ქსელების აღსადგენად. ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოცდილი აგენტების დეფიციტის გამო, რუსული სპეცსამსახურები არა მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებს, არამედ - კოლაბორატორებსაც ეძებენ, სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების შესასრულებლად. ასევე, ცნობილი ხდება, რომ 2021- 2022 წლებში რუსეთის აგენტურას ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ალექსეი შავროვი, რომელიც აგენტებს დეზინფორმაციული ოპერაციების ჩატარების შემდეგ ანაზღაურებას კრიპტოვალუტაში შუამავლების მეშვეობით უხდიდა.

5-1778220272.jpg

ფოტო: ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი (მარცხნივ) და მიხალ კოუდელკა

უკვე ათი წელია, რაც ჩეხეთის რესპუბლიკის უშიშროების საინფორმაციო სამსახურს მიხალ კოუდელკა ხელმძღვანელობს. მისი პირველი ხუთწლიანი მანდატი 2021 წლის აგვისტოში ამოიწურა, თუმცა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა არ მიიღო კოუდელკას მეორე ვადით დანიშვნის გადაწყვეტილება და ის მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 2021 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური პოლიტიკური ძალების გამარჯვების შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის ახალმა პრემიერ-მინისტრმა - პეტრ ფიალამ მიხალ კოუდელკა წარადგინა თანამდებობაზე და 2022 წლის 15 თებერვალს პოლკოვნიკი მ. კოუდელკა მეორე ვადით დაინიშნა თანამდებობაზე. მისთვის გენერლის სპეციალური წოდების მინიჭება ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა შვიდჯერ (!!!) დაბლოკა. პეტრ ფიალას წარდგინებით, ჩეხეთის ახალმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 2023 წლის 8 მაისს მ. კოუდელკას ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩეხეთის პრეზიდენტმა მას გენერალ-მაიორის, ხოლო 2025 წლის 8 მაისს - გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა. მიხალ კოუდელკას, დაახლოებით, ერთ წელიწადში ეწურება მეორე ხუთწლიანი მანდატი და საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში: დატოვებს პოსტზე თუ გაათავისუფლებს მას? ვფიქრობ სწორედ მაშინ გამოჩნდება ანდრეი ბაბიშის რეალური საგარეო პოლიტიკური ვექტორი - დასავლეთი თუ მოსკოვი?

(მეხუთე ნაწილის დასასრული)