რა საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და ჩეხეთის ხელისუფლებებს შორის?!
გასულ კვირას ახალი ვიცეპრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გენერალ-მაიორ მამუკა მდინარაძის დებიუტი შედგა: ახალ ამპლუაში ის პირველად წარდგა, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურების „პოლიტიკური სპიკერი“ და მათი საქმიანობის მიმომხილველი.
სანამ მ. მდინარაძის ძალზე ნიშანდობლივ განცხადებებსა და მინიშნებებს გაგაცნობთ, მინდა, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია ეს მოულოდნელი საკადრო გადაადგილებები სუსსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. სპეცსამსახურები ყოველთვის იყო „ფარული დიპლომატიისა“ და ქვეყნებს შორის „არაფორმალური ურთიერთობების“ საიდუმლო არხი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვერ ვიტყვით. ეს სტრუქტურა უმთავრესად ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი და ამიტომ „საგარეო გარჩევებში“, როგორც წესი, ვერ და არ მონაწილეობს. უშიშროების ორგანოები კი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთელ სპექტრზე, მათ შორის უპირველესად - გარესაფრთხეების განეიტრალებაზე არიან პასუხისმგებელნი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოების მომცველ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ. ამიტომ, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ხშირად ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზებსა და გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ ღია/ფარულ შეხვედრებს მართავენ. ვფიქრობ, ორი ამგვარი შეხვედრა სწორედ მ . მდინარაძის მონაწილეობით გაიმართა.
ჯერ 2026 წლის 11 თებერვალს სუს-მა გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ 2026 წლის 7-10 თებერვალს მ. მდინარაძე, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართაო. 2026 წლის 17 აპრილს სუს-მა გაავრცელა მორიგი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართაო.
ვფიქრობ, ეს ვიზიტი 13-16 აპრილის შუალედში უნდა შემდგარიყო. დღემდე ჩეხურ მხარეს (არც სახელმწიფო სტრუქტურებს და არც მასმედიას) ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
ყველა ვიზიტ/შეხვედრას ორი მთავარი მახასიათებელი აქვს: განსახილველი საკითხების ჩამონათვალი და შეხვედრის მონაწილენი. პირველი განაპირობებს მეორეს. აქედან გამომდინარე, ჯერ განვსაზღვროთ პრაღაში გამართული შეხვედრების სავარაუდო დღის წესრიგი. ვფიქრობ საკამათო არ უნდა იყოს, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი ქართული მხარე იყო და ის, სულ მცირე, ოთხი საკითხის მოსაგვარებლად და გადასაწყვეტად ეწვია პრაღას:
- ჩეხეთის რესპუბლიკის წინა ხელისუფლების მიერ სანქცირებული ქართველი საჯარო მოხელეების საქმეების გადახედვა;
- „იგორ ბლაჟევიჩის“ თემა;
- ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარება;
- „გრანტების კანონის შესახებ“ საქართველოს ხელისუფლების გამოცდილების გაზიარება.
გამორიცხული არაა, საუბარი სხვა თემებსაც შეეხო, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ოთხი საკითხი იქნებოდა მთავარი.
ადრეც აღვნიშნე, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში, ჩეხეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს, თბილისს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ეწვია და საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხები განიხილეს. იან ლიპავსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრებისკენ ისწრაფვის და ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარსო.

ფოტო: იან ლიპავსკი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისი, 2022 წლის ნოემბერი
იან ლიპავსკიმ, ასევე, განაცხადა: „პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახვა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და, ასევე, იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ, საქართველოსა და უკრაინას, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრებისკენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში – სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მინდა, კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოვთქვა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისადმი. ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“ (ციტატის დასასრული).
დამეთანხმებით, რომ ნამდვილი მეგობრის სიტყვებია, რომელიც „კოჭს არ უგორებს“ რუსეთს და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ჩეხეთ-საქართველოს ურთიერთობებში „შავი ღრუბელი“ 2024 წლის მაისის შემდეგ ჩამოწვა, როდესაც იმავე იან ლიპავსკიმ, ჩეხეთის ხელისუფლების სახელით, საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები დაგმო. ამის შემდეგ ჩეხეთმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა, ხოლო 2025 წლის 30 იანვარს სანქციები დაუწესდათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს, ხოლო იმავე წლის სექტემბერში - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სამ მოსამართლეს და ერთ პროკურორს. სანქციები მოიცავს ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და ჩეხურ სუბიექტებთან ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას.
ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს მტკივნეული საკითხი აუცილებლად იქნებოდა განხილული მ. მდინარაძის პრაღაში ვიზიტის დროს. რთული არაა ამ შეხვედრების კიდევ ერთი თემის დასახელებაც: იგორ ბლაჟევიჩი. ეს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის სრულიად უცნობი პიროვნება, სუს-მა პირდაპირ დაადანაშაულა ”მორიგი რევოლუციური სცენარის მომზადებაში“, ის, თურმე, ეხმარება ხელისუფლების ოპონენტებს, მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს და აპროტესტებს საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებს, მათ შორის - გამჭვირვალობის კანონსო. ქართულ მასმედიაში ისიც ითქვა, რომ იგორ ბლაჟევიჩი ჩეხი სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს, ოპოზიციურ ჯგუფებს უგეგმავს სტრატეგიას, ასწავლის ბრძოლის მეთოდებს და გამოცდილება უკვე მიღებული აქვს უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვასა და სერბეთშიო. საინტერესოა, მართლაც ვინ არის ეს, ამდენი ქვეყნის „დამანგრეველი“ 21-ე საუკუნის ევროპელი „ჩე-გევარა“?
იგორ ბლაჟევიჩი 1963 წელს სარაევოში (ყოფილი იუგოსლავია) დაიბადა, ეროვნებით ბოსნიელია, არის ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე. უმაღლესი განათლება მიიღო ზაგრებში, სწავლობდა ფილოსოფიასა და სოციოლოგიას. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: აღმოსავლეთ ევროპა და პოსტსაბჭოთა სივრცეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება; მედიის თავისუფლება; ადამიანის უფლებების დაცვა; დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და სხვ.

ფოტო: იგორ ბლაჟევიჩი
მოგვიანებით "იმედი LIVE"-ის გადაცემაში ძალზე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა თავად მამუკა მდინარაძემ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული სახელმწიფო მინისტრად და ვიცეპრემიერად:
„რაც შეეხება ბლაჟევიჩს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არა ერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით... ამიტომ, როდესაც ისინი (ოპოზიცია -ბ.ა.) თამამად საუბრობენ, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ, არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ...
როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის და ტრენერები როგორც დადიოდნენ ბაკურიანში და სხვა სასტუმროებში ამაყად, პრობლემა არ ჰქონდათ და დღეს უკვე მიხვდნენ რომ პრობლემაა - მათი მთავარი პრობლემაა მხილება და კანონი უპირისპირდება მათ, გარკვეული სახდელებისა და პრევენციული სანქციების სახით, დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები და დავალებები გადაწყვიტეს. აქაც, საბედნიროდ, ჩვენ გავძლიერდით უკვე შიდაუწყებრივად, ისე, რომ შევძელით სამართალდამცველები ჩავმჯდარიყავით იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებაში, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები“ (ციტატის დასასრული).
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ტექსტიდან? ირკვევა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და სუსი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ატარებს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს, კერძოდ: საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა/ჩანერგვას; ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს (ანუ ინტერნეტში მიმდინარე ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებას და მათში მონაწილეობას); ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ინფორმაციის მოპოვებას (ფარულ მიყურადებას); ვიდეოაუდიოკონტროლს, ფოტოკინოგადაღებას და სხვ. „ბლაჟევიჩის საქმე“ იმდენად მნიშვნელოვანი ჩანს, რომ მოუთმენლად ველოდებით კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს.
ერთი თვის წინ, მაშინ ჯერ კიდევ სუსის უფროსის, მ. მდინარაძის პრაღაში ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა, ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარებაც იყო. 2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ სასტიკი დამარცხებისა და ხელისუფლებაში პეტერ მადიარის, გაცილებით პროდასავლური პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ, არაა გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლება ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მთავრობას განიხილავდეს მთავარ მოკავშირედ. ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, რა შედეგს მოიტანს ეს მცდელობა, რადგანაც მილიარდერი პრემიერ-მინისტრი ბაბიში საჯაროდ აცხადებს, რომ მისი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი იქნება პრაგმატული და უფრო ეკონომიკურ, ვიდრე -იდეოლოგიურ ინტერესებზე აგებული. ასევე მას უფრო ფრთხილი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის ინტეგრაციის გაღრმავებასთან. ანდრეი ბაბიშის მთავრობა გაცილებით ნაკლებ სახედრო დახმარებას უწევს უკრაინას, ვიდრე მისი წინამორბედის, პრემიერ-მინისტრ ფიალას დროს იყო. თუმცა არის სხვა ნიუანსებიც.
ასევე დაგაინტერესებთ: რუსეთის ფარული შეტევა და ჩეხეთის გაკვეთილები საქართველოსთვის - რატომ დამარცხდნენ ამ ქვეყანაში პროდასავლური ძალები?!
პუტინის "პოლიტიკური სირაქლემები" და "ნოვიჩოკის" სკანდალი - ჩეხი "ორბანის" მანევრები
ჯაშუშური სკანდალები და სუსის სპეცოპერაციები: ვინ ამზადებდა საქართველოში დივერსიებისთვის საფუძველს?!
3 მაისს ერევანში ანდრეი ბაბიში უკრაინის პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაბიშმა 2025 წლის დეკემბერში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. შეხვედრის შემდეგ თავად ანდრეი ბაბიშმა სოციალურ ქსელში დაწერა: ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს - პირველად 2019 წელს შევხვდით... განვიხილეთ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და ომის დასრულების გზები, ასევე, განვიხილეთ უკრაინის ომისშემდგომ რეკონსტრუქციაში დახმარება, რაც შეიძლება დიდი შესაძლებლობა იყოს ჩეხური კომპანიებისთვისო. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს ბაბიშის, როგორც უფრო ბიზნესმენის, ვიდრე - პოლიტიკოსის ნატურა.

ფოტო: ვ. ზელენსკისა და ა. ბაბიშის შეხვედრა, ერევანი. 2026 წლის 3 მაისი.
უცნობია, შედგა თუ არა ერევანში ჩეხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პირდაპირი ოფიციალური შეხვედრა.
2026 წლის დასაწყისიდან ჩეხეთის რესპუბლიკის მასმედიის განხილვის მთავარი თემაა „კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ “, რომელიც არასამთავრობო სექტორისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა კონტექსტში, არა ერთხელ იყო ნახსენები საქართველო და მისი გამოცდილება. შესაძლოა, პრაღაში ვიზიტის დროს სუსის ხელმძღვანელებმა ჩეხ კოლეგებთან ეს საკითხიც განიხილეს. რამდენად გამოადგებათ ჩეხებს ჩვენი გამოცდილება?
საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით, მ. მდინარაძეს ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან ჰქონდა შეხვედრები. ძალზე საინტერესოა, კონკრეტულად ვისთან? - ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ლუბომირ მეტნართან თუ უშიშროების საინფორმაციო სამსახურის (BIS) უფროს მიხალ კოუდელკასთან? ვფიქრობ, ეს არ არის იმ დონის საიდუმლო ინფორმაცია, რომ უპასუხოდ დარჩეს. ისიც საინტერესოა, მ. მდინარაძის პრაღაში ვიზიტი შედარებით ვიწრო პროფესიული თემატიკით შემოიფარგლებოდა თუ ეს იყო აღმოსავლეთ ევროპაში „ახალი ფანჯრის“ გაჭრის და ორ ქვეყნას შორის „ფარული დიპლომატიის“ საიდუმლო არხის ფორმირების მცდელობა? ამ შემთხვევაში „მთავარი მომლაპარაკებლისთვის“ გენერალ-მაიორის წოდება ვითომ იქნება საკმარისი?
(მეექვსე ნაწილის დასასრული)