"სარმატი" პუტინისთვის: ცდა მეათე - რას წარმოადგენს რაკეტა РС-28 Сармат, რომლითაც კრემლის ბინადარი მსოფლიოს აშინებს?!
პუტინი ბირთვული „სატანის“ ჩანაცვლებას „სარმატით“ წელსაც ეცდება... მეათედ...
12 მაისს რუსეთის პროპაგანდამ დიდი საინფორმაციო აურზაური ატეხა იმასთან დაკავშირებით, რომ წარმატებით გამოიცადა მსოფლიოში ყველაზე მძიმე, სტრატეგიული დანიშნულების და ბირთვული ქობინების გადამტანი, შახტში ბაზირების ბალისტიკური რაკეტა РС-28 Сармат-ი, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საზეიმოდ ამცნო ტელემაყურებელებს, რომ წელს „სარმატები“ საბრძოლო მორიგეობაზე დადგებიან...
მაგრამ, 2021 წლიდან მოყოლებული, რუსეთის პრეზიდენტს „სარმატების“ საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების თაობაზე აქამდეც არანაკლებ 10-ჯერ(!) განუცხადებია, თუმცა ეს არ მოხდა, რადგან გუშინდლამდე „სარმატის“ მხოლოდ ერთი საგამოცდო გაშვება განხორციელდა წარმატებულად, 2022 წელს, დანარჩენი ხუთი გამოცდა კი ავარიებით დასრულდა, მათ შორის - 2024 წლის 21 სექტემბერს, როდესაც პლესეცკის სარაკეტო პოლიგონიდან სტარტის დროს ეს ორასტონიანი რაკეტა შახტშივე აფეთქდა და იქაურობა მთვარის პეიზაჟს დაამსგავსა...
რას წარმოადგენს ახალი რუსული „სარმატი“, რომელმაც რუსეთის სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში უნდა ჩაანაცვლოს საბჭოთადროინდელი ანალოგიური დანიშნულების „სატანები“?
დღეისათვის რუსეთს სავარაუდო მოწინააღმდეგეების სტრატეგიულ ობიექტებზე დამიზნებული აქვს არანაკლებ 700 ერთეული ბალისტიკური რაკეტა (როგორც მიწისქვეშა შახტაში, ისე - წყალქვეშა ნავებში განთავსებული), მათზე დამონტაჟებული 1 550 ბირთვული ქობინით.
ამ რუსული ბალისტიკური რაკეტების უმეტესობას ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ კონსტრუირებული მობილური „ტოპოლები“ და მისი მოდერნიზაციის შედეგად შექმნილი „ტოპოლ-მ“-ები და „იარები“ შეადგენენ, თუმცა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების არსენალში ასევე არის მსოფლიოში ყველაზე დიდი, 200-ტონიანი „სატანებიც“, რომლებიც, სხვათა შორის, უკრაინის იმ დნეპროპეტროვსკში მზადდებოდა, რომელსაც დღეს ასე უმოწყალოდ ბომბავს რუსეთის ავიაცია.
თავის დროზე ეს „სატანები“ შიში ზარს სცემდნენ მთელ მსოფლიოს და ეს სპეციფიკური სახელიც იმიტომ უწოდეს, ნატოს კლასიფიკაციით, მაგრამ რაკეტებს უკვე 50 წელი უსრულდებათ და შახტებიდან მათი უპრობლემო სტარტის შესაძლებლობა, შეიძლება მალე ეჭვის ქვეშ დადგეს.
ამიტომაც რუსეთი, 2011 წლიდან მოყოლებული, ცდილობს, საბჭოთა უკრაინაში დამზადებული „სატანები“ თავისი, რუსული ახალი „სატანებით“-„სარმატებით“ ჩაანაცვლოს.
სამსაფეხურიანი, თხევადსაწვავიანი „სარმატის“ სიგრძე 35 მ-ს აღემატება და ის სტარტის წინ 208 ტ-ზე მეტს იწონის.
მის საბრძოლო ნაკვეთურში, დოლურაში განთავსებულია 10 ბირთვული ქობინი, თითოეული - 750 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის.
„სარმატი“ სხვა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისგან გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით.
პირველი - რუსეთის ტერიტორიიდან „სარმატის“ გაშვება შეიძლება დედამიწის სამხრეთ პოლუსის გავლით, ჩრდილო-ამერიკის კონტინენტისკენ, სადაც ამერიკელებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, ძირითადად, ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებებზე, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მოგერიებაზე ორიენტირებულად აქვთ განთავსებული და სამხრეთი მიმართულება ნაკლებად დაცულია.
ეს არის „სუბორბიტალური დაბომბვის“ კონცეფცია, როდესაც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გასული რაკეტის ქობინი არასრული ორბიტალური წრის ფრენის შემდეგ სამიზნეს ეცემა. რუსული მხარის მტკიცებით, ასეთი სუბორბიტალური ტრაექტორიით გაშვებისას „სარმატს“ 35 ათას კმ სიშორეზეც შეუძლია სამიზნემდე მიღწევა.
მეორე - „სარმატის“ საბრძოლო ნაწილში ათ ბირთვულ ქობინთან ერთად დამატებულია „მატყუარა სამიზნეები“, რომლებიც რაკეტის სტარტისა და ფრენის ტრაექტორიაზე ახლო კოსმოსში ქობინების „გაფანტვის“ შემდეგ ისეთივე რადილოკაციურ არეკვლას იძლევიან, როგორც ნამდვილი ბირთვული ქობინები, სანამ დედამიწის ატმოსფეროში შემოვლენ და დამუხრუჭდებიან. ეს მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენის ტექნიკურ საშუალებებს საქმეს ურთულებს, იმის გასარკვევად, თუ რომელია ნამდვილი ბირთვული ქობინი და რომელი იმიტატორი და რომელს დაუმიზნონ ანტირაკეტა.
მესამე - რაკეტის ქობინი მიზნისკენ მიემართება ბალისტიკური ტრაექტორიით, რისი გამოთვლა დღეს უადვილესია და თანამედროვე ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემას შეუძლია, ახლო კოსმოსში ანტირაკეტის მართვადი მოდული (რომელშიც ერთი გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაც კი არ არის) პირდაპირ შეაჯახოს მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტის მიერ გაშვებულ ბირთვულ ქობინს და მხოლოდ დაჯახებისას წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიის ხარჯზე გაანადგუროს ის.
ამის თავიდან ასაცილებლად რუსი კონსტრუქტორები გეგმავენ „სარმატის“ საბრძოლო ნაკვეთურში „ავანგარდის“ ტიპის ჰიპერბგერითი მართვადი ბირთვული ბლოკის დამონტაჟებას, რომელიც ჩვეულებრივი ქობინისგან განსხვავებით, წინასწარ პროგნოზირებადი ბალისტიკური ტრაექტორიით კი არ მიფრინავს, არამედ, უზარმაზარი - არანაკლებ 9 კმ/წმ-ში სიჩქარით მანევრირებს, რითაც ანტირაკეტის მართვად მოდულს მასთან შეჯახების შანსს აღარ უტოვებს.
ასევე დაგაინტერესებთ: (ვიდეო) უცხოპლანეტელების "მფრინავი თეფშები" თუ პუტინის ზესაიდუმლო დრონები - ვინ დაფრინავს ამოუცნობად უკრაინის ომის ცაში?!
"შემაკავებელი" ნომერი - გამოსავალი, რომ სპეცრაზმელმა ძალას არ გადაამეტოს?!
ამერიკულ ხომალდებზე ირანული რაკეტების შეტევის მიუხედავად, ტრამპი ომს არ აახლებს...
მეოთხე - მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტების განადგურების ყველაზე ადვილი საშუალებაა მათი სასტარტო შახტებზე ზუსტი ბირთვული დარტყმების მიყენება, რის შემდეგაც ისინი, დიდი ალბათობით, სტარტს ვეღარ შეძლებენ.
ამერიკის კოსმოსური დაზვერვისთვის რამდენიმე სანტიმეტრის სიზუსტითაა ცნობილი ყველა რუსული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მიწისქვეშა შახტის მდებარეობა, ისევე, როგორც რუსებისთვის - ამერიკული სარაკეტო შახტების.
ეს სარაკეტო შახტები დაცულია ათეულტონიანი მოძრავი ხუფებით და თავად რაკეტებიც ამ შახტებში სპეციალურ ამორტიზატორებზეა ჩამოკიდებული, რომ ახლო ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა მიწის რყევამ რაკეტა არ დააზიანოს და სტარტი შესაძლებელი იყოს.
ახალი „სარმატის“ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რუსი სამხედროები უფრო შორს მიდიან და მიწისქვეშა სასტარტო სარაკეტო შახტების ირგვლივ ამონტაჟებენ „მოზირის“ ტიპის აქტიური თავდაცვის კომპლექსებს, რომელიც თავისი მოქმედების პრინციპით ძალიან წააგავს ტანკის აქტიური თავდაცვის სისტემას.
ოღონდ „მოზირის“ კომპლექსის 100 (დიახ, ასი) ლულა ცას შეჰყურებს და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რადიოლოკატორები დააფიქსირებენ „სარმატის“ მიწისქვეშა სასტარტო შახტისკენ მფრენ მოწინააღმდეგის ბირთვულ ქობინებს, 6 კმ სიმაღლემდე გაისვრიან 40-ათასამდე დამაზიანებელ ელემენტს -ლითონის ისრებსა და 30 მმ დიამეტრის რკინის ბურთულებს.
ასეთ „რკინის წვიმაში“ (რომელიც რაღაცით წააგავს მონადირის მიერ ფრინველისკენ თოფიდან გასროლილ საფანტის ნაკადს) მოხვედრილი ბირთვული ქობინის კორპუსი აუცილებლად დაზიანდება და თანაც იმის დიდი გარანტიით, რომ არ მოხდეს ბირთვული აფეთქება ან თუკი მაინც განხორციელდა ჯაჭვური რეაქცია, ქობინის ინიცირება მიწიდან რამდენიმე კმ-ის სიმაღლეზე მოხდება, ხოლო საჰაერო ბირთვული აფეთქება კი ბევრს ვერაფერს დააკლებს მიწისქვეშა შახტაში საიმედოდ დაცულ ბალისტიკურ რაკეტას...
აი, ეს არის ახალი რუსული ბირთვულქობინიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ ძირითადი უპირატესობები, რითაც პუტინი დასავლეთის დაშინებას ცდილობს...