(ვიდეო) უცხოპლანეტელების "მფრინავი თეფშები" თუ პუტინის ზესაიდუმლო დრონები - ვინ დაფრინავს ამოუცნობად უკრაინის ომის ცაში?!
არ გვეგონა, თუკი ისევ დავუბრუნდებოდით "უცხოპლანეტელების - ამოუცნობი მფრინავი ობიექტების" თემას გუშინდელი სტატიის - "საქართველო 25 წლის წინ "უცხოპლანეტელების მფრინავ თეფშებს" დაუბომბავთ? - ტრამპის ბრძანებით, საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა“, შემდეგ (რომელმაც სხვათა შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია და ამ დროისთვის 10 ათასზე მეტი მკითხველი გაეცნო), მაგრამ ამ ფოტოსურათის შემხედვარე, თავს ვერ შევიკავებთ...
ეს ფოტო ამოღებულია იმ ვიდეოკადრებიდან, რომელიც უკრაინულმა სადაზვერვო დრონმა რუსეთ-უკრაინის ფრონტის რაიონში ერთი წლის წინ, 2025 წლის მაისში გადაიღო...

ფოტო: სტოპკადრი უკრაინის ომის ცაში გადაღებული ვიდეოდან, რომელზეც ერთ ადგილზე ჩამოკიდებული ექვსწახნაგა „ამოუცნობი მფრინავი ობიექტია“ დაფიქსირებული...
ვიდეოკადრებში მოჩანს, რომ ოპერატორი რამდენჯერმე მიმართავს დრონის ვიდეოკამერას ცაში, დაახლოებით, 800 მ-ის სიმაღლეზე უძრავად ჩამოკიდებული მოზრდილი ობიექტისკენ, რომელსაც ექვსი წახნაგი აქვს. ვიდეოგადაღება თბოვიზორულ რეჟიმში მიმდინარებს, რომელზეც ეს ექვსივე წახნაგი, ისევე, როგორც „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ „ცხვირი“, დიდ სითბოს გამოყოფენ...
იხილეთ ვიდეო: https://t.me/serhii_flash/7398
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, უპილოტო სისტემების დარგში, სერგეი ბესკრესტნოვი, იგივე „ფლეში“, რომელმაც გაავრცელა ეს ვიდეოკადრები, აცხადებს, რომ როდესაც მან ჯერ კიდევ 2023 წელს გაავრცელა სხვა ფოტოკადრები, სადაც აღბეჭდილია ფრონტის ხაზზე უკრაინის ცაში მფრენი მოგრძო ფორმის „ამოუცნობი მფრინავი ობიექტი“, ამ ინფორმაციით მაშინვე დაინტერესდა უკრაინის სამხედრო დაზვერვა...
როგორც ირკვევა, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საიდუმლო დოსიე, სადაც თავს იყრის ყველა ის დოკუმენტი, რაც ეხება „ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს“, დაფიქსირებულებს უკრაინის ცაში.

ფოტო: 2023 წელს ასევე უკრაინის ფრონტის თავზე დაფიქსირებული მოგრძო ფორმის „ამოუცნობი მფრინავი ობიექტი“
ეს მხოლოდ „უცხოპლანეტელების მფრინავი თეფშების“ პოპულარული თემით დაინტერესება როდი გახლავთ, უკრაინის გენშტაბში არც თუ უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ ომის პერიოდში უკრაინის ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში გამოჩენილი „ამოუცნობი ობიექტები“, უცხოპლანეტელებს კი არა, არამედ კონკრეტულ ქვეყანას, კერძოდ კი - რუსეთის არმიას ეკუთვნოდეს და ამ ზესაიდუმლო შეიარაღებით ის ცდილობს სადაზვერვო და შეტევითი საიდუმლო ოპერაციების განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ...
რაც შეეხება ექვსწახნაგა „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ ვიდეოკადრებს, სავარაუდოდ, ის შეიძლება იყოს ჰაერში ერთ ადგილზე „ჩამოკიდებული“ სადაზვერვო აეროსტატი, თუმცა ბევრი სხვა ვერსიაც იარსებებს...
„უცხოპლანეტელების მფრინავ თეფშებზე“ ინფორმაციების გავრცელება 1947 წლიდან მასობრივად დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ქალაქ როზუელთან „ამოუცნობი მფრინავი ობიექტისა“ და „დაღუპული უცხოპლანეტელების“ თაობაზე მაშინდელმა ამერიკულმა ყვითელმა პრესამ უდიდესი სენსაცია ააგორა.

ფოტო: 2023 წელს დაფიქსირებული მოგრძო ფორმის მფრინავი ობიექტის სითბური სიგნატურა, რამაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია
თუმცა იქ, სავარაუდოდ, ავარია განიცადა არა „უცხოპლანეტელების მფრინავმა თეფშმა“, არამედ ამერიკულმა იმდროინდელმა ზესაიდუმლო სადაზვერვო აეროსტატმა, რომელსაც ცდიდნენ, რათა მაღალ სიმაღლეზე ფრენისას აეროსტატს, ძალიან მგრძნობიარე მიკროფონების საშუალებით, შორი მანძილიდან დაეფიქსირებინა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოცდებისას წარმოქმნილი ბგერითი ტალღების გავრცელება.
მას შემდეგ, განვლილი თითქმის რვა ათეული წლის განმავლობაში არა ერთი დიდი სენსაცია აგორდა „მფრინავ თეფშებთან“ დაკავშირებით, რომელთა უდიდესი ნაწილი ისევ ყვითელი პრესის „ოინები“ გახლდათ, თუმცა ამასთან მართლაც არის დაფიქსირებული ისეთი ფაქტებიც, რომელთა ამოხსნა არც მეცნიერებს და არც სამხედროებს დღემდე არ შეუძლიათ.
ასევე დაგაინტერესებთ: "შემაკავებელი" ნომერი - გამოსავალი, რომ სპეცრაზმელმა ძალას არ გადაამეტოს?!
ამერიკულ ხომალდებზე ირანული რაკეტების შეტევის მიუხედავად, ტრამპი ომს არ აახლებს...
უკრაინელებს კრემლამდე 6 კილომეტრი დააკლდათ - კამიკაძე-დრონების შეტევა მოსკოვის ცენტრზე
„ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ დიდი ნაწილი, მაინც ამა თუ იმ ქვეყნის ზესაიდუმლო სამხედრო პროექტია და მათ ავტორებს აწყობთ, ისინი „მფრინავი თეფშების“ სტატუსში დარჩნენ, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ მათი საიდუმლო.
ასეთი „მფრინავი თეფშების“ დაფიქსირება, ძირითადად, ფოტოვიდეოკადრებით ხდება და გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დღე-ღამეში თითქმის უწყვეტად დაფრინავს ათასობით სხვადასხვა დანიშნულების დრონი, რომლებიც ვიდეოკამერებით არიან აღჭურვილნი და ეს ვიდეოკადრები იწერება დრონების დისტანციურად მართვის აპარატურის მეხსიერების ფაილებში, მოსალოდნელია, რომ კიდევ ბევრი ასეთი „ამოუცნობი მფრინავი ობიექტი“ ვიხილოთ, ოღონდ - არა უცხოპლანეტური, არამედ - მიწიერი წარმოშობის...