კიევის ყველაზე მასიური და დაუნდობელი დაბომბვა - პუტინმა იცის, რომ მისი "ისკანდერების" მოსაგერიებელი "პეტრიოტის" ანტირაკეტები ტრამპმა უკრაინას აღარ გაუ - კვირის პალიტრა

კიევის ყველაზე მასიური და დაუნდობელი დაბომბვა - პუტინმა იცის, რომ მისი "ისკანდერების" მოსაგერიებელი "პეტრიოტის" ანტირაკეტები ტრამპმა უკრაინას აღარ გაუგზავნა

რუსეთ-უკრაინის ომის 1 541-ე დღეს ანუ 13-დან 14 მაისის ღამეს, უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთმა, ამ ისედაც საშინელ ომში, განახორციელა ყველაზე დაუნდობელი კომბინირებული დაბომბვა, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე, კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენებით...

14 მაისის დილას ჯერ კიდევ გრძელდებოდა რუსეთის საჰაერო შეტევები მთელ უკრაინაზე, კიევში დანგრეული საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ჯერ ყველა დაშავებული არ არის ამოყვანილი და ბოლომდე არ არის დათვლილი, თუ რა ძალებით განახორციელა აგრესორმა რუსეთმა დღევანდელი თავდასხმა. თუმცა გუშინდელი,13 მაისის ანალოგიური მასშტაბების საჰაერო შეტევის შედეგები ცნობილია - 13 მაისს რუსეთმა უკრაინას 890 ერთეული სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია, რაც უკვე ამ ომის რეკორდული მაჩვენებელია და უახლოვდება რიცხვს - 1 000-ს ანუ იმას, რასაც კრემლიდან იმუქრებოდნენ, რომ უკრაინას ყოველ ღამე ათასი კამიკაძე-დრონით დაარტყამდნენ...

1-petrioti-1778740049.jpg
ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ მხოლოდ ამ PAC-3 MSE (Missile Segment Enhancement) ტიპის ანტირაკეტებს შეუძლიათ კიევის დაცვა, რუსული „ისკანდერების“ თავდასხმებისგან, მაგრამ მათ მარაგი უკრაინელ მეზენიტეებს თითქმის ამოეწურათ...

ფაქტია, რომ 9-11 მაისის „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების“ პერიოდში რუსეთმა დააგროვა „გერანების“ დიდი რაოდენობა და ახლა მასობრივად უშვებს უკრაინული ქალაქებისკენ.

თუმცა ეს სამდღიანი „ცეცხლის შეწყვეტა“, რომლის ინიციატორი იყო აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და, შესაბამისად, ერთგვარი გარანტიც უნდა გამხდარიყო, ძირითადად, მაინც ფურცელზე დარჩა და ფრონტის ხაზზე ბრძოლები არ შეჩერებულა, რითაც, საერთო ჯამში, მოგებული მაინც პუტინი დარჩა, რადგან 9 მაისის სამხედრო აღლუმი მოსკოვის წითელ მოედანზე მას უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა არ ჩაუშხამეს...

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ აქვთ რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევები და ვერ შეძლეს საგაზაფხულო შეტევების ფართოდ გაშლა, უკრაინას და კერძოდ - მის დედაქალაქს უდიდესი პრობლემა უჩნდება...

2-petrioti-1778740048.jpg
დღეს კიევში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დანგრეული ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი...

უკრაინის საჰაერო ძალებს ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - „პეტრიოტებისთვის“ განკუთვნილი თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის PAC-3 MSE (Missile Segment Enhancement) ტიპის ანტირაკეტები თუ დარჩათ და მათ თვალის ჩინივით უფრთხილდებიან, რადგან ახალი ასეთი რაკეტების მიღება აშშ-იდან, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა...

ასევე დაგაინტერესებთ: "სარმატი" პუტინისთვის: ცდა მეათე - რას წარმოადგენს რაკეტა РС-28 Сармат, რომლითაც კრემლის ბინადარი მსოფლიოს აშინებს?!

(ვიდეო) უცხოპლანეტელების "მფრინავი თეფშები" თუ პუტინის ზესაიდუმლო დრონები - ვინ დაფრინავს ამოუცნობად უკრაინის ომის ცაში?!

საქართველო 25 წლის წინ "უცხოპლანეტელების მფრინავ თეფშებს" დაუბომბავთ? - ტრამპის ბრძანებით, საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა

"შემაკავებელი" ნომერი - გამოსავალი, რომ სპეცრაზმელმა ძალას არ გადაამეტოს?!

ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების დღიდან მან საერთოდ შეწყვიტა შეიარაღების ჩუქება ომში მყოფი უკრაინისთვის, როგორც ამას მისი წინამორბედი აკეთებდა და ერთ-ერთ გამოსავლად იქცა ამერიკული რაკეტების შესყიდვა მსოფლიო ბაზრის ფასებით, რის დაფინანსებასაც ევროპული ქვეყნები ახდენდნენ.

3-petrioti-1778740048.jpg
უკრაინელ მაშველებს საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ჯერ ყველა დაშავებულა არ გამოუყვანიათ...

თუმცა ირანთან 39-დღიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს აშშ-მა „პეტრიოტის“ ანტირაკეტები უხვად მიახარჯეს იმ ირანული ბალისტიკური რაკეტების მოგერიებისას, რომლებიც ისრაელისკენ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ მიფრინავდნენ.

„პეტრიოტის“ ანტირაკეტების წარმოება ძალიან დაბალი ტემპებით მიმდინარეობს და რეალურად შეიქმნა მათი დიდი დეფიციტი, თვით ამერიკული არმიისთვისაც კი, არადა, როგორც რეალობა აჩვენებს, სწორედ ამ ტიპის „პეტრიოტის“ ანტირაკეტებს თუ შეუძლიათ მეტ-ნაკლები წარმატებით რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერებისა“ და აერობალისტიკური „კინჟალების“ მოგერიება.

შესაბამისად, იქმნება სიტუაცია, როდესაც პუტინმა იცის, რომ ზელენსკის, ფაქტობრივად, აღარ დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ამერიკული ანტირაკეტები და მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია კიევზე გარანტირებული წარმატებული სარაკეტო შეტევის მოწყობა...