ჩინეთიდან დაბრუნებული ტრამპი ირანთან ომს აუცილებლად განაახლებს?! - კვირის პალიტრა

ჩინეთიდან დაბრუნებული ტრამპი ირანთან ომს აუცილებლად განაახლებს?!

ჩინეთიდან დაბრუნებული ტრამპი ირანთან ომს აუცილებლად განაახლებს, რაშიც დამნაშავე... თვით თეირანიც იქნება...

დასრულდა ჩინეთისა და აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების უმნიშვნელოვანესი ოფიციალური შეხვედრა პეკინში, რომელზეც სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა ძალზე აქტუალური თემები განიხილეს, მათ შორის - ირანთან, ტაივანთან და უკრაინასთან დაკავშირებით.

ამ მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმებების სრული გასაჯაროება არ მომხდარა, თუმცა ვაშინგტონისა და პეკინის აზრი დაემთხვა იმაში, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მან სასწრაფოდ უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე თავისუფალი ნაოსნობისთვის, გემებზე ყოველგვარი გადასახადების დაწესების გარეშე...

ეს კი პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება აღიქვას ჩინეთის ერთგვარ თანხმობად იმაზე, რომ ჰორმუზის სრუტე აუცილებლად უნდა გაიხსნას, ხოლო რა გზით, ამას თავად ტრამპი გადაწყვეტს და ეს გზა ამ ეტაპზე მხოლოდ სამხედროა ანუ საბრძოლო მოქმედებების განახლება ირანის წინააღმდეგ...

და თუკი ეს მართლაც ასე მოხდა, ტრამპის ამერიკაში დაბრუნებისთანავე ამაში თავისი წვლილი დანაშაული თეირანსაც ექნება...

საქმე ის არის, რომ რამდენიმერაუნდიან აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე, რომლებიც შუამავლების საშუალებთ მიმდინარეობს, ამერიკული მხარის მოთხოვნებს ირანმა კიდევ უფრო რადიკალური საპასუხო მოთხოვნები დაახვედრა წინ, რომლებშიც ნათქვამია, რომ რომ ირანი სრულ კონტროლს იღებს ჰორმუზის სრუტეზე და ეს გადაწყვეტილება აღარ გადაიხედებაო...

ბირთვულ განაიარაღებაზეც თეირანი კატეგორიული წინააღმდეგია, ისევე, როგორც ბალისტიკური რაკეტების შემცირებზე, თუმცა ამასთანავე მოითხოვს მასზე დაწესებული საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური სახის საერთაშორისო სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების გახსნას და ბოლოს - სრულ კომპენსაციას იმისა, რაც აშშ-მა და ისრაელმა დაუბომბეს და გაუნადგურეს...

ირანის საპასუხო მოთხოვნებში კომპრომისების ნატამალიც არ ჩანს, რაც უკვე არარეალურს ხდის ორმხრივი მოლაპარაკებებიდან რაიმე დადებითი შედეგის მიღებას ანუ აიათოლების რეჟიმი, რომელიც, წესით, დიდად დაინტერესებული უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებების არგანახლებისა, თითქოს უბიძგებს კიდეც თავმოყვარე პრეზიდენტ ტრამპს, გასცეს ბრძანება ირანზე საჰაერო შეტევების გასაახლებლად...

ისრაელის თავდაცვით არმიაში კი უკვე საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოცხადდა, რადგან პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ თვლის, რომ ირანთან „საქმის გარჩევა“ ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა და ისრაელი მზადაა, განაახლოს აიათოლების რეჟიმის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების დაბომბვა.

თეირანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ მოლაპარაკებებისას ისიც არის, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ შეიარაღებული დაჯგუფების სისტემატური დაბომბვები, რაზეც თელ-ავივი არაფრის დიდებით არ წავა, თვით ტრამპმაც რომ იგივე მოსთხოვოს...

შესაბამისად, ამ ეტაპზე უკვე მომწიფდა ბევრი პირობა იმისთვის, რომ ა.წ.-ის 28 თებერვალს დაწყებული და 7 აპრილს შეჩერებული საბრძოლო მოქმედებები აშშ-ისრაელსა და ირანს შორის, უახლოესს დღეებში ისევ განახლდეს...

ამაზევე მეტყველებს პენტაგონის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გაგრძელებული სამხედრო ხომალდებისა და საბრძოლო ავიაციის თავმოყრა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რომელთა რაოდენობა ბევრად აღემატება იმას, რაც ამერიკელ სამხედროებს 28 თებერვლისთვის ჰქონდათ „მიყენებული“, ირანის სიახლოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ: კიევის ყველაზე მასიური და დაუნდობელი დაბომბვა - პუტინმა იცის, რომ მისი "ისკანდერების" მოსაგერიებელი "პეტრიოტის" ანტირაკეტები ტრამპმა უკრაინას აღარ გაუგზავნა

"სარმატი" პუტინისთვის: ცდა მეათე - რას წარმოადგენს რაკეტა РС-28 Сармат, რომლითაც კრემლის ბინადარი მსოფლიოს აშინებს?!

(ვიდეო) უცხოპლანეტელების "მფრინავი თეფშები" თუ პუტინის ზესაიდუმლო დრონები - ვინ დაფრინავს ამოუცნობად უკრაინის ომის ცაში?!

საქართველო 25 წლის წინ "უცხოპლანეტელების მფრინავ თეფშებს" დაუბომბავთ? - ტრამპის ბრძანებით, საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა

მაშინ ნეთანიაჰუს აყოლილი ტრამპი ფიქრობდა, რომ პირველივე უზუსტესი სარაკეტო დარტყმების შედეგად ირანის სულიერი ლიდერის ფიზიკური ლიკვიდაცია „თავს მოკვეთდა“ აიათოლების რეჟიმს და ის რამდენიმე დღეში ჩამოიქცეოდა, რაც ვაშინგტონსა და თელ-ავივს თეირანში ხელისუფლების თავისი სურვილებით ჩანაცვლების მარტივ საშუალებას მისცემდა, ყოველგვარი სახმელეთო ოპერაციების დაწყების გარეშე...

მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით - "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სარდლობამ მოახერხა ქვეყნის მეტ-ნაკლებად დარაზმვა და ირანმა ძალზე მტკივნეული საპასუხო საჰაერო დარტყმები მიაყენა ისრაელსაც და რეგიონში ამერიკულ სამხედრო ბაზებსაც, ისევე, როგორც სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებს, რომლებიც აიათოლებმა თეთრი სახლის მოკავშირეებად მიიჩნიეს.

თუმცა მთავარი, რასაც თეირანმა მიაღწია, არის ის, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი აიღო, რაც მის ხელში აღმოჩენილი „ატომური ბომბის“ მსგავსია, რადგან აიათოლების რეჟიმმა მთელი მსოფლიოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის 20%-ის სატრანსპორტო „შლაგბაუმი“ ჩაიგდო ხელში ...

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თეირანი ამ ომში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და იქით უყენებს ულტიმატუმებს აშშ-ს, რასაც პრეზიდენტ ტრამპისგან საპასუხო რეაქცია აუცილებლად მოჰყვება და ისიც - უახლოესს დღეებში...