გიორგი უძილაურისა და თამაზ გოლოევის საქმეები - რას გვაჩვენებს ჯაშუშობის სკანდალი?! - კვირის პალიტრა

გიორგი უძილაურისა და თამაზ გოლოევის საქმეები - რას გვაჩვენებს ჯაშუშობის სკანდალი?!

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ხართ (ქვეყნის არჩევა თქვენთვის მომინდვია, – გემოვნების მიხედვით) და უცხო ქვეყნის მოქალაქის აგენტად გადაბირების ოპერტიული გეგმა უნდა დაამტკიცოთ. თქვენ კარგად იცით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის გადაბირება ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალეტაპიანი ოპერაციაა და წარუმატებლობის რისკიც ძალზე დიდია, რამაც შესაძლოა, თქვენს კარიერაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ეყრდნობით რა უშიშროების სასწავლებელში (კურსები, სკოლა, ინსტიტუტი ან აკადემია: არჩევანი თქვენთვის მომინდია, ამბიციებიდან გამომდინარე) მიღებულ განათლებას, ასევე, იხსენებთ ოთხმოც წელს მიტანებული, ლექციებზე ხშირად მთვლემარე პოლკოვნიკის ნოსტალგიაშეპარულ მოგონებებს ძერჟინსკისა და ანდროპოვის „მკაცრ, თუმცა სამართლიან“ დროზე, „ხალხის მტრების“ განადგურების „წარმატებულ ოპერაციებზე“ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ იღებთ. თქვენ კარგად იცით, რომ აგენტის გადაბირების ოპერაცია მკაცრი თანმიმდევრობით ჩასატარებელი „რიტუალია“: გადაბირების ოპერაცია ყოველთვის იწყება ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე, რასაც ოპერატიული დაინტერესების ქვეყნის კონკრეტულ სფეროზე (მაგ. პოლიტიკა, ეკონომიკა, შეიარაღებული ძალები, რელიგია, ენერგეტიკა და ა.შ.) საიდუმლო ინფორმაციის საჭიროება განსაზღვრავს.

მომავალი აგენტის მოქმედების არეალი და სპეციალიზაცია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ დროს მთავარია, თქვენ ლამაზ-ლამაზ ილუზიებს არ მიეცეთ და ობიექტურად შეაფასოთ მომავალი აგენტის შესაძლებობები. „გავლენის აგენტი“, „აგენტი ინფორმატორი“, „აგენტი გადამბირებელი“, „გადაბირების ობიექტების შემრჩევი აგენტი“ - სულ სხვადასხვა „წონითი კატეგორიებია“ და განსხვავებულ პიროვნულ თვისებებს (განათლება, ფსიქოლოგიური მომზადება, ანალიზის უნარი, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და ა.შ.) მოითხოვს. მჯერა, რომ ამ სპეციფიკას კარგად იცნობთ.

აღარ ჩავუღრმავდები აგენტის გადაბირების ოპერაციის სხვა დეტალებს (მომავალი აგენტის პოზიცია დაინტერესების სფეროში და ინფორმაციაზე წვდომა; მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და კარიერული წინსვლის პერსპექტივები; გადაბირების მოტივის – ფინანსური, იდეოლოგიური, კომპრომატებით შანტაჟი, - სწორი შერჩევა; გადაბირების მომენტის ზუსტი განსაზღვრა; კავშირის არხები და ა.შ.) და იმედი მაქვს, თქვენც არ ჩაგთვლემდათ ხოლმე ვეტერანი „ჩეკისტის“ ლექციებზე.

ამიტომ, ვითვალისწინებ რა თქვენს დიდ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, ოდნავ გაგირთულებთ „ქვიზს“: თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ გადაბირების ორ კანდიდატს შორის. ერთია 27 წლის სტუდენტი, რომელსაც საკმაოდ გართულებული აქვს ოპერატიული დაინტერესების ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილების საშუალება. ამავე დროს, მას ხელი არ მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე და გარკვეული მიზეზების გამო, მომავალში არც კარიერული წინსვლის პერსპექტივა აქვს. უფრო მეტიც: იმავე მიზეზების გამო ის შეიძლება კონტრდაზვერვის მიერ შესწავლის ობიექტიც კი გახდეს. პირველი კანდიდატის ოპერატიული მეტსახელი „ჭიჭყინა“ იყოს.

გადაბირების მეორე კანდიდატი კი ორმოც წელს მიღწეული, საზოგადოებაში კარგად ცნობილი პიროვნებაა, რომელიც უკანასკნელი წლებია, აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საშუალება და მნიშვნელოვან კონფიდენციალურ ინფორმაციასაც ფლობს. მეორე კანდიდატის ოპერატიული მეტსახელი „კეფალი“ იყოს.

სანამ თქვენ, როგორც სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, არჩევანს გააკეთებთ, მინდა, მკითხველს ერთი სინტერესო დოკუმენტი გავაცნო, რომელიც თქვენთვის კარგადაა ცნობილი.

1980-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც საბჭოთა კავშირში ე.წ. პერესტროიკა დაიწყო, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიც "ცდილობდა", დროს აყოლოდა და თანამედროვე იდეებით მოეწინებინა თავი ახალი, საკმაოდ ექსცენტრიკული ლიდერისთვის. მიხეილ გორბაჩოვი სიტყვით დემოკრატიის მომხრე კი იყო, თუმცა საქმით... საბჭოთა იმპერია კვლავ "ფართხალებდა" და მთავარ მტერს - აშშ-ს ყველაფერში ეტოლებოდა. ურთიერთდაპირისპირების ყველაზე დაუნდობელი და ფარული არენა სპეცსამსახურების ბრძოლა იყო. საბჭოთა სპეცსამსახურები (უპირველესად კი - კა-გე-ბე) ცდილობდნენ ამერიკელების მსგავსად მაქსიმალურად ეფექტიანი გაეხადათ საგარეო დაზვერვა და აქცენტი მოპოვებული ინფორმაციის რაოდენობაზე კი არა, არამედ - ხარისხზე გადაეტანათ. ამ, არც თუ იოლი ამოცანის შესრულებაში გარკვეული ფუნქცია საბჭოთა სუკ-ის ტერიტორიული (რესპუბლიკურ, სამხარეო და საოლქო) ორგანოების პირველ სამმართველოებსა და პირველ განყოფილებებს (საგარეო დაზვერვა) ეკისრებოდათ. ქვემოთ მოტანილი დოკუმენტი კარგად ასახავს საბჭოთა დაზვერვის მიზნებს, საქმიანობის მეთოდებს და აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს.

1987 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს სუკ-ში "ცენტრიდან" საიდუმლო მითითება მიიღეს, რომელსაც ხელს სსრკ სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) "ტ" სამმართველოს (სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვა), მე-7 განყოფილების (სსრკ რეგიონალური სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომლების საზღვარგარეთ გამგზავრებაზე კონტროლი) უფროსი, პოლკოვნიკი იური ზევაკინი აწერდა. ერთი წლის შემდეგ ის საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, ხოლო 1992 წლიდან რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში, გენერალ-მაიორის წოდებით მსახურობდა.

picture1-1778833350.jpg

ფოტო: იური ზევაკინი

"ცენტრი" ტერიტორიული ორგანოების დაზვერვის დანაყოფებს აცნობებდა, რომ ზემოაღნიშნულმა მე-7 განყოფილებამ შეიმუშავა სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის ხაზით საქმიანობის შეფასების ქულობრივი სისტემა, რომლის მთავარი მიზანი იყო ტერიტორიული ორგანოების სადაზვერვო დანაყოფების ოპერატიულ თანამშრომლებთან კავშირზე მყოფი უცხოელი აგენტურის სადაზვერვო პოტენციალის ეფექტიანობის შეფასება. ამ მიზნით დამუშავებული იქნა "ერთიანი ოპერატიული მაჩვენებელი" რომელიც უნდა დათვლილიყო ცალკეული კრიტერიუმების რიცხობრივი შეფასებით და შემდეგ - ქულების დაჯამებით. ეს კრიტერიუმები იყო: ოპერატიული ურთიერთობის დონე; წყაროს საიმედობა, კავშირის ორგანიზაციის ფორმა; სადაზვერვოს შესაძლებლობები; აგენტურის ოპერატიული კატეგორია და მისი პროფესიული კუთვნილება; მთავარი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მუშაობა და სხვა.

ახალი მეთოდიკის მთავარი მიზანი საბჭოთა სამეცნიერო ტექნიკური დაზვერვის ხაზით აგენტურულ-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის შეფასება იყო. დოკუმენტს თან სამგვერდიანი დანართი ახლდა, რომელიც შემდეგნაირად იყო დასათაურებული: "უცხოელი აგენტურის სადაზვერვო პოტენციალის შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი". უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ამ დანართს ცხრილის სახით წარმოგიდგენთ.

screenshot-2026-05-15-123021-1778833918.png

screenshot-2026-05-15-123042-1778833918.png

"ერთიანი ოპერატიული მაჩვენებელი" (ეომ) ანუ „აგენტის ეფექტიანობა“ , გაიანგარიშებოდა შემდეგი ფორმულით: „ეომ“ = 1 X 2 X (3ა+3ბ) X 4 X (5ა+5ბ) X 6X 7, სადაც 1,2,3 და ა.შ. კრიტერიუმების ნომრებია.

საბჭოთა საგარეო დაზვერვის ამ მეთოდიკის თანახმად, "ეომ"-ის მაქსიმალური მაჩვენებელი შესაძლოა 1 X 2 X (2+3) X 7 X (3+2) X 5 X 5 = 8750 ქულა ყოფილიყო.

რთული არაა იმის დადგენა, რომ საბჭოთა საგარეო დაზვერვა უპირატესობას ანიჭებდა: აგენტ-გადამბირებელს ან გავლენის აგენტს, რომელიც იყო აშშ-ის მოქალაქე (ან მუდმივად ცხოვრობდა იქ) და მუშაობდა სამეცნიერ-ტექნიკური დაზვერვის დაინტერესების ობიექტში. ამ აგენტთან შეხვედრები იყო არაპირდაპირი ან მეკავშირე-აგენტის მეშვეობით, სსრკ-ისა და სოციალისტური ქვეყნების ფარგლებს გარეთ. ამავე დროს აგენტი (წყარო) საიმედო იყო იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის საფუძველი იდეურ-პოლიტიკური იყო. ამასთან ერთად შემოწმება კომპლექსურად უნდა ჩატარებულიყო. გადაბირებული აგენტი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან წამყვანი მეცნიერი უნდა ყოფილიყო, რომელსაც პირდაპირი წვდომა ექნებოდა საიდუმლო დოკუმენტებზე. ზემოთ მოყვანილი „აგენტის ეფექტიანობის მეთოდიკა“ ფაქტობრივად უნივერსალურია და მცირე კორექტირების შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელია პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, რელიგიური, სამხედრო და სხვ. სახის სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელი აგენტის ეფექტიანობის შეფასების მიზნითაც.

ჩვენს შემთხვევაში „ჭიჭყინას“ეფექტიანობა იქნება: 0.7х1х(1+1)х1х(2+1)х1х1=4.2 ქულა, ხოლო „კეფალის“ : 1х2х (1+3)х5х(2+2)х4х5=3200 ქულა. საღი აზრი გვკარნახობს, რომ ამ ორი შესაძლო გადაბირების კანდიდატიდან, „ჭიჭყინას“ ვარიანტის განხილვა, აგენტ-ინფორმატორადაც კი, არ ღირს, რადგან ის ფაქტობრივად წინასწარ განწირულია ჩასავარდნად.

„კეფალი“ კი, რომელსაც უკვე აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, მომავალში შეიძლება ძალზე პერსპექტიულ „გავლენის აგენტად“ ჩამოყალიბდეს. თუმცა „სპეცსამსახური ხელმძღვანელი“ მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს და „ჭიჭყინა“ ხდება „აგენტი-ინფორმატორი“. ამ შემთხვევაში რა კროსვორდთან გვაქვს საქმე?

picture2-1778833385.png

ფოტო: თამაზ გოლოევი სოციალური ქსელების ხშირი სტუმარი იყო

22 აპრილს სუსის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ახალგორის მცხოვრები და „ცხინვალის უნივერსიტეტის“ სტუდენტი თამაზ გოლოევი, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით, ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება ბრალად. სუსის ინფორმაციით, ეს პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას, უცხოური

picture3-1778833532.jpg

ფოტო: გიორგი უძილაური

სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით. ეს ინფორმაცია ეხებოდა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილებს, ძალებსა და საშუალებებს, ასევე, ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების განთავსებას. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ადგილობრივ აგენტს, თურმე, ამ ობიექტების ფოტო და ვიდეოგადაღებაც უნდა ეწარმოებინა. 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ თამაზ გოლოევს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რა საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და ჩეხეთის ხელისუფლებებს შორის?!

პუტინის "პოლიტიკური სირაქლემები" და "ნოვიჩოკის" სკანდალი - ჩეხი "ორბანის" მანევრები

საქართველოს "ძალოვანი ბლოკის" ანატომია და შიდა და გარესაფრთხეები - კონკრეტულად რა ევალება ახალ სახელმწიფო მინისტრს?!

ჯაშუშური სკანდალები და სუსის სპეცოპერაციები: ვინ ამზადებდა საქართველოში დივერსიებისთვის საფუძველს?!

5 მა­ისს ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით სუსმა საქართველოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და „ქარ­თუ ჯგუ­ფის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი და­აკავა.

მას ბრალი ედება უცხო ქვეყნის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ოფიციალური ვერსიით, ის ვითომდა აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ და ანაზღაურების სანაცვლოდ ინფორმაციას ვითომდა გადასცემდა „ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის“ სპეცსამსასახურს. ამ ორ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესო იმ ქვეყნების იდენტიფიცირებაა, რომელთა სასარგებლოდაც ვითომდა ჯაშუშობდნენ თამაზ გოლოევი და გიორგი უძილაური.

უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებიდან გამომდინარე ორივე პიროვნება არ მიიჩნევა დამნაშავედ, ვიდრე სასამართლო არ დაამტკიცებს მათ ბრალეულობას.

(პირველი ნაწილის დასასრული)