წარმოუდგენელი საჰაერო შეჯახება - ცაში "ჩახუტებული" ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები - კვირის პალიტრა

წარმოუდგენელი საჰაერო შეჯახება - ცაში "ჩახუტებული" ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები

ცა უკიდეგანოდ მოჩანს, სადაც ორი მფრინავი ობიექტი, წესით, ერთმანეთს ვერანირად ვერ უნდა დაეჯახოს, რადგან საავტომობილო გზისგან განსხვავებით, ჰაერში პილოტებს სამ განზომილებაში შეუძლიათ სწრაფი მანევრის შესრულება...

თუმცა საჰაერო სივრცეში შეჯახებები მაინც ხდება, რომელთა ნაწილი მსხვერპლით მთავრდება და ასეთი საჰაერო შემთხვევები ავარიიდან ავიაკატასტროფად გადაკვალიფიცირდება.

1-chaxuteba-1779092114.png

ფოტო: ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ცაში ერთმანეთს სახიფათოდ დაუხლოვდა და ...

და რაც ყველაზე უცნაურია, საჰაერო შეჯახებების დიდი წილი, მას შემდეგ, რაც ადამიანი პირველად აფრინდა ჰაერში, საფრენ აპარატზე დაყენებული ძრავის გამოყენებით ანუ 1903 წლის 17 დეკემბრიდან მოყოლებული, ხდება... საჰაერო დემონსტრაციების დროს, როდესაც პილოტები თავისი საფრენი აპარატების სახიფათო მანევრირებით ცდილობენ, თავი მოაწონონ მიწაზე შეკრებილ ათასობით ცაში მაყურებელს...

გამონაკლისი არც გუშინდელი 17 მაისი გამოდგა, როდესაც აშშ-ის აიდოჰას შტატის მაუნთინ-ჰოუმის სამხედრო ავიაბაზაზე გამართულ Gunfighter Skies-ის ავიაშოუზე წარმოუდგენელი საჰაერო შეჯახება მოხდა...

გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად მოჩანს, ერთი სამხედრო თვითმფრინავი მეორეს როგორ უახლოვდება. ისინი მოულოდნელად... ერთმანეთს „ჩაუხუტებიან“ და ასე „გადაბმულები“ მიწაზე ვარდებიან და ფეთქდებიან...

საბედნიეროდ, თვითმფრინავების „ჩახუტებიდან“ 3-4 წამში ორივე ეკიპაჟის ოთხივე წევრი ასწრებს კატაპულტირებას და ოთხი პარაშუტი უკვე მიწაზე დაცემული და აფეთქებული თვითმფრინავების ცეცხლისა და შავი კვამლის ფონზე ეშვება...

საჰაერო შემთხვევაში მონაწილე ორივე ეკიპაჟის ორი მფრინავი და რადიოელექტრონული ბრძოლის ორი ოპერატორი ცოცხლები გადარჩნენ, თუმცა სამაგიეროდ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რამდენიმე წამში დაკარგეს ორი ძვირად ღირებული და, ამასთანავე, იშვიათი სპეციალიზირებული თვითმფრინავი-EA-18G Growler-ი…

EA-18G Growler-ი წარმოადგენს ამერიკულ ატომურ ავიამზიდებზე ბაზირებული საგემბანო გამანადგურებელ/მოიერიშე F/A-18F Super Hornet-ის სპეციალურ მოდიფიკაციას, რომელიც განკუთვნილია რადიოელეტრონული ბრძოლისთვის და, შესაბამისად, აღჭურვილია სპეციალური ძვირად ღირებული რადიოელექტრონული აპარატურით, რომელიც სხვადასხვა რადიოსიხშირეების ჩახშობით „აბრმავებს“ მოწინააღმდეგის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო რადიოლოკაციურ სადგურებს, რითაც თანამებრძოლი თვითმფრინავების ეკიპაჟებს საშუალებას აძლევს, უფრო თამამად დაბომბონ სამიზნეები და ნაკლებად უფრთხოდნენ მტრის მხრიდან რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტების გამოშვებას...

2-chaxuteba-1779092346.png

ფოტო: სტოპკადრები ვიდეოდან: მარცხნივ - ორი EA-18G Growler-ი ჰაერში ერთმანეთს „ეხუტება“, მარჯვნივ -„ჩახუტებული“ თვითმფრინავებიდან კატაპულტირებული ეკიპაჟების ოთხივე წევრის გახსნილი პარაშუტები...

თითოეული EA-18G Growler-ის ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატება და რამდენიმე წამში ამერიკელმა ადმირალებმა ორასი მილიონით დააზარალეს პენტაგონი, თუმცა აქ მთავარი არა ფასია, არამედ - ამ სპეციალიზებული საბრძოლო თვითმფრინავების სიმცირე, რადგან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაში მხოლოდ ასიოდე ასეთი თვითმფრინავი თუ დარჩა, არადა, მათ გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი საჰაერო ოპერაციის დაწყება.

ასევე დაგაინტერესებთ: "დედაქალაქების ომი"- შურისმაძიებელი მასიური შეტევა მოსკოვზე კიევის დაბომბვის საპასუხოდ...

უკრაინელებმა ბერიაშვილის კიდევ ერთი თვითმფრინავი ააფეთქეს ...

ჩინეთიდან დაბრუნებული ტრამპი ირანთან ომს აუცილებლად განაახლებს?!

კიევის ყველაზე მასიური და დაუნდობელი დაბომბვა - პუტინმა იცის, რომ მისი "ისკანდერების" მოსაგერიებელი "პეტრიოტის" ანტირაკეტები ტრამპმა უკრაინას აღარ გაუგზავნა

რომ არა EA-18G Growler-ები, ამერიკული ავიაცია, რომელიც 39 დღე და ღამე ირანს ბომბავდა, ბევრად მეტ საბრძოლო დანაკარგს განიცდიდა - ის ერთი F-15E Strike Eagle ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი, რომელიც პენტაგონმა ირანის ცაში 3 აპრილს დაკარგა და რომლის ეკიპაჟის ორი კატაპულტირებული წევრის ძებნა-გადარჩენის ოპერაცია დიდად დრამატულად წარიმართა (რომლის დროსაც, ამერიკულმა მხარემ კიდევ რამდენიმე თვითმფრინავი და შვეულმფრენი დაკარგა), ჩამოგდებული იქნა სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტით, რომლის ჩახშობასაც რადიოელექტრონული ბრძოლისთვის განკუთვნილი EA-18G Growler-ები უბრალოდ, ტექნიკურადაც ვერ შეძლებდნენ.

3-chaxuteba-1779092222.jpg

ფოტო: EA-18G Growler-ი ამერიკელი მფრინავების „მფარველ ანგელოზს“ წარმოადგენს, რომლის გარეშეც არც ერთი საჰაერო ოპერაცია არ იწყება, რადგან მან უნდა „დააბრმავოს“ მოწინააღმდეგის რადიოლოკატორები და რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტები...

დღე-დღეზე მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაახლოს ირანის საჰაერო დაბომბვები, რომლის დროსაც ამერიკელ სამხედროებს ბევრი, სწორედ EA-18G Growler-ები დასჭირდებათ...

რაც შეეხება თავად ამ საავიაციო შემთხვევის მიზეზს, მას, რა თქმა უნდა, კომპეტენტური ამერიკული სპეციალური კომისია გამოიკვლევს, თუმცა გავრცელებული ვიდოკადრებიდან გამომდინარე, წინასწარ შეიძლება შემდეგი ითქვას - წამყვან თვითმფრინავს მიმყოლი თვითმფრინავი დაეწია და სახიფათოდ მიუახლოვდა, რის შემდეგაც მოხდა ჰაერში შეჯახება (რაშიც მთავარი დამნაშავე მიმყოლი თვითმფრინავის პილოტი უნდა იყოს) და ორივე თვითმფრინავი ერთმანეთს უცნაურად „გადაება“, „ჩაეხუტა“, მაგრამ არ აფეთქდნენ და ასე „ჩახუტებულები“ ერთად დაენარცხნენ მიწას...