როგორ მოქმედებდა რუსეთის აგენტურა საქართველოს სახელისუფლებო შტოებში?!
ათწლეულები გადის, მდგომარეობა კი უცვლელია: საქართველოს მთავარი პრობლემა უცხო ქვეყნების აგენტურა იყო, არის და... კვლავ იქნება? დღეს მინდა დავასრულო ორი „ჯაშუშის“: თამაზ გოლოევისა და გიორგი უძილაურის „საქმეების“ შესახებ თხრობა. უფრო სწორად, დროებითი პაუზა უნდა ავიღო, მანამდე, ვიდრე კონკრეტულ მტკიცებულებებს არ შევიტყობთ ბრალდების მხრისგან.
სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, თამაზ გოლოევის საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. უნდა ვივარაუდოთ, რომ „ხანგრძლივი დრო“, სულ მცირე, 9-12 თვეს მაინც უნდა გულისხმობდეს, რა პერიოდშიც უტყუარი მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო მოპოვებული.
გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქეო. ამ შემთხვევაშიც დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო ბრალდების გამამყარებელი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
ხაზგასმით უნდა ითქვას: გრიფი „საიდუმლო“ და სასამართლოს სხდომების დახურულ რეჟიმში ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ კონკრეტული ფაქტები არ იცოდეს. კერძოდ: გადაბირების დრო და ადგილი; კავშირის ფორმები; გადაცემული ინფორმაციის მოცულობა; ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი და ა.შ.
ეჭვმიტანილები, თუ მართლაც ჯაშუშობდნენ, მათი დაპატიმრებისა და სატელევიზიო შოუების მოწყობის ნაცვლად, ხომ შეიძლებოდა, "ოპერატიული თამაში" დაგვეწყო ჩვენს მოწინააღმდეგესთან და დაგვედგინა, თუ რა სახის საიდუმლო ინფორმაცია აინტერესებს მას და ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო დეზინფორმაცია მიგვეწოდებინა? ეს ხომ კონტრდაზვერვის „უმაღლესი პილოტაჟი“ იქნებოდა!
უცხო ქვეყნის ჯაშუშებს ყველა ქვეყანაში ებრძვიან, თუმცა ჯაშუშობა არ არის მარტივად დასამტკიცებელი დანაშაული. ამ დროს უმთავრესია აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვება და კანონის მიხედვით დოკუმენტირება. ხშირად ეს პროცესი თვეობით და წლობით გრძელდება. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პიროვნების ოპერატიული დამუშავება გულისხმობს: მისი ბიოგრაფიის დაწვრილებით ანალიზს, მისი შემოსავლების და ხარჯების შესწავლას; უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან საეჭვო კონტაქტების გამოვლენას, აგენტურის "ჩანერგვას" მის გარემოცვაში; გარეთვალთვალს; ფარულ მოსმენებს, ფარულ ფოტო და ვიდეოგადაღებებს, ელექტრონული ფოსტის შემოწმებას და სხვა. ამ ურთულეს პროცესში მთავარი მაინც მყარი ნივთმტკიცებულების მოპოვება და ეჭვმიტანილის დანაშაულის ადგილზე, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის დროს დაკავებაა. ის სპეცსამსახური, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებებს კანონის სრული დაცვით და შეუცდომლად განახორციელებს, ეჭვმიტანილის აღიარებით ჩვენებებზე უკვე აღარ იქნება დამოკიდებული და საზოგადოების მხრიდან კრიტიკასაც არ დაიმსახურებს.
ჩვენს ქვეყანაში მოვლენები იმდენად დინამიკურად ვითარდება, რომ შესაძლოა, ბევრს გადაავიწყდა წინა ხელისუფლების სპეცსამსახურების "ძლევამოსილი" ოპერაციები და რუსეთის ჯაშუშთა ქსელის "საკვირველი" აღმოჩენა და "განეიტრალება", ქართული კონტრდაზვერვის მიერ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მ. სააკაშვილს მისი "ფანები" დავით აღმაშენებელს ადარებენ და გაიძახიან: "მიშამ ძველი სისტემა დაანგრია და ახალი საქართველო შექმნაო". თავად ვარ მოწმე, თუ როგორ იწყებდა მაშინდელი პრეზიდენტი საქართველოს უშიშროების სისტემის ნგრევას და სად მიგვიყვანა მ. სააკაშვილის "აღმშენებლობამ", კონკრეტულად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით.
იმ წლებში სახელმწიფო უშიშროების ძველი სისტემა მართლაც "დაინგრა", მხოლოდ გამოცდილი კადრების სამსახურიდან დათხოვნის თვალსაზრისით. უშიშროების სამინისტროდან ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმებისა და შეფასების გარეშე (უმთავრესად ზედა და საშუალო რგოლებიდან) დაითხოვეს პროფესიონალი და პატრიოტი კადრების დიდი უმრავლესობა. მათ მაგივრად კი სრულიად გამოუცდელ, მაგრამ პირადი ერთგულების საფუძველზე შერჩეულ ადამიანებს (რომელთა პირადი ცხოვრება და ძველი კავშირები სრულიად შეუმოწმებელი იყო, ბევრ მათგანს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილიც კი არ ჰქონდა) გაუხსნეს გზა. მათი არაპროფესიონალიზმი ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა, სამაგიეროდ, ისინი მზად იყვნენ, "უმაღლესი ქურუმის" - მ. სააკაშვილის ყველა ხუშტური შეესრულებინათ.

ფოტო: „რუსეთის ჯაშუშების“ რისხვა
უკანასკნელი ოცი წელია, რაც საქართველოს ხელისუფლების ყველა სფეროში და ყველა დონეზე, ახალგაზრდა, ხშირად გამოუცდელი და შეუმოწმებელი კადრების ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს პოსტებზე დანიშვნა დამკვიდრდა. საჯარო სამსახური, მით უფრო - სპეცსამსახურები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყოველთვის იყო და იქნება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტები. ამ პირობებში სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს კადრების შერჩევის პროცესს, რომლის მთავარი მოთხოვნა/კრიტერიუმები უნდა იყოს: 1. პატიოსნება; 2. პატრიოტიზმი და 3. პროფესიონალიზმი.
"ნაციონალების" მმართველობის ცხრაწლიანი "ჯაშუშომანიის" ანალიზის შემდეგ იკვეთება საქართველოს სპეცსამსახურების ამ დანაშაულებრივი ქმედებების რამდენიმე რეალური მიზანი: კრიზისების გადაფარვა, "ჯაშუშების" გამოვლენა პიარისთვის, "ჯაშუშობის" ბრალდება დაკავებულების ბიზნესის ხელში ჩასაგდებად და ბოლოს, ნებსით თუ უნებლიეთ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ფარული ამოცანების შესრულება. "ნაციონალების" ხელისუფლება რუსეთის ჯაშუშებს კანცელარიის ჩინოვნიკებში, ექსპერტებში, რიგით მფრინავებსა და ფოტოგრაფებში რომ "პოულობდა", მთავარ მოწინააღმდეგეს რატომღაც ვერ ხედავდა: "აგვისტოს ომმა" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის აგენტურა ქვეყნის ყველა სახელისუფლებო შტოში, უპირველესად კი - ძალოვან სტრუქტურებში, მართლაც თავისუფლად მოქმედებდა.

ფოტო: „ბიჭო ვისი ხარ, თამაზი“?
"დემოკრატიის შუქურად" წოდებულ ქვეყანას უცხო სპეცსამსახურების აგენტების გამოვლენის მხრივაც მოწინავე პოზიციები უნდა ჰქონოდა და უცხოელ მეგობარ/პარტნიორებთან თავი მოეწონებინა: ჯაშუშების აღმოჩენა ქვეყნის გარეთ და შიგნით მხოლოდ პიარს ემსახურებოდა.
იმ წლებში რამდენი პიროვნება და ოჯახი გახდა მოგონილი ჯაშუშობის ბრალდების მსხვერპლი? სასამართლოს გადაწყვეტილება რომ მხოლოდ აღიარებას ემყარებოდა და სხვა მტკიცებულებები არ არსებობდა, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. "მტკიცებულებების" შექმნა და დანაშაულის "აღიარება" კი წამების გზით მიიღწეოდა - ამაზე კი ახლაც სდუმან "ქურუმის ფანები".
„ჯაშუშომანია“ ზუსტად ოცი წლის წინ დაიწყო. 2006 წლის 28 მარტს ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველ-კონსულტანტი დააკავეს. იმ დღეს მოვლენები ელვისუსწრაფესად ვითარდებოდა. ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ჟურნალისტებს სპეციალურად შეხვდა და ემოციურად ისაუბრა, როგორც ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში ბრალდებულის, ასევე ზოგადად - საქართველოში მომრავლებული სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტურის შესახებ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ოფიციალურად აღიარებდა ჯაშუშების არსებობას. მაშინ პრეზიდენტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ამგვარი კომენტარი გააკეთა: "საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ ამ კონკრეტული პიროვნების საქმიანობას. საქართველოში, არასოდეს დამოუკიდებლობის შემდეგ, ამ ბრალდებით სახელმწიფო უწყებებში არავინ დაუკავებიათ. ეს პერიოდი დამთავრდა. ვშიშობ, რომ ეს არის ბოლო ადამიანი, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფო ორგანოებში (იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს), რომელიც დაკავებულია ანალოგიური საქმიანობითო". მაშინდელი პრეზიდენტის მონოლოგისა და "დაკავების ტელეშოუს" ჩვენებისთანავე გაჩნდა ეჭვი: ამ, ხელოვნურად შექმნილი სენსაციით ხელისუფლებისთვის საზიანო პოლიტიკური პროცესების გადაფარვა სურდათ.
ამ დროს ჯაშუშობაში ბრალდებულისთვის ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა უფრო საბოლოო განაჩენის გამოტანას ჰგავდა, ვიდრე - იურიდიული განათლების მქონე პირის მოზომილ, უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნების გათვალისწინებით გაკეთებულ განცხადებას. საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა მაშინ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, დაკავებული დამნაშავედ ცნო და სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი. ამგვარი ბრალდება ხელქვეითებისთვის პირდაპირ ბრძანებად გაისმა და ისინიც ამოქმედდნენ.
სასამართლო პროცესი, რომელზეც ჯაშუშობის ბრალდება უნდა დამტკიცებულიყო, დახურულ რეჟიმში, იმდენად კულუარულად და სწრაფად ჩატარდა, თითქოსდა, კაცს სიგარეტის ქურდობას ედავებოდნენ. დახურულ პროცესზე არც მასმედიის წარმომადგენლები დაუშვეს, თავად ბრალდებული კი დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ იძულებული იყო, აღიარებითი ჩვენება მიეცა. იმ წლებში გამართულ „ჯაშუშურ“ სასამართლო პროცესებზე მოსამართლეების ამგვარი ტრაფარეტული ფრაზა მეორდებოდა: “სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსასჯელები გამოძიებით დაუდგენელ დროს და დაუდგენელ ვითარებაში გადაბირებულნი იყვნენ...“ აქ მართლაც კომენტარი ზედმეტია.

ფოტო: სუს-ის ვერსიით, ეს ვიდეომტკიცებულებაა. თუმცა არც სახეები ჩანს, არც დოკუმენტი და არც თანხა.
მაშინდელი ხელისუფლების დავალებით, სპეცსამსახურების ხელმძღვანელები "ჯაშუშობის" საქმეების გამოძიების პროცესში თავს არ იწუხებდნენ, მყარი მტკიცებულებების მოპოვებით, საზოგადოებისათვის წარდგენით და სამართლებრივი სფეროდან აშკარად გადავიდნენ მტკიცებულებების შექმნაზე. მათ დაიწყეს ჯაშუშობის ბრალდებით საქმეების "შეკერვა", რასაც შემდეგ "რეალითი შოუების" სახით, თანაც - უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა და მრავალჯერადი დარღვევით, გვთავაზობდნენ ტელეეკრანებიდან.
"ჯაშუში სახელმწიფო კანცელარიაში", "ჯაშუში ექსპერტი", "ოპერაცია "ენვერი", "ფოტორეპორტიორების საქმე", "კოჭოია ტერორისტები" და კიდევ ბევრი საქმე, მხოლოდ ეჭვმიტანილების აღიარებით ჩვენებებს ეყრდნობოდა, სხვა მტკიცებულებები კი (გაყალბებული ფარული სატელეფონო საუბრები, დაკავებულთა კომპიუტერებსა და მეხსიერების ბარათებში მათი მაკომპრომეტირებელი მასალის დამატება და ა.შ.) - სპეცსამსახურების "შეკერილი" იყო. სასამართლო პროცესზე საქმის არსებით განხილვამდე არც მიდიოდნენ (რათა "მტკიცებულებების" გაყალბება არ დადასტურებულიყო), ისე უფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და "ჯაშუშებს" მალევე ათავისუფლებდნენ!
ჯაშუშობის ბრალდებით მფრინავების, ექსპერტების და ფოტოგრაფების დაკავება ის შემთხვევები იყო, როდესაც თვალის მოსაჩვენებლად აკავებდნენ "აგენტებს", ამ დროს კი - საიდუმლო ინფორმაციის გადინების რეალური არხები შეუფერხებლად მოქმედებდნენ. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, უპირველესად, იმ საჯარო მოხელეებზე ნადირობენ, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. ვითომ, ჩვენ სპეცსამსახურებში არ იცოდნენ და არ იციან მოწინააღმდეგის მიერ მცდარ კვალზე დაყენების, რეალური აგენტის შესანიღბად მაკომპრომეტირებელი "ფაქტების" და "დოკუმენტების" შექმნის და ამ გზით უდანაშაულო, პატრიოტი და პროფესიონალი კადრების განეიტრალების სპეცოპერაციების შესახებ?
ახლა ბრალის აღიარების ყველაზე მტკივნეულ თემას დავუბრუნდეთ. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ნარკოტიკებით გაბრუება, ოჯახის წევრების წამებისა და ლიკვიდაციის მუქარა - აი, ის ძირითადი მეთოდები, რითაც წინა ხელისუფლება ჯაშუშობის ბრალდების თვითაღიარებას აღწევდა. ბოროტი მიზნების მიღწევის ეს გზა ისეთივე ძველია, როგორც - სამყარო. ძალზე შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი ყოფილი ქვეყნის - საბჭოთა კავშირის ისტორია და იოსებ სტალინის პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც დანაშაულის აღიარება, თუნდაც - "ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანა", მთავარი და გადამწყვეტი მტკიცებულება იყო.
ასევე დაგაინტერესებთ: გიორგი უძილაურისა და თამაზ გოლოევის საქმეები - რას გვაჩვენებს ჯაშუშობის სკანდალი?!
რა საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და ჩეხეთის ხელისუფლებებს შორის?!
პუტინის "პოლიტიკური სირაქლემები" და "ნოვიჩოკის" სკანდალი - ჩეხი "ორბანის" მანევრები
უკანასკნელ ხანს ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ეს საკადრო ცვლილება (სუსიდან - უპორტფელო ვიცეპრემიერად, საბურთალოდან - სოლოლაკში) მამუკა მდინარაძის დაქვეითება იყო, თუ დაწინაურება? ამ საკითხს ორი მხარე აქვს: ფორმალური და არაფორმალური. ფორმალურად ვიცეპრემიერი სუს-ის უფროსზე მაღალი იერარქიული თანამდებობაა, თუმცა ამ შემთხვევაში ვიცეპრემიერი/სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც საკუთარი აპარატი არ ეხმარება და მთლიანად მთავრობის აპარატის იმედად უნდა იყოს, ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორც „მაუზერი“ ვაზნების გარეშე. ის მოკლებული იქნება, როგორც სრული ინფორმაციის მიღებას, ასევე - სრულყოფილ ანალიზს. სუსი კი ქართულ რეალობაში სულ სხვა დატვირთვის მატარებელია, ვიდრე მხოლოდ ერთი, ჩვეულებრივი სპეცსამსახური და მის სპეციფიკას ორი სტრუქტურული ერთეული: ანტიკორუფციული სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი განსაზღვრავენ. ვინც ამ ორ ოპერატიულ დანაყოფს აკონტროლებს საქართველოში, „მუსიკასაც ის უკვეთავს“. ასე რომ, ცდუნება ძალზე დიდია.
ამას წინათ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ვიცეპრემიერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა და სულ ბოლო შემთხვევა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას უკავშირდება. თუ გნებავთ, ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტს ამაზე აღარაფერს ვიტყვი, ევროპის ერთი-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დავაკავეთო. დიდი მკითხაობა არ უნდა, რომ აქ დიდი ბრიტანეთი ან გერმანია, ან საფრანგეთი იგულისხმებოდა, ხოლო ჯაშუშობაში ბრალდებული - გიორგი უძილაური გახლავთ. რაც შეეხება ახალგაზრდა ყმაწვილ თამაზ გოლოევს: რომელი ქვეყნის ჯაშუშობაშია ის ეჭვმიტანილი? რუსეთის? თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბე „ცელქობდა“? რუსეთის ხელისუფლებას ეს არგუმენტი უკვე მომზადებული ექნება.
წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი "ჯაშუშომანიის ისტერია" კარგად გამიზნული ქმედებები იყო, რუსეთის რეალური აგენტურის შესანიღბად. ეს ჩემი მოსაზრებაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ, რამდენიმე სკანდალური პროცესის ფიგურანტები მართლაც ჯაშუშები იყვნენ, კეთილი ინებოს და მათი დანაშაულის დამამტკიცებელი უფრო მყარი მტკიცებულებები წარმოადგინოს!
ხშირად ბოროტებისა და სიკეთის გარჩევა გვიჭირს, თანაც სიკეთეს ბოროტებაზე სწრაფად ვივიწყებთ. განა რომელი თანამდებობა ღირს იმად, რომ შენი პოლიტიკური კარიერისთვის უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება-წამება-ცემა დაგეგმო და დავალება გასცე? სასამართლომდე თავად გამოუტანო განაჩენი ეჭვმიტანილს და ჯაშუშობის ბრალდებებით ტელევიზორის ეკრანიდან იკეკლუცო? ათასობით ოჯახები გაწირო და ბოროტებისა და არაკაცობის უმძიმესი ლოდი სატარებლად შენს ჯიშ-ჯილაგს, შენს შთამომავლობას აჰკიდო სამარადჟამოდ? ეს წინა ხელისუფლების გზა იყო. ნუ წახვალთ ამ გზით.