უკრაინას ახალ ფრონტს გაუხსნიან?! - შეუტევს თუ არა კიევს ლუკაშენკო და როგორ შეიცვლება ომის სცენარი?
ბელარუსის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთს გადამწყვეტ ძალას შეჰმატებს...
ბოლო დღეებია, გააქტიურდა ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელში გადასულ ამ ომში შეიძლება ბელარუსიც ჩაერთოს, რუსეთის მხარეს და ლუკაშენკომ არა მარტო თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან მისცეს პუტინის არმიას უკრაინაზე შეტევის უფლება (როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა ამ ომის დაწყების პირველ დღეებში), არამედ - ბელარუსის შეიარაღებული ძალების შენაერთები და დანაყოფებიც ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში...
ჯერ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი დაზვერვის მონაცემებით, მიდის მზადება ბელარუსის არმიის შესაძლო ჩაბმაზე ამ ომში, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა სირსკიმ დააკონკრეტა, რომ დღეისთვის რუსეთ-უკრაინის ომში 1 200 კმ-მდე აქტიური ფრონტის ხაზია და თუკი ბელარუსის არმია მართლაც დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე, ეს დამატებით დიდ და ურთულეს გამოცდად იქცევა უკრაინის თავადაცვითი სისტემისთვის...
უკრაინა-ბელარუსის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1 084 კმ-ს შეადგენს და ის მერამდენე წელია, ჩაკეტილია. უკრაინის მხარეს მესაზღვრეების გარდა საარმიო ნაწილებიც ჰყავს განთავსებული ამ საზღვრის გასწვრივ, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა და თუკი მართლაც რეალური გახდა იმის საშიშროება, რომ ლუკაშენკო ბოლომდე „ჩაუწვება“ პუტინს ფეხებში და რუსებთან ერთად ბელარუს სამხედროებსაც შეუსევს უკრაინის საზღვარს, მაშინ უკრაინის გენშტაბს მოუწევს საბრძოლო დანაყოფების ნაწილის მოხსნა აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებიდან და მათი სასწრაფოდ გადასროლა ჩრდილოეთ საზღვრის გასაძლიერებლად. ეს, რა თქმა უნდა, შეასუსტებს უკრაინის თავდაცვით პოტენციალს ფრონტის ყველაზე რთულ, აღმოსავლეთ მონაკვეთზე, რითაც სარგებლობას აუცილებლად შეეცდება რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა, რათა ომის მეხუთე წელს მაინც შეუსრულონ თავიანთ უმაღლეს მთავარსარდალს -პუტინს ოცნება და ბოლოს და ბოლოს, როგორმე მთლიანად დაიპყრონ უკრაინის დონეცკის ოლქი.
უკრაინის სასარგებლოდ ერთი ის მეტყველებს, რომ მისი ბელარუსთან საზღვრის დიდი ნაწილი დაჭაობებულია და არ გამოდგება მძიმე საბრძოლო ჯავშანტექნიკის გადასალახავად, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო ეტაპზე გამოიკვეთა ახალი საბრძოლო ტაქტიკა, ქვეითი მცირერიცხოვანი მოიერიშე ჯგუფების ფართო გამოყენებით, ჯავშანტექნიკის დახმარების გარეშე.
მაგრამ უმთავრესი საშიშრობა უკრაინის მხარისთვის ის არის, რომ ბელარუსის საზღვრიდან უკრაინის დედაქალაქი კიევი, პირდაპირ ხაზით, სულ რაღაც 80-90 კმ-შია.
2022 წლის 24 თებერვალს, ამ ომის დაწყების პირველივე საათებში, კიევთან მდებარე ჰოსტომელის აეროდრომზე საჰაერო დესანტი რუსეთმა სწორედ ბელარუსის საზღვრისპირა რაიონებიდან აფრენილი ორასამდე შვეულმფრენის გამოყენებით გადასხა.
დღეს იმავეს გამეორება პუტინის გენშტაბს ძალზე გაუჭირდება, რადგან ოთხწლიან ომში უკრაინელი მეზენიტეები მსოფლიოში საუკეთესონი გახდნენ, იმდენი „წაივარჯიშეს“ რუსული „შაჰიდ/გერანების“ ჩამოგდებაში და მათთვის რუსული შვეულმფრენების ციდან „ჩამოხსნა“ კიდევ უფრო იოლი ამოცანაა.
ასევე დაგაინტერესებთ: წარმოუდგენელი საჰაერო შეჯახება - ცაში "ჩახუტებული" ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები
"დედაქალაქების ომი"- შურისმაძიებელი მასიური შეტევა მოსკოვზე კიევის დაბომბვის საპასუხოდ...
უკრაინელებმა ბერიაშვილის კიდევ ერთი თვითმფრინავი ააფეთქეს ...
ჩინეთიდან დაბრუნებული ტრამპი ირანთან ომს აუცილებლად განაახლებს?!
თუმცა მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალი რუსულ-ბელარუსული მოიერიშე ჯგუფების შეღწევა ბელარუსის საზღვრიდან უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და მათ შორის - კიევის მიმართულებით, რეალურად დიდ საფრთხეს შექმნის მთლიანად უკრაინისთვის და აგრესორი ქვეყნის - რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ფაქტობრივად, „ომის ჩიხშია“ მოქცეული, მისგან თავის დაღწევის იმედს გაუჩენს...
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოზე, რადგან თუკი მან ეს საბედისწერო ნაბიჯი გადადგა, მაშინ ის ისტორიაში შევა, როგორც ბელარუს და უკრაინელ მოძმე ერებში შუღლის ჩამგდები პოლიტიკური ლიდერი, ისევე, როგორც ისტორიის ფურცლებში უკვე ჩაიწერა პუტინი, როგორც რუსი და უკრაინელი ხალხის საუკუნედ გადამკიდე დიქტატორი...