ირანთან ომის 39 დღეში ამერიკამ 42-ზე მეტი საფრენი აპარატი დაკარგა - კვირის პალიტრა

ირანთან ომის 39 დღეში ამერიკამ 42-ზე მეტი საფრენი აპარატი დაკარგა

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ არ განაცხადოს, -ირანს ისე მაგრად დავარტყით, რომ საზღვაო ფლოტიც გავუნადგურეთ და მთელი საავიაციოცო...

2026 წლის 28 თებერვლიდან 7 აპრილის ჩათვლით მიმდინარე 39-დღიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს ამერიკამ, ისრაელთან ერთად, ირანს მართლაც მიაყენა სერიოზული ზიანი სამხედრო შეიარაღებასა და ინფრასტრუქტურაში, მაგრამ თავად რა დანაკლისი განიცადა პენტაგონმა ამავე ომის დროს?

ზუსტი ციფრები, რამდენი თვითმფრინავი, შვეულმფრენი თუ დრონი დაკარგეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ომის დროს, თვით კონგრესში მიმდინარე მოსმენის დროსაც კი არ დააკონკრეტა პენტაგონის შეფმა, ამჟამად ომის მინისტრად წოდებულმა პიტ ჰეგსეტმა.

თუმცა ამერიკელმა კონგრესმენებმა მაინც მოიპოვეს ინფორმაცია თავისი ქვეყნის საბრძოლო დანაკარგებზე და ის ოფიციალურად გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც 2026 წლის 28 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო ოპერაციის - Epic Fury-ის დროს შემდეგი სახეობებისა და ტიპების საფრენი აპარატები დაკარგეს დაზიანებულებისა და განადგურებულების სახით:

ირანის საჰაერო თავდაცვის ცეცხლის შედეგად დაზიანდა ერთი F-35 გამანადგურებელი;

ოთხი F-15E Strike Eagle გამანადგურებელი-ბომბდამშენი თვითმფრინავი (3 ჩამოაგდო ქუვეითის საჰაერო ძალებმა, „მეგობრული ცეცხლის“ გამო, ხოლო ერთი კი - ირანის საჰაერო თავდაცვამ, რომლიდანაც კატაპულტირებული ორი ამერიკელი მფრინავის საძიებო-სამაშველო ოპერაცია ძალიან ძვირი დაუჯდა პენტაგონს);

ერთი A-10 Thunderbolt II მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა ირანის საჰაერო თავდაცვის ცეცხლის გამო;

ერთი „ავაქსი“- E-3G Sentry AWACS თვითმფრინავი განადგურდა პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე;

1-amerikuli-danakargebi-1779363229.jpg
ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული დანაკარგი - პრინც სულთანის აეროდრომზე აფეთქებული 500-მლნ-იანი „ავაქსი“ -E-3G Sentry AWACS-ი

შვიდი KC-135 საჰაერო ტანკერი (1 ჩამოვარდა და 1 დაზიანდა ჰაერში შეჯახებისას, 5 დაზიანდა საუდის არაბეთში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე ირანის საჰაერო შეტევის შედეგად);

ორი MC-130J Commando II თვითმფრინავი განადგურდა აშშ-ის მიერ, ირანში სამაშველო ოპერაციის დროს, ევაკუაციის შეუძლებლობის გამო.

ერთი HH-60G Pave Hawk შვეულმფრენი, რომელიც დაზიანდა საძიებო-სამაშველო მისიის დროს, ხმელეთზე განხორციელებული სროლის შედეგად; ერთი სტრატეგიული დანიშნულების MQ-4C Triton ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ჩამოვარდა სპარსეთის ყურის თავზე; ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 24 ერთეული MQ-9 Reaper ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი დრონი.

თუმცა ეს ანგარიში რატომღაც არ მოიცავს აშშ-ის საჰაერო ძალების სხვა, საჯაროდ ცნობილ დანაკარგებს, როგორიცაა CH-47 Chinook-ი, UH-60, CH-53 Sea Stallion-ი და, დაახლოებით, ოთხი MH-6 Little Birds-ის ტიპის შვეულმფრენი და კიდევ ერთი KC-135-ის ტიპის საჰაერო ტანკერი, რის შედეგადაც ამერიკული დანაკარგების რაოდენობა, სავარაუდოდ, 42 თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ნაცვლად, თითქმის 50-მდე გაიზრდებოდა...

საგულისხმოა, რომ ერთი A-10 Thunderbolt II მოიერიშე, ორი MC-130J Commando II თვითმფრინავი, ერთი, „ბლექ ჰოუკის“ შვეულმფრენის სპეციალიზირებული მოდიფიკაცია HH-60G Pave Hawk-ი და დაახლოებით ოთხი MH-6 Little Birds-ის ტიპის შვეულმფრენი პენტაგონმა მას შემდეგ დაკარგა, რაც პრეზიდენტ ტრამპის ბრძანების თანახმად, გაგზავნილნი იყვნენ ჩამოგდებული F-15E Strike Eagle გამანადგურებელი-ბომბდამშენის კატაპულტირებული ეკიპაჟის ორი წევრის სასწრაფოდ მოსაძებნად და სამშვიდობოზე გამოსაყვანად, რადგან ირანელების მიერ მათი დატყვევების შემთხვევაში, პრეზიდენტ ტრამპს დიდი პოლიტიკური დარტყმა ელოდა და, შესაბამისად, თეთრი სახლის დაჟინებული მოთხოვნა გახლდათ, რომ პენტაგონს ძალ-ღონე არ დაეშურებინა ამ ორი ამერიკული მფრინავის გადასარჩენად, რაც უნდა დამჯდარიყო ეს ოპერაცია...

ამერიკული ავიაციის საბრძოლო დანაკარგების ამ ჩამონათვალში, ასევე, ყურადღებას იპყრობს 24 ერთეული ჩამოგდებული MQ-9 Reaper-ის ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი დრონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანელები დღე-ნახევარში თითო-თითო ასეთ ამერიკულ დრონს აგდებდენ, არადა, ერთი MQ-9 Reaper-ის ფასი 30 მლნ აშშ დოლარს აღემატება...

2-amerikuli-danakargebi-1779363229.jpg
აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ ამ ინფოგრაფიკაზე მოცემულია ამერიკული ავიაციის საბრძოლო დანაკარგები ირანის წინააღმდეგ წარმოებული Epic Fury-ის საჰაერო ოპერაციის დროს

ირანის საჰაერო თავდაცვის ასეთი წარმატება ამ კონკრეტული ამერიკული დრონების ჩამოგდებაში იმითაც იყო განპირობებული, რომ პენტაგონი ჩამოგდებული F-15E Strike Eagle-ს მფრინავების მოძებნისას გაღებული ამხელა დანაკარგების შემდეგ, ცდილობდა, ირანის ცაში მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატები გაეშვა, რომ კიდევ პრობლემად არ გასჩენოდა სხვა კატაპულტირებული მფრინავების გადარჩენაც...

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინას ახალ ფრონტს გაუხსნიან?! - შეუტევს თუ არა კიევს ლუკაშენკო და როგორ შეიცვლება ომის სცენარი?

წარმოუდგენელი საჰაერო შეჯახება - ცაში "ჩახუტებული" ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები

"დედაქალაქების ომი"- შურისმაძიებელი მასიური შეტევა მოსკოვზე კიევის დაბომბვის საპასუხოდ...

უკრაინელებმა ბერიაშვილის კიდევ ერთი თვითმფრინავი ააფეთქეს ...

Epic Fury-ის საჰაერო ოპერაციის ფარგლებში აშშ-ის საბრძოლო და სატრანსპორტო ავიაციამ, საერთო ჯამში, 13-ათასამდე გაფრენა განახორციელა და ამის ფონზე, არც ისე კატასტროფულად მოჩანს დაზინებულ-განადგურებული 42-დან 50-მდე ამერიკული თვითმფრინავი, შვეულმფრენი და დრონი და ეს დანაკარგი ბევრად ნაკლები იქნებოდა, რომ არა ამერიკული „დამრტყმელი არწივიდან“ კატაპულტირებული ორი მფრინავის საძიებო-სამაშველო ოპერაცია..

3-amerikuli-danakargebi-1779363229.jpg
ირანის სარაკეტო შეტევამ ეს ამერიკული CH-47 Chinook-იც სერიოზულად დააზიანა...

შედარებისთვის - ამავე პერიოდში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, „ლომის ღრიალის“ საჰაერო ოპერაციის ფარგლებში, ირანის წინააღმდეგ 5 700-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს და გამოიყენეს 12-ათასამდე ტონის საერთო მასის საავიაციო ბომბები და რაკეტები.

ისრაელის ოფიციალური განცხადებით, მას არც ერთი პილოტირებული თვითმფრინავი არ დაუკარგავს, ირანის საჰაერო სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ 200-მდე თვითმფრინავით თითქმის ერთდროულად უტევდა ირანის 500-მდე სამიზნეს.

თუ ეს მართალია, მაშინ ისრაელის სამხედრო პილოტების უმაღლეს პროფესიონალიზმზე მიუთითებს, ისე კი, ირანელმა მეზენიტეებმა ისრაელის კუთვნილი რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მაინც ჩამოაგდეს...