ტრამპის "სიურპრიზი" სი ძინპინს: დიდი შეხვედრის სკანდალური კულუარები - არკადიადან პეკინამდე
ტყუილად კი არ ამბობენ, დიპლომატია სიცრუის თქმისა და თვალთმაქცობის ხელოვნებააო.
14-15 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთში იმყოფებოდა, ოფიციალური ვიზიტით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დონალდ ტრამპი პეკინში პომპეზურად მიიღო, დონალდმა და სიმ ურთიერთკომპლიმენტები არ დაიშურეს და მსოფლიოს დასანახად დიდ ურთიერთპატივისცემას ასხივებდნენ.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა და ის უნდა გაუმჯობესდეს და არა - განადგურდეს. თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს როგორც ჩინეთს, ასევე - აშშ-ს, ხოლო ჩვენს შორის დაპირისპირება ორმხრივ ზიანს გამოიწვევს, ამიტომ ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა - მეტოქეებიო“, - აღნიშნა ჩინეთის ერთპიროვნულმა მმართველმა.
მას არც პრეზიდენტი ტრამპი ჩამორჩა. ამ შეხვედრით ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა სცადეს დათბობის ილუზიის შექმნა, თუმცა ორივე ლიდერი მინიშნებებით ცდილობდა, საკუთარი ქვეყნის უპირატესობა ეჩვენებინა. მათი შეხვედრები, რომლებიც ოფიციალურად თანამშრომლობის და სტაბილურობის დემონსტრირებას ემსახურებოდა და მაქსიმალურად პოზიტიურად იყო შეფუთული, რეალურად ბევრად უფრო რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას მალავდა. აშშ-ისა და ჩინეთს შორის გადაულახავი პრობლემებია: ვაჭრობით დაწყებული, ტაივანითა და ბირთვული შეიარაღებით დამთავრებული. ამ თემებზე სერიოზულ საუბარს ორივე ლიდერმა აარიდა თავი. საინტერესოა, თუ რა ხდებოდა ამ შეხვედრების კულუარებში და, ზოგადად, როგორ ემზადებოდა დონალდ ტრამპი ამ ვიზიტისთვის.
სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებ, მინდა, დიდი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ღრმა ფილოსოფიური ნოველა: „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და „ლოდკაც“ მასწავლებლის, რიხობერტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩის შეგონებანი გავიხსენო, რასაც ძალზე ბევრი საერთო აქვს, როგორც პოლიტიკასთან, ასევე - დიპლომატიასთანაც. სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, წყალბურთის (ვატერპოლის) მთავარი თავისებურება ისაა, რომ იქ წყლის ზემოთ და წყლის ქვეშ სპორტსმენებს შორის რადიკალურად განსხვავებულ დაპირისპირება მიმდინარეობს. ვატერპოლოში ამხანაგობა ვის გაუგია! დაუნდობელი უნდა იყვეთ: წყლის ქვეშ მძაფრად გაიქნიეთ ფეხი და მუცელში წიხლი ჩააჭედეთ. ქუსლით აჯობებს. წყლის ზემოთ კი სახეზე უმწიკვლობა უნდა გეტყობოდეთ. ვატერპოლო თვით ცხოვრებაა – ამგვარად მოძღვრავდა „აღდგენით სამუშაოებზე“ გამწესებულ მოსწავლეებს რექსაჩი. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა თაობის უდიდესი ნაწილისთვის ეს ნაწარმოები უცნობია, თუმცა კვლავ გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთ გმირს დავესესხები: ამ ნოველის წაკითხვით მათ დიდი ბედნიერება აქვთ წინ.

ფოტო: ამგვარად წარმოუდგენია ChatGPT-ის დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები
საიდუმლო არ არის, რომ ჩინეთის სპეცსამსახურების ძირითადი დასაყრდენი დიასპორა და „ტრიადაა“. სამივე ერთად კი ერთგულად ემსახურება კომუნისტურ რეჟიმს. ჩინეთის მოსახლეობის ზრდის გამო, მრავალი მილიონი ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და, როგორც წესი, ღია და ფარულ კონტაქტს აგრძელებს სამშობლოსთან. მრავალრიცხოვანი დიასპორის შიგნით აგენტურის გადაბირება ჩინეთის დაზვერვის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა. დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის წინ ამერიკელებმა ჩინელებს „საჩუქარი“ მოუმზადეს.
ვიზიტამდე ორი დღით ადრე, 12 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის, არკადიას მერი თანამდებობიდან გადადგა. ერთი შეხედვით რა გეოპოლიტიკური შედეგები უნდა ჰქონოდა ამ გარემოებას? მით უფრო, რომ არკადიის მოსახლოება 60 ათას ადამიანსაც არ აჭარბებს? ეს არის პატარა, თუმცა მდიდარი და განვითარებული ქალაქი. მისი სპეციფიკა ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აზიური, განსაკუთრებით - ჩინური წარმოშობის და ქალაქი აქტიურად არის ჩართული ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებში აზიასთან. ეს ქმნის ნიადაგს, სადაც საზოგადოებრივი და გლობალური პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთში იკვეთება.

ფოტო: არკადია ძალზე მაგონებს ჩვენს ულამაზეს გაგრას
ქალაქის მერი ჩინური წარმოშობის, „ბალზაკის ასაკს“ კარგად გადაცილებული ქალბატონი აილინ ვანგი ბრძანდებოდა. მან თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ იგი ჩინეთის სასარგებლოდ უკანონო მოქმედებაში დაადანაშაულა. აილინ ვანგმა ბრალი აღიარა და პოსტიდანაც გადადგა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგანაც მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისმა ადვოკატებმა ყოფილი მერის სახელით განაცხადეს, რომ: „ის ბოდიშს იხდის და ნანობს დაშვებულ შეცდომებს“. რაში ედება ბრალი ქალბატონ აილინ ვანგს? ჯერ მოკლედ გაგაცნობთ მის ბიოგრაფიას.

ფოტო: აილინ ვანგი
დაიბადა და გაიზარდა ჩინეთში. მისი მშობლები სამედიცინო სფეროში მუშაობდნენ. აშშ-ში გადავიდა, დაახლოებით, 30 წლის წინ. მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც ოჯახი შექმნა. შემდეგ დასახლდა არკადიაში, სადაც აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. აირჩიეს არკადიის ქალაქის საბჭოში. 2022 წლიდან გახდა ქალაქის მმართველი გუნდის წევრი, ხოლო 2026 წელს, არსებული როტაციული სისტემიდან გამომდინარე, დაიკავა არკადიის მერის პოსტი.
აშშ-ის ფედერალური პროკურატურა მას ადანაშაულებს უცხო ქვეყნის (ჩინეთის) არარეგისტრირებული აგენტის ფუნქციების შესრულებაში. კერძოდ, მას ბრალად ედება, რომ 2020-2022 წლებში თანამშრომლობდა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან, ავრცელებდა მათ მიერ მიწოდებულ მასალებს და აგზავნიდა ანგარიშებს, შესრულებული სამუშაოს შესახებ. პროკურატურის მტკიცებით, აილინ ვანგი სისტემატურად ავრცელებდა ჩინეთის ხელისუფლებისთვის სასარგებლო ინფორმაციას და მისი მოღვაწეობა თანდათანობით გაცდა ადგილობრივი მმართველობის ფარგლებს და ჩინეთის „რბილი ძალის“ ოპერაციების ნაწილად იქცა. მას ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ალბათ შეამჩნიეთ, რომ მას 2020-2022 წლებში შესაძლო (უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე) ჩადენილ დანაშაულზე სთხოვენ პასუხს. სად იყო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და პროკურატურა აქამდე? რა თქმა უნდა, ჩინეთის სპეცსამსახურები ძალზე აქტიურად მუშაობენ ევროპასა და ამერიკაში, თუმცა ეს დამთხვევა მაფიქრებინებს, რომ „აილინ ვანგის საქმე“, ჩინეთში ვიზიტის წინ, დონალდ ტრამპის პოზიციების გასამყარებლად „გააცოცხლეს“.
ამ შემთხვევამ მსგავსი სკანდალური ფაქტი გამახსენა. 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ყოფილი თანაშემწე - ლინდა სუნი ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. მაშინ გამოძიების ფედერალური ბიუროს მტკიცებით, ჩინური წარმომავლობის ამერიკის მოქალაქე ლინდა სუნი, წლების მანძილზე მუშაობდა რა ნიუ-იორკის ორი გუბერნატორის (ენდრიუ კუომოსა და ქეითი ჰოკულის) აპარატის უფროსის მოადგილედ, ცდილობდა, ფარულად გაეტარებინა ჩინეთის ხელისუფლების ინტერესები. მინდა, მკითხველმა წარმოიდგინოს, თუ რა მასშტაბებს აღწევდა ჩინეთის „გავლენის აგენტის“ შესაძლო ფარული საქმიანობა: ნიუ-იორკის შტატის ფართობი 141 300 კვადრატული კილომეტრია (ფაქტობრივად, ორი საქართველო) და 20,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მისი ბიუჯეტი - 212 მილიარდი დოლარია. აი ამ უზარმაზარი შტატის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე გახლდათ ქალბატონი ლინდა. მას წვდომა ჰქონდა მაღალი დონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და, ასევე, ძალზე ხშირი კომუნიკაციები გააჩნდა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე - სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოქმედებდა რუსეთის აგენტურა საქართველოს სახელისუფლებო შტოებში?!
გიორგი უძილაურისა და თამაზ გოლოევის საქმეები - რას გვაჩვენებს ჯაშუშობის სკანდალი?!
რა საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და ჩეხეთის ხელისუფლებებს შორის?!
2024 წლის 2 სექტემბერს, მასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლეც, ასევე ჩინური წარმომავლობის ამერიკელი ბიზნესმენი კრისტოფერ ჰუ. გამოძიების ფედერალური ბიუროს მტკიცებით, ლინდა სუნი მაქსიმალურად ცდილობდა პეკინის ინტერესების ფარულ ლობირებას, რის სანაცვლოდაც ცოლ-ქმარი მრავალმილიონიან „ჰონორარებს“იღებდნენო.

ფოტო: კრისტოფერ ჰუ და ლინდა სუნი
გაირკვა, რომ მათ ნიუ-იორკსა და ჰავაიზე შეიძინეს ძვირად ღირებული უძრავი ქონება, რაშიც გადაიხადეს შესაბამისად: 4.1 და 2.1 მილიონი დოლარი. ასევე, შეიძინეს რამდენიმე ძვირად ღირებული ავტომობილი, მათ შორის - 2024 წლის გამოშვება Ferrari Roma. 3 სექტემბერს სასამართლომ ცოლ-ქმარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა შეზღუდა მათი გადაადგილება შეერთებულ შტატებში და აუკრძალა ნიუ-იორკში ჩინეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან კონტაქტი. ამ სკანდალის შემდეგ, 4 სექტემბერს, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ნიუ-იორკში ჩინეთის გენერალური კონსული - ხუან პინი ქვეყნიდან გააძევა. 2025 წელს გაიმართა ლინდა სუნის სასამართლო პროცესი, რომელიც გამოტანილი განაჩენით ვერ დასრულდა (Mistrial): ანუ სასამართლო პროცესში ნაფიც მსაჯულთა ჟიური ვერ შეთანხმდა ერთიან ვერდიქტზე (ხმები გაიყო: არც დამნაშავეა, არც უდანაშაულოა). ეს არ არის გამამართლებელი და არც გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ პროკურატურამ ან საერთოდ უნდა დახუროს, ან თავიდან დაიწყოს საქმე. პროკურატურა ხელახლა პროცესს აპირებს. ამგვარი შედეგი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ასეთი ტიპის საქმეებში (უცხო ქვეყნის აგენტურა, „გავლენის ოპერაციები“) მტკიცებულებები ხშირად ირიბია, ნაფიც მსაჯულთა ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ჩინეთის სპეცსამსახურების სხვა სპეცოპერაციების შესახებ შემდეგ ვისაუბროთ.
(პირველი ნაწილის დასასრული)