ვის აშინებენ "განკითხვის" დღის იარაღით პუტინი და ლუკაშენკო?! - ნატო-ს მუქარა: "გაბედავთ და გაგანადგურებთ" - კვირის პალიტრა

ვის აშინებენ "განკითხვის" დღის იარაღით პუტინი და ლუკაშენკო?! - ნატო-ს მუქარა: "გაბედავთ და გაგანადგურებთ"

პუტინისა და ლუკაშენკოს ერთობლივი ბირთვული სწავლება უკრაინის თუ უფრო ევროპის დასაშინებლად?

ნატოს წევრი ქვეყნების მთელი სადაზვერვო პოტენციალი, დაწყებული აგენტებითა და დამთავრებული საჰაერო და კოსმოსური დაზვერვით, ამ დღეებში მიმართულია ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიებზე მიმდინარე ერთობლივი ბირთვული სწავლების დეტალების დასაფიქსირებლად და გასაანალიზებლად...

საქმე ის არის, რომ სწორედ მხოლოდ ბირთვული იარაღიღა დარჩა, რომლითაც პუტინს შეუძლია, რეალური დიდი საფრთხე შეუქმნას ევროპას, რადგან უკრაინასთან მეხუთე წელში გადასულმა ფართომასშტაბიანმა ომმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მხოლოდ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებისა და პირად შემადგენლობაში უდიდესი საბრძოლო დანაკარგების მიუხედავად, აგრესორმა რუსეთმა ამ ომის 1 549 დღე-ღამის განმავლობაში არათუ მთელი უკრაინის დაპყრობა ვერ მოახერხა, არამედ - პუტინმა უკრაინის დონეცკის ოლქის ბოლომდე ოკუპაციაც კი ვერ შეძლო მაშინ, როდესაც სტალინმა (რომელთანაც თანასწორობა ასე სურს პუტინს) ჰიტლერის გერმანიის უძლიერესი არმია 1 418 დღე-ღამეში დაამარცხა...

კრემლის ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე ბირთვულ წვრთნებს თვალი დისტანციურად მიადევნეს.

„დღევანდელი წვრთნების ფარგლებში, რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების პირველ ერთობლივ სწავლებას ვატარებთ, სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალების მართვის საკითხში. როგორც უკვე აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ მსგავსი იარაღის, ბირთვული იარაღის გამოყენება, ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი და განსაკუთრებული ზომაა“, - განაცხადა პუტინმა.

1-iskanderi-1779437967.jpg
რუსული „ისკანდერების“ ბირთვულქობინიანი რაკეტები ბელარუსის დასავლეთ ნაწილიდან 500 კმ-ის რადიუსში აღმოსავლეთ ევროპის ნატოს ოთხ წევრ ქვეყანას სწვდებიან, ხოლო ათას კმ-ზე მფრენ მოდერნიზებულ „ისკანდერს“ ბირთვული ქობინის მიტანა უკვე მთელ აღმოსავლეთ ევროპაში შეეძლება...

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი და ბელარუსი საფრთხეს არავისთვის წარმოადგენენ.

„ჩვენ ბრძოლას არავისთან ვაპირებთ, თუ არავინ შეგვეხება. ჩვენ არავის ვემუქრებით“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები „იფიცებიან“, რომ ბირთვული იარაღით არავის დაშინებას არ აპირებენ, ყველაფერი პირიქითაა, რადგან მათი ყოველწლიური „ბირთვული შანტაჟი“ სწორედ ამას ემსახურება.

2023 წლიდან პუტინმა ამ „ბირთვულ შანტაჟში“ ლუკაშენკოც ჩართო, როდესაც განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღი შეიტანა ბელარუსის ტერიტორიაზეც.

მანამდე ბირთვულქობინიანი „ისკანდერები“, გაშვებული რუსეთის ტერიტორიის ყველაზე დასავლეთი წერტილიდან, პოლონეთამდე თუ მიაღწევდნენ (თუ არ ჩავთვლით რუსულ ანკლავს -კალინინგრადის ოლქს), ხოლო ამ „ისკანდერების“ ბელარუსში განთავსების შემდეგ რუსეთის გენშტაბმა კიდევ 500-იოდე კმ „მოიგო“ და ბელარუსის უკიდურესი დასავლეთი წერტილიდან გაშვებული „ისკანდერის“ ბირთვულმა ქობინებმა ამჟამად შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ოთხი ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებამდეც მიაღწიონ.

2-iskanderi-1779437967.png
საბჭოთა პერიოდში ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული შეიარაღების მქონე სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ადგილები

უკრაინაზე უკვე აღარ არის საუბარი, რადგან თუკი ჩვეულებრივი ქობინებით აღჭურვილი რუსული „ისკანდერები“ აქამდე უკრაინის ყველაზე დასავლეთ ნაწილამდე ვერ სწვდებოდნენ, ბელარუსის სამხრეთიდან მათი სტარტის შემთხვევაში, ეს თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ: ირანთან ომის 39 დღეში ამერიკამ 42-ზე მეტი საფრენი აპარატი დაკარგა

უკრაინას ახალ ფრონტს გაუხსნიან?! - შეუტევს თუ არა კიევს ლუკაშენკო და როგორ შეიცვლება ომის სცენარი?

წარმოუდგენელი საჰაერო შეჯახება - ცაში "ჩახუტებული" ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები

"დედაქალაქების ომი"- შურისმაძიებელი მასიური შეტევა მოსკოვზე კიევის დაბომბვის საპასუხოდ...

ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, რომელიც იმავე პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით დიდი თავშეკავებულობით გამოირჩევა, ამჯერად ნერვებმა ცოტა „უმტყუნა“ და მკაცრი განცხადება გააკეთა - თუკი რუსეთი და ბელარუსი რაიმეს გაბედავენ ევროპის წინააღმდეგ, ბირთვული იარაღის გამოყენებით, ისინი განადგურებულები იქნებიანო...

მაგრამ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებიდან ბირთვული შეიარაღება მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს გააჩნია, თანაც ბრიტანელებს - მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებზე.

სამაგიეროდ, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, რომ ბირთვულქობინიანი ტაქტიკური დანიშნულების საავიაციო რაკეტებით აღჭურვილი ფრანგული „რაფალები“ პოლონეთის სამხედრო აეროდრომებზე განათავსოს ანუ რაც შეიძლება ახლოს ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან.

ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული შეიარაღების რაოდენობით რუსეთი, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და თვით აშშ-საც კი - ერთად აღებულს, რაც პუტინს საშუალებას აძლევს, განაგრძოს და გააძლიეროს „ბირთვული შანტაჟის“ პოლიტიკა ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების მიმართ...