რუსულ "გერანზე" "ამხედრებულ" "თბილისურ რაკეტაში" ურანი აღმოაჩინეს - რითი ბომბავს რუსეთი უკრაინას - კვირის პალიტრა

რუსულ "გერანზე" "ამხედრებულ" "თბილისურ რაკეტაში" ურანი აღმოაჩინეს - რითი ბომბავს რუსეთი უკრაინას

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა შეიძლება უკვე 50 ათასამდე ის „შაჰიდი“ და „გერანი“ ჩამოაგდეს ,რომლებსაც რუსეთი მეხუთე წელი უშვებს უკრაინული ქალაქებისკენ და ამდენ ჩამოგდებულში, ერთმა, მიწაზე დანარცხებულმა რუსულმა „გერანმა“, ორი დღის წინ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია უკრაინელ სამხედროებში...

ამ შეშფოთების მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გეიგერის მთვლელმა ჩამოგდებული რუსული „გერანის“ ფრაგმენტებთან 12 მიკროზივერტი/სთ-ში სიძლიერის გამა-გამოსხივება დააფიქსირა, მაშინ,როდესაც ბუნებრივი ფონი 0,1-0,2 მიკროზივერტ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს...

რას ნიშნავს ეს, ნუთუ რუსეთმა მართლაც დაიწყო ბირთვული იარაღისა თუ არა, „ჭუჭყიანი“ რადიოაქტიური მასალების გამოყენება საბრძოლო მიზნებისთვის უკრაინის წინააღმდეგ?

1-gerani-1779448613.png
რუსული კამიკაძე-დრონი გერანი“ „ზურგზე“ დამაგრებული, თავის დროზე თბილისში დამზადებული „ჰაერი-ჰაერი“ კლასის Р-60М ტიპის რაკეტით-წამიც და ის უკრაინული ანტიდრონის „ლუკმა“ შეიქმნება...

ჩამოგდებული რუსული „გერანის“ ფრაგმენტების დეტალურად დათვალიერების შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ზურგზე „შემოსმული“ ჰქონდა „ჰაერი-ჰაერი“ კლასის Р-60М ტიპის სითბური დამიზნების რაკეტა, რომლის გამოყენებასაც რუსი ოპერატორი მაშინ დააპირებდა („გერანზე დამაგრებული დამატებითი ვიდეოკამერების საშუალებით), თუკი უკრაინის ცაში ამ კამიკაძე-დრონს ახლოს მიუახლოვდებოდა უკრაინული გამანადგურებელი თვითმფრინავი ან შვეულმფრენი მის ჩამოსაგდებად...

აქამდე უკრაინამ რუსული „შაჰიდებისა“ და „გერანების“ ჩამოგდებისას რამდენიმე გამანადგურებელი თვითმფრინავი და შვეულმფრენი დაკარგა და არის გამორიცხული, რომ რუსმა სამხედროებმა ამისთვის სწორედ ასეთი,დრონისა და რაკეტის „დუეტი“ გამოიყენეს...

მაგრამ, რამ გაზარდა ასჯერ რადიაციული ფონი ჩამოგდების ადგილას?

როგორც გაირკვა, ჩამოგდებული „გერანის“ „ზურგზე“ დამაგრებულ Р-60М ტიპის სითბური დამიზნების რაკეტას ეყენა გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო ქობინი, რომლის მიწაზე დაცემისა და ნაწილობრივ დაშლის შემდეგ (აფეთქების გარეშე), სწორედ მან გამოიწვია ადგილზე რადიაციული ფონის მომატება.

2-gerani-1779448613.jpg
უკრაინის ციდან ჩამოგდებულ რუსულ „გერან-2“-ზე „ამხედრებული“ „თბილისური“ Р-60М ტიპის რაკეტა დიდად არ დაზიანებულა...

ამ „რადიაციულ ინციდენტს“ კი ძალაუნებურად მოვყავართ ჩვენს საქართველოში ,რადგან გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო ქობინი უკრაინის ცაში ჩამოგდებულ რაკეტაში...სწორედ თბილისში ჩაიდო თავის დროზე...

თბილისის საავიაციო ქარხანაში მხოლოდ ზებგერითი გამანადგურებლები და შეჯავშნული მოიერიშე თვითმფრინავები როდი ეწყობოდა, იქ ათწლეულების განმავლობაში ასევე აწარმოებდნენ "ჰაერი-ჰაერი" კლასის ახლო მანძილზე მოქმედების სითბური დამიზნების ორი ტიპის მართვად რაკეტებს, Р-60М -სა და Р-73 -ებს, რომლებითაც შეიარაღებული იყო ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების თითქმის ყველა საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავი-გამანადგურებლები, გამანადგურებელ-ბომბდამშენები, მოიერიშეები.

ამ ტიპის რაკეტები ერთგვარი "პისტოლეტებია" საჰაერო ბრძოლებში აღმოჩენილი პილოტებისთვის, რომლებსაც მათი საშუალებით ახლო მანძილზე შეუძლიათ თავის დაცვა.

3-gerani-1779448613.jpg
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი რაკეტის საბრძოლო ქობინის რადიაციულ ფონს ზომავს...

Р-60 ტიპის რაკეტების სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჯერ კიდევ 1974 წლიდან დაიწყეს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე 30 ათასზე მეტი ასეთი და უფრო გაუმჯობესებული Р-60М ტიპის რაკეტა ააწყვეს.

საგულისხმოა, რომ ამ ტიპის რაკეტებს საბჭოთა კავშირში მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა უშვებდა და არა მარტო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, ათასობით ამგვარი რაკეტის საექსპორტო ვარიანტი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გაიყიდა და მათ ინტენსიურად იყენებდნენ ისრაელ-არაბეთისა და ირან-ერაყის ომებში.

1983 წლიდან თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო "ჰაერი-ჰაერი" კლასის ბევრად ძლიერი Р-73 ტიპის მართვადი რაკეტის სერიული წარმოებაც, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მთელ მსოფლიოში და 40 კილომეტრის სიშორეზეც შეეძლო ჩამოეგდო საჰაერო სამიზნე. თბილისში არანაკლებ 6 ათასი ასეთი რაკეტა ააწყვეს.

4-gerani-1779448613.jpg
ასე გამოიყურება „ჰაერი-ჰაერი“ კლასის Р-60М ტიპის რაკეტის საბრძოლო ქობინი...

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად,პირველ სერიულ Р-60 ტიპის რაკეტებს ვოლფრამის შემცველი ღეროები ეყენა საბრძოლო ქობინში და ამ ვოლფრამს საბჭოთა კავშირს ძირითადად ჩინეთი აწვდიდა, მაგრამ მას შემდეგ რაც 1960-70-იან წლებში მოსკოვსა და პეკინს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და საქმე თითქმის ომამდეც კი მივიდა, ჩინეთმა, რა თქმა უნდა, შეწყვიტა სტრატეგიული მნიშვნელობის ვოლფრამის მიწოდება და საბჭოთა კავშირმაც რაკეტების და მათ შორის თბილისის საავიაციო ქარხანაში მასიურად წარმოებული, მოდერნიზებული Р-60М ტიპის რაკეტების საბრძოლო ქობინებში, ვოლფრამის ნაცვლად გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ღეროების ჩაწყობა დაიწყო...

ასევე დაგაინტერესებთ: ვის აშინებენ "განკითხვის" დღის იარაღით პუტინი და ლუკაშენკო?! - ნატო-ს მუქარა: "გაბედავთ და გაგანადგურებთ"

ირანთან ომის 39 დღეში ამერიკამ 42-ზე მეტი საფრენი აპარატი დაკარგა

უკრაინას ახალ ფრონტს გაუხსნიან?! - შეუტევს თუ არა კიევს ლუკაშენკო და როგორ შეიცვლება ომის სცენარი?

წარმოუდგენელი საჰაერო შეჯახება - ცაში "ჩახუტებული" ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები

ასევე გაგრძელდა, გაუმჯობესებულ Р-73 ტიპის რაკეტების თბილისში წარმოების ათვისების შემდეგაც-ამ რაკეტის საბრძოლო ქობინი 7,3 კგ-ს იწონიდა და გაღარიბებული ურანის შემცველ ღეროებს შეიცავდა, რომლებიც საბრძოლო ქობინის ინიცირების შემდეგ ჰაერში იფანტებოდნენ, დიდი სიჩქარით ბრუნავდნენ და საჰაერო სამიზნის-თვითმფრინავისა თუ შვეულმფრენის დიურალუმინისგან დამზადებულ ფიუზელაჟსა და ფრთებს კარაქივით ჭრიდნენ...

5-gerani-1779448613.jpg
Р-60М ტიპის რაკეტის საბრძოლო ქობინი გახსნილ მდგომარეობაში - კარგად მოჩანს მასში მჭიდროდ ჩაწყობილი გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ღეროები, რომლებიც ჰაერში დიდი სიჩქარით გაფანტვის შემდეგ კარაქივით ჭრიან თვითმფრინავის დიურალუმინის კორპუსს...

საერთოდ, რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან გამოიყენება გაღარიბებული ურანის შემცველი რაკეტების საბრძოლო ქობინები და ტანკების ჯავშანგამტანი ჭურვები.

საბრძოლო ქობინში განთავსებული გაღარიბებული ურანი არ წარმოდგენს დიდ რადიოაქტიურ საფრთხეს (თუმცა არ არის რეკომენდირებული მის სიახლოვეს ადამიანის დიდი ხნით ყოფნა), მაგრამ როდესაც ეს საბრძოლო ქობინი ფეთქდება ან გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ჯავშანგამტანი ჭურვი მოწინააღმდეგის ტანკის ჯავშანს ხვდება წამში ორი კმ-ის სიჩქარით, გაღარიბებული ურანი მტვრად გადაიქცევა და იფანტება ჰაერში, ერევა ნიადაგს და ხვდება წყალში, რის შემდეგაც ხდება ძალიან სახიფათო ადამიანისთვის, თუკი მოხვდება მის სასუნთქ ორგანებში და კუჭ-ნაწლავში.