როგორი იქნება უკრაინელების შურისძიება კიევის უმოწყალოდ დაბომბვისთვის?! - სად უფრო ეტკინებათ რუსებს - კვირის პალიტრა

როგორი იქნება უკრაინელების შურისძიება კიევის უმოწყალოდ დაბომბვისთვის?! - სად უფრო ეტკინებათ რუსებს

უკრაინული საპასუხო საჰაერო დარტყმები კარგად დაცულ მოსკოვზე კი არა, არამედ დაუცველ რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე უნდა გაგრძელდეს...

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 23-24 მაისის ღამეს უკრაინის და კერძოდ კი, მისი დედაქალაქის - კიევის წინააღმდეგ ამ ომში ყველაზე ფართომასშტაბიანი კომბინირებული საჰაერო შეტევა განახორციელა, ლოგიკურად ბევრი ელოდება უკრაინელების საპასუხო ქმედებას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე...

მაგრამ, რამდენად გამართლებული და რაციონალური იქნებოდა ასეთი წინასწარ პროგნოზირებადი ქმედებები უკრაინის გენშტაბის მხრიდან?

ის, რომ ორი დღის წინ პუტინის ბრძანებით უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელი კორპუსები და სავაჭრო ცენტრები უმოწყალოდ დაბომბეს, სამხედრო თვალსაზრისით ამით უკრაინის თავდაცვის ძალებს დიდი არაფერი ზიანი მიუღიათ და ეს კრემლის მხრიდან წმინდა პოლიტიკური და პროპაგანდისტული ქმედება გახლდათ, გათვლილი რუს ობივატელზე - ხომ ხედავთ, კიევის ცენტრს როცა გვინდა, მაშინ ვბომბავთო...

უკრაინის სარკისებრი პასუხი, მოსკოვის ცენტრზე დიდი საჰაერო შეტევის მიტანის მცდელობის სახით, ასევე უფრო პოლიტიკურ-პროპაგანდისტული გამოვა და ფრონტის ხაზზე უკრაინის დამცველებს ვერანაირ შეღავათს ვერ მისცემს...

ვიდეო: უკრაინული კამიკაძე-დრონების წარმატებული შეტევები რუსულ ფრეგატზე და სხვა სამხედრო ტექნიკაზე

პირიქით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით კარგად დაცული მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ზღუდეების გადალახვას რამდენიმე ასეული უკრაინული კამკაძე-დრონი შეეწირება, იმის ნაცვლად, რომ ამ დრონებს ბევრად უფრო წარმატეული შეტევები მიეტანათ ჰაერიდან ნაკლებად დაცულ ან საერთოდ დაუცველ სხვა რუსულ ობიექტებზე, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების...

ათიოდე დღის წინ უკრაინამ სცადა მოსკოვის ცენტრისკენ გაჭრა რამდენიმე ათეული კამიკაძე-დრონის გამოყენებით, თუმცა სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დრონმა მოსკოვის გარეუბნებამდე შეაღწია.

ფაქტია, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვა ამ მომენტისთვის ალბათ საუკეთესოა მსოფლიოს სხვა დედაქალაქებთან შედარებით და მათ შორის კიევისაზეც, რადგან უკრაინელ მეზენიტეებს „პეტრიოტის“ ანტირაკეტები თითქმის აღარ დარჩათ მარაგში და თუკი რუსული კამიკაძე-დრონების „გერანებისა“ და „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების წარმატებით მოგერიება შეუძლიათ, რუსულ კვაზიბალისტიკურ „ისკანდერებსა“ და აერობალისტიკურ „კინჟალებს“ მალე ვერაფრით ჩამოაგდებენ.

როდესაც უკრაინის არმიას არსენალში საკმაო რაოდენობით გამოუჩნდება რეაქტიულძრავიანი და შესაბამისად ბევრად უფრო სწრაფი კამიკაძე-დრონები და დიდი ალბათობით თვით ბალისტიკური რაკეტებიც კი (მაგალითად FP-7 და FP-9 ტიპის, რომელთა გამოცდა ახლა მიმდინარეობს), მაშინ შეიძლება აგრესორი რუსეთის დედაქალაქის „დაკოშმარების“ გაგრძელება კიევის დაბომბვების საპასუხოდ.

მანამდე კი ბევრად უპრიანი იქნებოდა, თუკი უკრაინული შიდაწვისძრავიანი „ლიუტები“ და მისი „თანამოძმეები“, იგივე FP-1 და FP-2-ები სისტემატურ მასიურ შეტევებს გააგრძელებდნენ რუსეთის ენერგეტიკული ობიექტების - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების,ნავთობტერმინალების, ბუნებრივი აირის გამანაწილები სადგურების მიმართულებით, რომელთა საჰაერო თავდაცვა მინიმალურია ან საერთო დაუცველია, მათ შორის იმიტომაც, რომ კრემლის ბრძანებით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დიდი რაოდენობა მოიხსნა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და გადასროლილი იქნა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ზღუდეების გასაძლიერებლად.

რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიის სრული საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა თეორიულადაც კი შეუძლებელია, მით უმეტეს იმ ენერგეტიკული ობიექტების, რომლებიც დიდ ფართობზე არიან გაშლილნი და საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენენ საჰაერო შეტევების განსახორციელებლად.

ეს კი არა, თვით რუსული სამხედრო ობიექტების საჰაერო თავდაცვაც კი სერიოზულად მოიკოჭლებს, რაზეც მიუთითებს ერთ-ერთი ბოლო ფაქტი-23 მაისის ღამეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მერამდენედ წარმატებით შეუტიეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზას ნოვოროსიისკის პორტში (ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლიდან გამოქცეული რუსული სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა ნავები ახლა იქ ემალებიან უკრაინულ საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონების შეტევებს) და ორი წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს 11356 პროექტის სარაკეტო ფრეგატზე «Адмирал Эссен» -ზე და 1239 პროექტის საჰაერო ბალიშიან მცირე სარაკეტო ხომალდზე.

თუ რა ზიანი მიადგა ამ ორ რუსულ სამხედრო ხომალდს,უკრაინული დაზვერვა ადგენს, მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის დახურულ ნავმისადგომებთან, რომლებიც ლოგიკურად ყველაზე კარგად უნდა იყვნენ დაცულნი, უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დროგამოშვებით ხან წყალქვეშა ნავებს უზიანებს, ხანაც ფრეგატებს...

კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენება სწორედ ასეთი სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ,ბევრად უფრო მომგებიანი სამხედრო თვალსაზრისით, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ აგრესორმა რუსეთმა დაკარგა სამხედრო ინიციატივა შავი ზღვის აკვატორიაში.

ასევე დაგაინტერესებთ: გაცოფებული პუტინის შურისძიება "ორეშნიკით", "ისკანდერით", "კინჟალით", "ცირკონით"...

ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანიც პარალიზირებულია უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების შედეგად...

რუსულ "გერანზე" "ამხედრებულ" "თბილისურ რაკეტაში" ურანი აღმოაჩინეს - რითი ბომბავს რუსეთი უკრაინას

ვის აშინებენ "განკითხვის" დღის იარაღით პუტინი და ლუკაშენკო?! - ნატო-ს მუქარა: "გაბედავთ და გაგანადგურებთ"

შესაბამისი ინტენსიური საჰაერო დარტყმების მიყენება რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, რომლებიც 500-იოდე კმ-ით არიან დაშორებულნი ფრონტის ხაზიდან და უკრაინის საზღვრებიდან და საიდანაც აფრენილი რუსული Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენების მიერ გამოშვებული პლანირებადი და მართვადი საავიაციო ბომბები კვლავ წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს ფრონტისპირა უკრაინული თავდაცვითი ზღუდეებისთვის, ასევე მოიტანდა დიდ შვებას უკრაინის დამცველებისთვის...

რაც შეეეხება აგრესორი ქვეყნის დედაქალაქს,მ ისკენ „დაუპატიჟებელი“ საჰაერო „სტუმრობები“ არ უნდა შეწყდეს და ყოველღამე გაგრძელდეს, ოღონდ მცირე ძალებით, რადგან მოსკოვთან უკრაინული დრონების მიახლობისთანავე ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი და მოსკოვის გარშემო მდებარე ხუთი დიდი საერთაშორისო აეროპორტი მაშინვე იკეტება და ცხადდება „კოვიორის“ საჰაერო განგაშის სიგნალი სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების დაუყოვნებლივ შესაწყვეტად და აეროპორტებში დასაშვებად-ეს კი აგრესორი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უჭერს მხარს თავის დიქტატორს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის მცდელობებში, მუდმივად აგრძნობინებს, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ეს საშინელი ომი მათ რუსეთშივე,საკუთარ სახლებშივე დაუბრუნდათ...