რა შეიარაღება იყიდა საიდუმლოდ სომხეთმა ჩინეთისგან?!
სომხეთს ჩინეთისგან დიდი დრონები საიდუმლოდ შეუსყიდია
28 მაისს ანუ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი დღის შემდეგ,სომხეთი თავისი დამოუკიდებლობის დღეს იზეшმებს და ბევრს გააოცებს იმ ახალი და სერიოზული შეიარაღებით, რაც ბოლო დროს ფაშინიანის მთავრობამ ღიად თუ ფარულად შეიძინა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და პირველად იქნება საჯაროდ ნაჩვენები ერევანში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე...
ინდური წარმოების 155 მმ კალიბრის ATAGS და MArG ტიპის საარტილერიო დანადგარების შეძენასა და სომხეთში ჩატანის თაობაზე ამ ბლოგში უკვე ვწერდით, ისევე როგორც ფრანგული წარმოების ჯავშანმანქანების ACMAT Bastion-ების ფოთის პორტიდან მთელი საქართველოს გავლით სომხეთში ჩატანაზეც, რაზეც აზერბაიჯანელები რატომღაც ჩვენ დაგვემდურნენ, თითქოსდა აზერბაიჯანის არმიისთვის ისრაელში, თურქეთსა და უკრაინაში ნაყიდი სამხედრო კატარღები და ჯავშანტექნიკა ასევე მთელი საქართველოს გავლით არ ჩადიოდა ბაქოში...

ფოტო: წარსულ ბარდება ის დრო,როდესაც ერევანში რუსული „ტიგრის“ ჯავშანმანქანებით ხსნიდნენ სამხედრო აღლუმს...
საგულისხმოა, რომ სომხეთმა ჯერ კიდევ 2024 წელს პარიზში ხელი მოაწერა კონტრაქტს 36 ერთეული ფრანგული წარმოების 155 მმ კალიბრის CAESAR Mk1 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის შესყიდვაზე, რომელთა პირველი პარტია ამ დღეებში ჩავიდა სომხეთში.
ეს კი არა და, ვრცელდებოდა ოფიციალურად დაუდასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს სომხეთი საფრანგეთში შედარებით თანამედროვე ზებგერითი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების Dassault Rafale-ების შესყიდვასაც კი აპირებდა, რისი გამორიცხვაც არ შეიძლება იმის შემყურე, თუ როგორ მეგობრულად ეხუტებოდნენ ერევანში ერთამნეთს ფაშინიანი და მაკრონი...

ფოტო: აღლუმზე ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარების CAESAR Mk1-ების გამოჩენა სომხეთისა და საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკურ დაახლოებას გაუსვამს ხაზს, რაც განსაკუთრებულ გაღიზიანებას გამოიწვევს რუსეთში...
ასე რომ, 2026 წლის 28 მაისის სამხედრო აღლუმზე სომხეთის არმიას თავის განახლებული არსენალის წარმოდგენის კარგი საშუალება ექნება, რომელზეც ინდური და ფრანგული არტილერიისა და ჯავშანმანქანების გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც იქნება ნაჩვენები, რაც ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ რჩებოდა...
საქმე ის არის, რომ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება თანამგზავრული ფოტოები, რომელზეც ასახულია სომხეთის გიუმრის სამხედრო აეროდრომის ანგარები, რომლის წინ ორი დიდი დრონი დგას...
და ეს დრონები არის ჩინური წარმოების CH-4 Rainbow ტიპის, რომელიც მზადდება როგორც სადაზვერვო, ისე დამრტყმელ მოდიფიკაციის სახით და 28 მაისს გამოჩნდება, თუ რომელი მათგანი თუ ორივე მოდიფიკაცია შეუძენია ერევანს პეკინისგან, სხვებისგან საიდუმლოდ...

ფოტო: სომხეთის გიუმრის სამხედრო აეროდრომზე დაფიქსირებული ორი ჩინური წარმოების დიდი დრონი CH-4 Rainbow-ი...
18 მ სიგრძისა და 8,5 მ ფრთაგაშლილობის, 1 300 კგ საერთო მასის ამ ჩინურ დრონს 345 კგ სასარგებლო ტვირთი მიაქვს 435 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით და მისი მოქმედების სიშორე 150 კმ-ია სახმელეთო დისტანციური მართვის დროს, თუმცა იზრდება ათასს კმ-მდე, თუკი მართვა თანამგზავრული კავშირით ხორციელდება.
ეს ჩინური CH-4 Rainbow-ი ფაქტობრივად ცნობილი ამერიკული სადაზვერვო-დამრტყმელი დრონის General Atomics MQ-9 Reaper -ის კლონია და მას ჩინეთი აქტიურად ყიდის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
სომხეთის არმიას ამ ზომის და ასეთი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მქონე დრონი ჯერ არ ჰქონია თავის შეიარაღებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორი იქნება უკრაინელების შურისძიება კიევის უმოწყალოდ დაბომბვისთვის?! - სად უფრო ეტკინებათ რუსებს
გაცოფებული პუტინის შურისძიება "ორეშნიკით", "ისკანდერით", "კინჟალით", "ცირკონით"...
რუსულ "გერანზე" "ამხედრებულ" "თბილისურ რაკეტაში" ურანი აღმოაჩინეს - რითი ბომბავს რუსეთი უკრაინას
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ბაქოში მაინც მტკივნეულად რეაგირებენ სომხეთის მიერ ახალი შეიარაღების შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა თავად აზერბაიჯანის არმია კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით იარაღდება.

ფოტო: ჩინური CH-4 Rainbow ტიპის დრონების გამოჩენა სომხეთის ცაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ოფიციალური ერევნის სამხედრო შესაძლებლობებს...
ერევნის მიერ ინდოეთსა და ჩინეთში(რაც ცოტა ნონსესად მოჩანს პეკინისა და დელის დაპირისპირების ფონზე) ახალი შეიარაღების შესყიდვა და განსაკუთრებით კი ფრანგული ჯავშანმანქანებისა და თვით იმ საარტილერიო „ცეზარების“ სომხეთში ჩატანა, რომლებიც უკრაინის ფრონტზე წარმატებით ანადგურებენ რუს ოკუპანტებს, პირდაპირ გამძვინვარებას იწვევს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში, რადგან 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომამდე სომხეთის არმია მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული და ახლა ერევანი სწრაფი ნაბიჯებით შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე გადის მოსკოვის გვერდის ავლით...
ისე კი ჩვენ, ჩვენი მოვიკითხოთ -აზერბაიჯანის არმია თავისი შეიარაღებით ისედაც პირველ ადგილზე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ახლა კი სომხეთიც ალბათ, დიდად წინ გაგვისწრებს...