"ჩინური სასწაული" სპეცსამსახურების დახმარებით - როგორ იპარავს ტექნოლოგიებს მსოფლიოს ზესახელმწიფო
ეკონომიკური განვითარების ურთულესი საკითხების გადაწყვეტისთვის ქვეყნის სპეცსამსახურების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება ათწლეულების მანძილზე აპრობირებული ხერხია. XXI-ე საუკუნეში ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნიკური ჯაშუშობა ისეთივე აუცილებელი და სასიცოცხლოა, როგორც ლუდი ნაბახუსევზე.
ამიტომაც ეს საქმიანობა, სამხედრო და პოლიტიკურ ჯაშუშობასთან ერთად, სპეცსამსახურების ერთ–ერთი უმთავრესი მოვალეობაა. დღეისათვის მკვეთრი განსხვავება ეკონომიკურ დაზვერვას (ეკონომიკური და საფინანსო სახის საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საპასუხო მოქმედებათა დასახვა) და სამეცნიერო–სამრეწველო–ტექნიკურ ჯაშუშობას (სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკისა და ტექნოლოგიების უახლესი ნიმუშების ან დოკუმენტაციის მოპოვება) შორის ფაქტიურად აღარ არსებობს. ეროვნული ეკონომიკური ინტერესების დასაცავად საიდუმლო ოპერაციებს წარმატებით ახორციელებენ აშშ-ის, ჩინეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იაპონიის, ადრეულ წლებში საბჭოთა/რუსეთის და კიდევ მრავალი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. ყველა „ნორმალური“ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საგარეო დაზვერვისათვის დაკვეთილი ოპერატიულ–ანალიტიკური მასალების 60–70% ეკონომიკური ხასიათისაა.
ამჟამად, 2026 წლის შეფასებებით, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დაახლოებით 29 ტრილიონი დოლარია, ხოლო ჩინეთის – დაახლოებით 19 ტრილიონი დოლარი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ხუთი წლის შემდეგ მსოფლიოს ხუთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი (მშპ–ს მაჩვენებლის მიხედვით) ამგვარი იქნება: აშშ -დაახლოებით 39 ტრილიონი დოლარი; ჩინეთი - დაახლოებით 27 ტრილიონი დოლარი; ინდოეთი - დაახლოებით 7.0 ტრილიონი დოლარი; გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკა - დაახლოებით 6.5 ტრილიონი დოლარი და დიდი ბრიტანეთი – დაახლოებით 5.5 ტრილიონი დოლარი. თუმცა, არსებობს პროგნოზი, რომ ეკონომიკის ზრდის ამ ტემპებით, ჩინეთი უკვე 2050 წლისთვის შეძლებს მსოფლიოს ლიდერობის მოპოვებას. საინტერესოა როგორ მიაღწია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯერ კიდევ ჩამორჩენილმა ჩინეთმა „ეკონომიკურ სასწაულს?“
“ჩინური სასწაულის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფარული იარაღი ჩინეთის სპეცსამსახურები იყვნენ და არიან. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში და საშინაო სოციალურ-კულტურულ პროცესებში. ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდაშიც. ჩინეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი გლობალური მოთამაშე მსოფლიოში და ის ყველანაირი გზებით ეძებს, როგორც იაფ სანედლეულო ბაზრებს, ასევე თავისი პროდუქციის გასაღების ახალ ქვეყნებსა და რეგიონებს. ჩინეთმა კარგად იცის, თუ რა გაიტანოს მსოფლიო ბაზრებზე. მით უმეტეს, მათი საქონლის თვითღირებულება საკმაოდ დაბალია იაფი სამუშაო ძალის გამო და ამიტომ ჩინურ პროდუქციას ევროპული და ამერიკული ბაზრის სერიოზული სეგმენტი უჭირავს. არის მეორე ფაქტორიც - ჩინური ექსპორტი წარმატებულია ჩინეთის ვალუტის (იუანის) დაბალი კურსის გამო აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, რაც ჩინური პროდუქციის სიიაფეს იწვევს. ამერიკელები და ევროპელები ბრალს სდებენ ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ის ხელოვნურად უწყობს ხელს თავისი ვალუტის დევალვაციას დოლართან და ევროსთან მიმართებაში, რომ ჩინური პროდუქცია გაიაფდეს. თუმცა, როგორც იტყვიან „ქარავანი“ კვლავ თავისი გზით მიდის.
ამავე დროს, ჩინეთისთვის კვლავ პრობლემაა მოსახლეობის დასაქმება, ტერიტორიების სიმცირე და ამ ქვეყნის ხელისუფლება დიდი მონდომებით ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს ჩინური ინვესტიციების გაფართოებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ამ სტრატეგიული მიზნის შესასრულებლად დიდი წარმატებით მოქმედებენ ჩინეთის სპეცსამსახურები, რომლებიც კომუნისტური პარტიის მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
ჩინეთის სპეცსამსახურები ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია აშშ–ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნების გეგმების შესახებ. ამ მიზნებისთვის ჩინელი მზვერავები ცდილობენ გადაიბირონ მათთვის საინტერესო ქვეყნის მოქალაქეები, რისთვისაც იყენებენ „წახალისების“ სხვადასხვა მეთოდებს, მაგალითად: უფასო მოგზაურობა ჩინეთში, იქ სწავლის დაფინანსება, ფულადი და სხვა სახის საჩუქრები და ა.შ.
ამ რამდენიმე წლის წინ, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კონტრდაზვერვის ყოფილმა შეფმა პოლ რედმონდმა ამერიკაში მორიგი ჩინელი ჯაშუშის დაკავების შემდეგ განაცხადა : “კულტურული დონის გათვალისწინებით, ისინი (იგულისხმებოდა ჩინელები – ბ.ა.) ცხოვრობენ სრულიად სხვა გარემოში და სხვა დროის ჩარჩოებში. ჩინელები აზროვნებენ არა საათების, დღეების და კვირების, არამედ ათწლეულების კატეგორიით. ისინი ძველ ცივილიზაციას წარმოადგენენ და მათ შეუძლიათ დაგეგმონ მრავალი წლით ადრეო”. მართლაც, ჩინელ აგენტებს შეუძლიათ აუღელვებლად ელოდნენ წლები და ათწლეულები, მანამ სანამ არ დადგება მოქმედებისთვის საუკეთესო დრო და ვითარება. ამგვარი აზროვნების შედეგად, ოდესღაც აზიის ერთ-ერთმა ყველაზე ჩამორჩენილმა ქვეყანამ მოახერხა ატომური იარაღის შექმნა.
ამ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ევროპელი დიპლომატები და ეკონომიკური სტრუქტურების წარმომადგენლები გააფრთხილა ევროკავშირის ქვეყნებში ჩინეთის სპეცსამსახურების მრავალრიცხოვანი ქსელის გააქტიურების შესახებ. თუმცა ისინი უკვე ათწლეულებია, რაც წარმატებით მუშაობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩინეთის ეროვნული ინტერესების გასატარებლად. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ჩინეთი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე აგრესიულ სახელმწიფოს ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნიკური ჯაშუშობის მიმართულებით, რაც სისტემური და გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

საიდუმლო ინფორმაციით დატვირთული ჩინელი „მუშა ფუტკრები“ სკაში მიიჩქარიან (ნახატი გენერირებულია ChatGPT მიერ)
ევროპასა და ამერიკაში მიაჩნიათ, რომ მსოფლიო დემოკრატიული სისტემისთვის მთავარი გლობალური საფრთხე ჩინეთია. საინტერესოა, რომ თუ 2010 წელს მიღებულ ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციაში ჩინეთი საერთოდ არ იყო ნახსენები, 2022 წლის ივნისის ბოლოს, მადრიდში გამართულ სამიტზე მიღებულ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩინეთი დასახელებულია დასავლეთის მთავარ საფრთხედ მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ნატო პირდაპირ აცხადებს, რომ ჩინეთის "ჰიბრიდული ოპერაციები" , რომლებიც მიმართულია მოკავშირეებისა და ალიანსის წინააღმდეგ, ძირს უთხრის ნატოს წევრების უსაფრთხოებას. ნატოს კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრის გამოყენებით ცდილობს გაზარდოს თავისი გლობალური გავლენა მსოფლიოში.
აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მტკიცებით ჩინეთის სპეცსამსახურების მიერ სამეცნიერო–ტექნიკური სიახლეების მოპარვის შედეგად ამერიკული კომპანიები ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის შემოსავალს კარგავენ. აშშ–ის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში ჩინეთის დადანაშაულება არის არა მხოლოდ ეკონომიკური დავა, არამედ სისტემური და დაუნდობელი გლობალური კონკურენტული ბრძოლა. აშშ–სა და ჩინეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ხანგრძლივი თემა ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაა. ეს კი გულისხმობს ტექნოლოგიების, პატენტების, კორპორატიული სავაჭრო საიდუმლოებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის უკანონო მოპოვებასა და გამოყენებას. აშშ–ის ხელისუფლების ძირითადი ბრალდებები ჩინეთის მიმართ ამგვარია:
ა) კიბერჯაშუშობა ( ჩინეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი ჰაკერულ ოპერაციები, რომელთა მიზანი არის ამერიკული კომპანიების ქსელებში შეღწევა და სამხედრო, სამრეწველო, კომერციული, ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემების მოპარვა);
ბ) ტექნოლოგიისა და ინოვაციების იძულებითი გადაცემა (ამერიკული კომპანიები, რომლებიც ჩინეთში ოპერირებენ, ხშირად იძულებულნი არიან შექმნან ერთობლივი საწარმოები ჩინურ კომპანიებთან და ვალდებულნი არიან გაუზიარონ ტექნოლოგიები და ინოვაციები ადგილობრივ პარტნიორებს);
გ) სამრეწველო და სამეცნიერო–ტექნიკური ჯაშუშობა (აგენტურული და ოპერატიულ–ტექნიკური ოპერაციების საშუალებით ამერიკული კორპორაციების საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება; თანამშრომლების გადაბირება და ა.შ.).
ამას წინათ პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრებისას საჯაროდ ხშირად ისმოდა განცხადებები „ურთიერთპატივისცემაზე“, „სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“ და „გლობალურ სტაბილურობაზე“. ამგვარი რიტორიკის მიზანი იყო ორ ზესახელმწიფოს შორის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და სამხედრო სფეროებში არსებული მძაფრი კონკურენციის დაფარვა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ილუზიის შექმნა. თუ რამდენად უფრთხის აშშ–ის ხელისფლება ჩინელების გაჯეტ/ეშმაკობებს ერთი ფაქტიც მეტყველებს. ირკვევა, რომ დონალდ ტრამპის ვიზიტის დასრულების შემდეგ, სამშობლოში გამგზავრების წინ, ამერიკულმა დელეგაციამ მკაცრი უსაფრთხოების პროცედურები გაიარა. სანამ დელეგაცია უკანა რეისისთვის „Air Force One“-ში ავიდოდა აშშ–ის შესაბამისი სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ვიზიტის დროს ოფიციალური პირების მიერ მიღებული ყველა საჩუქარ/სუვენირის და ნივთის, ასევე ჩინური მხარის მიერ გაცემული აკრედიტაციის საშვების კონფისკაცია. გარდა ამისა , მათ დელეგაციის წევრებს ჩამოართვეს ჩინეთში ყოფნის დროს დელეგაციის მიერ გამოყენებული დროებითი მობილური ტელეფონები, რომლებიც უსაფრთხოების პროტოკოლის მოთხოვნების მიხედვით თვითმფრინავის ტრაპთან განთავსებულ სპეციალურ კონტეინერში გაანადგურეს. ეს ზომები მიღებული იქნა იმის შიშით, რომ მოწყობილობები ან პირადი ნივთები შესაძლოა ფარული მოსმენ/ თვალთვალისთვის და კიბერშეტევებისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები (ნახატი გენერირებულია ChatGPT მიერ)
ჩინეთის სპეცსამსახურების საიდუმლო სპეცოპერაციების ობიექტი არა არის მხოლოდ „ბიძია სემი“: ევროპა, აზია, სამხრეთ კავკასია და ა.შ. – ფაქტიურად მთელი მსოფლიო. ჩინეთის კომუნისტური პარტია, საბჭოთა რეჟიმის მსგავსად, ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს არ იშურებს რათა მთელი მსოფლიო „ჯაშუშურ საცეცებში“ მოაქციოს. ამის საილუსტრაციოდ ქვემოთ ერთ ფაქტს გაგაცნობთ.
2026 წლის 18 იანვარს ჩეხეთის პოლიციამ დააკავა და ჯაშუშობაში ბრალი წაუყენა ჩინეთის მოქალაქეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოველდღიური გაზეთის, Guangming-ის, პრაღის კორესპონდენტ იან იმინს, რომელსაც ძალზე მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა რამდენიმე ჩეხ და სლოვაკ პოლიტიკოსთან. ჩინელი ჟურნალისტი, რომელიც აკრედიტებული იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, კომუნისტური გაზეთისთვის ინტერვიუებს ყველაზე ხშირად იღებდა: სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერ რიჰარდ რაშისგან, ევროპარლამენტარ ლუბოშ ბლაჰას, ასევე სლოვაკეთის პარლამენტის წევრ მიხალ ბარტეკისგან. ჩეხეთის სპეცსამსახურების მტკიცებით იან იმინი შეგნებულად ირჩევდა მხოლოდ იმ თანამოსაუბრეებს, რომლებიც გამოხატავდნენ შემრიგებლურ შეხედულებებს ჩინეთთან დაკავშირებით და ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ევროკავშირის პოზიციას. ჩეხური დაზვერვა მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრების დროს მან შესაძლოა პოლიტიკოსებისგან დამატებითი, არასაჯარო ინფორმაციაც მიიღო. საინტერესოა, თუ რა პოლიტიკური შეხედულების არიან ეს სლოვაკი ბატონები. ევროპარლამენტარი, მემარცხენე-პოპულისტური და ნეომარქსისტული ხედვებით ცნობილი ლუბოშ ბლაჰა ხშირად აკრიტიკებს დასავლურ პოლიტიკას და ნატოს. ის არაერთხელ დაუდანაშაულებიათ დეზინფორმაციის გავრცელებასა და პრორუსულ განცხადებებში.

ლუბოშ ბლაჰა მოსკოვში, 2024 წლის ოქტომბერი
უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის მიუხედავად ლუბოშ ბლაჰა ხშირად ჩადის მოსკოვში და არც ფარავს სიყვარულს და მხარდაჭერას აგრესორი ქვეყნის მიმართ: „რუსეთი მაინც ლამაზი, ბრძენი და მოწინავეა“ –, ამგვარი ტექსტი დაწერა მან ცოციალურ ქსელში. ეჰ სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ბლაჰა! თავად რუსებს უთქვამთ: „სიყვარული ბრმაა — თხასაც შეგაყვარებსო“ („любовь зла — полюбишь и козла“). სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი მიხალ ბარტეკი, ჯერ 27 წლისაც არაა, თუმცა უკვე დიდ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამჯამად ის სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, აქედან გამომდინარე აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა.

მიხალ ბარტეკი
ჩეხეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, იან იმინი აგროვებდა პირად ინფორმაციას ჩეხ და სლოვაკ პოლიტიკოსებზე, ინტერესდებოდა მათი პოზიციით ჩინეთის, ტაივანისა და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხების მიმართ და იყენებდა ჟურნალისტურ საქმიანობას როგორც „ლეგენდას“ . რეალურად კი ის გავლენის ოპერაციების მომზადებას, ასევე საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. ჩეხეთის კონტრდაზვერვის ყურადღება თავიდანვე მიიქცია ჩინელი ჟურნალისტის აქტივობამ, რომელიც სცდებოდა მედიის ჩვეულ ფორმატს. ამავე დროს იან იმინი არ სჯერდებოდა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას და პოლიტიკურ წრეებში (უპირველესად ახალგაზრდა პოლიტიკოსებში) მომავალი „გავლენის აგენტების“ შერჩევითაც იყო დაინტერესებული.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის "სიურპრიზი" სი ძინპინს: დიდი შეხვედრის სკანდალური კულუარები - არკადიადან პეკინამდე
როგორ მოქმედებდა რუსეთის აგენტურა საქართველოს სახელისუფლებო შტოებში?!
გიორგი უძილაურისა და თამაზ გოლოევის საქმეები - რას გვაჩვენებს ჯაშუშობის სკანდალი?!
რა საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და ჩეხეთის ხელისუფლებებს შორის?!
ჩინელი „სამხრეებიანი ჟურნალისტი“ რესპონდენტებად არჩევდა მხოლოდ იმ ჩეხ და სლოვაკ პოლიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ ევროკავშირს და დასავლურ დემოკრატიას. მიზანი გასაგებია: ჩინელი მკითხველისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომ „დასავლეთი“ იმდენად ცუდია, რომ იქაური პოლიტიკოსებიც კი მკაცრად აკრიტიკებენ საკუთარ პოლიტიკურ სისტემას და ამავე დროს ძალიან დიდ პატივს სცემენ ჩინეთსო. ირკვევა, რომ ჩეხეთის კონტრდაზვერვა დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა მკაცრი მეთვალყურეობას, როგორც მათ მიაჩნიათ ჟურნალისტის საფარის ქვეშ მოქმედი ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლის, იან იმინის მიმართ.
ჩეხურ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ. რომ იან იმინის დაპატიმრებისთანავე, ჩეხეთის მთავრობამ ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა, რათა ჩინეთს ჩეხების მძევლად გამოყენება არ შეეძლებოდათ. ჩეხეთის პარლამენტის დახურულ სხდომაზე კონტრდაზვერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის დაზვერვის აგენტის სამიზნე სიაში შედიოდნენ ყოფილი და მოქმედი ჩეხი პოლიტიკოსები და მეცნიერები და რომ ჩინეთის სპეცსამსახურები აგენტურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებას მათზე ზეგავლენის მიზნით გეგმავდნენ. იან იმინს ბრალი ედება „უცხო სახელმწიფოს ინტერესებისთვის არარეგისტრირებული საქმიანობის განხორციელებაში“, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგაა მიმართული. ჩეხეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
(მეორე ნაწილის დასასრული)