რამდენად სამართლიანია მესამე ქვეყნის საელჩოს დაბომბვა მოწინააღმდეგის დედაქალაქში?! - კვირის პალიტრა

რამდენად სამართლიანია მესამე ქვეყნის საელჩოს დაბომბვა მოწინააღმდეგის დედაქალაქში?!

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გააფრთხილა უკრაინის დედაქალაქში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები, რომ რუსეთი იწყებს კიევში მდებარე გადაწყვეტილების მიმღები ცენტრებსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე სისტემატურ საჰაერო დარტყმებს და უსაფრთხოების მიზნით მათ ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ კიევი...

ეს არის „ფსიქოლოგიური ომის“ თვალსაჩინო მაგალითი, რითაც კრემლს სურს დააშინოს უკრაინის დედაქალაქში მოქმედი უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსები და მათი ევაკუციისკენ მოწოდებით გაართულოს უკრაინის საერთაშორისო თანამშრომლობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამ ომში უკრაინას სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევევენ...

გამომდინარე მსოფლიო პრაქტიკიდან, კიევშიც ბევრი უცხო ქვეყნის საელჩო და საკონსულო სწორედ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს, უკრაინის სამთავრობო ინსტიტუტების შენობების სიახლოვეს და თუკი კრემლი განაგრძობს „გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების“ სისტემატურ დაბომბვას, მნიშვნელოვნად იზრდება უცხო ქვეყნების დიპლომატიური ოფისების დაზიანების ალბათობაც. მაგალითად, აზერბაიჯანის საელჩოს შენობა კიევში უკვე მესამედ თუ მეოთხედ დაზიანდა რუსული დაბომბვების შედეგად, ანალოგიური დაზიანებები აქვს მიღებული კიდევ რამდენიმე ქვეყნის საელჩოს და საკონსულოს შენობებსა და ტერიტორიებს...

საერთოდ, როდესაც ორი მეომარი ქვეყანა ერთმანეთს სისტემატურად უბომბავს დედაქალაქებს, ხშირად მომხდარა მესამე ქვეყნების საელჩოებისა და საკონსულოების დაზიანება და დანგრევაც კი,თვით დიპლომატების მსხვერპლის ჩათვლითაც.

ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა 1999 წლის 7 მაისს მოხდა, როდესაც ნატო ყოფილი იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადს ბომბავდა და ამერიკული „უხილავი“ B-2 Spirit -დან ჩამოგდებულმა მართვადმა საავიაციო ბომბმა პირდაპირი მოხვედრით ააფეთქა და დაანგრია ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობა, რასაც სამი ადამიანის დაღუპვა და ბევრის დაჭრა/დაშავება მოჰყვა.

1-saelcho-1779797789.png
აშშ-ის საელჩოს კომპლექსი კიევში მართალია საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვესაა, თუმცა ის მაინც განცალკევებულად დგას და „წესით“ რუს ოკუპანტებს არ უნდა „აერიოთ“ უკრაინელი სამხედროების „გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრში“, რომლისკენაც კამიკაძე-დრონებს თუ ბალისტიკურ რაკეტას მიმართავენ...

ეს არ იყო ამერიკული მფრინავების შეცდომა ან საავიაციო ბომბის ზუსტი დამიზნების სისტემის ტექნიკური პრობლემა. უბრალოდ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთმა პოლკოვნიკმა ისარგებლა ბელგრადის მოძველებული რუკით და საჰაერო სამიზნე მფრინავებს მოუნიშნა იქ, სადაც ჩინეთის საელჩოს შენობა ახალი აშენებული იყო...

არის იმის მაგალითებიც, როდესაც ერთი ქვეყანა თავისი მტრის საელჩოს მესამე, ნეიტრალური სახელმწიფოს დედაქალაქში სპეციალურად აფეთქებს- 2024 წლის 1-ელ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოს შენობას რამდენიმე რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი გენერალიც...

ისრაელს დიდად არ უარყვია, რომ ეს რაკეტები მისმა საბრძოლო თვითმფრინავმა გაუშვა, პირიქით აცხადებდა, რომ სირიის დედაქალაქში მდებარე ეს შენობა ირანის საკონსულო კი არა, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „კუდსის“ დანაყოფის შტაბი გახლდათ...

დიპლომატიური ურთიერთობების ვენის 1961 წლის და საკონსულო ურთიერთობების ვენის 1963 წლის კონვენციები უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიმღებ ქვეყანას ავალდებულებენ. თუმცა ამავე კონვენციებში არ არის კონკრეტულად გამოყოფილი აკრძალვა და არ ფასდება უკანონობად, თუკი ეს დიპლომატიური შენობები გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისთვის მესამე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და დარტყმა მიყენებული იქნა თავდაცვის მიზნით, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის დამტკიცება, მაინცდამაინც ბალისტიკურ რაკეტა ხომ არ უნდა გაუშვან საელჩოს ეზოდან, რომ ის მესამე ქვეყნის კანონიერი სამიზნე გახდეს?

ომის მეხუთე წელს უკრაინის დედაქალაქი ბევრად უფრო ინტენსიურად და მასშტაბურად იბომბება რუსული კამიკაძე-დრონების ,ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების კომბინირებული საჰაერო შეტევების შედეგად, რასაც კიევში უკვე მოჰყვა ბევრი საცხოვრებლი კორპუსის ,სავაჭრო ცენტრისა და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობების დაზიანება/დანგრევა, მშვიდობიან მოსახლეობაში კი არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ასევე დაგაინტერესებთ: რა შეიარაღება იყიდა საიდუმლოდ სომხეთმა ჩინეთისგან?!

როგორი იქნება უკრაინელების შურისძიება კიევის უმოწყალოდ დაბომბვისთვის?! - სად უფრო ეტკინებათ რუსებს

გაცოფებული პუტინის შურისძიება "ორეშნიკით", "ისკანდერით", "კინჟალით", "ცირკონით"...

ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანიც პარალიზირებულია უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების შედეგად...

შეიძლება რუსეთის გენშტაბმა სპეციალურად სულაც არ დაუმიზნოს კიევში აშშ-ისა თუ დიდი ბრიტანეთის საელჩოს თავისი „გერანის“ კამიკაძე-დრონები, მაგრამ უკრაინელი მეზენიტეების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ჰაერში დაზიანებული ასეთი რუსული დრონის ფრაგმენტები დაეცნენ მესამე ქვეყნების საელჩოების შენობებს და სწორედ მაშინ მოხდეს ამ დაზიანებული კამიკაძე-დრონების საბრძოლო ქობინების ინიცირება...

2-saelcho-1779797790.jpg
ბელგრადში 1999 წელს ჩინეთის საელჩოს ამ შენობას ამერიკულმა „უხილავმა სულმა“ მართვადი ბომბი ზუსტად იმიტომ მოარტყა,რომ დაზვერვის ოფიცერმა ძველი რუკა გამოიყენა სხვა სამიზნის მონიშვნისას...

ან სულაც პირიქით-პოლონეთსა თუ ლატვიაზე მორიგი გაბრაზების შემდეგ, კრემლიდან გაიცეს საიდუმლო ბრძანება და მორიგი რუსული კამიკაძე-დრონები სპეციალურად იქნენ მიმართულნი კიევში ამ ქვეყნების საელჩოებზე,მოსკოვი კი ოფიციალურად თავს გაიმართლებს-ჩვენი შეტევის სამიზნე გახლდათ კიევში მდებარე „გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი“- სამეთაურო პუნქტი, მაგრამ მისკენ მფრენი რუსული კამიკაძე-დრონი უკრაინელმა მეზენიტეებმა შუა გზაში ჩამოაგდეს და ისიც იმიტომ დაეცა და ააფეთქა მესამე ქვეყნის საელჩოს შენობაო...

3-saelcho-1779797789.jpg
2024 წელს ისრაელის თვითმფრინავმა სპეციალურად მიიტანა სარაკეტო შეტევა სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე ირანის ამ საკონსულო შენობაზე...

სხვათა შორის, 2022 წლის 24 თებერვალს,რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღესვე, კიევში განთავსებული უცხო ქვეყნების საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატებისა და მათი ოჯახების წევრების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ლვოვში და საქართველოს საელჩო და მისი თანამშრომლების ნაწილი იყო ის იშვიათი გამონაკლისი, რომლებიც არ შეუშინდენ კიევისკენ დაძრულ რუსულ ტანკებს და დარჩნენ უკრაინის დედაქალაქში...

რუსეთ-უკრაინის ომი თანდათანობით კიდევ უფრო დაუნდობელ და სასტიკ სახეს იღებს, შესაბამისად კიევის დაბომბვებიც უფრო და უფრო გახშირდება,რამაც უცხო ქვეყნების დიპლომატების და პირველ რიგში მათი ოჯახების წევრების მხრიდან უკრაინის დედაქალაქის დატოვება შეიძლება მართლაც დააჩქაროს...