სასოწარკვეთილი ზელენსკი ტრამპს სახალხოდ ემუდარება ანტირაკეტებს, პუტინის „ისკანდერებისგან“ კიევის დასაცავად - რა გამოსავალი აქვთ უკრაინელებს?!
„საკმაოდ იშვიათია, რომ სხვა სახელმწიფოს ლიდერმა ერთდროულად მიმართოს წერილით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე - კონგრესს. თუმცა, ახლა სიტუაცია სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს. გვესმის, რომ ახლა მსოფლიოს ყურადღების დიდი ნაწილი ირანში ომზეა მიპყრობილი. თუმცა ომი აქ, ევროპაშიც უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის შესაძლებლობებს, „მით უფრო მალე შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ დიპლომატიამ იმუშაოს“.
„ვიდრე რუსეთი რაკეტებს ეყრდნობა, მისი ინტერესი დიპლომატიის მიმართ ნამდვილი არ არის. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ამის გაკეთება კი მხოლოდ ამერიკასთან ერთად შეგვიძლია“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კონგრესს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტზეა საუბარი და ეს წერილი პარალელურ რეჟიმში მასმედიაშიც „გაიჟონა“ - გასაგებია, რომ ოფიციალური კიევის ინიციატივით და ამით ზელენსკიმ თეთრ სახლს ნაკლები შანსი დაუტოვა, „წაეყრუებინა“, თუკი ერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მიერ მეორისთვის მიწერილი წერილი კონფიდენციალურ სტატუსში დარჩებოდა.
ის, რომ უკრაინის მეზენიტეებს „პეტრიოტის“ გასაშვები დანადგარები დაუცარიელდათ რაკეტებისგან და განსაკუთრებით კი - ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად განკუთვნილი PAC-3 MSE ტიპის რაკეტებისგან, მეორე თვეა, ვწერთ ამავე ბლოგში და ახლა ეტყობა ისეთი კრიტიკული მომენტი დაუდგა უკრაინას, რომ მისმა პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას, ფაქტობრივად, ვედრების ღია წერილით მიმართა...
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ტრამპმა მეორედ გაპრეზიდენტების დღიდან შეწყვიტა შეიარაღების ჩუქება უკრაინისთვის, როგორც ამას მისი წინამორბედი აკეთებდა და ერთ-ერთ გამოსავლად იქცა ამერიკული რაკეტების შესყიდვა მსოფლიო ბაზრის ფასებით, რასაც ევროპული ქვეყნები აფინანსებენ. თუმცა ირანთან 39-დღიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს აშშ-მა "პეტრიოტის" ანტირაკეტები უხვად მიახარჯა იმ ირანული ბალისტიკური რაკეტების მოგერიებას, რომლებიც ისრაელისკენ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ მიფრინავდნენ.
ირანთან ომის 39 დღის განმავლობაში აშშ-მა ბალისტიკური სამიზნეების გადასაჭერად, დაახლოებით, 1060-დან 1430-მდე PAC-3 ტიპის საზენიტო რაკეტა (ძველი CRI და ახალი MSE მოდიფიკაციის) დახარჯა, ირანში ოპერაციის დაწყებამდე კი აშშ-ის არსენალს 2330 ერთეული ამ დანიშნულების ანტირაკეტა ჰქონდა - ანუ მათმა საბრძოლო გამოყენების მაჩვენებელმა 45-დან 61%-მდე შეადგინა. აშშ-ის არმიას ამჟამად დარჩა 900-დან 1270-მდე CRI და/ან MSE ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტა. გარდა აშშ-ისა, ამ რაკეტებს იყენებდა სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანა, რადგან Patriot-ის ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტები ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის შეიარაღებაშიცაა.
"პეტრიოტის" ანტირაკეტების წარმოება ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს და ამიტომაც შეიქმნა დიდი დეფიციტი. კონტრაქტის ხელმოწერიდან პირველი ანტირაკეტების მიღება მყიდველს მხოლოდ 29 თვის ანუ, დაახლოებით, 2,5 წლის შემდეგ თუ შეუძლია. ამასთან, "პეტრიოტის" MSE ტიპის ანტირაკეტების წარმოების წლიური მოცულობა არ აღემატება 620 ერთეულს.
ასე რომ, თვით ამერიკული არმიისთვისაც კი შეიქმნა "პეტრიოტის" ანტირაკეტების მარაგის დეფიციტი, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება დღე-დღეზე განაახლოს საბრძოლო მოქმედებები ირანში, რომლის მიერ საპასუხოდ გამოშვებული ბალისტიკური რაკეტების მოგერიება მხოლოდ "პეტრიოტის" ანტირაკეტებს თუ ძალუძთ, ისევე, როგორც რუსული კვაზიბალისტიკური "ისკანდერებისა" და აერობალისტიკური "კინჟალების".
შესაბამისად, იქმნება სიტუაცია, როდესაც პუტინმა იცის, რომ ზელენსკის, ფაქტობრივად, აღარ დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ამერიკული ანტირაკეტები და მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია, კიევზე გარანტირებული წარმატებული სარაკეტო შეტევის განხორციელება, რაც აქამდეც გააკეთა და უახლოეს დღეებში უცილობლად გაიმეორებს.
სხვა რა გამოსავალი არსებობს?
იაპონია ამერიკული ლიცენზიით ამზადებს PAC-3 MSE ტიპის ანტირაკეტებს და, ამასთან, იაპონიის მთავრობამ ახლახან მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, შეიარაღების ექსპორტის გახსნაზე, რაც მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ტოკიომ თავის თავს აუკრძალა.
მაგრამ, იაპონური კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ი წელიწადში მხოლოდ 30-იოდე PAC-3 MSE ტიპის ანტირაკეტას თუ ამზადებს და თანაც ცოტა ხნის წინ იაპონიის არმიამ თავისი სტრატეგიული მარაგიდან ამ ანტირაკეტების პარტია გადასცა... თავად აშშ-ის ანუ ტრამპის მეზენიტეებსაც (რომლებმაც ასე უხვად მიახარჯეს ეს ძვირად ღირებული ანტირაკეტები ისრაელის და სპარსეთის ყურეში, თავისი სამხედრო ბაზების დასაცავად) უჭირთ...
მეორე ვარიანტია სამხრეთკორეული საზენიტო-სარაკეტო სისტემების - KM-SAM-ის ანტირაკეტები, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამხედროებმა წარმატებით გამოიყენეს ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად.
სხვათა შორის, ეს სამხრეთკორეული საზენიტო-ანტისარაკეტო კომპლექსი შექმნილია საბჭოთა/რუსული С-300/С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემების ტექნოლოგიების გამოყენებით.
ოფიციალური სეული, თავისი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე (შეიძლება იმიტომაც, რომ უფრთხის, რუსეთმა სამაგიეროდ ახალი სარაკეტო ტექნოლოგიები არ გადასცეს ჩრდილოეთ კორეას), მეხუთე წელია, თავს იკავებს უკრაინისთვის ბევრად უფრო მარტივი შეიარაღების მიყიდვაზეც და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ კიევს პუტინის „ისკანდერების“ მოსაგერიებელი ანტირაკეტები გაუგზავნოს.
მესამე ვარიანტი - ჩინეთს საზენიტო-სარაკეტო სისტემების დიდი ასორტიმენტი აქვს,მათ შორის - უახლესი ანტისარაკეტო HQ-29-აც, მაგრამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თეორიულადაც კი არ ღირს იმის განხილვა, რომ სი ძინპინმა ისინი შეიძლება ზელენსკის გადასცეს.
მეოთხე და საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ ისრაელს თავისი David's Sling-ის, Arrow-2-ს ან მით უმეტეს - Arrow-3-ის საზენიტო/ანტისარაკეტო სისტემების მცირე ნაწილი მაინც ეწილადებინა უკრაინისთვის, მაგრამ ესეც გამორიცხულია, თუნდაც იმ საიდუმლო ურთიერთობების ფონზე, რაც ნეთანიაჰუსა და პუტინს შორის დიდი ხანია, ჩამოყალიბდა და რისი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლიც ჩვენი საქართველო შეიქმნა, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ ისრაელმა, კრემლის „საამებლად“, საერთოდ შეწყვიტა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასთან...
მეხუთე და პოლიტიკურად ყველაზე შესაძლებელ ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ ფრაგულ-იტალიური „მამბა“ ანუ საზენიტო-სარაკეტო სისტემა SAMP/T. მართალია, პირველი ასეთი საზენიტო დანადგარი უკრაინაში ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში ჩაიტანეს და მას შემდეგ „მამბას“ აქტიურად იყენებენ უკრაინელი მეზენიტეები, მაგრამ მან თავი ვერ გამოიჩინა რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერებისა“ და აერობალსიტიკური „კინჟალების“ მოგერიებისას, თუმცა აეროდინამიკურ სამიზნეებს - თვითმფრინავებს, შვეულმფრენებსა და ფრთოსან რაკეტებს უპრობლემოდ აგდებს.
ასევე დაგაინტერესებთ: კიევის, ოდესისა და სხვა უკრაინული ქალაქების გარშემო წრიული თავდაცვის ზღუდეების აგება დაიწყეს - რას უფრთხიან უკრაინელები?!
რამდენად სამართლიანია მესამე ქვეყნის საელჩოს დაბომბვა მოწინააღმდეგის დედაქალაქში?!
რა შეიარაღება იყიდა საიდუმლოდ სომხეთმა ჩინეთისგან?!
როგორი იქნება უკრაინელების შურისძიება კიევის უმოწყალოდ დაბომბვისთვის?! - სად უფრო ეტკინებათ რუსებს
უკრაინის ომის გამოცდილებით, ფრანგმა და იტალიელმა სპეციალისტებმა დაიწყეს „მამბას“ ღრმა მოდერნიზაცია SAMP/T NG-ს შესაქმნელად, რომელსაც გაუმჯობესებული Aster 30 Block 1 NT ტიპის ანტირაკეტებით შეეძლება ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა და განადგურება 150 კმ-ის სიშორეზე.
მაგრამ ახალი „მამბა“ ჯერ საპოლიგონო გამოცდებს გადის და მისი გამოჩენა კიევის ცის დასაცავად შორეულ პერპექტივად რჩება, მანამდე კი პუტინის „ისკანდერებსა“ და „კინჟალებს“ სრული კარტ-ბლანში რჩებათ კიევზე და მით უმეტეს - უკრაინის სხვა ქალაქებზე დაუსჯელად „გასანავარდებლად“...