"დრონების აღლუმი" ერევანში - "რობოტი მგლიდან" სტრატეგიულ დამრტყმელ უპილოტომდე
2026 წლის 28 მაისს სომხეთმა დამოუკიდებლობის დღე დიდი მასშტაბის სამხედრო აღლუმით აღნიშნა, რომელზეც 14(!) სხვადასხვა კლასისა და ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიც იქნა წარმოდგენილი, რაც ჩინეთისა თუ ჩრდილოეთ კორეის კიდევ უფრო გრანდიოზული სამხედრო აღლუმების დროსაც კი არ უჩვენებიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მოსკოვის წითელ მოედანზე ჩატარებულ წლევანდელ 9 მაისის აღლუმზე...
ერევანში გამართულ სამხედრო აღლუმზე წარმოდგენილი იყო სომხეთში, რუსეთში, საფრანგეთში, ინდოეთში, ჩინეთსა და ირანში წარმოებული საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა.
აღლუმი გახსნეს "მგელის" სადაზვერვო და დამრტყმელმა რობოტულმა სისტემებმა — ე.წ. რობოტმა ძაღლებმა, რომლებიც შექმნილია რთულ კლიმატურ და რელიეფურ პირობებში მოქმედებისთვის. მათი მისიები მოიცავს დაზვერვას, სამიზნის აღმოჩენას, საცეცხლე მხარდაჭერას და საბრძოლო მასალის მიწოდებას და განადგურებას განაღმვის დროს.
ასევე, წარმოდგენილი იყო Tuman-ის ელექტრონული საბრძოლო სისტემები, რომლებიც შექმნილია დაბალმფრინავი საჰაერო სამიზნეების, მათ შორის - დრონებისა და შვეულმფრენების აღმოსაჩენად და ჩასახშობად.
აღლუმზე წარმოდგენილი იყო ფრანგული Bastion-ის მრავალფუნქციური ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის, სამშვიდობო მისიებისთვის, პატრულირებისთვის, დაზვერვისა და ესკორტის მოვალეობებისთვის.
მძიმე შეიარაღებიდან ნაჩვენები იქნა რუსული წარმოების TOS-1A "სოლნცეპეკის" თერმობარული სისტემა, რომელიც შექმნილია ქვეითი ჯარისა და ტანკებისთვის საცეცხლე მხარდაჭერისთვის. სისტემას აქვს მაღალი დამანგრეველი ძალა 40 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე.
ნაჩვენებ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შორის იყო ირანული AD-08 Majid-ის მოკლე რადიუსის საზენიტო სისტემები, რომლებსაც სომხეთში „მორიელი“ შეარქვეს. ისინი განკუთვნილია 5 კმ-მდე სიმაღლეზე და 8 კმ-მდე დიაპაზონში დაბალი ფრენის მქონე თვითმფრინავების, შვეულმფრენების და დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე, სამრეწველო და სამხედრო ობიექტების დასაცავად.
რუსული Tor-M2KM საზენიტო-სარაკეტო სისტემები უზრუნველყოფენ ძირითადი სამიზნეების საჰაერო დაცვას, მაღალი სიზუსტის მართვადი იარაღისგან - ფრთოსანი და ანტირადარის რაკეტებისგან, მართვადი ბომბებისგან, თავდასხმის თვითმფრინავებისგან, შვეულმფრენებისა და დრონებისგან.
ინდური Akash-ის საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს, რომლებიც სომხეთში „ფოცხვერის“ სახელითაა ცნობილი, 120 კილომეტრის რადიუსში 120-მდე საჰაერო სამიზნის აღმოჩენა, მათგან 60-ის ერთდროულად თვალყურის დევნება და 25 კილომეტრის მანძილზე 16 სამიზნის განადგურება შეუძლიათ.
აღლუმზე წარმოდგენილი იყო სომხეთში წარმოებული ნაღმტყორცნები - „რაზდანი“ (82 მმ) და „სევანი“ (122 მმ), ორივე წარმოებული სომხური საიარაღო ფირმის Arsenal-ის მიერ.
სომხეთმა ასევე აჩვენა საკუთარი მცირე ზომის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები, „ატლანტი“, რომლებსაც მხოლოდ 8 სარაკეტო გამშვები აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ მაღალი გამავლობით გამოირჩევიან მთაგორიან რელიფზე.
ინდური 155 მმ-იანი ბუქსირებადი ჰაუბიცა ATAGS-ი, რომელსაც სომხურად „ტორკს“ უწოდებენ, აერთიანებს მაღალ სიზუსტეს, 48 კმ-მდე სროლის დიაპაზონს და ნებისმიერ პირობებში ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობას.
ინდოეთში წარმოებული MArG („მიგრი“) თვითმავალი საარტილერიო სისტემა მსოფლიოში ერთადერთი 155 მმ-იანი, 39 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემაა, რომელიც დამონტაჟებულია 4x4 HMV-ის შასიზე. 18-ტონიანი მასის მქონე მანქანას აქვს „გაისროლე და გაიქეცი“ შესაძლებლობები და შესაფერისია მთიან რაიონებში გამოსაყენებლად.
ფრანგული Caesar (სომეხმა სამხედროებმა ის გადანათლეს,როგორც „არამაზდი“) თვითმავალი ჰაუბიცა, რომელიც Nexter Systems-ის მიერ არის წარმოებული, წარმოადგენს 155 მმ-იან ჰაუბიცას Renault Sherpa 10-ის შასიზე, შეჯავშნული კაბინით და SIGMA 30 ცეცხლის მართვის სისტემით. მის ძირითად უპირატესობებს შორისაა მაღალი სტრატეგიული და ტაქტიკური მობილურობა, სროლის დიდი დიაპაზონი და დაბალი ექსპლუატაციის ხარჯები.
ინდური 214 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Pinaka („შანტი“) განკუთვნილია ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, სამეთაურო პუნქტებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის, ასევე, დისტანციურად ნაღმების განსათავსებლად და წარმოადგენს საბჭოთა „ურაგანისა“ და ამერიკული „ჰაიმარსის“ ერთგვარ ანალოგს.
სომხეთის არმიის აღლუმზე წარმოდგენილი იყო ინდური მობილური კონტრსაბატარეო ბრძოლის რადარი Swati („მერკური“), რომელიც ავტომატურად ითვლის მოწინააღმდეგის ნაღმტყორცნების, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების საცეცხლე პოზიციების კოორდინატებს.
აღლუმის დასასრულს წარმოდგენილი იყო სომხური წარმოების დრონები: სადაზვერვო დრონები AW5R, SBN1, UN350, Storm-320 და UL-450, ასევე კამიკაძე-დრონები Pchela-1 და Pchela-5.
კომპანია „დავარომ“ წარმოადგინა უპილოტო საფრენი აპარატების საკუთარი ხაზი: Dev-11, Dev-3 და Dev-4 კამიკაძე და სადაზვერვო უპილოტო აპარატები, Dev-11 დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატი, BIP-10 დაზვერვისა და კორექტირების უპილოტო საფრენი აპარატი და Dev-K დრონების საწინააღმდეგო უპილოტო საფრენი აპარატი.
ასევე დაგაინტერესებთ: სასოწარკვეთილი ზელენსკი ტრამპს სახალხოდ ემუდარება ანტირაკეტებს, პუტინის „ისკანდერებისგან“ კიევის დასაცავად - რა გამოსავალი აქვთ უკრაინელებს?!
რამდენად სამართლიანია მესამე ქვეყნის საელჩოს დაბომბვა მოწინააღმდეგის დედაქალაქში?!
რა შეიარაღება იყიდა საიდუმლოდ სომხეთმა ჩინეთისგან?!
უცხოურ წარმოების მოდელებს შორის იყო ჩინური CH-4 (Luk) შორი რადიუსის სადაზვერვო და შემტევი დრონი, რომელიც აღჭურვილია AR-1 ლაზერული მართვადი რაკეტებით და FT-5 მართვადი ბომბებით. მისი ფრენის ხანგრძლივობა, დატვირთვის გარეშე, 30 საათამდეა, ხოლო სრული დატვირთვით - 14 საათამდე.
სამხედრო აღლუმი ერევნის ცაში ხუთი Ми-8МТВ ტიპის შვეულმფრენის, სამი Су-30СМ მრავალფუნქციური გამანადგურებლის და ხუთი Су-25 მოიერიშე თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდა.
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის წაგების შემდეგ ეს სომხეთის დედაქალაქში გამართული ყველაზე მნიშვნელოვანი აღლუმი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტიორების კოლონებს არ ჩაუვლიათ.
სამაგიეროდ, ნაჩვენები იქნა სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების მდიდარი „ასორტიმენტი“ და თუკი ეს დრონები სომხეთის არმიამ მართლაც დიდი რაოდენობით დააგროვა, მაშინ აზერბაიჯანს (რომელმაც ბოლო ომი სომხეთს სწორედ დრონების ფართო გამოყენებით მოუგო) კარგად დაფიქრება მოუწევს...