შვედური „გრიპენებითა“ და „მეტეორებით“ უკრაინა რუსეთს დიდ პრობლემებს ჰპირდება
გუშინ, 28 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტერსონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უკრაინა შვედეთისგან ყიდულობს 22 ერთეულ მოდერნიზებულ Gripen E/F ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს, რაც 2,5 მლრდ ევრო ჯდება, თუმცა ეს თანხა ევროკავშირის კრედიტიდან დაიფარება, ხოლო თავად ნაყიდი თვითმფრინავები კი უკრაინის ცაში მხოლოდ 2030 წლისთვის თუ გამოჩნდებიან.
მანამდე კი შვედეთი თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ 16 ერთეულ ძველი მოდიფიკაციის Gripen C/D ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას დაიწყებს, 2027 წლიდან ანუ დაახლოებით, ათ თვეში და ეს იქნება უსასყიდლო სამხედრო დახმარების სახით.
რას მისცემს შვედური „გრიპენების“ გამოჩენა უკრაინის ცაში მის დამცველებს და რამდენად გაურთულდებათ საქმე რუსეთის საოკუპაციო ძალებს?
JAS 39 Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის სახელწოდება JAS იშიფრება პირველი ასოებით, როგორც გამანადგურებელი, მოიერიშე, მზვერავი ანუ მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი და 1997 წლიდან ირიცხება შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში.
დღემდე გამოშვებულია 264 ასეთი საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებიც, შვედეთის გარდა, უნგრეთის, ჩეხეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ტაილანდის, დიდი ბრიტანეთისა და ბრაზილიის შეიარაღებაშია.
„გრიპენი“, იგივე „გრიფონი“, არის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ცარიელ მდგომარეობაში მხოლოდ 7 ტონას თუ იწონის, მაგრამ 5,3 ტონა მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვისა და 2 ტონა საწვავის (დამატებითი ავზების გარეშე) წაღება შეუძლია და მისი მაქსიმალური ასაფრენი მასა 14,3 ტონას თუ აღწევს, მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი ამერიკული F-16 Fighting Falcon-ისთვის 21 ტონამდე ადის.
ერთძრავიან „გრიფონს“ 2 200 კმ/სთ-მდე მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია და მისი საბრძოლო მოქმედების რადიუსი 800 კმ-ს შეადგენს, რომლის გაზრდა საწვავის დამატებითი ავზების ჩამოკიდებით შეიძლება.
მეოთხე თაობის შვედური გამანადგურებელი „გრიპენი“ ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ერთძრავიან მსუბუქ გამანადგურებელ თვითმფრინავად, რომელიც ამერიკული F-16 Fighting Falcon-ის კონკურენტია შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ, ძირითადად, უფრო შედარებით მცირე ფასის გამო.
უკრაინის საჰაერო ძალებს სჭირდებათ, როგორც საჰაერო პლატფორმები, საბრძოლო თვითმფრინავების სახით, ისე - შორსმფრენი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტები, რათა თითქმის 200 კმ-დე მისწვდნენ იმ რუსულ Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს, რომლებიდანაც ფრონტის ხაზიდან 60-80 კმ-ის დაშორებით აგდებენ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილ 500,1 500 და 3 000 კგ კალიბრის საავიაციო ბომბებს - ეს რუსული მართვადი ბომბები დღემდე რჩება ფრონტის ხაზზე უკრაინული თავდაცვითი პოზიციების უმთავრეს და ყველაზე საშიშ გამანადგურებელ იარაღად.
შვედურ JAS 39 Gripen E-ის მოდერნიზებულ გამანადგურებლებს, რომელთა წარმოება 2019 წლიდან დაიწყო, ახალი აქტიური ფაზირებულანტენიანი საბორტე რადიოლოკატორი უყენია, რომელსაც ორას კმ-ზე შორს შეუძლია მოწინააღმდეგის თვითმფრინავების აღმოჩენა და მათზე ამერიკული AIM-120C-7 AMRAAM-ისა და ევროპული MBDA Meteor-ის ტიპის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტების მიმართვა, რაც სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა ფრონტის ხაზიდან თუნდაც ასიოდე კმ-ში მართვადი ბომბების ჩამომყრელ რუსულ „იხვნისკარტებს“- Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს.
შვედური „გრიპენის“ ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა ისიცაა, რომ იგი თავიდანვე დაპროექტებული იქნა საავტომობილო გზებიდან აფრენა-დაფრენისთვის - პირველი „ცივი ომიდან“ მოყოლებული, შვედები უფრთხოდნენ საბჭოთა ბომბდამშენების შესაძლო შეტევებს შვედურ აეროდრომებზე და ამიტომაც თავის გამანადგურებელ თვითმფრინავებს - „დრაკენს“, „ვიგენსა“ და „გრიპენს“ ჩვეულებრივი გზებიდან აფრენაც „ასწავლეს“.
ასევე დაგაინტერესებთ: "დრონების აღლუმი" ერევანში - "რობოტი მგლიდან" სტრატეგიულ დამრტყმელ უპილოტომდე
რამდენად სამართლიანია მესამე ქვეყნის საელჩოს დაბომბვა მოწინააღმდეგის დედაქალაქში?!
ეს ტექნიკური ნიუანსი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, რადგან რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერები“ და აერობალისტიკური „კინჟალები“ უკრაინის ნებისმიერ სამხედრო აეროდრომსა და სამოქალაქო აეროპორტს სტარტიდან 3-5 წუთში სწვდებიან და ამ რუსული რაკეტების საჰაერო დარტყმებისგან თავის ასარიდებლად, უკრაინელ პილოტებს ხშირად უწევთ საბრძოლო თვითმფრინავებით აფრენა, საავტომობილო გზებიდან.
უკრაინის სამხედრო აეროდრომებზე მრავლადაა შემორჩენილი რკინა-ბეტონის არკული თავშესაფრები -ანგარები, მაგრამ ისინი, ძირითადად, 13 მ-მდე სიგანისაა, განკუთვნილი იმ საბჭოთა МиГ-23 გამანადგურებელებისა და Су-24М საფრონტო ბომბდამშენებისთვის, რომლებსაც ფრთის ისრისებურობა ეცვლებოდათ („ფრთები ეკეცებოდათ“) და ეტეოდნენ ამ გადახურულ და დაცულ ანგრებში, შედარებით თანამედროვე Су-27-ები, ისევე, როგორც მოიერიშე Су-25-ები კი უკვე ვერ ეტევიან. სამაგიეროდ, მათში თავსდება ამერიკული F-16-ები და ეტევა შვედური JAS 39 Gripen E-ებიც.
უკრაინის საჰაერო ძალებში თვითმფრინავების ერთგვარი „ზოოპარკია“ (ისევე, როგორც ტანკებსა და არტილერიაში), როდესაც ერთდროულად უწევთ საბჭოთადროინდელი, ამერიკული და ფრანგული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების ექსპლუატაცია და კიდევ - შვედური „გრიპენების“ დამატება უფრო გაართულებს სიტუაციას, თუმცა აქ მეორე მხარეცაა - ევროპიდან ნაჩუქარი მოძველებული F-16-ებისა და ფრანგული „მირაჟების“ მარაგი მალე ამოიწურება, ისევე, როგორც საბჭოთადროინდელი „სუებისა“ და „მიგების“, და უკრაინის საჰაერო ძალებს დარჩებათ მხოლოდ თანამედროვე მოდიფიკაციის „გრიპენები“, რომლებსაც შორსმოქმედი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის „მეტეორის“ მართვადი რაკეტებით მეტ-ნაკლებად თანასწორი საჰაერო ორთაბრძოლები შეუძლიათ გაუწიონ რუსულ თანამედროვე გამანადგურებლებს.