"ზებრა-კამაზები" ანუ რატომ ვერ უშველის პუტინის არმიას სამხედრო ტექნიკის კამუფლირება?!
Camouflage-კამუფლაჟი შენიღბვის ერთ-ერთი სახეა - შენობების, ქვემეხების, ტანკების, თვითმფრინავების და სხვ. დაფარვა ლაქებით, ზოლებით ისე, რომ გაძნელდეს მათი გამოცნობა.
სამხედრო ტექნიკისა და მებრძოლების სამხედრო ფორმის კამუფლაჟის გამოყენება მე-19 საუკუნიდან დაიწყო, თუმცა ბევრად აქტუალური გახდა პირველი და განსაკუთრებით კი - მეორე მსოფლიო ომების დროს, მაგრამ 21-ე საუკუნის თანამედროვე ომებში კამუფლაჟი კარგავს თავის მნიშვნელობას, რადგან საბრძოლო მოქმედების ზონაში ორივე მოწინააღმდეგის მხრიდან ცაში „გამოეკიდა“ ათასობით დრონი, რომელთა დღისა და ღამის ხედვის ვიდეოკამერებს რამდენიმე ათეული კმ-დან შეუძლიათ ადამიანის ფიგურის დაფიქსირება, რომ აღარაფერი ვთქვათ ტანკსა თუ თვითმფრინავზე...
რუსეთ-უკრაინის ომში კამუფლირებულ ფერებში სამხედრო ტექნიკის გადაღებვა უკვე დიდ შედეგს აღარ იძლევა, პირიქით, ტანკებს თავზე მთელ „ფარდულს“ წამოაცმევენ, რომელიც მის დემასკირებას კიდევ უფრო შორი მანძილიდან ახდენს, მაგრამ სამაგიეროდ ამ „ფარდულზე“ დაჯახებული კამიკაძე-დრონის კუმულაციური ქობინი ტანკის ჯავშნიდან ნახევარ მეტრში ფეთქდება და ჯავშნამდე კუმულაციური ჭავლი უკვე გაფანტული და ძალაგამოცლილი აღწევს.
და მიუხედავად ამისა, სამხედრო ტექნიკის სხვადასხვა კამუფლირებულ ფერში გადაღებვა მაინც გრძელდება, რადგან სატვირთო მანქანებს, რომლებიც ფრონტის მომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენენ, ტანკივით „ფარდულს“ ზედ ვერ წამოამხობ.
ამ სტატიის დაწერის სურვილი გააჩინა სოციალურ ქსელში გამოჩენილმა „ზებრა-კამაზის“ ფოტომ - სწორედ ასე გადაღებეს რუსმა ოკუპანტებმა თავის ერთ-ერთი სამხედრო „კამაზი“, იმის იმედით, რომ თეთრი და შავი ზოლების მონაცვლეობა გაუძნელებდა უკრაინულ კამიკაძე-დრონების ოპტიკურ-ელექტრონულ სისტემას, ასეთი კამუფლაჟის მქონე ობიექტის სამიზნეში ამოღებას...

ფოტო: პირველი მსოფლიო ომის დროს „ზებრის“ კამუფლაჟმა დიდად არ უშველა სამხედრო ხომალდების ეკიპაჟებს, მათ მაინც ძირავდნენ...
სხვათა შორის, ასეთი „ზებრისებრი“ კამუფლაჟი თავდაპირველად გამოყენებული იქნა პირველი მსოფლიო ომის დროს, სამხედრო ხომალდების კორპუსების შეღებვისას, რასაც თავისი მიზანი ჰქონდა -მოწინააღმდეგეები გაშლილ ზღვაში ერთმანეთის ხომალდებამდე მანძილის გამოთვლას (რომ შემდეგ ეს მონაცემები საგემბანო არტილერიისთვის გადაეცათ, ზუსტად დასამიზნებლად) მათი კორპუსების სიგრძისა და სიმაღლის მიახლოებითი გაზომვით ცდილობდნენ, როდესაც ხომალდი ერთ ფერში იყო შეღებილი. ასეთი გამოთვლა შედარებით ადვილი გახლდათ, მაგრამ ისეთი კამუფლაჟის გამოყენებისას, როდესაც შორიდან ხომალდის კორპუსის კონტურები უკვე რთულად აღიქმებოდა, ძნელდებოდა მისი ზომების დადგენა და, შესაბამისად, მოწინააღმდეგის ხომალდამდე მანძილის გამოთვლაც.

ფოტო: კამიკაძე-დრონის „ჰორნეტის“ „სამანქანო ხედვამ“ ჩაიჭირა რუსული სამხედრო „კამაზის“ კაბინაზე დახატული ოკუპანტების საყვარელი გამოსაცნობი ნიშანი - Z-ი, წამიც და... დააკვირდით -სამხედრო „კამაზის“ გვერდით მოძრავ სამოქალაქო მანქანას დრონის „სამანქანო ხედვა“ ყურადღებას არ აქცევს...
რუსეთ-უკრაინის ომში კი „ზებრისებრი“ ან თუნდაც სხვა კამუფლაჟის გამოყენება უკვე კარგავს თავის აზრს, რადგან თუნდაც ამერიკული წარმოების კამიკაძე-დრონები - „ჰორნეტები“, რომლებითაც უკრაინელები ამ დღეებში აკოშმარებენ ფრონტის ხაზიდან 150 კმ-ზე და კიდევ უფრო მეტად დაშორებულ რუსი ოკუპანტების სამხედრო გადაზიდვებს საავტომობილო გზებზე. დამიზნებისთვის იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მარტივ ვარიანტს -„სამანქანო ხედვას“ - მის საბორტე კომპიუტერში წინასწარ არის ჩატვირთული მოწინააღმდეგის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ავტომობილებისა თუ სხვა ტექნიკის სხვადასხვა ხედის კონტურები და „ჰორნეტის“ ოპტიკურ-ელექტრონული სისტემის „სამანქანო ხედვაში“ აღმოჩენილი ობიექტის გამოსახულების უსწრაფესი შედარება ხდება კომპიუტერის მეხსიერებაში ჩატვირთულ კონტურებთან და თუკი დამთხვევის მაღალი პროცენტი აღმოჩნდა, კამიკაძე-დრონი პიკირებაზე გადადის...
ასევე დაგაინტერესებთ: ნუთუ უკრაინამ მიაგნო პუტინის არმიის „აქილევსის ქუსლს“ და რას შეცვლის ეს ფრონტის ხაზზე...
შვედური „გრიპენებითა“ და „მეტეორებით“ უკრაინა რუსეთს დიდ პრობლემებს ჰპირდება
"დრონების აღლუმი" ერევანში - "რობოტი მგლიდან" სტრატეგიულ დამრტყმელ უპილოტომდე
ასე რომ, ბალახისფერად, ასფალტისფერად თუ სულაც - „ზებრისფერად“ სამხედრო ტექნიკის გადაღებვა დღევანდელ ომებში მეტწილად კარგავს თავის აზრს, მით უმეტეს, თუკი დასამიზნებლად კამიკაძე-დრონი თბოვიზორსაც იყენებს და მოძრავი ტექნიკის გახურებული ძრავიდან, გამოსაბოლქვი მოწყობილობიდან, მუხლუხოებიდან და ბორბლებიდან გამოყოფილ სითბურ კვალს დღის სინათლეზეც და ღამითაც მშვენივრად აფიქსირებს. ეგ კი არა, თუკი ტანკი მთელი დღე გაჩერებულია, არც ძრავა ჩაურთავს და ერთი მეტრითაც არ გადაადგილებულა, თბოვიზორი მას მაინც დააფიქსირებს, რადგან დღის განმავლობში მზეზე გამთბარი 40-50-ტონიანი „რკინის მონსტრი“ მაინც „ბრდღვიალებს“ თბოვიზორის ეკრანზე. არსებობს სპეციალური შალითები ტექნიკაზე ჩამოსაცმელად და სითბური გამოსხივების შესამცირებლად, მაგრამ საბრძოლო სიტუაციაში, ტყე-ღრეში მოძრაობისას, ისინი მალე გამოდიან მწყობრიდან და ამასთან ბოლომდე არ შეუძლიათ დაფარონ ტანკის 1 500 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის დიზელის ძრავის გამონაბოლქვის მაღალი ტემპერატურა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკული „აბრამსისა“ თუ საბჭოთა/რუსული Т-80-ის აირტურბინიან ძრავებზე, რომელთა გამონაბოლქვის ტემპერატურა 400 გრადუსამდეც ადის...

ფოტო: უკრაინელი ოპერატორები ასეთი ამერიკული „ჰორნეტებით“ აკოშმარებენ რუს ოკუპანტებს...
„სამანქანო მზერამ“ შეცვალა წარმოდგენა თანამედროვე კამუფლაჟზე, ხოლო ხელოვნური ინტელექტის შემდგომი სრულყოფა (რაც ისედაც საოცარი სისწრაფით იხვეწება) მალე დრონებს საშუალებას მისცემს, ავტომატურ რეჟიმში, ოპერატორის ყოველგვარი ჩარევის გარეშე, სახით, ფიგურით, სიარულის მანერით და სხვა თავისებურებებით კონკრეტული ადამიანები გამოარჩიონ ხალხის მასაში და მასზე „უწერტილოვანესი“ დარტყმა განახორციელონ...