ვინ იქნება "ახალი ლენინი", რომელიც პუტინს დაამხობს?!
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის - გიდეონ რიჩმანის სტატია სათაურით: „ვლადიმერ პუტინი უკრაინაში წარუმატებლობის ფასს, ალბათ, პირადად გადაიხდის - პრეზიდენტის პოსტის დატოვებით“. ავტორი წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება კრემლის კრახით დასრულდეს. და კრემლი მართლაც დამარცხდება. ისტორია გვიჩვენებს, რომ სამხედრო კრახი რუსეთში ყოველთვის რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს იწვევდა ანუ მარცხს ხელისუფლება ეწირებოდა ხოლმე.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.
იყო თუ არა „გამარჯვების დღის“ აღნიშვნა [არატრადიციული სახით] რუსეთის მარცხის მომასწავებელი სიმპტომი? ბევრმა ექსპერტმა ჩათვალა, რომ დიდი ალბათობით, იყო: რადგან კრემლმა სამხედრო ტექნიკა არ გამოიყვანა, ესე იგი, ვერ უზრუნველყო რუსეთის დედაქალაქის დაცვა უკრაინელთა საჰაერო შეტევისაგან. ომი მოსკოვამდეც მივიდა. თითქმის ყოველდღიურად იხურება აეროპორტები, ხშირად ითიშება მობილური ინტერნეტი, ასევე, ხშირად იღუპებიან რუსი გენერლები, იწვიან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობტერმინელები.
რუსეთისათვის ომის შედეგები ტრაგიკული და იმავდროულად - განსაცვიფრებელია: ამას წინათ ბრიტანეთის დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ენ კისტ-ბატლერმა განაცხადა, რომ კონფლიქტმა თითქმის 500 ათასი (ნახევარი მილიონი!) რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ უფრო ბევრი დაიჭრა და დასახიჩრდა. ეს სამომავლოდ რუსეთის დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს - ომის წინა წლებშიც ქვეყნის მოსახლეობა ისედაც მცირდებოდა.
გამარჯვება რომ ჰორიზონტზე მოჩანდეს, მაშინ ასეთი დიდი მსხვერპლი შეიძლებოდა, მეტ-ნაკლებად მისაღებად ჩათვლილიყო, მაგრამ დღეს რუსეთი უკრაინასთან უფრო მეტ ხანს იბრძვის, ვიდრე - საბჭოთა კავშირი გერმანიასთან, მეორე მსოფლიო ომის დროს. კრემლმა ვერა და ვერ დაიკავა სრულად დონბასის რეგიონი, ხოლო აპრილში იძულებული გახდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნაწილობრივ უკანაც დაეხია.
ასეთი ფრიად არასახარბიელო სიტუაცია რუსულ ელიტაში „სხვაგვარად აზროვნებას“ იწვევს და ზოგიერთები უკვე ღიად აყენებენ ეჭვქვეშ ომის მიზანშეწონილებას. ამას წინათ რუსული ისტებლიშმენტის ისეთ აკადემიურ გამოცემაში, როგორიცაა ჟურნალი „როსსია ვ გლობალნოი პოლიტიკე“, გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, კიევის პროდასავლური მთავრობის დამხობა „პრინციპულად მიუღწეველია“ - იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი მიზნის მისაღწევად მთელი უკრაინის ოკუპაცია მოუწევს. უმჯობესია მოლაპარაკებით მიღწეული მშვიდობა, რომელშიც რუსეთის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
რუსეთის ისტორია გვიჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინმა არა მარტო ომის მსვლელობაზე უნდა იდარდოს, არამედ - საკუთარ მდგომარეობაზეც. ისტორიულად, რუსეთის არმიის სამხედრო წარუმატებლობას ხშირად მოსკოვის პოლიტიკური კურსის ცვლილება მოსდევდა ხოლმე. მაგალითად, რუსეთ-იაპონიის ომში მარცხმა სახალხო მღელვარება („1905 წლის რევოლუცია“) გამოიწვია და რუსული მონარქია კონსტიტუციით შეიზღუდა, ხოლო პირველ მსოფლიო ომში რუსეთის დამარცხება 1917 წლის რევოლუციის ფონი გახდა. 1962 წლის ოქტომბერში, კარიბის კრიზისის დროს, საბჭოთა კავშირის უკანდახევამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1964 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის გადაყენებაში, სსრ კავშირის მმართველის პოსტიდან. ავღანეთში ჯარების შეყვანამ და მრავალწლიანი წარუმატებელი კამპანიის შედეგად, ჯარების ისევ უკან გამოყვანამ ბევრად განაპირობა საბჭოთა კავშირის დაშლა.
ეს პრეცედენტები მოწმობენ, რომ უკრაინაში წარუმატებლობას იოლად შეიძლება, 73 წლის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაცემა მოჰყვეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი დამხობის ზუსტი მექანიზმის განსაზღვრა საკმაოდ რთულია.
საზოგადოებრივი პროტესტების მოწყობა ან ტრადიციული მეთოდებით სარგებლობა საეჭვოა, რომ წარმატებით დასრულდეს. გავიხსენოთ, რომ 2011-12, 2019 და 2021 წლებში მოსკოვში მსხვილი ანტიპუტინური საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომლებსაც რუსეთის პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები ახშობდნენ, მათ აქტიურ მონაწილეებს კი იჭერდნენ და აპატიმრებდნენ. ოპოზიციის ქარიზმატული ლიდერები, როგორც წესი, ქვეყნიდან იდევნებიან ან იღუპებიან, როგორც, მაგალითად, ბორის ნემცოვი და ალექსი ნავალნი: პირველი 2015 წელს კრემლთან ახლოს მოკლეს, მეორე კი 2024 წელს - საპყრობილეში. რუსეთში მიმდინარე წლის სექტემბერში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები უნდა გაიმართოს, მაგრამ მისი შედეგები ეჭვს არ იწვევს - ხელისუფლებაში ისევ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები დარჩებიან.
პუტინის დამხობის ყველაზე მეტი შანსი აქვთ შეიარაღებულ ადამიანებს, ვიდრე - სამოქალაქო მოსახლეობას. 2023 წელს მომხდარი „ვაგნერის“ სამხედრო ამბოხება, ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით, ყველაზე კრიტიკული იყო პუტინისათვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე 1999 წლის დეკემბრიდან იმყოფება. მაგრამ ამბოხება ჩაიშალა, ხოლო თვითონ ევგენი პრიგოჟინი გაურკვეველ ვითარებაში, ბურუსით მოცულ ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. მას შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მკაცრი კონტროლი დაამყარა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე.
და მაინც, რუსეთის ელიტის შიგნით განხეთქილება, ალბათ, ყველაზე უფრო სავარაუდო და შესაძლებელი მეთოდი უნდა იყოს, ვლადიმერ პუტინის დასამხობად. რაც აუცილებელია ამ დროს, არის ის, რომ ადამიანთა კრიტიკულმა მასამ გააცნობიეროს - ომი რუსეთისათვის ცუდად, არახელსაყრელად მიმდინარეობს და ამიტომ ის უნდა შეწყდეს. ომის მოწინააღმდეგე ადამიანები მიხვდებოდნენ იმასაც, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკება და ევროპასთან ინტეგრაცია უფრო იოლი იქნებოდა, თუ კრემლში ახალი სახე გამოჩნდებოდა და ახალი აზროვნება დამკვიდრდებოდა. ალბათ, ევროპის ქვეყნების მთავრობებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ ეს იდეა რუსეთის ელიტურ წრეებამდე მიიტანონ.
ასევე დაგაინტერესებთ: "არა, ის სხვა ჯორჯიაა: რა კავშირი აქვს აშშ-ის შტატ ჯორჯიის სახელწოდებას კავკასიურ სახელმწიფო საქართველოსთან და ქართველ ხალხთან?" - The New York Times
დაპირისპირება ირანის ხელისუფლებაში?! - ორი ბანაკი: ვინ არის მშვიდობის და ვინ - ომის მომხრე?
პუტინი ნიკოლოზ მეორესავით დაასრულებს?! - შემოიღებენ თუ არა რუსეთში იძულებით სამხედრო ბეგარას?
მაგრამ ელიტის უკმაყოფილების გამოყენება ვლადიმერ პუტინის დასამხობად მარტივი არ არის. ამისათვის, ალბათ, ვიღაც გავლენიანი პიროვნება იქნება საჭირო, რომელიც მართვის დღევანდელი სისტემის ზემო ეშელონებშია და რომელსაც ზურგს რუსეთის არმიის ლოიალური ქვედანაყოფები უმაგრებს. თუმცა, როგორც აშშ-ის კარნეგის ცენტრის თანამშრომელი ალექსანდრე გაბუევი აღნიშნავს, „რუსეთის დღევანდელი ელიტა კრემლის მიერ ყურადღებით შერჩეულ ლოიალისტებს წარმოადგენენ, რომლებიც სარგებელს იღებენ ხელისუფლებისაგან. თავის მხრივ, ხელისუფლებას მათზე უამრავი კომპრომატი აქვს. ისინი ერთმანეთთან ხშირად არ ხვდებიან, რომ შეთქმულება მოაწყონ. გარდა ამისა, თითოეული მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშ არის“. არ არის გამორიცხული, რომ შექმნილი გარემოებების პირობებში, მათთვის შეიძლება უფრო ნაკლებმტკივნეულად და უსაფრთხოდ მოჩანს ვლადიმერ პუტინთან არსებული კავშირების შენარჩუნება“.
განდევნილები და აუტსაიდერები, რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის სამომავლო ბედზე მსჯელობისას ცდილობენ, რომ სასურველი სინამდვილედ წარმოაჩინონ. სამწუხაროდ, რუსეთის პრეზიდენტის დამხობის გზაზე უდიდესი და გადაულახავი დაბრკოლებები არსებობს.
და მაინც სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ვლადიმერ პუტინს რუსეთი, უკრაინასთან მიმართებით, არასტაბილური კურსით მიჰყავს. ვისარგებლებ ფინანსურ წრეებში პოპულარული ფრაზით: „იმას, რასაც უსასრულოდ გაგრძელება არ შეუძლია, ის აუცილებლად შეწყდება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ