"დრონებისცვენა"  პუტინის მშობლიურ ქალაქში  - სტალინისდროინდელი ლენინგრადი უკეთესად იყო დაცული, ვიდრე დღევანდელ სანკტ-პეტერბურგს იცავენ ჰაერიდან - კვირის პალიტრა

"დრონების ცვენა"  პუტინის მშობლიურ ქალაქში  - სტალინისდროინდელი ლენინგრადი უკეთესად იყო დაცული, ვიდრე - დღევანდელ სანქტ-პეტერბურგს იცავენ ჰაერიდან

სანქტ-პეტერბურგში დრონით თავდასხმამ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალში“ ხანძარი გამოიწვია.

1-pet-1780470933.png
პუტინს მისი მშობლიური ლენინგრად-სანქტ-პეტერბურგი ხანძრების შავი კვამლით ხვდება...

ამ მწირი ინფორმაციის უკან კი ორი მნიშვნელოვანი გარემოება იმალება...

პირველი - უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მერამდენედ მოახერხეს რუსეთის პრეზიდენტის „მშობლიური“(თუკი პუტინს მართლაც ქართულ სოფელ მეტეხში არ გაუტარებია ბავშვობა) ქალაქის -ლენინგრად-სანქტ-პეტერბურგის ხანძრების შავი კვამლით დაფარვა.

მეორე - დღეს ქალაქში „პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი“ იხსნება, რომელსაც 130 ქვეყნიდან უცხოელი ბიზნესმენებიც დაესწრებიან, ხოლო თავად რუსეთის პრეზიდენტს კი 5 ივნისს ელოდებიან.

2-pet-1780470933.png
„პეტერბურგის ნავთობტერმინალი“-ამაზე უფრო გამოკვეთილი და „მსუყე“ სამიზნის მოძებნა უკრაინული კამიკაძე-დრონებისთვის რთული იქნებოდა...

პუტინისთვის ეს ორმაგი დარტყმა გამოდის - მშობლიურ ქალაქზე მერამდენე საჰაერო შეტევა-აფეთქებებით და თანაც - სპეციალურად დამთხვევა „პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის“ გახსნის დღეს, მაშინ, როდესაც პუტინი ამ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს თავის „პირმშოდ“ თვლის და 2005 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის ესწრება.

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი, „პეტერბურგის ნავთობტერმინალი“ სანქტ-პეტერბურგის პორტში 37 ჰექტარზეა გადაჭიმული და ის წელიწადში 12,5 მლნ ტონა ნავთობროდუქტს გადაამუშავებს, რომელთა შესანახად განთავსებულია 21 უზარმაზარი რეზერვუარი, რომლებიც გახდნენ კიდეც უკრაინული კამიკაძე-დრონების მთავარი სამიზნე.

3-peterb-1780470933.png
უკრაინული კამიკაძე-დრონების ზუსტი დარტყმების შედეგად „პეტერბურგის ნავთობტერმინალის“ სამ უზარმაზარ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა, რომელსაც ჯერ ვერ აქრობენ...

ლენინგრადის გუბერნატორი (ქალაქს კი დაუბრუნეს სანქტ-პეტერბურგის სახელი, მაგრამ ოლქს ისევ ლენინის სახელი დაუტოვეს) აცხადებს, რომ 50 უკრაინული კამიკაძე-დრონის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა ჩუმდება თვითმხილველების მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრების კომენტირებისას. არადა, ამ ვიდეოებში კარგად ჩანს, თუ ერთმანეთის მიყოლებით უკრაინული AN-196 Liutyi -სა და FP-2 -ის ტიპის კამიკაძე-დრონები დაბალ სიმაღლეზე როგორ თავისუფლად მიფრინავენ „პეტერბურგის ნავთობტერმინალისკენ“ და პიკირებენ ნავთობპროდუქტებით სავსე რეზერვუარებზე, რის შემდეგაც არანაკლებ სამი რეზერვუარიდან სქელი შავი კვამლი იწყებს ამოსვლას და ნელ-ნელა გადაეფარება 5,6-მლნ-იან, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქს...

4-pet-1780470932.png
რუსი თვითმხილველის გადაღებული ფოტო -ამ უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა AN-196 Liutyi-მა მის სახლს გადაუფრინა და გეზი „პეტერბურგის ნავთობტერმინალისკენ“ აიღო…

გასაოცარი, იცით, რა არის?

ამ უკრაინული კამიკაძე-დრონების ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-მდეა ანუ უტოლდება პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ბიპლანების სიჩქარეს, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადზე საჰაერო შეტევებში მონაწილე გერმანული „ლუფთვაფეს“ ბომბდამშენების სიჩქარე ორჯერ, ხოლო გამანადგურებლების კი - სამჯერ მეტი იყო, თუმცა სტალინის მეზენიტეები „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევებით მათ ბევრად უფრო მეტი წარმატებით იგერიებდნენ, ვიდრე დღეს სანქტ-პეტერბურგს იცავენ პუტინის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ზებგერითი თვითმფრინავები თუ დამრტყმელი შვეულმფრენები...

ასევე დაგაინტერესებთ: რუსული "ისკანდერებით" კიევზე...ისევე როგორც გერმანული "ფაუ-2"-ებით ლონდონზე...

"ზებრა-კამაზები" ანუ რატომ ვერ უშველის პუტინის არმიას სამხედრო ტექნიკის კამუფლირება?!

ნუთუ უკრაინამ მიაგნო პუტინის არმიის „აქილევსის ქუსლს“ და რას შეცვლის ეს ფრონტის ხაზზე...

პენტაგონი უკრაინელების ვალშია - განადგურებულია ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების აღმომჩენი, ბერიაშვილის ქარხნის ორი რუსული სტრატეგიული „სტალინის დათვიც“...

როგორც ჩანს, ზელენსკიმ ამ სახით გადაუხადა სამაგიერო პუტინს, კიევის ბოლო დაუნდობელი დაბომბვისთვის...

განსხვავება სახეზეა - მაშინ როდესაც რუსული „ისკანდერები“ უკრაინის დედაქალაქში საცხოვრებელ კორპუსებს აფეთქებენ, რუსეთის ყოფილ დედაქალაქში უკრაინული „ლიუტები“ სამიზნედ მშვიდობიან მოსახლეობას კი არა, არამედ - იმ ნავთობტერმინალებს ირჩევენ, საიდანაც საწვავი მიეწოდება უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ რუსეთის საოკუპაციო ძალების ტანკებსა და ბომბდამშენებს...

ვიდეო: 3 ივნისის გამთენიისას რუსულ „პეტერბურგის ნავთობტერმინალზე“ უკრაინული საჰაერო შეტევა