სენსაციური დასკვნა: უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია! - როგორ დაამცირეს პუტინი თავისივე მშობლიურ ქალაქში
ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) 4 ივნისის ნომერში გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით - „უკრაინის საჰაერო დარტყმა სანქტ-პეტერბურგზე, საერთაშორისო ფორუმის დროს, ვლადიმერ პუტინის დიდ დამცირებას და სირცხვილს ნიშნავს“. პუბლიკაციაში მოცემულია დასკვნა: უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
რუსეთ-უკრაინის ოთხ წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში დომინირებდა აზრი, რომ კონფლიქტში გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებდა - რუსეთი იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინის ვარაუდით, მისი ჯარები კიევს რამდენიმე დღეში დაიკავებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსებმა უკრაინის დედაქალაქის მისადგომებიდან უკან დაიხიეს და კრემლმა ჩანაფიქრის შესრულება ვერ მოახერხა. უკრაინა იმიტომ, რომ გმირული ბრძოლის მიუხედავად, უკრაინის არმია რუსეთის ჭარბი ძალებისაგან გაისრისებოდა და ბრძოლის უნარი აღარ ექნებოდა - ნატო კიევს თითქოს დახმარებას უწევდა, მაგრამ ეს დახმარება იმდენი იყო, რომ უკრაინას მხოლოდ თავდაცვა შეეძლო და არა - გამარჯვება.
მაგრამ ასეთ აზრს უკვე ეჭვის ჭია გაუჩნდა: მართალია, რუსეთი ისევ აქტიურად ბომბავს უკრაინას, დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით, მაგრამ უკრაინა ისე ენერგიულად პასუხობს მტერს, რომ რუსეთს დიდ პრობლემებს უქმნის: წარმოიდგინეთ, ნავთობით უმდიდრეს რუსეთს საწვავის მწვავე დეფიციტი ექმნება, ბენზინზე ფასები იზრდება, მისი გაცემა ნორმირებული ხდება - ტალონებით, თვით მოსკოვშიც კი, ყირიმზე რომ არაფერი ვთქვათ.
ამ კვირაში უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს სანქტ-პეტერბურგის მსხვილი ნავთობტერმინალი და იქვე, ახლოს მდებარე კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზა, სწორედ იმ მომენტში, როცა რუსეთის „ჩრდილოურ დედაქალაქში“ ტრადიციული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული „პუტინის დავოსი“, რომელიც მოწოდებულია რუსეთის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მისაზიდად.
უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმა არა მარტო სერიოზული სირცხვილი და დამცირებაა ვლადიმერ პუტინისათვის, ფორუმზე მიწვეული 130 ქვეყნის დელეგაციების წინაშე, არამედ - კიდევ ერთი შეხსენება რუსი ხალხისთვის იმისა, თუ როგორ ჩაიშალა მათი პრეზიდენტის გეგმები.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იქნება "ახალი ლენინი", რომელიც პუტინს დაამხობს?!
დაპირისპირება ირანის ხელისუფლებაში?! - ორი ბანაკი: ვინ არის მშვიდობის და ვინ - ომის მომხრე?
უკრაინამ თავისი შეიარაღება და არმია ისეთნაირად გარდაქმნა, რომ ახლა კიევი რუსეთს შორიდან, ათასობით კილომეტრიდან ურტყამს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს უნადგურებს. ბოლო დროს სულ უფრო მეტად მტკიცდება აზრი, რომ უკრაინას, ევროპის დახმარებით, შეუძლია რუსეთს [ჩვეულებრივი, არაბირთვული] ომი მოუგოს და გაიმარჯვოს.
უკრაინის წარმატებაში დარწმუნებულია გარი კასპაროვი - ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი და ცნობილი ოპოზიციონერი, რომლის თქმით, რუსეთის დანაკარგები სულ საგრძნობი და შთამბეჭდავია: „ვლადიმერ პუტინისათვის სულ უფრო ძნელი ხდება, მოსახლეობას სიმართლე დაუმალოს. იგი ძალიან წამგებიან სიტუაციაში იმყოფება, უკრაინა კი პირიქით - მას უპირატესობა აქვს“.
დადგა დრო, რომ ევროპის ქვეყნები დაეხმარონ უკრაინას დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად - კიევმა შეტევა ისე გააფართოვოს, რომ მტერი იძულებული გახადოს, მოლაპარაკებაზე უპირობოდ დათანხმდეს.
მოამზადა სიმონ კილაძემ