მარია ზახაროვას სპექტაკლი და ვინ ადგენდა "შავ სიებს" საქართველოში - რას იზამს კრემლი გულბაათ რცხილაძის დასახსნელად?!
დიპლომატია თვალთმაქცობისა და გაიძვერობის „ხელოვნება“ რომ არის, კარგადაა ცნობილი. ეს კიდევ ერთხელ გასულ კვირას დადასტურდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის - მარია ზახაროვას ბრიფინგზე. დღეს რუსეთის ხელისუფლებას პრობლემასა და თავსატეხს რა გამოულევს, თუმცა მ. ზახაროვამ საქართველოსთვის მაინც მოიცალა.
ბრიფინგზე „შემთხვევით“ აღმოჩენილმა, ყველასთვის კარგად ნაცნობმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, „შემთხვევით“ ისეთი კითხვა დაუსვა „რუსული დიპლომატიის მშვენებას“, რომლისთვისაც ის „შემთხვევით“ წინასწარ კარგად მომზადებული აღმოჩნდა. სპექტაკლიც გათამაშდა: მ. ზახაროვამ რუსეთის ხელისუფლების უკვე ჩამოყალიბებული შეფასება და მკაცრი მოთხოვნები ისე გაახმოვანა, თითქოს ეს კითხვა-პასუხი წინასწარ დაგეგმილ/ჩაფიქრებული არც ყოფილა. ასე რომ, მოსკოვში, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, „კრემლმა“ ყველას გასაგონად განაცხადა, რომ თავისიანს გასაჭირში არ მიატოვებს და შეფარულად, თუმცა საკმაოდ მკაცრად გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება: გულბაათ რცხილაძე ჩვენიანია, არაფერი შეგეშალოთო და არაფერი დაუშავოთო! ეს ღია გაფრთხილება იყო, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კულისებს მიღმაც რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ცნობილი პრორუსი საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.
დღეს გ. რცხილაძის საქმიანობის მორალურ/პატრიოტული ნიშნით, ასევე, ადამიანური ღირსების მიხედვით შეფასებები მცირე ხნით დავივიწყოთ და წაყენებული ბრალდების სამართლებრივი მხარე განვიხილოთ. მკითხველს შევახსენებ, რომ მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის („ჯაშუშობა“) პირველი ნაწილით წარედგინა, სადაც ამგვარი ფორმულირებაა: „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა, ან გატაცება, მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“.
ზოგადად ეს მუხლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმაა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში. 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჯაშუშობა გულისხმობს:
ა) უცხო ქვეყნის/ორგანიზაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (!) შეგროვება, შენახვა ან გადაცემა და ბ) საქართველოს ინტერესის საზიანოდ სხვა ინფორმაციის (!) შეგროვება/გადაცემა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით. ასე რომ, პირს შესაძლოა თავად არ ჰქონდეს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, თუმცა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვას სხვა სახის ინფორმაციას გადასცემდეს. სადაზვერვო ინფორმაცია, რაც შეიძლება ჩვენს მტერს აინტერესებდეს, ხშირად არცაა გრიფით „სრულიად საიდუმლო“, თუმცა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მაინც საზიანოა.

ფოტო: მ. ზახაროვა კარგად ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას: დეზინფორმაცია სიმართლის ნაცვლად
გ. რცხილაძის დაკავების პირველივე დღეებიდან მისმა დიდ-პატარა მხარდამჭერებმა დაიწყეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა: გ. რცხილაძე ჯაშუში არ არის, რადგანაც მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდაო. გ. რცხილაძის პირველი ადვოკატი, რომელიც „ევრაზიის ინსტიტუტის“ აქტიური წევრია, ამოქმედდა. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დახურულ სხდომაზე ჯაშუშობაში ბრალდებულ რცხილაძეს პატიმრობა შეუფარდეს, ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: სასამართლო სხდომაზე გ. რცხილაძემ აღნიშნა, რომ არ იყო დამნაშავე, არ იყო ჯაშუში, არ იყო მოღალატე და მზადაა, ითანამშრომლოს. მან კატეგორიულად უარყო რომელიმე ქვეყნის ჯაშუშობა ან სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებაო. თავად ადვოკატმა კი დაამატა; ქართველია, პატრიოტი ადამიანია და მზადაა, ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთანო.
მაგრამ როდის შეიძლება იყოს პრორუსი გ. რცხილაძე „პატრიოტი“? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ეთნიკური ქართველობის მიუხედავად, თავის ნამდვილ სამშობლოდ რუსეთს მიიჩნევს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია გ. რცხილაძე და მისნაირები ნამდვილი პატრიოტები, ოღონდ ოკუპანტი რუსეთის მხარდამჭერი პატრიოტები! მიიღოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და ამის შემდეგ რამდენიც უნდა აქოს და ადიდოს თავისი ახალი/ნამდვილი სამშობლო. ყველა სხვა შემთხვევაში და განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს 1992 წლიდან ავნო, ოკუპანტი რუსეთის ყველა მაქებარი საქართველოს მტერია.
დავუბრუნდეთ გ. რცხილაძის ადვოკატის კომენტარებს. მისი განცხადებით, - რცხილაძეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და მათი დავალებით არ მოქმედებდა. ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი. ადამიანს რომ ჯაშუშობა დააბრალო ან დაუმტკიცო, უნდა იყოს ორი ფაქტი: სხვა უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედებდეს, აგროვებდეს მათ შორის საიდუმლო ინფორმაციას და ქვეყანა ზიანდებოდეს. ქვეყნის ინტერესები დააზიანა ბატონმა გულბაათმა? დაგვიდონ მაშინ ფაქტი, რომ რამით დააზიანა მან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიო. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ საქმის მასალები, დაახლოებით, 11-12 ტომისგან შედგება. არსებობს ოპერატიული მასალები, მაგრამ ჯაშუშობის დამადასტურებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებები არ არსებობს და საკმარისია თუ არა ეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სასამართლოს გადასაწყვეტიაო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მ. ზახაროვამაც თითქმის ანალოგიური არგუმენტები მოიყვანა გ. რცხილაძის გასამართლებლად: "კოლეგებთან დავაზუსტე, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და მათ მითხრეს, რომ ის მათთვის კარგად ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ და გულწრფელად, დამალვის გარეშე, მხარს უჭერს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოებების დაძლევას, მხარს უჭერს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ყველა კონტაქტს ღიად და ოფიციალურად ახორციელებდა. მსურს ასევე აღვნიშნო, რომ ის რამდენიმე დღეში დააკავეს მას შემდეგ, რაც საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტი დააანონსა. როგორც ჩანს, გარკვეული ძალები დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო საზოგადოებისგან ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის დამალვაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოახერხებს ამ საკითხში გარკვევას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამ დამოუკიდებელი ქვეყნის კანონმდებლობას, მაგრამ ამავდროულად გაგიზიარეთ საკითხის ჩვენი შეფასებაც. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდესო", - ამგვარად დაასრულა წინასწარ დაგეგმილ „მოულოდნელ“ კითხვაზე პასუხი მ. ზახაროვამ. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას?

ფოტო: გ. რცხილაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ლისიჩანსკში, 2025 წლის ზაფხული.
(ფოტო გ. რცხილაძის „ფეისბუქ“ გვერდიდან)
უკვე ნათელია „კრემლის“ ოფიციალური გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის: გ. რცხილაძე წლების მანძილზე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მოქმედებდა; ყველა კონტაქტს ღიად, ოფიციალურად ახორციელებდა; ის დააკავეს მას შემდეგ, რაც საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა და ეს არ მოეწონათ ვინც „ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის დამალვითაა“ დაინტერესბული; გ. რცხილაძის საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალსო.
როგორც ვხედავთ გ. რცხილაძის ადვოკატს და „კრემლს“ დიდი ეჭვი შეაქვთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებულ ჯაშუშობის ბრალდებაში. საინტერესოა, რა არგუმენტები აქვს სუსს? სუსის მიერ დასახელებულ/წარმოდგენილი მტკიცებულებები შემდეგია:
1. გ.რცხილაძე წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას;
2. გ. რცხილაძეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ;
3. გ. რცხილაძეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას.
როგორც ჩანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გაიზიარა სუსის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გ. რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების გამოცდილება ადასტურებს, რომ ჯაშუშობის მყარი მტკიცებულებების კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვება და დოკუმენტირება ძალზე რთული ამოცანაა. დაველოდოთ: სასამართლო პროცესზე გამოჩნდება სუს-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სიმყარე.
ჩემი აზრით, არაა გამორიცხული, გ. რცხილაძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 319-ე მუხლით („მტრული საქმიანობა“) გადაკვალიფიცირდეს:
„მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის ამ კოდექსის 308-ე, 310-ე–314-ე, 318-ე, 322-ე – 325-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნები, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“.
მტრულ საქმიანობაში დახმარება გულისხმობს უცხო ქვეყნის ან ორგანიზაციის დახმარებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში. ეს არის ერთგვარი „სარეზერვო“ ნორმა და გამოიყენება მაშინ, როდესაც პირი ეხმარება უცხო ქვეყანას ან უცხო ორგანიზაციას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში, მაგრამ მისი ქმედება ვერ ექცევა სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის, საბოტაჟის ან სხვა კონკრეტული მუხლების ქვეშ.
იურიდიულ პრაქტიკაში 319-ე მუხლის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რას ნიშნავს „მტრული საქმიანობა“ და ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ:
1. არსებობდა უცხო სუბიექტი;
2. არსებობდა დახმარება (ფინანსური, ორგანიზაციული, საინფორმაციო და სხვ.);
3. საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ;
4. ბრალდებულმა იცოდა ამ საქმიანობის ხასიათი.
თითოეულ შემთხვევაში ეს ფაქტებით უნდა დამტკიცდეს.
რა შეიძლება ჩაითვალოს მტრულ საქმიანობად? კონკრეტული გარემოებების მიხედვით, მაგალითად:
- საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა/შესუსტებისკენ მიმართული ქმედებები;
- სახელმწიფო უსაფრთხოების შესუსტებისკენ მიმართული ორგანიზებული საქმიანობა;
- უცხო ძალის ინტერესებში მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან კონსტიტუციურ წყობას;
- ისეთი ოპერაციების მხარდაჭერა, რომლებიც მტრულად არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
319-ე მუხლი „იურიდიულად მგრძნობიარეა“, რადგან ბრალდებამ უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობდა კანონით გათვალისწინებული ზემოჩამოთვლილი ელემენტი და არა მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი აქტივობა. ქვემოთ ერთ „ქვიზს“ შემოგთავაზებთ და საინტერესოა, თქვენი აზრით, ჩაითვლება თუ არა ეს ქმედება მტრულ საქმიანობად.
2026 წლის 25 მაისს გულბაათ რცხილაძემ „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დაარეგისტრირა, რომლის მთავარი მიზნებია: საქართველოს საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი. ორგანიზატორების განცხადებით, „ საბჭომ“ უნდა შეაგროს ინფორმაცია ფაქტებზე, რომლებიც რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა: რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით და ისტორიული მოვლენების დამახინჯებით დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული. მონიტორინგი შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. საბჭოს ფარგლებში ასევე უნდა შეიქმნას იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს. მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება. ინიციატივის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და აქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აბა რას ფიქრობთ. არის თუ არა „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნა საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მტრული საქმიანობა?
დახმარება: რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებად ჩაითვლება ამ ქვეყანას ოკუპანტი რომ ვუწოდოთ, ასევე, უკრაინაში აგრესია მხოლოდ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ უნდა მოვიხსენიოთ; რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ, თორემ მოსკოვიდან დაფინანსებული „კომისრები“ ისტორიული მოვლენების დამახინჯებად ჩაგვითვლიან და „შავ სიაში“ ამოვყოფთ თავს. საკმაოდაა ისტორიული მაგალითები იმისა, თუ როგორ ადგენდნენ ერთ ქვეყანაში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ფარულად "შავ სიებს", შემდგომი რეპრესიებისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით გერმანელი ფაშისტები (პოლონეთში შეჭრამდე) და საბჭოთა კომუნისტები (ბალტიის ქვეყნების ოკუპაციამდე) გამოირჩეოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: გულბაათ რცხილაძის საქმე: "გაუმარჯოს რუსეთსაც და საქართველოსაც, მარადჟამს ერთად" - ჯაშუშობაზე უარესი?!
ჯაშუშების სკანდალი: რომელი ორგანიზაცია აფინანსებს რუსულ "რბილ ძალას" საქართველოში?!
"ჩინური სასწაული" სპეცსამსახურების დახმარებით - როგორ იპარავს ტექნოლოგიებს მსოფლიოს ზესახელმწიფო
ტრამპის "სიურპრიზი" სი ძინპინს: დიდი შეხვედრის სკანდალური კულუარები - არკადიადან პეკინამდე
„ჰიბრიდული ომის“ სტრატეგიიდან გამომდინარე სამიზნე ქვეყანებში შექმნილი „მეხუთე კოლონა“ მოქმედებს, როგორც ფარული, ასევე - ღია/საჯარო მეთოდ/ხერხებით. წლების მანძილზე გ. რცხილაძე რუსეთიდან მიღებული დაფინანსებით ანტიქართულ საქმეებს ხლართავდა და ეს ყველამ იცოდა.
მას საქართველოში უნდა შეედგინა „შავი სიები“ იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ვინც რუსეთს ოკუპანტს და აგრესორს უწოდებს, ვინც რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკას ამხელს. დიდი ბჭობა არ უნდა, რომ ეს დავალება „კრემლიდან“ მოდიოდა. რა პროვოკაციებს უმზადებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები მომავალში ამ „შავი სიების“ ფიგურანტ საქართველოს პატრიოტებს? ეს მხოლოდ მათ იციან. განა ეს არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მტრული საქმიანობა?