"შაჰიდმა" "აპაჩი" ჩამოაგდო, ტრამპმა ირანი დაბომბა, აიათოლებმა რაკეტებით უპასუხეს - აი, რა მოხდა, ვიდრე გვეძინა...
9-10 ივნისის ღამეს, ვიდრე საქართველოში მშვიდად გვეძინა, აშშ-სა და ირანს შორის მორიგი პატარა საჰაერო ომი გაიმართა...
ჯერ იყო და ჰორმუზის სრუტის თავზე ირანულმა კამიკაძე-დრონმა - „შაჰიდ-136“-მა ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენი „აპაჩი“ ჩამოაგდო - მის ორკაციან ეკიპაჟს ორი საათის გატარება მოუწია ზღვაში, ვიდრე ამერიკულმა უპილოტო კატარღამ მათ მიაგნო და გადაარჩინა (რაც მსოფლიო ომების ისტორიაში პირველად მოხდა, საზღვაო დრონის გამოყენებით)...
მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ იყო გარკვეული, თუ როგორ შეძლო ირანულმა „შაჰიდმა“ ამერიკული „აპაჩის“ ჩამოგდება, როდესაც ეს კამიკაძე-დრონი არ არის განკუთვნილი საზენიტო ფუნქციების შესასრულებლად და ამასთან, ირანელებიც ირწმუნებოდნენ, რომ მათ ეს სპეციალურად არ გაუკეთებიათ (დიდი ალბათობით, „აპაჩი“ ძალიან მიუახლოვდა „შაჰიდს“, ავტომატური ქვემეხიდან სროლით მის ჩამოსაგდებად, რა დროსაც მოხდა „შაჰიდის“ საბრძოლო ქობინის დეტონაცია და ნამსხვრევებმა დააზიანეს ამერიკული შვეულმფრენი - ამგვარი არა ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული უკრაინის ცაში, როდესაც ირანული „შაჰიდებისა“ და მისი რუსული კლონების - „გერანების“ საბორტე ქვემეხებიდან და ტყვიამფრქვევებიდან სროლით ჩამოგდების მცდელობას რამდენიმე უკრაინული გამანადგურებელი თვითმფრინავი და შვეულმფრენი შეეწირა), გამძვინვარებულმა პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის რიგი ობიექტების სასწრაფოდ დაბომბვის ბრძანება გასცა...
„ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ირანის საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, სახმელეთო მართვის სადგურებსა და სადაზვერვო რადარებს ზუსტი საბრძოლო საშუალებებით დაარტყეს. დარტყმები აშშ-ის საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან განხორციელდა“, - განაცხადა ამერიკულმა მხარემ.
ამას კი დაუყოვნებლივ მოჰყვა ირანის პასუხიც - იმის გამო, რომ აშშ-მა ირანში ქალაქებზე - ჯასკსა, სირიკზე და კუნძულ კეშმზე იერიში მიიტანეს და საჰაერო დარტყმებმა სირიკში საკომუნიკაციო კოშკი დააზიანა და ბამანის რაიონში ორი წყლის რეზერვუარი გაანადგურა, ჩვენ საპასუხოდ ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტს დავარტყით, იორდანიაში ალ-აზრაკის ბაზისკენ შორი მოქმედების მყარი საწვავის რაკეტები გავუშვით, დაუსჯელი არც ქუვეითი დავტოვეთ, იქ ალი-ალ სალემის ბაზას შევუტიეთ, საერთო ჯამში, რეგიონში არსებულ 21 ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მივიტანეთ იერიშები, - განაცხადეს თეირანში.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინს კიდევ ერთი გენერალი აუფეთქეს...წინა აფეთქებული გენერლიდან ოთხასიოდე მეტრში...
7 აპრილს შეჩერებული ომი 7 ივნისს განახლდა?! - ნეთანიაჰუ ტრამპს საერთოდ აღარ „უჯერებს“...
"სამი კაკალი კონკიასთვის" და ორი "თხილი" პუტინისთვის ანუ კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო...
პენტაგონი კი, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქმის ყველა გაშვებული ირანული რაკეტა მოიგერიეს, თუმცა სიტყვა „თითქმის“ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ერთმა ან რამდენიმე ირანულმა რაკეტამ მაინც მიაღწია სამიზნეს...
დილისთვის აქტიური საჰაერო ქმედებები სპარსეთის ყურის თავზე თითქოს შეჩერდა, მაგრამ ის დაუყოვნებლივ განახლდება, ნებისმიერი ახალი პატარა ინციდენტის შემდეგაც კი, მაგრამ ასე ხომ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რის შედეგადაც ყველაზე დაზარალებული ასეულობით მილიონი ჩვეულებრივი ადამიანი გამოდის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან სპარსეთის ყურეში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირების გართულების გამო, ბენზინზე, დიზელის საწვავსა თუ საავიაციო ნავთზე ფასების ავარდნა სწორედ მათ ჯიბეზე აისახება...
P.S. გუშინდელი ღამის საჰაერო დარტყმების ესტაფეტა სპარსეთის ყურიდან რუსეთ-უკრაინის ომს „გადაეცა“, როდესაც რუსეთმა კვლავ დაუნდობლად დაბომბა ოდესა, ხოლო უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტებმა - „ფლამინგოებმა“ კი სერიოზული დარტყმები მიაყენეს რუსულ ჩებოქსარს, სამარაში მდებარე სამხედრო ქარხანასა და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს...