სამ წელში ნატო რუსეთის თავდასხმას ელოდება, მაგრამ არის კი ამისთვის მზად უკრაინის "ომის ჭაობში" ჩაძირული პუტინი?!
გუშინ ძალზე ყურადსაღები ინფორმაცია გავრცელდა ევროპიდან...
ნატოში ფართო კონსენსუსია იმაზე, რომ 2029 წელს ან უფრო ადრე რუსეთი შეიძლება, თავს დაესხას ნატოს წევრ ქვეყანას. ამის შესახებ გერმანიის სახმელეთო ძალების მთავარსარდალმა, კრისტიან ფროიდინგმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შესაძლოა, თავს დაესხას ნატოს ტერიტორიას, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე.
“2029 წელი - ეს გერმანული პროგნოზები არაა. ეს სადაზვერვო მონაცემებია, რომლებიც ნატოს ფარგლებშია შეთანხმებული.
ნატოს 32-ვე პარტნიორი თანხმდება იმაზე, რომ 2029 წელს რუსეთს შესაძლოა, ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობა ჰქონდეს”,-განაცხადა ფროიდინგმა.
გამოდის, რომ მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ძალიან სერიოზულად განიხილავს იმ საფრთხეს, რაც აღმოსავლეთელი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისგან შესაძლებელია დაემუქროს მის წევრ ქვეყნებს, უახლოეს სამ წელში ან კიდევ - უფრო ადრე...
მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი იმ რეალობას, რაშიც დღეს იმყოფება სწორედ რუსეთის ფედერაცია, რომელიც მეხუთე წელია, ჩართულია უკრაინასთან ფართომასშტაბიან და სისხლისმღვრელ ომში, სადაც აგრესორი რუსეთის არათუ აღარც უპირობო გამარჯვება განიხილება, არამედ - თავისივე დაწყებული ომი რუსეთისვე ტერიტორიის სიღრმეში ყოველღამ უბრუნდება უკრაინული კამიკაძე-დრონების მასობრივი საჰაერო დარტყმების სახით?
პასუხი ამაზეც აქვს გერმანიის სახმელეთო ძალების მთავარსარდალს, კრისტიან ფროიდინგს - რუსეთმა შესაძლოა, მსგავსი ქმედებები უფრო ადრეც დაიწყოს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ომის უკვე მეხუთე წელი იწყება და კიევი ამბობს, რომ მოსკოვმა 1.3 მლნ ადამიანი და ტექნიკის დიდი რაოდენობა დაკარგა, -აცხადებს გერმანელი გენერალი.
ხომ არ არის ეს ყველაფერი ცნობილი იგავ-არაკის სერიიდან -„მგელი მოდის, მგელი მოდის...“, რათა ევროპის მოსახლეობა შეამზადონ იმისთვის, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებმა ბიუჯეტებიდან ბევრად მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვით პროექტებზე და შეიარაღების შესყიდვაზე, ვიდრე ამომრჩევლების სოციალური პრობლემების მოგვარებაზე?
ასევე დაგაინტერესებთ: რუსი გენერლის მონანიება უკრაინელ მღვდელთან - თქვენი ეკლესია მე დავბომბე...
ხანგრძლივობით პირველ მსოფლიო ომსაც გადაასწრო-რუსეთ-უკრაინის ომის 1 568 დღე...
პუტინს კიდევ ერთი გენერალი აუფეთქეს...წინა აფეთქებული გენერლიდან ოთხასიოდე მეტრში...
რა თქმა უნდა, ამის გარეშეც არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ იმავე ევროპამ ჯერ ვარშავის პაქტისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თავისუფლად ამოისუნთქა, ჩათვალა, რომ მას აღარავითარი საფრთხე აღარ ემუქრებოდა და მკვეთრად გაზარდა დაფინანსებები მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯებესებლად, რაც პირდაპირ მისწრება აღმოჩნდა ათეულობით მილიონი ევროპელი პენსიონერისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, ევროპის წამყვანი ქვეყნების, პირველ რიგში კი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთისა თუ იტალიის სამხედრო მრეწველობამ დეგრადაცია განიცადა, ხოლო ამ ქვეყნების არმიების საბრძოლო მზადყოფნა სახიფათოდ დაბალ დონემდე დაეცა...
ამის პარალელურად კი, საბჭოთა კავშირის ნანგრევებში ჩატოვებული რუსეთის სამხედრო პოტენციალი ნელ-ნელა იზრდებოდა, რაც „მთვლემარე“ ევროპას გამოეპარა ან სპეციალურად „დახუჭა თვალები“ და დღეს მიიღო ის, რაც მიიღო - რუსეთის ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის საფრთხის რეალობა...
თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა „წარმატებით“ ჩაამთავრებენ ამ წელს უკრაინის ფრონტზე პუტინის საოკუპაციო ძალები და ვინიცობაა ისე არ მოხდეს, რომ ფრონტის ყოველდღიურ ცნობებში უფრო ხშირად გაიელვოს რუსული ქალაქების სახელებმა, დედაქალაქ მოსკოვის ჩათვლით...